Monday, November 29, 2010

Google - გენიალური შეცდომა

წყარო: netgazeti.ge

1938 წელს, ამერიკელი მათემატიკოსი ედვარდ კასნერი (Edward Kasner, 1878—1955) დისშვილებთან ერთად სეირნობდა და მათ დიდი მოცულობის რიცხვებზე ესაუბრებოდა. აღმოჩნდა, რომ რიცხვს, რომელსაც ასნულიანი დაბოლოება აქვს (10,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000), სახელწოდება არ გააჩნია. სწორედ მაშინ, ცხრა წლის მილტონ სიროტამ (Milton Sirotta) მათემატიკოს ბიძას უცნაური და მანამდე არაფრისმთქმელი სახელი - "გუუგოლ"-ი (googol) შესთავაზა.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი ერთმა სტუდენტმა, სერგეიმ, ეს სიტყვა შეცდომით დაწერა. ამ უბრალო ბეჭდვითი შეცდომის წყალობით წარმოიშვა მსოფლიოს ერთ-ერთი უზარმაზარი კომპანიის დასახელება - Google.

გუგლის საძიებო სისტემა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ლერი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ შეიქმნა 1997 წელს.

დღეისათვის გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა, რომელიც ყოველთვიურად 40 მილიარდამდე მოთხოვნას ამუშავებს. თუმცა დიდი ხანია გუგლი მხოლოდ საძიებო სისტემა აღარ არის. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი მოცემულ სტატიასაც გუგლის მიერ შექმნილ ბროუზერში _ Google chrome-ში კითხულობდეს, ან სულაც გუგლის მფლობელობაში არსებულ პოპულარულ ბლოგსისტემა Blogspot-ზე საკუთარს წერდეთ, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე საკუთარ (ან მეზობლის) ეზოს ათვალიერებდეთ , უყურებდეთ ვიდეოს youtube-ზე და სხვა.

მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ იმით, რაც ისედაც კარგად იცით. თუმცა არის რაღაც, რაც შესაძლოა არ იცოდეთ. მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი, გუგლის ახალი პროექტის DemoSlam-ის შესახებ (www.demoslam.com), სადაც მომხარებლები აგზავნიან ვიდეო რგოლებს, რომლებიც გუგლის რომელიმე პროდუქტისადმი არის მიძღვნილი.

გარდა იმისა, რომ ძალიან მხიარული და კრეატიული ვიდეო რგოლებით ვისიამოვნე, შევიტყვე გუგლის ბევრი ისეთი ფუნციის შესახებ, რომელიც ნამდვილად არ ვიცოდი.

მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე გამარჯვებული ვიდეო.

1. როგორ შევცვალოთ გუგლის საწყისი გვერდის დიზაინი:
ლოგოს მოტაცება

2. არაჩვეულებრივი ვიდეო და აუდიო ხარისხის მქონე Google Chat-ი:
ჯადოსნური ვიდეო ჩათი

3. გუგლის წარმოუდგენელი ალგორითმი (Google android-ისთვის) რომელიც ეძებს ფოტოგამოსახულებას
რაშმორი


4. საოცრად დახვეწილი ხმოვანი ძიების ფუნქციონალი:
ჩაბი ბანი

5. გუგლის თარჯიმანი, რომელიც დღითიდღე იხვეწება და სრულყოფილი ხდება:
ცხარე სლემი

6. გუგლის სამგანზომილებიანი რუკა
66-ე გზატკეცილი

7. და ბოლოს, ჩემი რჩეული რგოლი, რომელიც გუგლის ახლადდამატებულ ფუნქციონალს - მომენატალურ ძიებას ეძღვნება (ეს Search ღილაკი, რაღა საჭიროა? :) )
მომენტალური ელემენტები



შეცდომა, რომელიც 1997 წელს იქნა დაშვებული, დღეისათვის ქვია კომპანიას, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2009 წელს _ 23,651 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო სუფთა მოგებამ 6,52 მილიარდი შეადგინა. 2010 წლის ბოლო მონაცემებით კი მასში 23 331 ადამიანი მუშაობს.

დიახ, ეს Google-ა _ შეცდომა, რომელიც გენიალურია.

Sunday, November 28, 2010

Coming out - ანუ დედა, მე გეი ვარ

ბლოგერები არ ვიცი, მაგრამ იმ ხალხისგან, ვისაც ბლოგი აქვს ერთი გამოთქმის შესახებ შევიტყვე: ქამინგ აუთი (Coming out) _ ეს არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიერ თავისი ორიენტაციის "გაიასნება", საკუთარი თავის ან საზოგადოების მიმართ.

საკუთარ თავს დიდი ხნის წინ გამოვუტყდი, როდესაც წვერი გავიპარსე და სახეზე გადასმული ჩემივე ხელი უცნაურად მესიამოვნა. დადგა დრო, რომ საზოგადოებასთან მიმართებაშიც "დავქამინგაუთდე" _ მე გეი ვარ (დეე, თუ ამ პოსტს კითხულობ _ ეს ის არის რასაც შენ ფიქრობ).

იცით, დავიღალე... ხო, აი რა მერე? არც არაფერი.

"ჩემებს" რო გადავხედე ან ძაან კაი ტიპები არიან, ან ცნობილები, ან ორივე ერთად. ნუ ეხლა, კარგი ტიპი აწი ჩემგან ნაკლებად, ამიტომაც გადავწყვიტე უბრალოდ ცნობილი გავხდე.

ცნობადობის მოპოვება პოლიტიკურ არენაზე მსურდა, მაგრამ ჰომოფობური საქართველო ჯერ ვერ წყალობს ვერც პოლიტიკურ და ვერც სექსუალურ უმცირესობას.

ამიტომაც არჩევანი ისევ შოუ ბიზნესზე შევაჩერე. გადავწყვიტე ძალიან ხმაურიანი კლიპი გადავიღო. სცენარის რამდენიმე მონახაზიც მაქვს:

1. მე ვიქნები შუა საუკუნეების რაინდი გულამოღებული ჯაჭვის პერანგით, რომელსაც თავისი მტერი შეუყვარდება. გადამწყვეტ ბრძოლაში ვხედავ, როგორ იჭრება ჩემი სიყვარული. ცხენიდან ვხტები და მისკენ გავრბივარ. ის სევდიანად მიყურებს, სისხლიანი თითით ლოყაზე მეფერება და კვდება.

2. მოქმედება ძველ რომში ვითარდება. მე გლადიატორი ვარ. არენას უამრავი მაყურებელი ავსებს. წელსზევით შიშველს, თლილი კუნთებითა და ოფლით დაფარული სხეული მზეზე მილაპლაპებს. ქანცგამოცლილი ვამარცხებ რამდენიმე მოწინაღმდეგეს. კარი იღება და არენაზე თავზე რქებდადგმული მებრძოლი შემოდის. დინჯი და მძიმე ნაბიჯებით მიახლოვდება. მახვილმომართულნი ჩვენ ერთმანეთის წინ ვჩერდებით.

აქ უკვე ერთვება კადრები წარსულიდან. მაგონდება, როგორ დავრბოდით მინდორ-ველად მე და ის. ვუკრეფდით ერთმანეთს გვირილებს და ვუწნავდით თმებში. თავლაში ნაზად ვეფერებოდით. მოულოდნელად მე ვცნობ რქებიან გლადიატორს და მისკენ ვიძვრი, რომ გადავეხვიო. ის კი მახვილით მიგმირავს გულმკერდს და სწორედ ამ მომენტში, ახსენდება ყველაფერი. ძლიერი მკლავებით მაწვენს არენაზე. თეთრი ქვიშა წითელი სისხლით იჟღენთება. მე მის აცრემლებულ თვალებს ვუყურებ, ვიღიმი და ვკდვდები.

3. მესამე სცენარში საქმე ცოტა რთულად არის _ ჩვენ მეშახტეები ვართ. კლიპის დასაწყისში ნაჩვენებია, როგორ იწყება მეშახტის ერთი ჩვეულებრივი დღე. როგორ ვიმოსებით სამუშაო ტანისამოსით გამოსაცვლელში. ვისხამთ აღჭურვილობას. კამერა მიწის გასწვრივ შენელებულ კადრებად აჩვენებს, თამამი ნაბიჯებით როგორ მივემართებით საბადოსკენ.

შემდეგ, მაყურებელს ემოციური კავშირი რომ დავანახო (ასევე შენელებული კადრებით), იქნება მუშაობის პროცესს საამოდ შერწყმული სიყვარულის ისტორია. მე ნახშირს ვუსვამ მას ცხვირზე. ორივე ვიცინით და ა.შ.

კლიპის ბოლოს, მუსიკა კულმინაციას უახლოვდება. მოულოდნელი აფეთქება. ნგრევის დროს მე და ის სხვადასხვა მხარეს ვხვდებით. მე ხელებგაწვდილი ვღრიალებ და ვცდილობ მის დახმარებას, სხვა მეშახტეები კი მიჭერენ, არ მიშვებენ, რადგან ყველაფერი უიმედოა და შახტიდან გავყავარ. ზემოთ ამოსული ვუყურებ კამკამა მზეს და თვალში მიდრვის ყვავილი მხვდება, რომელზეც ულამაზესი პეპელა ზის.

4. ეგვიპტე, ნილოსის სანაპირო. მე მონა ვარ. ზედამხედველებს მონებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ეკრძალებათ. სუსტ, მაგრამ გარუჯულ სხეულს, წელსქვემოთ შემოხვეული ნაჭერი მიფარავს. მე ქვას ვთლი და წყურვილისგან გათანგული, ოფლს წერაქვით დამძიმებული ხელით ვიწმენდ. მზე დაუნდლობლად მაცხუნებს სახეში (შენელებული კადრებით ესეც, აბა როგორ)

ადრე თუ გვიან ყველა ეცემა. აუტანელ დატვირთვას ვერავინ უძლებს. ხარაჩოებში ჩასმული პირამიდისკენ ბილიკს, ზურგზე ინსტრუმენტებ მოკიდებული მძიმე ნაბიჯით მივუყვები. ბოლო ძალები მეცლება და ვეცემი. ზედამხედველს დასარტყმელად მომარჯვებული მათრახი ჰაერში ეყინება. რამდენიმე წამი გაუნძრევლად დგას (აქ კადრში ჩავსვამთ სხვა მონების გაკვირვებულ სახეებს, ჩემს გათანგულ სხეულს და სხვა), შემდეგ წამიც და... მთიდან მომწყდარი ზვავივით ეშვება ჩემსკენ. ძლიერ მკლავებს ბეჭებში მკიდებს, თავს მაწევინებს და თავისი მათარით წყალს მასმევს. ამას სხვა ზედამხედველებიც უყურებენ.

ორივეს დიდ მოედანზე სამაგალითოდ გვსჯიან. სიკვდილის წინ ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში. ჩვენს შორის ცეცხლის კედელი აღიმართება. კამერა ზემოთ ადის. ჰაერი ჩამავალი მზით აწითლებულ ჰორიზონტზე ლივლივებს.

მეხუთე სცენარიც მქონდა მოფიქრებული. მე მჭედელი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მითხრეს რომ ასეთი კლიპი უკვე გადაუღიათ. სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, ბოლო იდეა ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ ვერ განვმეორდები.

მე განსხვავებული ვარ. მე ყველასაგან განსხვავებული ვარ.



Saturday, November 27, 2010

ისევ ჭილაძე -

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი...

[youtube http://www.youtube.com/watch?v=c1YEUr6iL-I&fs=1&hl=en_US&rel=0]

Thursday, November 25, 2010

С утра Камасутра

დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას ვისაც კირილიცისა და მთლად უარესი _ რუსული წარწერის დანახვაზე, კისრის ძარღვები დაეჭიმა, მარჯვენა ხელი სახესთან გაიქნია ხოლო მარცხენათი მაგიდა მოკაწრა.

ვისაც ზემოთაღნიშნული სიმპტომები არ აღგენიშნებოდათ, კითხვა განვაგრძოთ.

აი, ხომ არის ხოლმე დღეები, დილა გემრიელი სექსით რომ იწყება (სხვათაშორის მიყვარს)? ორგაზმგანცდილი, დადუმებული ნერვებით რომ იწყებ დღეს. აღარც იდიოტი უფროსი გიშლის ნერვებს და არც დამღლელი დღის ბოლოს სიგაერტისა და ოფლის სუნით აყროლებული ტაქსისტი, რომელიც ორი დიპლომის იგავს გიყვება.

მოკლედ ზოგიერთი ბლოგერივით რომ არ მომივიდეს, სანამ ჰორმონები აგმღვრევიათ და კითხვისას ხელი უნებლიედ ჩაგიცურებიათ მსუბუქად დასველებული გენეტალიებისკენ (სხვათაშორის გინდობთ და ფოტოებით არ ვამძაფრებ) ვიტყვი _ არსებობს დღეები, როდესაც სექსს დილის მარაზმი ანაცვლებს.

ასეთ მარაზმს ადრე ტელევიზორით თუ მივიღებდი, ეხლა კი ფეისბუქი არ მოგიშალოთ ცუკერბერგმა.

გასული ღამის 4 საათზე, 143-ე ცხვარზე ძლივსჩაძინებულს, შუადღის 2-ზე გამეღვიძა. სანაკ კბილებს გავიხეხავდი ხელი კომპიუტერს წავკარი, რომ გახურება მოესწრო. სუფთა პირითა და ბინძური გულით, მივუჯექი მონიტორს, იმ იმედით რომ ფეისბუქზე ახალი მარზმი დამხვდებოდა.

მოლოდინმა გამიმართლა _ მეგობრების ვოლზე, უგემრიელესი "ბლინ"-ები დამხვდა ნაყინითა და შოკოლადით, ჭიქა ესპრესოს თანხლებით...

მადისამღვრელი მეტაფორის განსამარტად ვიტყვი, საქმე "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების" (ბოლო ორი სიტყვა უკიდურესად მნიშვნელოვანია) მინისტრ - დიმიტრი ვლად ცეპეშ შაშკინს ეხება.

აქ უკვე ისმის, მიტინგზე გამოსული, ცხოვრებისგან გამწარებული, ყოფილი ზვიადისტის, ახლანდელი "გრეჩიხისტის" (არადა, გრეჩიხების დროს ეს "ისტობა" უკვე აღარ არის თორე მაგრად კი ჯდება) ხმა:

კაცისმჭამელებოოოოო, სისხლისმსმელებოოოოოო... (და ა.შ.)

ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ ნეტგაზეთის ჩანაწერები, წინ დაუვიწყარი სიამოვნება გელით:

http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F7378149&

და თუ უკვე ისიამოვნეთ განვაგრძოთ:


მაგრამ დილის მარაზმით და კამასუტრით გამხიარულებული და კმაყოფილი (ჯანდაბას შენი თავი - "დაკმაყოფილებული") ვარ, ამიტომაც ვწერ ასე გაღიმებული და არხეინი. აქვე, ერთერთი მოსწავლის ლექსი მახსენდება, რომელიც მანდატურებს მიუძღვნა და კი არავის ვეჯიბრები მაგრამ რატომღაც "სახალხო მთქმელობის" განწყობაზე შევიქმენი და იმედი მაქვს, რომელიმე გაზეთში "რას დაარქმევდით ფოტოს" რუბრიკაში აუცილებლად მოხვდება:

დიადი როგორც მნათობი ზეცის
დიდი ბელადი, მოძმე ერების
მინისტრია და თვალი არ ეცეს
განათლების და მეცნიერების

ის ებრძვის ყვავებს და ებრძვის ყორნებს
თავს ესხმის მგლები, ცხვრები, ტურები
მაგრამ იცოდეთ, მარტო არ არის
მხარს უმაგრებენ მანდატურები

მას სიხარულით ევსება სული
ჟურნალს თუ ავსებს მხოლოდ ხუთები...
სუფთა ჰაერი გვჭირდება ხალხოოოოოოოო
თორემ სუყველა დავიხუთებით

Wednesday, November 24, 2010

სალათი

მინდა სალათი
სანამ თოვს
არაფერია უბრალო...
ეგ შენი ძველი ბარათი -
ბუნგალო...

მინდა სალათი
სანამ ცას
მივწვდები ნეტა სანამდე
სიკვდილი ვერას დამაკლებს
სანამ მდევ

მე მართლა მინდა ძალიან
არ გეგონოს რომ ძალათი
ახლავე უნდა მაჭამო
მე შენი წილი სალათი

Sunday, November 21, 2010

შელოცვა

თუ ამ შელოცვას წაიკითხავ ათჯერ და

გადაუგზავნი 10 მეგობარს

საქართველო აუცილებლად შევა ნატოში


დაიწყება, დაიწყება, დაიწყება, დაიწყება
ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი დაეწყობა
ყველაფერი აშენდება, ყველაფერი აეწყობა
ყველაფერი დაეწყობა, დაეწყობა, დაეწყობა
დაიწყება დაიწყება დაიწყება დაიწყება
მტერი ვერაფერს გახდება და ვერაფრეს გაეწყობა
ერთ სწორ ხაზზე დალაგდება, ჩამწკრივდება, ჩაეწყობა
გაწყდება, გადაშენდება, ღმერთი ყველას გაუწყრება
და სუყველას აუწყებენ
საქართველოს გაბრწყინებას
ფეხს ნელნელა აუწყობენ
ევროპას და დაიწყება
წყება-წყება ხაჭაპურით
დიდი სუფრა გაეწყობა
დიდი სუფრა გაეწყობა
დიდი სუფრა გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
დაიწყება დაიეყწება დაიწყება დაიწყება
და ზოგადი უნარებით
ყველა ერთად მოეწყობა
ვიღაც უცოდინარებით
მიტინგი არ მოეწყობა
გაზონები მოირწყვება
სამართალი დაირწყვება
ფენოვანის შემხედვარე
ბავშვი არ დაინერწყვება
ოღონდაც ჯერ წყება-წყება
ხაჭაპური მეგრული და
ხაჭაპური იმერული
და წიწაკით შეკმაზული
ჯიგრითა და ძროხის გული
სუფრაზე არ დაეწყობა
არაფრეი, დალაგდება, არაფერი დაეწყობა
დაიწყება, დაიწყება, დაიწყება, დაიწყება


როგორ უნდა წავიკითხოთ:

აიღეთ კარგად გამხმარი ბიულეტინის ენა, კონსტიტუციის სავსე მთვარეზე შეჭრილი თმა, პრეზიდენტის უმანკო ცრემლები, ქალიშვილის ალალი ვედრეა, გეის ტუჩს შენახები ყანწის ყუნწი. აურიეთ. შეიზილეთ ტანზე და თან წაიკითხეთ.

[soundcloud width="100%" height="81" params="secret_url=false" url="http://api.soundcloud.com/tracks/7272636"]

Saturday, November 20, 2010

რკინა

ეშმაკი დეტალებში არისო. ეშმაკის არ ვიცი და ხშირად ჭეშმარიტების ამოკითხვა ნამდვილად შეიძლება.

მსგავსი რამ ბევრჯერ მომსვლია, მაგრამ ეხლა დავაკვირდი რატომღაც.

ჩემი სახლის ახლოს, არცერთი კომერციული დაწესებულება არ არის, სადაც ფულის დახურდავებას შევძლებ. ამიტომაც უკვე ინსტიქტი გამომიმუშავდა - წინასწარ ვამოწმებ საფულეს, ვნახულობ რამდენიანი კუპიურები მაქვს და მძღოლს ვეკითხები ხურდის ამბავს.

ამჯერადაც, სანამ რამდენიმე განათებულ ბენზინგასამართს და სიგარეტის "ბლოკებისგან" შეკრულმარაოებიან ქალებს ჩავუვლიდი, ჩვეული რიტუალი გავიმეორე.

- ოცლარიანის ხურდა გაქვს?
- ხუთლარიანი მაქვს. დანარჩენი რკინა - მორცხვად მიპასუხა მძღოლმა
- ანუ, ათლარამდე გაქვს? - დავაკონკრეტე თითქმის ფხიზელმა.
- კი, თოთხმეტი ლარი მაქვს, მაგრამ სულ რკინა - კიდევ, უფრო დაიმორცხვა მძღოლმა

უცებ ფილმი "მიმინო" გამახსენდა:

- сдачи не надо
- и мне не надо

მერე კი უნებლიედ ქურდული გარჩევების ფრთიანი ფრაზა, რომელსაც მოპარული მანქანის "დავაზვრატებისას" ამბობდნენ: "რკინაა... რკინის დედა ვატირე ბოლო-ბოლო".

...და მაშინ მივხვდი, რომ პრაიმ-ტაიმს ნაწილობრივ ვეთანხმები _ საბჭოთა კავშირი ნამდვილად დაიშალა, უბრალოდ მის ნანგრევებში ბევრია მოყოლილი.

Friday, November 19, 2010

ღამენათევი პოეტები

რით ვერ დავიღალეთ პოეტები
რით არ გვასვენებს მუზა
ბოლომდე ისიც ვერ გაგვიგია
ქვეყნად "გზები" არის თუ "გზა"

რით ვერ დავიღალეთ მოგონებით
რით ვერ დავიტიეთ რითმა
სიზმარში ნანახი გოგონებით
გულში დარჩენილმა მითმა

როგორ ვერ დავიოკეთ სურვილები
როგორ ვერ ვხვდებით რა გვსურს
თუ კი არაფერს არ ვიგონებთ
რატომ ვერ ვივიწყებთ წარსულს...

რით ვერ დავიღალეთ პოეტები

Wednesday, November 17, 2010

№4

ძალითპროლოგი:

- თემქაზე ცხოვრობ?
- კი
- რომელ მიკროში?
- მეოთხეში
- და ისე, რომელი მიკროებია თემქაზე?
- მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე.


***
მგონი, ამერიკის ერთ-ერთ, მნიშვნელობა რომ არა აქვს ისეთ კოლეჯში, ტრადიცია ჰქონდათ - გამოსაშვებ წელს მოწაფეები (კოლეჯელები?) რაიმე ოინს, ოხუნჯობას იგონებდნენ. ეს ერთგვარი შეჯიბრი იყო, სხვადასხვა წლის ნაკადებს შორის (ოღონდ ყოველგვარი "ლაიკების" დაგროვების გარეშე).

ერთ წელსაც შემდეგი რამ მოხდა. კოლეჯის მოწაფეებმა კამპუსის ეზოში რამდენიმე გოჭი გაუშვეს. ბუცები და მაისურები არა, მაგრამ, ფეხბურთელების მსგავსად, გოჭუნიებს ზურგზე ნომრები ჰქონდათ მიწერილი.

მოკლდ, ჩემი მაღლიველი კურსელი გოგონასი არ იყოს, ფიზ.კულტურის "ლექციაზე" სარბენლად რომ ჩაგვიყვანეს და ისტერიული კივილი მორთო - "ვაიმე ძროხაო" (ვაკელი იყო) და სულ ქუსლიანი ბოტასებით აქანდა აუდიტორიაში, კოლეჯშიც დაახლოებით იგივე მომხდარა.

ნომრიანი გოჭები კი "იურული პარკის" პირველ, მეორე და მესამე სერიებნანახი კოლეჯელებისთვის ნამდვილი ტირანოზავრებივით დააბოტებდნენ თურმე კამპუსის ეზოში.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანის შეჭმა მოასწრეს გოჭებმა, მაგრამ ვიცი რომ 1, 2, 3, და 5 ნომერი გოჭები პირველსავე დღეს იქნენ ლიკვიდირებულნი.

რაც შეეხება გოჭს №4, მეტად ვერაგი და ცბიერი გამოდგა. ფეხზე დამდგარა კოლეჯის მთელი ადმინისტრაცია _ გაუკრავთ ფოტორობოტით შედგენილი გოჭის სურათები, გაუვრცელებიათ ვიდეო მიმართვები, შეშფოთება გამოუთქვამს ნატოს გენერალურ მდივანს, მოუწვევიათ დამხმარე ძალა მეზობელი კოლეჯებიდან და ჭორად, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ პოლიციაც ჩაერთო საქმეშიო.

გოჭი ნომერი ოთხი, ორი კვირის განმავლობაში იძებნებოდა...


***
ზოგჯერ მეჩვენება, რომ საქართველო ერთი დიდი კამპუსია, რომლის 20% ოკუპირებულია (პროცენტებში თუ ვერ ერკვევით, ეს იგივეა, რაც ხუთ ნაჭრიანი პიციდან ერთი სხვამ აგახიოს), კოლეჯის დამამთავრებელი კურსის მოწაფეები _ ხელისუფლება, ხოლო ქართველი ხალხი (ერი!) _ კოლეჯის ადმინისტრაცია.

აჰ, გოჭები ვინ არიან? გოჭები შეცდომებია "ნებსითნი და უნებლიეთნი", რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, გადანომრა და კამპუსის ეზოში გაუშვა.

გაუშვა თუ გაექცა, მარა ქართველ კაცს შენ გოჭს გამოაპარებ? ჰაერში მოხსნის, თონეში ისე შეაპიწკინებს, კანი რომ ტკაცუნებს და ახლადშეკმაზულ, კაი მწვანე ტყემალთან ერთად შეჭამს.

მეტაფორები იქეთ იყოს, მარა სანამ აქეთაა, ბარემ ვთქვათ - კოლეჯელი გოჭისგან განსხვავებით, სახელისუფლებო გოჭების რაოდენობა _ ოდნავ მეტი, გაშვების/გაქცევის პერიოდულობა _ გაცილებით ხშირი და კამპუსის ტერიტორია უფრო დიდი და არც ისე ხასხასა მწვანე ბალახით მოიალაღებულია.

მოკლედ, სათითაოდ რომ ყოფილიყო კიდე ჰო, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე გოჭი ერთად გარბოდა კანცელარიის და პარლამენტის შენობიდან. სანამ მთლად ელექტრონული გახდება ეს ქვეყანა და პაპკები წერწერით "Дело №" მთლიანად აღმოიფხვრება, ნუმერაციის ამბავიც მთლად დალაგებული ვერ გვაქვს. ხოდა, მეოთხე გოჭის არ იყოს, ქართველმა ხალმაც აღმოაჩინა, რომ სათვალავს შიგადაშიგ სხვადასხვა ნომერი გოჭები აკლდებოდა.

გოჭი აკლიაო? - აღშფოთდა ერი:
- საქართველო თავის გოჭებს არ დაივიწყებს!
- საქართველოს განა სადაყავს გოჭი დასაკარგავი!
- ქართველი გოჭი, ყველაზე ჭყვიტინა გოჭი მთელს მსოფლიოშიო - გაჰყვიროდა აჟიტირებული ერი.

დაიწყო გულმოდგინე ძიება ქართველმა ერმა. ეძებდნენ ყველგან, კამპუსის ყველა კუთხე-კუნჭულში: ქალიშვილობის ინსტიტუტის ქვეშ, ქართლის დედაში, ქართულ სუფრაზე, სიყვარულში და ჩახუტებაში, მოძრავი დავით აღმაშენებლის ქანდაკების ცხენის ყვერებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტებს შორის.

ეხლა დაკარგვაცაა და დაკარგვაც. შეიძლება დაკარგო სინდისი, ნამუსი, ღირსება, ქალწულობა, სამშობლო, მიწა, მეხსიერება და პოტენცია, მაგრამ გოჭი? უფრო სწორად გოჭები???

არა, ამას ქართველი ერი ვერ დაუშვებს _ ვერასოდეს! ხოდა ქართველი ხალხიც ჩაიციკლა გამოტოვებულნომრიანი გოჭების ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე...

ხელისუფლების ყოველ ნაბიჯზე, ცხელი თონე და მწვანე, ახლადშეკმაზული ტყემალი ახსენდებათ და პირზე ნერწყვმომდგარნი ახალი გოჭის გამოჩენას ელოდებიან. ყოველ ქმედებაში ვეძებთ გოჭს , რომელიც, ქართველი კაცის ღრმა და ღიპისეული რწმენის თანახმად, აუცილებლად უნდა არსებობდეს.

- გზები დააგეს
- და გოჭი? გზები ვჭამოთ ჩვენ?
- ხიდი ააშენეს
- და გოჭი? ხიდი ვჭამოთ ჩვენ?
- პოლიციის რეფორმა გატარდა
- და გოჭი?


მოკლედ, ვეძებთ გოჭებს ყველგან და ყველაფერში. ვეძებთ ერთსულოვნად. ვეძებთ ქვეცნობიერად. ვეძებთ პირზე ნერწყვმომდგარი და გოჭის პიწკინა ხორცს მონატრებულნი. ვინც ეძებს, ის პოულობსო. ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც _ მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერა!

ძალითეპილოგი:

კამპუსის ადმინისტრაცია მოუხელთებელ გოჭს ორი კვირის გამავლობაში ეძებდა. ორი კვირის შემდეგ კოლეჯის მოსწავლეები გამოტყდნენ, რომ გოჭი #4 უბრალოდ არ არსებობდა.

Pour toi mon amour

მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ერთი ძვეეელი თარგმანი. მართალია ორიგინალი ძალიან, ძალიან ლამაზია, ხოლო მე თარგმანები არ გამომდის მაგრამ რატომღაც მაშინ მაინც წამიცდა ხელი და ვთარგმნე.

Pour toi mon amour
[Jacques Prevert]

Je suis allé au marché aux oiseaux
Et j'ai acheté des oiseaux
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché aux fleurs
Et j'ai acheté des fleurs
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché à la ferraille
Et j'ai acheté des chaînes
De lourdes chaînes
Pour toi
Mon amour
Et je suis allé au marché aux esclaves
Et je t'ai cherchée
Mais je ne t'ai pas trouvée
Mon amour


***

შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
ვნახე მახეს ჩიტს უგებდა ბიჭი
შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
მე ვიყიდე ის პატარა ჩიტი.

მერე ვნახე მე მებაღე ძველი
ყვავილების რომ უნდოდა მოჭრა
მე გიყიდე ყვავილები ქოთნით
ყოველ დილით ყვავილი რომ მორწყა

მერე შენთვის, სიყვარულო ჩემო
მივაკითხე მაღაროში მჭედელს
რომ შენ რკინის მძიმე ბორკილებით
მიგაჯაჭვო ჩემი სახლის კედელს

და შემდეგ კი სადღაც ყიდნენ მონებს
მე გეძებდე, დიდხანს, დიდხანს... ჩემო...
გეძებე და ვერსად ვერ გიპოვე
ვერ ვიგემე მაგ ტუჩების გემო

Tuesday, November 16, 2010

მე თავს მოგანატრებ ძალით

მე თავს მოგანატრებ ძალით
და შენც მომენატრო მინდა
აიღე თეთრი ფურცელი
აიღე კალამი და
მომწერე რამე უაზრო
ან თუნდაც როგორ გწყინდა
მეც მოგწერ როგორ გნატრულობ
და შენთან როგორ მინდა

Monday, November 15, 2010

სხვაუსი

ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც რაიმე ძალიან მოგწონს, ცდილობ რომ ეს რაღაც სხვას თავზე მოახვიო.

მგონი ასე გამომდის ხშირად, ჩემს საყვარელ სერიალზეც - ექიმ ჰაუსზე.

ახლა რომ ვთქვა "უბრალოდ მარიას" და "ვერლური გულის" შემდეგ, ჰაუსი პირველი სერიალია რომელსაც ვუყურებთქო, ვიცი ამით მხოლოდ ქართველ დიასახლისებს დავაინტერესებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად მეტი ეფექტის მისაღწევად, შევეცდები სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები მოვიცვა.

მერწმუნეთ ხალხო, ექიმ ჰაუსს უნდა უყუროთ. ამას მე გეუბნებით, ადამიანი:

(ყველა ბროლის ბუს მფლობელს) - რომელმაც გადამწყვეტ რაუნდში ქულა ავიღე
(მარშუტკის მძღოლებს) - არდაიდარდოს ყველა ალბომი მაქვს "ბარდაჩოკში"
(ოპოზიციას) - გულს რომ გფხანთ, ზოგიერთი პოსტით
(პოზიციას) - რომელიც ოპოზიციაზე მხოლოდ იმიტო არ წერს, რომ საერთოდ არაფერს/ვერაფერს აკეთებენ
(ლიტერატორებს და ფილოლოგებს) - რომელიც გიჟდება, მორის მეტერლინკზე და კნუტ ჰამსუნზე
(ბლოგერებს) - რომელმაც ყველა თქვენი საკონკურსო პოსტი "დაალაიკა"
("კარტოშნიკებს") - "იგროკი" რომელიც არასოდეს გახიშტულა
(კაი ტიპებს) - კაცური კაცი, რომელსაც ყანწი არაა, რომ არ დამელიოს
(გასათხოვრებს) - ვარ ქერათმიანი, მაღალი და ცისფერთვალება
(გაუთხოვრებს) - (გამახსენდა _ ამათ უკვე ვუთხარი "ველურ გულზე" და "უბრალოდ მარიაზე")


მგონი ქართველობის 99%-ს ამ ფრაზებით მოვხიბლავ და 1% იყოს _ ცხოვრების აზრია.


მოდით, მცირეოდენი და გულახდილი PR კამპანი აქ დავასრულოთ. ვისაც არ გინახავთ - დრო არ დაკარგოთ და "დაქაჩეთ" ჰაუსის სერიები უკიდეგანო ინტერნეტიდან. ხოლო ვინც უყურებთ, მენიუს თვალი გადაავლეთ, რამე შეუკვეთეთ და ჩავუჯდეთ (მე, სამი ტეკილა და ერთიც რედბული ორმაგი არყით თუ შეიძლება).

რაღა დაგიმალოთ და მეშვიდე სეზონით უკმაყოფილო ვარ. რომ აგიხსნათ რა არ მომწონს მეშვიდე სეზონში, მოგიყვებით რა მომწონდა დანარჩენ ექვსში.

- უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესო და მოულოდნელი "ინტროები", რომლებიც ლამის მთელ სერიად ღირდა.
- ზედმეტად საინტერესო (თუმცა უმეტეს წილად გამოგონილიო) და უცნაური სამედიცინო შემთხვევები
- თემა, რომლის ირგვლივ აგებული იყო კონკრეტული სერიის სიუჟეტი (მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, სექსი და ა.შ.)
- ვიკოდინით გაშტერებული ჰაუსი და მისი ქცევის მანერა (16 წლამდე ბავშვებმა... თუმცა რაღა ბავშვებმა)
- არაჩვეულებრივი მუსიკები (როგრც ზოგიერთი გაფეტიშებული და ქართული ენის მოძულე იტყოდა - საუნდტრეკები)
- ჰაუსის და კადის კინკლაობა
- მოლოდინი რომ მერომელიღაც სეზონის, მერომელიღაც სერიაში, უილსონი გამოიგონებდა კიბოს წამალს, პრინსტონის კლინიკაში აღარ იქნებოდა არცერთი პაციენტი, ქართველები აღარასოდეს ისაუბრებდნენ ქალიშვილობის ინსტიტუტზე და რაღათქმაუნდა ჰაუსისა და კადის ქორწილი _ სიხარულის ცრემლებით და მომღიმარი სახეებით.

მაგრამ ეტყობა ვერ გაუძლეს მგრძნობიერე ამერიკელებმა 6 სეზონიან ტანჯვას და ლმობიერმა სცენარისტებმაც, მეექვსე სეზონის ბოლო სერიაში, ჰაუსის და კადის ორგაზმს შემციცინე მაყურებელს სანატრელი "Yeeesss" ამოაოხვრინეს.

კადის და ჰაუსის არ ვიცი მაგრამ მგონი სცენარისტთა ჯგუფმა მართლა "გაათავა" და ამოწურა საკუთარი თავი.

შედეგად მივიღეთ:

- ოდნავ უკეთესი სერიის დასაწყისები ვიდრე აქვს სერიალ "დეტექტივებს"
- მეცხრე საავადმყოფოს არქივებიდან სცენარში გადატანილი სამედიცინო შემთხვევები
- ერთადერთი თემა _ კადისა და ჰაუსის ურთიერთობები, რომელიც "კრავს" სერიას
- სრულიად გამოჯანმრთელებული ჰაუსი, რომელსაც ტკივილს 6 სეზონი განმავლობაში 3 კოლოფი ვიკოდინიც კი ვერ უყუჩებდა და ეხლა მხოლოდ კადის ძუძუები შველის.
- გარეუბნებში ჩამოკიდებული, მოძველებული საახალწლო მორთულობასავით გამოხუნებული და არაფრით დასამახსოვრებელი მუსიკალური გაფორმება
- ჰაუსისა და კადის ჰარმონია
- და "დაკმაყოფილებული" ამერიკელი მაყურებელი

განა შეიძლბა ასე? ეს იგივეა ტომი და ჯერი რომ შერიგდნენ, მგელი რომ არასოდეს გაეკიდოს კურღდელს, (დედა, როგორ მეფხანება ენა რომ რაიმე აქაც პოლიტიკური ჩავურთო, მაგრამ მომწყინდა - უინტერესო ხდება უკვე), რომ ვენსუელური სერიალი ქორწილით დაიწყოს და მომდევნო 276 სერია უბრალოდ თვალი ვადევნოთ მათ ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას.

თან არ დაგიმალავთ და ცამეტის თითქმისშიშვლად ნახვის შემდეგ, ეს გოგო ისე დამაკლდა, როგორც დიეტის დროს ლუდი და ხინკალი.

დღეს იმედი გამიჩნდა. კადიმ ჰაუსი "პროფესიულ ღალატში" ამხილა და თვალებაცრემლებულმა დატოვა კლინიკა. იქნებ ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს: კადი დაშორდეს ჰაუსს, ჰაუსი "შეჯდეს" ისევ ვიკოდინზე, ჩვენ კი ვიცხოვრონ ასე ტკბილად და ბედნიერად სერიიდან სერიამდე?

ნამდვილად არვიცი რა იქნება, რას გადაწყვეტენ სცენარისტები. ისე რეჟისორი ვინარის არც ეს ვიცი, მაგრამ რომ მანახა აუცილებლად ვუსაყვედურებდი - შე დალოცვილო, შვიდი სეზონი ჰაუსის და კადის სექსს ველოდი და ეს "ვითოვითომსექსი" რა იყო, ჰა?

თუმცა ჰო, ვიცი _ ქართველბი სხვებისგან განსხვავებით ასე იოლად ვერ "ვმკაყოფილდებით".

Thursday, November 11, 2010

გაგიშლი საწოლს

მე ვერ დაგიგებ ლურჯთვალა იებს
გაგიშლი სუფთა, უბრალო საწოლს
დაგაწვენ პირქვე და მზისგან დამწვარ
მხრებზე წაგისვამ მეზობლის მაწონს

მე ვერ მოვიყვან გაზაფხულს შენთვის
ვერ დაგპირდები წამოსვლას წვიმის
კოცნა ფეთქდება როგორც მთა დენთის
შენი ხერხემლის და შენი წვივის

არ შემიძლია რომ ვთქვა მთავარი
და რაღაც ლექსებს გიძღვნი სულელურს
მკერდი მუცელზე გარდამავალი
დაცქერის როგორც პანტერა ველურს

მე ვერ დაგიგებ ლურჯთვალა იებს
გაგიშლი სუფთა, უბრალო საწოლს
დაგაწვენ პირქვე და მზისგან დამწვარ
მხრებზე წაგისვამ მეზობლის მაწონს

უცნობი ველვეტის ქურთუკით

მაღვიძარას რამდენიმე წუთით დავასწარი. სამსახურში უნდა წავიდე. ცხრა საათია. ქუჩაში მწვანე ავტობუსები შევნიშნე - ახალი ავტობუსები ჩამოუყვანიათ, ვიფიქრე გულში.

ოფისის კარი ოდნავ შეღებული დამხვდა, დაცვის ოთახი _ ცარიელი. ოფისში ლამინირებულ დერეფნებში "კორპორატიული" ფეხსაცლის ხმა სასიამოვნო ექოდ მესმოდა. საათს დავხედე. მგონი წესრიგშია.

ქვემოთ ჩასულს ტაქსმა გამიჩერა - ოთხ ლარად თავისუფლებაზე გამომყვები? - მკითხა მძღოლმა.

- უკაცრავად
- ოთხი ლარი. თავისუფლება - შეამოკლა მძღოლმა.
- არა, მე მეტროთი ვაპირებ.
- კარგი ხუთს მოგცემ და გავედით.

კარი გამიღო. დაბნეული ჩავჯექი მანქანაში.

- აქ გაგიჩერებ თუ შეძლება - გამომაფხიზლა ფიქრებში წასული მძღოლმა და ხუთლარიანი გამომიწოდა. ფულს გაკვირვებულმა დავხედე. ენაგადაყლაპულმა გამოვართვი და მანქანიდან გადმოვედი.

კინოთეატრთან ერთადერთი პლაკატი იყო გაკრული - "მაგდანას ლურჯა. ეხლა უკვე 3D-ში" - ეწერა პლაკატს წითლად. გულდამძიმებულმა ღრმად ამოვისუნთქე. ვერც ვაზროვნებდი და სხეულს ინსტიქტურად მივენდე.

გულის წასვლისგან პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ჩოჩქოლმა მიხსნა. მიტინგს ნელი და ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი.

სახელდახელოდ მოწყობილ ხის სცენის კიდეები წითელი ვარდებით მოერთოთ. კიდეებს ხის ძველი დინამიკები ამშვენებდა. სცენის შუაში მორიდებულად მდგარ შტატივზე, რამდენიმე საიზოლაციო ლენტით გადაბმული მიკროფონი იყო ჩამაგრებული.

მიკროფონს ყავისფერ ველვეტის "კურტკაში" გამოწყობილი მაღალი მამაკაცი მიუახლოვდა.

- მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. უპირველეს ყოვლისა გულითად მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო და აქ მობრძანდით. დღეს მსურს გითხრათ სრული სიმართლე. მე გულით ვცდილობდი, გამეკეთებინა მაქსიმუმი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვაღიარო, რომ უპირველესი მიზეზი ამისა სამშობლოს სიყვარული არ ყოფილა. არა, ისე არ გამიგოთ, რომ მე ეს ქვეყანა არ მიყვარს. უბრალოდ, პირველ რიგში საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ვცდილობდი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე განგებ, მიზანმიმართულად ცუდი მინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ მე ჩემი თავი ამოვწურე.
დადგა დრო, როდესაც სხვას უნდა გადავაბარო ქვეყნის საჭე
დადგა დრო, სათავეში მოვიდეს ახალი ცოცხი - მოულოდნელად გამომსვლელს უცნაურ ბგერად სიცილი წასკდა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა და სერიოზული სახით განაგრძო.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მოთმინებისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ ოდესღაც სწორედ ამ ადგილას იდგა ჩემთან ერთად წვიმაში
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ მეკითხებოდით - "ასფალტი ვჭამოთ ჩვენო?"

მადლობა, რადგან სწორედ ამ შეკითხვამ მაიძულა, გამომეცა შოკოლადის ბრენდი "ტრასა", რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს და მსურს გითხრათ, რომ მე გადავდექი!

ადამიანი ყვისფერი ველვეტის "კურტკით" იმდენად გულახდილი იყო, რომ თვალი უნებლიედ ამიცრემლიანდა.
უცებ შევკრთი - მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არა თუ მიტირია - ვიფიქრე გულში და უბრალოდ ქარისგან აცრემლებულივით, ისე სხვათაშორისავით მოვიწმინდე თვალები  - სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იდგა.

პრეზიდენტმა სიტყვა დაამთავრა. ხელები უსიცოცხლოდ მოაშორა მიკროფონს და თითქოს ასიათასობით ნაფიც მსაჯულთა საბოლოო განაჩენს ელოდებაო, თავი ჩახარა.

ხალხი სუნთქვაშეკრული უყურებდა პრეზიდენტს.

არ-გა-და-დგე! - ჩურჩულით დამარცვლა, ვიღაცამ ხალხის სიღრმიდან.
არ-გა-და-დგე! - ჩურჩულითვე აყვა რამოდენიმე ხმა.
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!

- ბოლო ხმაზე სკანდირებდა ხალხი.

უნებლიედ ორივე ხელი შუბლზე წავიჭირე. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მე გავრბოდი. შეშინებული, მთელი ძალით.

მიტინგს არც ისე დიდი მანძილით ვიყავი გარიდებული, მანქანა წამომეწია - რამდენად გამომყვები, მომაძახა შეუჩერებლად.
- უფასოდ, ჩავძახე მძღოლს შეშლილი სახით და მანქანაში ჩავხტი.

წინა სავარძელზე ნერვიულად ვირწეოდი წინ და უკან. შარვალი ორივე ხელით ინსტიქტურად ჩამებღუჯა და ჩავჭიდებოდი.

- რას ვუშვებით ეს ხალხი ამ საწყალ პრეზიდენტს!
- ... - თვალებდაქაჩულმა გადავხედე მძღოლს.
- იცი, მე არცერთი ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული - მითხრა ამაყად მძღოლმა, იმ იმედით რომ საუბარს გავუბამდი.
- ცუდია - ნაძალადევად ვუპასუხე უხერხულობის გამო.
- რატოა ცუდი? არც ტრესტის მართველად მიმუშავია არასოდეს. ასე ვარ ტაქსის მძღოლი რამდენი წელია უკვე, ვინ მოთვლის.

ამასობაში კიდევ ერთ მწვანე ავტობუსს ჩავუარეთ.

სახლში გულგახეთქილი ავვარდი. ოთახი ჩემია. ყველა ნივთი ადგილზეა. არც ლუდოვიკ მერომელიღაცე დამხვედრია სამზარეულოში. ამოვისუნთქე. მგონი გადავრჩი. არ გავგიჟებულვარ.


სული დივანზე მოვითქვი. ცოტა დავმშვიდდი. რაც ვნახე, არაფრის გახსენება არ მინდოდა. ხელში უნებლიედ ტელევიზორის პულტი ამითამაშდა. ჩავრთე.

"პროფილი" დაიწყო. მაიას დანახვაზე გული გამინათდა.

- გამარჯობათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა "სამოქალაქო აღზრდის" პრობლემატკაა. სტუდიის სტუმრებთან საუბრის შემდეგ კი ჩვენ ვიხილავთ ჩარლზ ლოუტონის ფილმს "მონადირის ღამე".

პულტი და ღიმილი ერთდროულად შემახმა სხეულზე. ნერვიულობისგან ძალგამოცლილმა ძლივს გადავრთე მომდევნო არხზე.

- ახლა კი, ჩვენი ჰიტ ათეულის გამარჯვებული სიმღერა, რომელიც უკვე მესამე თვეა მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს - ლექსენი და თიკო ჩხეიძე, სიმღერით "სანთელი" - მახარა გაღიმებულმა გოგი გვახარიამ.

არ მახსოვს, პულტი როგორ მივაგდე. კომპიუტერს ვეცი. ვინდოუსის ჩატვირთვის პარალელურად მაჯვენა ფეხი ნერვულად მიხტუნავდა.

ჩაირთო. ფეისბუქში არცერთი მეგობარი არ მყავს. არცერთი შეტყობინება არ ჩანს. ჩემი "კედელიც" ქაღალდივით ცარიელია.

ავნერვიულდი.

ბლოგი გავხსენი. ბოლო პოსტი 1876 წლით თარიღდება. ბოროტი ხუმრობაა - ვიფიქრე ატირებულმა. თქვენ ყველა მე მაგიჟებთ. გინდათ, რომ გავგიჟდე - ვყვიროდი ხმამაღლა.

ბლოგის სტატისტიკის გვერდი გამახსენდა. ბოლო ვიზიტორები როდის იყვნენ, ვნახავ - ყველაფერს ვერ შეცვლიდით!

ვხედავ, ბლოგს ყოველ წამში თითო ვიზიტორი აკლდება.

იკლებს... ჩავილაპარაკე ჩემთვის.
არა იმატებს - მომესმა პასუხად ოთახის სიღრმიდან.
იკლებს - გავიმეორე ოდნავ ხმამაღლა  და იმ ადგილისკენ გავიხედე, საიდანაც ხმა ისმოდა.
იმატებს, იმატებს - გამიმეორა ხმამ და საოცრად გამათბო.
იკლებს, იკლებს, იკლებს...დამიჯერე იკლებს - ვიმეორებდი უნებლიედ და ვცდილობდი მივმხვდარიყავი მთელი ამ სიგიჟის შინაარს.

ბოდავს - თქვა აუღელვებლად ხმამ.

ნუ გეშინია დედიკო, ძმრით დაგზილავთ და სიცხე დაგიკლებს....ნუ გეშინია.

შუბლზე საოცრად გრილი და საამო ხელი ვიგრძენი. სიგრილე სითბოსავით გადმომეღვარა შუბლზე. ჩამეძინა.

ოფისი

დილაა. რაღა დილა, თერთმეტი გამხდარა.

- ათთეთრიანი ხომ არ გაქვს?
- ყავაზე თუ ადიხარ, მეც ჩამომიტანე რა

ერთი ესპრესო. ერთი ამერიკანო.

ჩართვის ღილაკს რომ ვაჭერ, ნოუთბუქის კორპუსი ყრუდ ტოკდება - თითქოს აღგზნებულ სხეულს მკერდზე შევეხე.

შავი ეკრანი...
წარწერები...
სისტემა იტვირთება....
აკრიფეთ პაროლი...
ქვიშის საათი...
რამდენიმე წამი ისევ ქვიშის საათი...

ყავის გემრიელი ყლუპი. ყველაზე გემრიელი, დილის პირველი მოსმა. აუთლუქი.

ორმოცდარამდენიღაც წაუკითხავი მეილი. ისევ ყლუპი. კითხვას ნელ-ნელა ვიწყებ - ვხურდები. ტემპი ნელ-ნელა მატულობს.

ახალი მეილი.
ისევ პრობლემაა? - მოკლე ყლუპი
ახალი შემოთავაზება - ჭიქა პირთან მიმაქვს და ვაბრუნებ.
ეს რა უსამართლობაა...
რეპორტი მოსამზადებელია. ჩავინიშნეთ - ჭიქაზე თითები სრულ მზადყოფნაშია
ჩემი დის გადმოგზავნილი სახალისო ფოტო - ღიმილი
დღეს შეხვედრაა ახალ პროექტთან დაკავშირებით - ფიქრებში წასული ყლუპი.

კითხვის ტემპი მატულობს. ოფისი ამოიქოქა. ორთქმავალივით ნელ-ნელა და დინჯად აგუგუნდა. ფურცლები აშრიალდნენ მაგიდებზე. ელმავალს დგუში ნელ-ნელა ცხელი ორთქლით ევსება. პირველი ზარი ისმის მეზობელ ოთახში. მთვარიან და სუსხიან ღამეს აყეფებული ძაღლებივით მეორე ტელეფონი რეკავს. ელმავალმა უკვე სიჩქარე აკრიფა. ტორეადორის წინ მდგარი დაჭრილი ხარივით უშვებს ორთქლს დაბერილი ცხვირის ნესტოებიდან.

ხელით ვგრძნობ _ ჭიქა ისე ამსუბუქდა, სამამდე ყლუპი თუ მექნება შემორჩენილი.

ჩემი ძაღლიც აყეფდა. მნიშვნელოვან წერილს ვკითხულობდი, არ ჩამიმთავრებია. ერთი წინადადებაც და... ჯობია ვუპასუხო, არ გამითიშონ.

- უკაცრავად, მეორე ზარი შემოდის (ჩემი უფროსია), ეხლავე გადმოგირეკავთ
- დიახ, გისმენთ...

უფროსმა ახალი დავალება მომცა. სად გავჩერდი? ყავა უნდა მომესვა. არა, ბოლო აბზაცის მესამე წინადადებაზე გავჩერდი. აი მომინიშნავს კიდეც, რათა იოლად გამეგრძელებინა კითხვა. ერთი წინადადებაც და...

მობილი რეკავს - ჩვენი ახალი პარტნიორი. ჭიქას თითებით ვატრიალებ. ძაღლი ისევ აყეფდა _ ვხედავ უფროსია, მაგრამ ტელეფონს ხმას ვუთიშავ (გადავურეკავ). ახალი მეილი მოვიდა. ვიღაც შიდა ჩეთში მწერს...


- ბავშვებო, მე სასწრაფოდ უნდა გავიდე, რაღაც შეხვედრა დაინიშნა. კურიერი თუ გამოჩნდება, მაგიდაზე რომ კონვერტია კანცელარიამდე მიიტანოს.

საკიდიდან პალტოს ვხსნი და, დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალი, ფართხაფურთხით ვიცვამ.

- კი, უკვე გამოვედი, აი კიბეზე ჩამოვდივარ.


მაგიდაზე ზუსტად სამი ყლუპი ყავა ცივდება...

Wednesday, November 10, 2010

TBC Smart კლუბი და ლაშარელა

პირველად ბლოგის ისტორიაში, ჩემი ერთერთი პოსტი ლაშა კვანტალიანი - გვიკურთხე მამაო. შემიწყალე მე ცოდვილი მონაწილეობას იღებს, თბს ბანკის, სმართ კლუბის გათამაშებაში.

მთავარი პრიზი გახლავთ iPad.

თუ მოგწონთ ეს ბლოგი და ჩემი პოსტები,

დამიჭირეთ მხარი, დააჭირეთ ხელი:

http://bmu.li/6sP

Tuesday, November 9, 2010

პრეზიდენტი ღადაობს

ძალიან გთხოვთ, ნუ ამოშლით თავს ბლოგის გვერდიდან. პირიქით - დააჭირეთ კაქტუსს და გაწევრიანდით გვრდზე. მე ხომ ლექსებს ვუძღვნი პრეზიდენტს - ანუ მიყვარს!


წყალში შეკრთა მედუზა
ზღვა აღელდა, ქანაობს
არაფერი ურბალოდ
პრეზიდენტი ბანაობს

ვიღაც ყვირის მიშველეეეეეეეეეეეთ
ვიღაც ყვირის გიშველიიიიიიიი
და წყალს აპობს ტალღებად
პრეზიდენტი შიშველი

პრეზიდენტი მფრინავი
პრეზიდენტი ექიმი
პრეზიდენტი მგრგვინავი
პრეზიდენტი ვექილი
პრეზიდენტის ნაძვისხე
პრეზიდენტის ხალხი
პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სახლი

ხალხი ერთად იცინის
აღარავინ არ დაობს
არაფერი უბრალოდ
პრეზიდენტი ღადაობს

პრეზიდენტი 3D
პრეზიდენტი მოვა
პრეზიდენტი წვიმა
პრეზიდენტი თოვა
პრეზიდენტი დურაგალი
პრეზიდენტი მუშა
პრეზიდენტი არ ტყუის
პრეზიდენტი შუშა
პრეზიდენტი მბრბოლელი
პრეზიდენტი წმინდა
უბრალოდ პრეზიდენტი _ "პრეზიდენტი" მინდა

Monday, November 8, 2010

ბროლის ბუ და შუშის პრეზიდენტი

აი ძილის დროც მოვიდა და უცებ დიდი ილიას სიტყვები გამახსენდა: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგეო". გამახსენდა და გამეღიმა:

მთელი დღე ვიბოდიალე. არაფერი გამიკეთებია. პრინცპში რატომ არაფერი - ფეისბუქზე სამამდე სტატუსი დავწერე, ხუთი სასაცილო ვიდეო დავაშეარე და ორმოცამდე ლაიკით "ვარგე" ნაცნობ თუ უცნობ მეგობრებს (ერთ დღეში მეტი რა უნდა გამაკეთებია?).

ასე, შრომითა და ჯაფით, კლავიატურაგამოცვლილმა, ხელში პულტი მოვიმარჯვე და ტელევიზორი ჩავრთე. ბავშვობაში კევს რომ გავხსნიდი და "ნაკლეიკაზე" საყვარელი მანქანა "ამომივიდოდა", დღემდე ისე მიყვარს და მახარებს ცისფერ ეკრანზე ჩვენს პრეზიტენტს თუ მოვკრავ თვალს. ეს მინიმუმ ორ ფაქტს ნიშნავს: პირველი - რომ გადართვას აზრი არააქვს (აბა, რომელი დემოკრატიული არხი გამოტოვებს პრეზიდენტის გამოსვლას) და მეორე - ძალიან ბევრ და საინტერესო ამბავს შევიტყობ (კარგი, ჯანდაბას, სიმართლეს ვიტყვი - ვიცი, რომ ფეისბუქზე და ბლოგზე დასაწერი არ მომაკლდება მომდევნო გამოსვლამდე).

მიშას (შინაგანად მართლა მეხამუშება სახელს რომ ვწერ, მაგრამ მინდა ეს კომპლექსი გადავლახო) გამოსვლებს ისე ვუყურებ, როგორც "ყველაზე ჭკვიანის" გადაცემაში მიწვეული მონაწილეების მშობელი თავის შვილს _ ანუ მთლად რომ არ ვიცი, უფრო მინდა, რომ მისით ვიამაყო თუ უფრო მეშინია, არ შემარცხვინოს.

გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა (ჟურნალისტი რომ ვიყო, "სტუმრად ბენდუკებთან" ასე "ორიგინალურად" დავასათაურებდი, აღნიშუნლ გამოსვლას).

ვიცი, რომ "გაშლილ" თუ "დაშლილ" საქართველოზე დილის შვიდზე "პახმელიაზე" გაღვიძებულ კუკავაზე, რომელსაც აზრად ხაშის ჭამა მოუვა, ხოლო სამი საათისთვის დემოკრატიული და თავისუფალი მასმედის საშუალებებით ამის შესახებ ყველას ეცოდინება და მეზობელ სამეფოში მცხოვრებ მბრბოლელ მეფეზე, რომელიც ჩვენსას ბაძავს, აუცილებლად დაწერენ.

თან ვიღაც ლაშარელა კი არ დაწერს თავის შავთეთრ ბლოგზე, ამ ამბებზე გამოჩენილი ექსპერტები, კრიტიკოსები, ანალიტიკოსები, მებამბისნაყინეები და უბრალოდ კაი ტიპები ამეტყველდებიან ფერად ინტერნეტ თუ ბეჭდვით ჟურნალ-გაზეთებში _ ამიტომაც მე თავს შევიკავებ.

ფერად გაზეთზე გამახსენდა და სანამ დამვიწყებია, ბარემ ვიტყვი: ერთ-ერთმა გაზეთმა გოგი გვახარიას გაუმხილა გასულ კვირას - საბჭოთა კავშირი დაიშალა და ნუღარ ებრძვიო (არადა გოგის ამ ამბავს დღემდე უმალავდნენ მეგობრები), მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლის დროს დავრწმუნდი, რომ ის გაზეთი იტყუება _ საბჭოთა კავშირი არ დაშლილა! მეტიც, მას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც აქტიურად ებრძვის. თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა "წითელი ძერჟავა", მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მოყენებული ზიანი და მისი დამარცხების გზები (გოგი, ყოველთვის ვიცოდი რომ გულის სიღრმეში პრეზიდენტის თანამებრძოლი იყავი).

ხო, რა მოსატანი სუფრასთან ეს ამბავი კი იყო, მაგრამ მაინც.

მოკლედ, ვუსმენდი გამოსვლას და პრეზიდენტის აზრები "სტატუსებად" მეყრებოდა გონებრივ ყულაბაში: "ზოგიერთები რომ რუსთაველზე დარბოდა და იქვე ქონდა ყველაფერი..." (უბრალოდ დაავიწყდა, რომ იმ ზოგიერთებამდე თვითონაც იქვე დარბოდა), "ქართული სინგაპური", "ბავშვები ქმნიან ჯგუფებს ფეისბუქზე- არ გვინდა გამოცდები" (ხელიმც კი მოტყდეს ჩემს პრეზიდენტს, ამ გვერდზე რომ გაწევრიანდეს), "აწმყო თუ აღარ გვწყალობს... არა აწმყოც გვწყალობს..." და მრავალი სხვა.

მაგრამ ჩემს ქვეცნობიერს სულ სხვა რამ ეპოტინებოდა, თავისკენ ქაჩავდა და ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სავსე დარბაზს მიმართავდა, უკანა ფონს (ანუ "ბექრაუნდს") ორმწკრივად განლაგებული სტუდენტები უქმნიდნენ. მართალია, კადრში მოხვედრილი სტუდენტების მთქნარების ინტენსივობის და ჰოლმსის დედუქციური მეთოდის გამოყენებით, იოლად მივხვდი, რომ მათ არც წინ მდგომი და არც მისი საუბარი დიდად არ აინტერებდათ, მაგრამ თავი უნებლიედ "უკანა რიგებში" წარმოვიდგეინე და ძალიან შევწუხდი _ პრეზიდენტს ზურგი შეექცია ჩემთვის და ისე მესაუბრებოდა.

ვიფიქრე, ნუთუ მოხდა სასწაული და მცირედი შეცდომა მაინც მოუვიდა ბატონ პრეზიდენტს-მეთქი, მაგრამ პრეზიდენტის უშეცდომობის დამადასტურებელი ფაქტები, ეხლა უკვე სტუდენტების უკან განთავსებულმა ფონმა _ თანამედროვე ქართული არქიტექტურის რამდენიმე მაკეტმა წარმომიდგინა.

შუშის პარლამენტი, შუშის და "ჯერჯერობით" ყველაზე მაღალი სასტუმრო, შუშის მთავრობის სასახლე. რათქმაუნდა _ გამინათდა გონება! შსს-ს შუშის შენობა, შუშის გუმბათი პრეზიდენტის სასახლეზე, შუშის გამგეობები, შუშის პოლიციის განყოფილებები, შუშის სამინისტროები, შუშის სასამართლო დარბაზები, შუშის ხიდი, 40%-ით გამჭვირვალე შუშის საქარე მინები...

საქართველოში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს - შუშის კედლები, შუშის გზები, შუშის თვალები, შუშის ადამიანები, შუშის მთავრობის წევრები, შუშის პარლამენტალერბი, შუშის პრეზიდენტი. დიახ, უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი (სხვა შემთხვევაში ზურგს არ შეაქცევდა სტუდენტებს :ჩურჩულით: ).

შუშის ქანდაკებები, შუშის დარაბები, შუშის ხეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდება. ამას ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომა სჭირდება. შუშის ვარდები, შუშის ეკლები, შუშის რევოლუციები.

(აქ ირთვება მუსიკა, რომელიც მაყურებელს ნელ-ნელა ამზადებს იმ მომენტისთვის, როდესაც გადამწყვეტ გამარჯვებას მივაღწევთ, ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიღაც მარცხენა იდაყვში მოკეცილ მარჯვენას ჩაირტყამს და ყველას ერთხმად აღგმოგვხდება _ "Yeeeeeeeeeeeeeeeees")

...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება შუშის.
...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება გამჭვირვალე
...და მაშინ, როდესაც აღარ შეგვრცხვება გაშიშვლების
...და მაშინ, როდესაც მზის სხივებს ელექტრომაგნიტურ სპექტრად დავშლით
...და მაშინ, როდესაც ტანს არა "სეიფგარდით", არამედ "მისტერ მუსკულით" გავიპრიალებთ

ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ აღარ გამოვჩნდებით და ვეღარავინ ვეღარ შეგვამჩნევს.

ასე რომ, ჩემო პრეზიდენტო, იქნებ რაიმე დავტოვოთ ხილვადი, ხელშესახები, მყარი? იქნებ შენობები შუშით კი არა სარკით დავფაროთ, რომ საკუთარ თავს დავაკვირდეთ პირველ რიგში? და იქნებ... ბლოგინგითაც თუ ხართ გატაცებული, მომდევნო პრესკონფერენციაზე როგორმე ეს პოსტიც ახსენოთ.



P.S. პოსტს სანამ "დავაფაბლიშებდი" მეგობარს ვაჩვენე, რომელმაც "შუსის პარლამენტარები" გიწერია და გაასწორეო მირჩია. უცებ კუზიანზე ანდაზა გამახსენდა - "შუშის პარლამენტარს მხოლოდ..." - ვთქვი და სიტყვა პირზე შემახმა _ არც კი ვიცი, "შუშიანს" რა გაასწორებს.

Sunday, November 7, 2010

ხმაური ღამით

გარეთ ღამე. ციდან ცრის.
გზა - სიჩუმის მფლობელი
კართან სკამი. ჩემთან ის...
და გაზის გამათბობელი

გარეთ ცივა. მავთულებს
ქარი გრძნობს და ზუზუნებს
გრძნობა სუნთქვას ართულებს
თუ ვკოცნი შენს ძუძუებს

გარეთ ისმის ხმაური
ანდა სულაც სიჩუმე
თითქოს არაქაული
შენი კანის სურნელი...

შენს თხელ სხეულს
ისე ვგრძნობ
როგორც ქარი მავთულებს
და უბრალო ხმაური
ესმით ქვედა სართულებს

ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა

"ადამიანები იყოფიან 10 ჯგუფად -
ისინი რომლებმაც იციან
და რომლებმაც არ იციან
თვლის ორობითი სისტემის შესახებ".


არ ვიცი რომელი ისტორიული წყარო რას მოგვითხრობს, რამდენი ვერსიაა აღნიშნულთან დაკავშირებით და საერთოდ, ვინ ოხერმა დააბრალა ეს ყველაფერი არაბებს, მაგრამ ჩემი შინაგანი 'მე' და მთავრობა სხვა რამეს მეუბნება.

ყველაფერი აქ - საქართველოში დაიწყო.

მზიასთან გამოქვაბულში დაბრუნებულ ზეზვას ნანადირევი სტრეპტოზავრები მოჰყავდა (იურული პერიოდის მომცრო ზომის არსებები, რომელიც იმ დროისთვის საჭმელად ვარგისი იყო).

სტრეპტოზავრების გატყავება და თემის სხვა წევრებზე გადანაწილება, მზიას ებარა. გამოქვაბულში დასამონტაჟებელ გაზის გამათბობელზე თუ დაიწუწუნებდა ხანდისხან თორემ, მადას ზეზვას მეუღლე ნამდვილად არ უჩიოდა _ თითო სტრეპტოზავრს ჭამდა ერთ დღეში (სულო ცოდვილო და არც ქმარი აკლებდა ისე). ამგვარად ორი სტრეპტოზავრი დღეში ისე ჭირდებოდათ, როგორც ხელისუფლებას არჩევნებში მიღებული ხმები.

სად იყო მაშინ კალკულატორი. არც საანგარიშო ჩოთქი ყოფილა ჩემო დაკვირვებულო მკითხველო _ იყო თითები.

გაფარჩხავდა მზია 8 თითს, შემდეგ მოხრიდა თავის და მეუღლის სამყოფი სტრეპტოზავრების შესაბამისად 3 თითს და დარჩენილ ხუთ თითს რომ დახედავდა, რას იზამდა? არა, ჩემო ბრძენო მკითხველო _ ხუთიანს კი არ შემოხაზავდა _ დარჩენილ ხუთ სტეპტოზავრს ტომის წევრებს დაურიგებდა (არა, იმიტომ კი არა რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა არ იყო, უბრალოდ არჩევნები არ არსებობდა _ ზეზვაც ხომ ერთერთ ნადირობაზე, შემთხვევით მოკლული მედიოზავრის გამო აირჩიეს თემის ბელადად).

მოკლედ, გაგიკვირდებათ და ზეზვასაც და მზიასაც ორივეს ათი თითი ქონდა. ისე შეუყვარდა მზიას თითებზე თვლა და ჯერ კიდევ ულაკო თითები, რომ სახელები დაარქვა.

პირველს პირველი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და თავი რომ არ მოგაბეზროთ "და ა.შ. მეათე".

ანტუშა გვაზავამ (ამ დროისთვის უკვე გვარებიც არსებობდა) კი დიდი ბებიის მოფიქრებულ სახელებს დამწერლობაც შეუსაბამა. 0, 1, 2, 3, და აქაც რომ არ მოგაბეზროთ თავი "და ა.შ. 9".

ნეტა რა იქნებოდა, ზეზვას და მზიას ორივე ხელზე მხოლოდ ცალი თითი რომ ქონოდა? რა თქმა უნდა ჩემო გონებაგამჭრიახო მკითხველო _ Alt+Ctr+Delete-ც არ იარსებებდა. მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვამბობ. როგორ ჩაწერდა ანტუშა რიცხვებს?

მოდით ერთი წამით ის გავიზროთ, ეხლა როგორ ვწერთ რიცხვებს.

ცხრამდე ყველაფერი მარტივია _ თითეულს რღაც აღნიშვნა (ანუ ციფრი) შეესაბამება. მაგრამ 10 - უკვე არის ორი ციფრის კომბინაცია - ანუ "ერთი და არაფერი" (სხვათაშორის, ბევრს ერევა "ციფრი" და "რიცხვი". პარალელი რომ გავავლოთ, ციფრი არის "ასო", ხოლო რიცხვი არის "სიტყვა". ანუ ციფრებით ვწერთ რიცხვებს).

შემდეგ კი ვაგრძელებთ:

11- ერთი და ერთი
12 - ერთი და ორი
უკვე იცით რატომაც და ა.შ.
91
92
99
და
100

ანუ როდესაც არსებული ცხრა ციფრი აღარ გვეყო, უკვე ორი ციფრი გამოვიყენეთ და დავწერეთ "ერთი" და "არაფერი" (10) და შემდეგ დავიწყეთ არაფრის გაზრდა (11, 12, 13). შემდეგ როდესაც ორივე ციფრი ბოლომდე გაიზარდა და აღარ გვეყო (99) უფრო მეტის დასაწერად ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყეთ და დავწერეთ - ერთი, არაფერი და არაფერი (100) _ ასე ავღნიშნეთ მეასე რიცხვი. შემდეგ ისევ დავიწყეთ ბოლო არაფრის გაზრდა და ასე მივიღეთ

101
102
103...


რატომ ვიყენებთ რიცხვების ჩასაწერად მაინცდამაინც 10 ციფრს (0,1,2,3,4,5,6,7,8,9)? ხომ შეგვეძლო გამოგვეყენებია რვა ციფრი, ან თუნდაც ოცი. უბრალოდ ადამიანი გამოქვაბულის, სტეპტოზავრების და 10 თითის გამო, მიეჩვია ათობით სისტემაში აზროვნებას.

ზეზვას და მზიას კი ორი თითი რომ ქონოდა ყველაფერი ხუთჯერ მარტივად იქნებოდა:

0 ისევ იქნებოდა არაფერი
1 - ისევ იქნებოდა ერთი
ხოლო უკვე რიცხვები რომ არ გვყოფნიდა ათის ჩასაწერად და ვწერდით ერთს და არაფერს, ზუსტად ასე მოვიქცევოდით ორის შემთხვევაში.
ანუ ორი იქნებოდა 10 (ერთი და არაფერი)

ჩემო დაუარელო მკითხვეოლო, მოდი ერთად მოვინდომოთ და 11 და 12-ის არ იყოს, თვლა გავაგრძელოთ

არაფერი - 0
ერთი - 1
ორი - 10
სამი - 11
ოთხი - 100
ხუთი - 101
ექვსი - 111
შვიდი - 1000

მემგონი ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ნამდვილად გრძელი ჩანაწერებია ჩემო თავგამოზომილო მკითხველო. რიცხვი შვიდი - ათი თითის შემთხვევაში თუ იწერებოდა როგორც 7 და ჭირდება ერთი უჯრა მათემატიკის რვეულში, ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა, დაიწერებოდა როგორც _ 1000 და დაჭირდებოდა მთელი ოთხი უჯრა (უბრალოდ ის კი არ ვიცი, კალამს როგორ დაიჭერდა ხელში).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 5-ის ნაცვლად 101 შემოხაზვა მოგვიწევდა ჩემო მკითხველო. ან ნუ იტყვით და სანამ მიკიტანი ოთხმოცდაცხრამეტი ხინკლის შეკვეთას _ 1100011 ჩაიწერდა, წონაშიც დავიკლებდით რამდენიმე გრამს.

რეალურად კომპიუტერები ინფორმაციას ინახავენ ორობით ფორმატში. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, მყარი დისკი დაყოფილია უჯრებად. დამაგნიტებულია უჯრა, ე.ი. არის 1. დამაგნიტებული არ არის ე.ი. ყოფილა 0. შესაბამისად პროცესორშიც და ოპერატიულ მეხსიერებაშიც, დენი გადის - არის 1. დენი არ გადის ე.ი. არის 0.

შესაბამისად 1 და 0 შესაძლებელია აბსოლუტურად ყველა რიცხვის ჩაწერა. რიცხვებით კი შესაძლებელია აბსოლუტურად ნებისმიერი ინფორმაციის აღწერა (მუსიკა რომელის მოსმენა ასე გიყვართ, ვიდეო ფაილები, პროგრამები და ა.შ.)

ალბთ უკვე შეამჩნიეთ რომ რაც უფრო ნაკლები ციფრი გამოიყენება, რიცხვის ჩასაწერად, ჩანაწერი უფრო გრძელია (ანუ მათემატიკის რვეულში მეტი უჯრა დაჭირდებოდა). ანალოგიურად თუ ბევრი ციფრი გამოიყენება, ჩანაწერი მოკლდება.

ასე მაგალითად, ვინაიდან კომპიუტერში არსებობს 2 მილიონამდე ფერი, ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა, რომელიმე ფერი ჩაგვეწერა როგრც 2 234 546. ამიტომაც ფერების შესანახად, გამოიყენეს თქვსმეტობითი სისტემა - ანუ 16 ციფრი.

ნუ ციფრი ეხლა რა. პირველ 10 ციფრად, მამაპაპური ციფრები გამოიყენეს. დამატებითი 6 სიმბოლოზეც არ უფიქრიათ ბევრი _ ლათინური ანბანის ასოებით (A, B, C, D, E, F) შეავსეს. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს უნახავს მაგალითად პროგრამა ფოტოშოპში მსგავსი სახით მოცემული ფერები:

EC6C09
CCCCCC
FF0000

სინამდვილეში, თითეული ეს ჩანაწერი არის ჩვეულებრივი რიცხვი _ უბრალოდ ჩაწერილი თექვსმეტი სიმბოლოს გამოყენებით, ანუ თვლის თექვსმეტობით სისტემაში.


***
მაგრამ ადამიანი მაინც ძალიან ჭკვიანურად არის დაპროექტებული, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კომპიუტერებზე _ ეს ისე, შენც რომ არ დამვიწყებოდი ჩემო ინტრიგანო მკითხველო.

P.S. პოსტში მოყვანილი ყველა ფაქტი არის გადამოწმებული გარდა სტრეპტოზავრისა.

P.S. P.S. ეხლა დამიკავშირდა ბლოგერი ერევანიდან და მითხრა, რომ ზეზვა და მზია სინამდვილეში ანუშ და არმენ პეტროსიანები იყვნენ.

Thursday, November 4, 2010

უნდა გავხდე

უნდა გავიკეთო კაშნე
უნდა დავიკავო დაშნა
და საქმიანი სახით
დავიწყო ლექსის დაშლა

ლექსებს ისედაც ვწერდი
ამ ღადავ-ღადავში კი
პოეტი უნდა გავხდე!
ეხლა ვარ ხადავშიკი

მე შევიყვარებ ბოდლერს
გადავივიწყებ რითმას
და საგანგებოდ გაზრდილს
ქარბუქი ამიშლის თმას

უნდა გავიკეთო კაშნე
მიბაძვა - სუფრის კოვზი
ოღონდ ჯერ უნდა გავშრე
შხაპ მიღებული ბოზი

ამ ლექსს, ეს ვიდეო ისე უხდება რომ არ დავდო მოვკვდები :)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=6mwTsm0JR9g&fs=1&hl=en_US&rel=0]

***

უცებ ისე მომენატრე როგორც ცხელი ზაფხული და მომინდი როგრც ცივი ლუდი

თანამედროვე ქარაგმები

აბრევიატურა - ლათინური brevis-სგან წარმოებული სიტყვაა, რომელიც მოკლეს ნიშნავს. ოჰ, ეს მატრაკვეცობა არ გვიყვარდეს ქართველებს თორე, ჩვენც კი გვიჭირდა წიგნების საწერად ტყავის შოვნა და გამოზომილად და შემოკლებებით ვწერდით _ ქარაგმებით.

რა უცნაურია, დღეს არც ცხვარი გვყავს გასატყავებელი რომ ვწეროთ და არც პაპირუსი დასამუშავებელი  _  წერე რამდენიც გინდა, სულო და გულო, წერე სადაც გინდა, რაც გინდა და როგროც გინდა _ შენი ყველა ნაწერი 0 და 1 ფორმატში უპრობლემოდ იქნება "დამახსოვრებული". თუმცა მიუხედავად ასეთი თავისუფლებისა, მეჩვენება რომ ოცდამეერთე საუკუნეში, აბრევიატურები (ანუ ჩვენებურად ქარაგმები) უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე ფარნავაზის დროს.

მახსოვს აბიტურიენტობისას, თოფურიას ორტომეულით ტვინგამოტენილი, დედაჩემის დასმულ შეკითხვას "რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო", ამოცანის შეკითხვად აღვიქვამდი და გონებაში ამოხსნას ვიწყებდი.

ასამდე ამოცანა, რომელიც ერთ ღამეში უნდა გამეკეთებინა, ჩემმა მტერმა გადაწერა სრულად _ ამიტომაც მოცემულობებს შემოკლებულად ვწერდი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განათლების რეფორმა განხორციელებული თორე ვნახავდი ერთი "20 ცალი ბეღვლენწი და 50 დგიბურზგა"-ს როგორ ჩავიწერდით შემოკლებით. ვინაიდან ამოცანებში დედამიწელების  გამოგონილი მატარებლები, თვითმფრინავები და ავტომობილები ფიგურირებდა, მათი შემოკლებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა: 20 ავტ. 60. თვით. და ა.შ.

ქარაგმებით მოცემულობების წერას ისე ვიყავი მიჩვეული, მახსოვს ერთხელ ამოცანაში ნახსენები "34 კომბოსტო", როგორც "34 კომბოსტ" - შევამოკლე.

ტკბილი მოგონებებიდან ამოტივტივებული და "ო" ასოთი შემოკლებული კომბოსტოსი არ იყოს, ჩემმა ერთმა მეგობარმა (რომელიც ჩემი აზრით "მომავლის თაობის" ავანგარდშია) ახალი აბრევიატურა "დაამუღამა": ჩეთით ან SMS-ით რაიმეს თუ ვკითხავ, "კ" ასოს მწერს პასუხად, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები თანხმობას ნიშნავს და "კი" - ს აბრევიატურაა.

რათქმაუნდა, ჩემი მეგობარი, დამუშავებული ტყავის არ იყოს, არც SMS-ისთვის განკუთვნილ 160 სიმბოლოს ეკონომიას აკეთებს და არც ინტერნეტ ტრაფიკს უფრთხილდება _ ის, უბრალოდ დროს ზოგავს, რადგან თანამედროვე სამყაროში "ფესიბუქზეც უნდა დაპოსტო, აუთლუქში მეილიც შეამოწმო, ცისკოს აიპი ტელეფონსაც უპასუხო და მეგობრის SMS-იც არ უნდა დატოვო უყურადღებოდ, სამსახურში ერთერთ პროექტზე მუშაობის პარალელურად". თანაც ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გააკეთო, თორემ ვერ მოასწრებ.

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აბრევიატურებს ვიყენებთ თანამედროვე სამყაროში (ეხლა არ შემეკამათოთ და მითხრათ: მესმის IMHO დაწერო in my humble opinion-ის ნაცვლად, მაგრამ "კი"-ს ნაცვლად "კ" რა ეკონომიააო _ აკი გითხარით, ჩემი მეგობარი მომავლის თაობიდან არის. ის XXII მეორე საუკუნის წარმომადგენელია, რომლისთვისაც გადამწყვეტი წამები კი არა მილიწამებია!).

ასე არის თუ ისე, რატომღაც მეჩვენება რომ ქართული ენა ჩამორჩა, თანამედროვე სამყაროს მოცემულ ტენდენციას. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ წარსულიდან შემორჩენილი "ე.წ" და "ა.შ" აღარ  არის საკმარისი. ამიტომაც შევეცადი ეს სიცარიელე შევავსო და თანამედროვე ქარაგმები შემოგთავაზოთ (კომენტარებში თუ შემომიერთდებით დიდი სიამოვნებით ჩავსვამ პოსტში, ავტორის მითითებითვე).


მაშ ასე:

ჩა - ჩემი აზრით

მმჩპ - მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

მმჩპ - მეც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

ქვ - ქალიშვილი ვარ

პითმრჩსიგაგქვ - პაემანზე იმიტომ თუ მპატიჟებ რომ ჩემთან სექსის იმედი გაქვს არაფერი გამოვა, ქალიშვილი ვარ (ანდა, მოდი ამას ნუ შევამოკლებთ)

სამგაფი - 3 Dimension film ანუ სამგანზომილებიანი ფილმი

- წავიღე (იგულისხმება ლინკი საკუთარ ვოლზე)

ძს - ძაააააააააააააააააან საყვარელიიიიიიიიიიიი

ნშა - ნეტა შენ არ ანძრევდე

აჩვ - ამ ჩემს ვოლს

აჩლ - ამ ჩემს ლაიკს

აჩს - ამ ჩემს სტატუსს

აჩყ - ამ ჩემს... ქმ...

სნ - სოფო ნიჟარაძე (ეს იმდენად ხშირად გამოიყენება ვიფიქრე მხოლოდ "ს" ხომ არ იყოს-მეთქი  მაგრამ ეს ასო უკვე დაკავებულია)

[N/A] - პრაიმ-ტაიმის რედაქტორი ონანიზმზე ჭორებს იგონებს

პმს - პროფილში მაიას სტუმრები.



უსასრულოდ გავაგრძელებდი ჩამონათვალს მაგრამ ეხლა მეგობარმა დამიმესიჯა: ნშა, ლაშარელა...ნშა-ო.

Wednesday, November 3, 2010

ძალიან პათეტიკური ლექსი

არმინდა ბუნება სიტყვებით აღვწერო
არ მინდა ლექსები, გრძნობების ნაწარმი
არ მინდა ეს ღამეც უაზროდ გავწელო
ვინმე მადლიანმა მომეცით ბაწარი

არ მინდა ამ ღამით ისევ რომ დავლიო
სასაფლაოზე ვიარო ჩექმებით
ფეხებს ბილიკი გავაკვალიო
იმედებით და უაზრო გეგმებით

არ მინდა, არა... არც შენი კოცნა
არც შენი ტუჩის შეხება ბაცი
არც ღვინით სავსე არ მინდა ბოცა
და არც მართალი რომ მერქვას კაცი

არ მინდა ფეხი დამაგდგან გულზე
თუ კი ვერ ვიგრძნობ, სიმძიმეს ფეხის
სიცოცხლე გავდეს - არ გაცვლილს ფულზე
სიკვდილი - უფრო გავარდნას მეხის

და ეს სიკვდილიც რაღაც არ მინდა
კარგი ვიცოცხლებ, იყოს რაც არის
მაგრამ, შენ მოდი მაინც დამინდე
სათადარიგო მომე ბაწარი

ბოლო წამს ვიცი გული დამწყდება
უცებ ბაწარი თუ არ გაწყდება

Tuesday, November 2, 2010

Algorithm

if (YouLoveMe==true)
{
  iKnowYou=false;
}
else {
  LastDanceWithYouIs=Waltz;
}



if you love me is true
then
i know you - false;
else,
Last dance with you is
Waltz

კლავიატურა

აკრძალული ხილი ტკბილი არისო - ალბათ ეს გამოთქმა, სამოთხის ვაშლის დაგემოვნებიდან მოყვება კაცობრიობას. ასეთი არის ადამიანის ნატურა - ეტყვიან არ გააკეთოო, უნდა რომ გააკეტოს და თუ დაავალებენ გაკეთებას, ყველაფერს გააკეთებს რომ არ გააკეთოს (და ტავტოლოგიაზე ხმა და ფიქრიც კი არ დაგცდეთ).

მეც მითხრეს - უხამს ტექსტებს მოერიდეო. რა უბედურება არისო - ინტერნეტი კი არის, მაგრამ რაც კი ენაზე მოგადგება ყველაფერი კი არ უნდა დაწეროო? მც უნებლიედ ჩემი ბიძაშვილის ამოჩემებული ფრაზა გამახსენდა და ვუპასუხე: "მთავარი იცი რა არის?.. რომ ქალსაც და კაცსაც ორივეს ორი ძუძუ აქვს-მეთქი" და პოსტის წერა დავიწყე.


დღეს ახალი კლავიატურა ვიყიდე. ძველი და დამტვერილი კლავიატურა ზიზღნარევი სახით მოვხსენი კომპიუტერს და უნივერსალური პორტით, პლანეტა პანდორას ბინადრების არ იყოს, ახალი შევუერთე.

თავში უნებლიე აზრმა გამიელვა - ნეტა საერთო ჯამში, ცხოვრების რამდენი საათი დაეთმობა მის კლავიშებზე თითებით მსუბუქად შეხებას-მეთქი? ახალი კლავიშების სირბილემ უნებლიედ ანას სურნელოვანი ძუძუს თავები მომაგონა.

უხეშად დავთვალე _ მათ ჩემი თითები სადღაც ხუთასჯერ ნაკლებად ეხება ვიდრე, პლასტმასის შავ კლავიშებს.

ვეხები და სირბილით შთაგონებული ვწერ ლექსებს, ვაკეტებ ჩანაწერებს, ვამზადებ პროექტებს. სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ არაფრისმთქმელ სტატუსებს.

თითები ზეპირად იცნობენ კლავიშებს. იციან თითეულის ადგილი, ფორმა, მნიშვნელობა. მსუბუქად და ჰაეროვნად დაჰქრიან კლავიშებზე.

არადა ანას სულ ორი კერტი აქვს. რომელ ასოებს ავირჩევდი მათვის - ვიფიქრე გულში. თავიდან Space-ზე შევჩერდი და ორივე ცერის ბალიში რბილად მივადე. წერა გავაგრძელე. ცერი თითები გაყუჩული ელოდებიან სიტყვის დასასრულს. მოულოდნელად წამოუვლით ხოლმე და წამის მეასეთში წაკრავენ ყველაზე გრძელ და უცნაურ ღილაკს _ რომელიც სიტყვებს ერთმანეთს აშორებს.

არჩევანი მალევე შევიცვალე. საჩვენებელი ტითებით F და J ასოებზე დატანილ რელიეფები მოვსინჯე _ აქედან იწყება ყველაფერი. ამ ასოებს თითები მისით პოულობენ. აზრის ჩამთავრების სურვილით შეპყრობილები, ამოსუნთქვის გარეშე ეხებიან საჭირო ასოებს და საწყის პოზიციას უბრუნდებიან.

ამ ორ ასოზე ამობურცული პლასტმასის ნაცვლად, ვარდისფერი ძუძუს თავები ისე რეალურად წარმოვიდგინე რომ ცხვირის ნესტოებში ანას ნედლი კანის სურნელი ვიგრძენი.

რამდენიმე წამით წერა შევწყვიტე და საჩვენებლები თითების წრიული მოძრაობით ვსინჯავდი კლავიშებს.


ყავა დავისხი. ცხელმა ყავამ ცოტათი გამომაფხიზლა. მივხვდი რომ კლავიატურაზე F და J ასოების მსგავსი მოდიფიკაცია დამღუპავდა _ საქმეს ვეღარ გავაკეთებდი.

Enter-ს გადავხედე. მგონი იდეალურია _ დიდი, ყველაზე მნიშვნეოვანი. თანაც მთელი წინადადება უნდა ჩავამთავრო და ბოლოს ნეტარი სახით, ყველაზე მნიშვენლოვან მომენტში მსუბუქად ნეკა თითით შევეხო.

ციფრულ ორგაზმსა და ენტერ ღილაკს შორის ნაპოვნმა პარალელმა მომხიბლა. მაგრამ მივხვდი - ენტერი ხომ "შესასვლელია" და თანაც ის ერთადერთი და განუმეორებელია მთელს კლავიატურაზე. როგორც არ უნდა ეცადო, ორ მკერდის თავს, ერთადერთი ღილაკი ვერ შეითავსებს (რაღა დაგიმალოთ და ანას ძუძუები მხოლოდ ნეკა თითისთვის არ მემეტება).

ამასობაში დამკვეთმა დამირეკა. "დიახ, რამდენიმე საათში ყველაფერს დავასრულებ და გადმოგიგზავნით" - მივხვდი რომ უამრავი საქმიდან არაფერი გამიკეთებია.

კონცეტრირებისთვის სახეზე ცივი წყალი შევისხი და ოთახში დაბრუნებულმა კლავიატურას დავხედე. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. უცებ მივხვდი ყველაზე მეტად როდის მჭირდება ანას მადისაღმძვრელი მკერდი და ღილაკებიც შევუსაბამე: Ctrl+Alt+Delete.

ყველაფერი კარგი, რატომ არის ცოტა _ ვიფიქრე გაბრაზებულმა და კიდევ ერთხელ დამწყდა გული უბრალო ჭეშმარიტებაზე _ "კაცსაც და ქალსაც, ორივეს, (სამწუხაროდ) მხოლოდ ორი ძუძუ აქვს".


სტატის ავტორი: არვარ აღგზნებული
ჟურნალი: PMS Plus

Monday, November 1, 2010

სანამ

სანამ შენ გძინავს
მთვარე უყვება ღრუბლებს ზღაპარს,
ხეები ეხუტებიან ერთმანეთს,
ღამე კი უსწორებს ვარსკვლავებს საბანს.

სანამ შენ გძინავს
ვკითხულობ დამტვერილ სონეტებს,
ვფიქრობ რა ჩავიცვა ხვალ დილით,
და ვათვალიერებ წარსულში დაგროვილ მონეტებს

და გძინავს სანამ
გიძღვნი ამ უბრალო ლექსს
ვუყურებ როგორ გიფეთქავს კისერი
და ხელი ტუჩებთან გიდევს ისე რა

სანამ შენ გძინავს
მე გისწორებ მიგდებულ საბანს
ღამით ხეები ეხუტებიან ერთმანეთს
ხვალ დილით კი
მზე ამოვა
და წვიმა პირს დაბანს

ზემოთ არ აიხედოთ!!!

ერთი სარეკლამო კამპანია გამახსენდა:
სუპერმარკეტში, დახლზე, წარწერა დადეს ამკრძალავი ნიშნით: "ზემოთ არ აიხედო!!!". ზემოთ კი რეკლამა იყო გაკრული და განთავსების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ძალიან დაბალ ფასში.

ვინმე მადლიანი ვიცი დაინტერესდებით და მკითხავთ, რაზე გაგახსენდა ეხლა ჭერზეაკრული რეკლამის ამბავიო და მეც არ დავაყოვნებ...

რამდენიმე დღის წინ, გოგი გვახარიამ მოგვითხრო, როგორ მივიდა მასთან პრაიმტაიმის "ჟურნალისტი" (ისე, ბრჭყალებზე უფრო ძლიერი აღნიშვნაც უნდა არსებობდეს), ხოლო მან არ მისცა ინტერვიუ. იქვე ისიც გაიხსენა, პროფილში მაიმ რომ (ჰ)კითხა პ.ტ. მთავარ რედაქტორს "ყველას ეშინია თქვენი და მართლა ეშინია თქვენიო?" (მაიას შეკითხვები ისე პასუხით იწყება თუ ხართ დაკვირვებული) და მთავარმა რედაქტორმაც, რომ დაუდასტურა "მართლა ყველას ეშინია ჩვენი და ჯობია ეშინოდეთ ჩვენიო".

მოკლედ ეგ ყველაფერი კი დაწერა გოგიმ მარა "სოციალური ქსელის" პრემიერის შემდეგ, ახალ იუზერებზე მზარდად, გინებადაგროვილი ცუკერგბერგის "ფეისბუქი" ნოუთის უსათაუროდ გამოქვეყნების საშუალებას არ იძლევა. ხოდა გოგიმაც დაასათაურა: "მე თქვენი არ მეშინია!"-ო.


აუჰ, ამაზე გადარეულა ის ტუჩებდაბერილი ქალი პრაიმტაიმიდან. მთელი სამეფო შეუყრია და უთქვამს "ვინც გოგი გვახარიას მომიყვანს, ცოცხალს ან მკვდარს სულერთია, ნახევარ სამეფოს მას ვჩუქნიო".

ვინ გაბედავდა გოგისთან ინტელექტუალურ ჭიდილს? ან ძალიან, ძალიან ჭკვიან (ასეთები კი ზემოთხსენებულ სამეფოს არ მოეპოვება) ან ძალიან ძალიან სულელი.

სულელი ეძახე და თავისი "სტატია" (არა, რა...ბრჭყალებთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვცდები) იმითი დაიწყო, რომ სულელია და მეტიც _ სულ არ ანაღვლებს რომ სულელია.

რა გინდა ეხლა რო ქნა? _ სულელია და ტალახს ისვრის _ შენც ტალახის სროლას ხო არ დაუწყებ? არადა ამასობაში მთლად თუ ვერ ამოგგვანგლავს (მიზანი არ უვარგათ და იმიტომ), ერთი ორი შხეფით მაინც ხო დაგისვრის თუნდაც ლოსკის დამცავი ფარით გარეცხილ ტანსაცმელს? დაგისვრის და დასვაროს _ კოპწიად ხომ ერთმანეთის ხათრით გამოვიყურებით და თუ გვეცოდინება რომ ეს შხეფები იმ სულელის ბრალია, თანაც ერთი ორი ასეთი შხეფი ყველას მოგვვედრია, როგორმე არ გავკიცხავთ ერთმანეთს ასე მგონია. მითუმეტეს ისეთ პატარა სოფელში, როგორიც ფეისბუქია _ სადაც ყველა ყველას იცნობს.


ოეეეეეეეეეეე, ოეეეეეეეეეეეეე.... (ისმის მკითხველის სტვენა)

- ა, ჰო. მომიტევე ჩემო მკითხველო. რეკლამა რა შუაშია და როგორც კი ზემოთ ჩემს მიერ მოყოლილი ამბები მოხდა, ატყდა ფუსფუსი ფეისბუქზე:

"ნაძირალა ვინც ეგ გოგიზე დაწერა", "ეგ უნამუსო ეგა", "მაგის ვოლზე არ ვნახე სტატუსი მე და მაგას არ ეღირსოს ლაიკი არაფერზე", "მაგის ფრენდ რეკვესტები ვნახე დაიგნორებული" _ დაიწყეს წყევლა და კრულვა სტატუსებში. "ჩამოვახრჩოთ, არა დავკეპოთ, ჯობია დავკუწოოოოთ, არა გავპუტოოოოოოთ და ყვერებით რო დავკიდოთ, არ ქონია მაგ ქალაჩუნას ყვერები" _ დაიწყეს გულის მოფხანა კომენტარებში.

ეხლა მე გეტყვით რა მოხდება: ამ ჟურნალისტს და რედაქტორს იმდენს აგინებენ და წარმოიდგენენ სხვადასხვა პოზაში, რომ აუცილებლად გაუჩნდებათ რაიმე სახის ლტოლვა მათ მიმართ. შესაბამისად არარეალიზებული და ვერსუბლიმირებული ლიბიდოს წყალობით, სამუდამოდ ჩაიბეჭდავენ მათ პერსონებს ქვეცნობიერში (ერთერთი გზა პოპულარობისკენ ).


მოკლედ კარგი კი იქნებოდა ასეთ დროს უბრალოდ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არც კი შევიმჩნიოთ მსგავსი მოვლენები. არ ავფორიაქთედ და ავფუსფუსდეთ. ეს ალბათ ყველაზე ეფექტური ქმედება იქნებოდა, ნეგატივის არ-გასაპიარებლად, მაგრამ აბა როგორ?

ზევით ხომ აუცილებლად აიხედავ _ რა იცი რა ხდება?!


ტერმინთა განმარტებანი:
ამოგგვანგვლავს - იმერულად, ამოგსვრის, გაგსვრის. მაგ: "ასეთი ამოგვანგვლული ხომ არ წახვალ სტუმრად, სირცხვილია".