Wednesday, September 22, 2010

კატა

ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა. ძველ რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მთლიანად დასკდომოდა. ოთახის კუთხეში თითქმის ჩამქარალი ნაკვერჩხალი ლივლივებდა. ბნელ ოთახში სიძველის სუნი გამეფებულიყო.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ჟღალ ზოლებიან პლედზე და თითქოს თვალებით ძალიან შორს, წარსულში იმზირებოდა.

პატარა იყო, როდესაც მარტო დარჩენილი ანეტა ბიცოლამ შეიფარა. ომი იყო. გარეშემო გამანაგურებლების გამაყრუებელი ხმა და შიმშილი სუფევდა. ღამით, ზამთარში, ბიცოლას კართან ატუზულიყო და მთელი ღამე ყრუდ წკნაოდა.

ძალგამოცლილი და გამხდარი ვერაფერს ჭამდა. ბიცოლამ რძის ფხვნილი და თაფლი, დაღუპული მეუღლის ოქროს საათში და ვერცხლის ტარიანი სამართებელში გადაცვალა.

მალე მომჯობინდა. დაბომბვის განგაშის გაბმული კივილისგან შეშინებული, ბიცოლას ეფარებოდა კალთაზე მიტმასნული.

ომის დასასრულს დიდი იყო. თაგვებს უკვე მარჯვედ იჭერდა.

ბიცოლას გაჟონვა მოუვიდა. ჩაწოლილი, ჭერში იხედებოდა უმისამართოთ და რაღაც ფრაზებს იმეორებდა. ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს რაღაცას აკეთებსო. ვერავის ცნობდა. რეალობას მთლიანად მოწყვეტილი, წარსულს იმეორებდა არეულ ნაწყვეტებად.

ერთი კვირა ასე გაატარა. კატა წამით არ მოსცილებია საწოლს. იქვე ლამბაქით დადგმული რძისკენ არც გაუხედავს.

სიკვდილის წინ გონება დაუბრუნდა - წყალი მოითხოვა.წყალი რომ მიუტანეს, კატას თუ აჭამეთო იკითხა. ტუჩთან მიტანილი ჭიქა ხელით გაწია, მკლავი გულზე დაიდო, სახეზე ღიმილი დაეფინა, "ფისო, ფისო, ჩვენი ძილის დრო მოდისო" ჩაილაპარაკა და ბოლოჯერ ამოისუნთქა.

მაშინ არავის შეუმჩნევია, როგორ აებურგძლა კატას ბეწვი და სიამოვნებისგან დაიკრუტუნა. ზუსტად ისე, როდესაც ანეტა კისერში ეფერებოდა.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ზოლებიან პლედზე. ნესტოები შეუმჩნევლად გააფართოვა და მთელი ტანი ჰაერით აივსო - თითქოს ბიცოლას კალთის სურნელი შეისუნთქა, პატარაობისას რომ ეტმასნებოდა.

ძველ ფანჯარის რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მოხუცის ხელებივით დასკდომოდა. ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა.

7 comments:

  1. კარგად წერ, ღრმად რაღაცნაირად, ასეთ თემებზე მითუმეტეს...

    კითხვისას ჩემი ფანჯრის მიღმა "მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა" და თავი იქ მეგონა, სადღაც კუთხეში:)

    ReplyDelete
  2. ნოდარ დუმბაძის "ძაღლის" შემოკლებული რიმეიქი. რატომღაც ასეთი ასოციაცია გამიჩნდა

    ReplyDelete
  3. xar proeqtebis menejeri ...mcerali...poeti..da cotati ucxoplaneteli..zalian zalian momcons :)))

    ReplyDelete
  4. მე ის ანონიმუსი ვარ, ასოციაციური ბოდვები რომ აწუხებს. ჩემს "ანონიმუსობას" რაც შეეხება, ტექნოკრეტინი ვარ და კომენტარის გაკეთებისას პროფილი რომ უნდა ამოირჩიო, ვერაფრით ვაკეთებ მაგას, რამდენჯერ ვცადე სხვა ბლოგებზეც, ვერასოდეს გამომდიოდა. ხოდა ბოლოში ანონიმუსს რომ წერ, ეგრევე იბეჭდება კომენტარი. არანაირი მისტიკა და იდუმალება. რა გჭირს შენ კიდევ, წარმოდგინე რომ ეს ანონიმუსებიც პროექციები ვართ და ნუ ბრაზობ

    ReplyDelete
  5. აჰა, უბრალოდ ვცდი და თუ არ გამომივიდა მერე მხოლოდ პოსტების წაკითხვით შემოვიფარგლები და ანონიმუსის სახელით კომენტარს აღარ დავტოვებ, თორემ ნამეტანი ნერვიულობ

    ReplyDelete
  6. მე კი მგონია, თუ ძალიან დაინტერესდება ადამიანი, არ უნდა იყოს შეუძლებელი იმის გარკვევა, თუ ვინ ვინაა...

    სულ თუ არაფერი, კომენტარითაც შეიძლება მიხვედრა :)

    ReplyDelete
  7. ამოვიჩემე ეს ბლოგი და არ ვიცი რა დამიშავა :)))

    ReplyDelete