Saturday, September 18, 2010

ტექსტური ფაილი ანუ ჩვეულებრივი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან

ყველაფერი უბრალოდ დაიწყო - პირველ სექტემბერს მეოთხე კლასში მისულმა წინა მერხზე გოგო დავინახე ლივლივა ქერა თმებით და მომღიმარი ცისფერი თვალებით.
შევსებული ლოყები ვარდისფრად ქონდა აფერადებული. ღია ქერა, ტალღოვან თმას, რომელიც ზაფხულში ვიღაცის ჩამტვრეული ფანჯრიდან შემოსულ შუქზე ლამაზად ბზინავდა, თეთრი აბრეშუმის ლენტისგან შეკრული ბაბთა უმშვენებდა. დიდ, ღია ცისფერ თვალის გუგებში, რომლებზეც იფიქრებდით, ეს -ეს არის სატირლად მოემზადა და აუწყლიანდაო, მთელი საკლასო ოთახი მომრგვალებულად ირეკლებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მას ანა ერქვა.
თავიდან არაფერი. ის ისეთივე გოგო იყო, როგორიც კლასში თორმეტი მეგულებოდა, ყოველთვის მოწესრიგებული, კოპწიად ჩაცმული. მასაც ისევე ვაწვალებდი როგორც დანარჩენ გოგოებს და ისევე ვიწერდი საშინაო დავალებებს, როგორც სხვებისგან.


***
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობას ერთ-ერთი დიდ კომპანიაში დავიწყებდი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმეწლიანმა თავდაუზოგავმა სწავლამ და უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულის სტატუსმა გარკვეული შედეგი გამოიღო.
თუმცა ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე. მიუხედავად საკუთარ თავთან დაუზოგავად მუშაობისა და სწავლისა, ჩემს კარიერულ დასაწყისს შანსი მაინც ფორტუნამ მისცა.
სწავლა ახალი დამთავრებული იყო. ზაფხულში დასასვენებლად სადმე წასვლას ვაპიერბდი, რომ სექტემბრიდან დასვენებულსა და ენერგიით შევსებულს დამეწყო სამსახურის ძებნა.
სიცხისგან დაღლილი სახლში მივდიოდი. ჩაის სახლთან უკვე ყოფილი კურსელი შემხვდა. დიდი ხანი არ გვენახა-მეთქი ერთმანეთი _ ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მოსალოდნელი დიდი ხნით უნახავობის ქვეცნობიერმა ინსტიქტმა იქვე მდებარე ბართან მიგვიყვანა და აუტანელი სიცხის ხელშეწყობით თითო-თითო კათხა ცივი ლუდი აგვაღებინა.
სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით და ლუდს ნელ-ნელა ვწრუპავდით.

- დიახ... დიახ გასაგებია... იცით, მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ რომ დაგთანხმდეთ, მაგრამ ჩემს მეგობარს შეუძლია იგივე და დიდი სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას.
მოკლე სატელეფონო საუბარი, ჩემი სახლით, გვარით და მობილური ტელეფონის ნომრით დამთავრდა.
- აქ რომ არ ყოფილიყავი, მაპატიე, მაგრამ უცებ ნამდვილად არ გამახსენდებოდა, შენთვის რეკომენდაცია გამეწია - გამომიტყდა კურსელი და დამატებით 2 კათხა შეუკვეთა.
ვინ იცის, იქნებ, ფორტუნა არც არაფერ შუაშია და ყველაფერი უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლუდის გამო მოხდა, რომლის ახლადმოტანილ, ნედლი ლუდით აქაფებულ კათხას ნელნელა მივუყვებოდით ფსკერისკენ.
მოკლედ, ვისი დამსახურებაც არ უნდა ყოფილიყო, ფორტუნასი, კათხა ლუდის თუ ჩემი კურსელის, რომელმაც ჩემთვის რეკომენდაცია არ დაიშურა, რამდენმე დღეში გასაუბრებაზე დამიბარეს.
გილოცავთ, ორშაბათს ცხრა საათზე სათაო ოფისში - მითხრა ლურჯ პიჯაკსა და ცისფერზოლებიან, თეთრ პერანგში გამოწყობილმა მამაკაცმა და ხელი მაგრად ჩამომართვა.

***
ანა მალევე გადავიდა სხვა სკოლაში. მისი კარგად გაცნობა ვერც მოვასწარი, თუმცა ალაგ-ალაგ ქალაქში ვხვდებოდი ხოლმე. მოულოდნელად ვნახავდი იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო მისი ნახვა მოსალოდნელი.
ერთმანეთს ბევრს ვუღიმოდით. მასთან ყოფნის რამდენიმე ბედნიერ წუთს კი მის თითქოსდა აცრემლებულ, დიდ და ცისფერ თვალებს ვუყურებდი, რომელშიც არეკლილი ხეები, მანქანები, ცისფერი ცა თუ კედელჩამოშლილი შენობა საყვარელი კადრივით მრჩებოდა მეხსიერებაში.
დრო გადიოდა და ჩვენ ვიზრდებოდით. ვხვდებოდით ისევ ქალაქში და ისევ იქ და იმ დროს, სადაც და როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებოდით. მალე აღმოვაჩინე, რომ ქუჩაში სიარულისას თვალებით მას ვეძებდი. ვაფიქსირებდი მის მსგავს თმებს, მსგავს კაბას, რომელიც მასზე მენახა, გაჩერებაზე ჩამომჯდარი და ჩაფიქრებული, მაღალქუსლიანებზე შემომდგარ ტერფებს და სუნამოს სურნელს.

ბოლო ერთი თვეა არ შემხვედრია. მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად.


***
სამუშაო ადგილი არაჩვეულებრივად არის მოწყობილი. შუშებით დაფარული მაღალი შენობის ინტერიერი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
ოთახი, რომელშიც უნდა ვიმუშავო საკმაოდ მოზრდილია. ჩემი ჩათვლით სულ სამი ადამიანი ვიქნებით. შესასვლელ კართან ოთახის ტეპმერატურის დასარეგულირებელია. კედლები ღია ფერისაა, იატაკს კი ლამაზი ფაქტურის მონაცრისფრო ქეჩა ფარავს. სამუშაო მაგიდა გარეთ გამავალ კედელთან დგას, რომელიც მთლიანად შუშის არის. არაჩვეულებრივი ხედი იშლება.


***
ქრონიკულდ ვფიქრობდი მასზე. ვფიქრობდი და ვოცნებობდი. უფრო ვოცნებობდი - დილით, როგორც კი მივხვდებოდი, რომ მდინარე რომელშიც ვიძირებოდი სიზმარი იყო და უკვე გამეღვიძა, შუადღეს - როდესაც გაკვეთილზე ვიჯექი თუ სკოლის უკან ეზოში ვჩხუბობდი და ძილისწინ. განსაკუთრებით კი ძილისწინ.
ანა ნიჭიერი იყო, ქონდა ქერა ლივლივა თმები, დიდი ცისფერი თვალები და საოცარი ღიმილი. მისი ყოველი ნახვისას ჩარჩენილი კინოკადრი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისგან ოცნების ქალი შემექმნა. სისულელე იქნებოდა, მეთქვა „უსაზღვროდ“-მეთქი, რადგან სიყვარული განმარტებაშივე მოიცავს უსაზღვრობას. უბრალოდ შემიყვარდა.


***
სამუშაოს ალღო მალევე ავუღე. ყველაფერი იოლად გამომდიოდა, დაწინაურების ჩათვლით. მახსოვს, პირველ სამუშაო დღეს სახლში მივედი თუ არა, საწოლზე განმგმირული დავწექი და იქვე ჩამეძინა. უკვე შევიცვალე. რამდენჯერმე ღამეც კი გავათენე ოფისში.
მეგობრებს პრაქტიკულად ვეღარ ვნახულობ. მშობლებსაც დაბადების დღეზე ან რაიმე დღესასწაულზე თუ დავურეკავ ; უფრო ისინი მეხმიანებიან.
ყველა მსაყვედურობს. ნელ-ნელა ძველ მეგობრებს ვავიწყდები; მეც მავიწყდება ძველი მეგობრები. მავიწყდება _ ანუ ვშორდები, თორემ გონებით ბავშობაში ჩემი დის გამო სამედიცინო სახელმძღვანელოში მოძებნილი პარაგრაფი - „ყბაყურა“, რომ ორას ორმოცდამეცხრე გვერდზე იყო, ისიც კარგად მახსოვს.
ვკარგავ ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის მეგობრებს. მაგრამ ვივსები ახალი _ ოფისის _ მეგობრებით.
ნელ-ნელა ყველაფერი მონოტონური ხდება. ვფიქრობ, მალე ამ ყველაფრით ძალიან დავიღლები.

***
დღეს მითხრეს, რომ ანა ისევ ბრუნდებოდა _ მამამის საქმეები ვერ აუწყვია. ოთხი წელი მასზე განუწყვეტელი ფიქრის შემდეგ. ხვალ სწავლა იწყება. თავისუფლად შეიძლება, ისევ ჩვენს სკოლაში გააგრძელოს სწავლა. საშინლად მეშინია. გულის ფეთქვა გარკვევით მესმის.
ღამის სამამდე ვბოგრავდი. შემდეგ ავდექი, მამაჩემის კოლექციაში ყველაზე მაღალგრადუსიანი სასმელი შევარჩიე და სანახევროდ დავცალე. გული მაინც გამალებით მიცემს. უბრალოდ, აღარ მეშინია.
სკოლაში ნასვამი მივედი. ანა არ მოსულა.


***
დამაწინაურეს. ერთ-ერთი მსხვილი განყოფილება ჩამაბარეს. საქმე კიდევ უფრო მომემატა. გადაწყდა, რომ ახალ პოზიციასთან დაკავშირებით თრეინინგებზე ნიუ-ორკში უნდა გავემგზავრო.
იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი _ ირაკლი ცხოვრობს. ის ერთ-ერთია, რომელთანაც, მიუხედავად ჩემი სამსახურისა და მისი სიშორისა, სიახლოვე მაინც შემომრჩა ; ინტერნეტით თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით.
ირაკლი, ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს არტ-მენეჯერად. ბავშვობაში სწავლით არ გამოირჩეოდა ,მაგრამ ძალიან ნიჭიერი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში მალევე მოეწყო, თანაც საკმაოდ კარგად.
რამდენიმე დღის წინ სკაიპით გამიმხილა, რომ გეია. არ გამკვირვებია.
მივწერე, რომ ჩასვლას ვაპირებ. დამპირდა, რომ აეროპორტში დამხვდება.

***
კლასელებმა ოთხდღიან ექსკურსიას გაუკეთეს ორგანიზება. გადაწყდა რომ ყოფილი კლასელებიც წამოვლენ - მათ შორის იქნება ანაც.
მთელი ექსკურსია ბიჭები მსაყვედურობდნენ - არც მოძრავ ავტობუსში დალევა მხიბლავდა და არც გიტარის თანხლებით უკანა სავარძელზე სიმღერა.
ანა და მე ერთად ვიჯექი. შესვენების გარეშე საუბარს, ყვითელ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი შემოდგომის პეიზაჟები ალამაზებდა. ღამით ანამ მხარზე თავი დამადო და ჩაეძინა. გული ისე მიცემდა, მეშინოდა, არ გაეღვიძებინა.

რამდენიმე საათში ღამის გასათენებელი სასტუმრო ვიპოვეთ. გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე ნომრებში დაგვანაწილეს.
რა თქმა უნდა, აღარ დამეძინა.


***
თვალებმოხუჭული სავარძლის თავზე ჩამონტაჟებული დინამიკების შიშინმა და პილოტის ხმამ გამომაფხიზლა.
გვთხოვდა, რომ ღვედები შეგვეკრა და დაჯდომისთვის მოვმზადებულიყავით.
ოკეანის დიდი შავი ლაქა მკვეთრად წყდებოდა ცოცხალი ორგანიზმის სხეულით - უამრავი განათებული არტერიით, სისხლძარღვით და მცირე კაპილარით. თითქოს მთელი ქალაქის კორონოგრაფიულ გამოსახულებას დავცქეროდი გამოცდილი ექიმივით.

როგორც ჩანს, ირაკლი ადრე მოსულიყო ჩემს დასახვედრად. დაღლილი სახითა და ხელზე შეზრდილი "სტარბაქქსის" ჭიქით იდგა გასასვლელთან.
ქალაქში ორი კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ბევრი ბარგი მაინც არ მქონდა. ყვითელმა ტაქსმა, რომელში გამეფებულ სპეციფიურ სუნს, რატომღაც ეკრანის მიღმა მანამდე ვერ ვგრძნობდი, ადგილზე ორმოც წუთში მიგვიყვანა.

ირაკლი ბინა ერთი ვრცელი სივრცე აღმოჩნდა, რომლის ოთახებიც პირობითად იყო გადატიხრული სხვადასხვა დეკორით. სადა და მოდერნისტულ ინტერიერს იდეალურად ეხამებოდა ღამის ნიუ-იორკის ხედი, რომელიც მთელს კედელზე გაყოლებული შუშაბანდიდან იშლებოდა.

სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის უნახავებს ინტერნეტის წყალობით სალაპარაკო ბევრი არ გვქონდა. ჭიქა ვისკიმ და დამქანცველმა მგზავრობამ კი თავისი გაიტანა.

დასაძინებლად ერთ-ერთი, დივანი ავარჩიე. ის ძალიან გავდა, საწოლს რომელზეც სტუდენტობისას შვიდი წელი გავატარე.
ქუჩის მეორე მხარეს განთავსებული უზარმაზარი ეკრანიდან შემოსულმა ფერადმა შუქმა, რომელიც თეთრ კედელზე ენერგიულად ვიბრირებდა, და ქალაქის ხმაურმა დაძინებაში ხელი ოდნავაც ვერ შემიშალ.



***
ექკურსიაზე კოცნა ვერ გავბედე - ალბათ მაინც პატარა ვიყავი ან გამიჭირდა, იდეალად ქცეული ოცნების ქალღმერთისთვის მსგავსი ინტიმი მეკადრებინა. არც ნასვამი დავლაპარაკებივარ და მითქვამს "მიყვარხარ"-მეთქი. ყველაფერი უბრალოდ მოხდა. მან ხელი მაგრად და ძალიან თბილად ჩამჭიდა და თავი დამადო. მას შემდეგ ერთად ვიყავით.


***
ირაკლი სამსახურიდან ადრე დაბრუნდა.
- როგორ გეძინა?
- გათიშულს.
- თრეინინგები როდის გეწყება.
- ზეგ.
- ძალიან კარგი. დღეს ღამის ნიუორკს უნდა გაზიარო. ისე მომატებულხარ.
- არც შენ ხარ ბალერონი.
- ვიცი, თუმცა ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო.
- საღამოს რას ვაპირებთ?
- რას ვაპირებთ და ძალიან მაგარ დისკოტეკაზე წასვლას. მე მეგობართან ერთად ვიქნები და შენც რომ არ მოიწყინო ერთი გოგო უნდა გაგაცნო - ქართველია.
- რა ორიგინალურიხარ - ვუთხარი ირაკლის და დივანზე კოპწიად დადებული დეკორატიული ბალიში ვესროლე.
- დამიჯერე ორიგინალური ვარ - ქართველია, აქ პრესტიჟულ მეძავად მუშაობს - ვმეგობრობთ. ქართველების უადგილო ნიჭიერების დედა რო ვატირე თორე, ეგეთ მინეტს ვერავინ აკეთებს მთელს ნიუორკში.
- შენს მეგობარს რა ქვია?
- გაგიკვირდება და ხოსე, მოფერებით ხოსსიტტო.
ორივეს ზუსტად ისე გაგვეღიმა, როგორც ბავშვობაში. ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი, ერთყლუპად დავლიე. ისედაც არ ვგიჟდები და გამთბარი საერთოდ არ მომეწონა - დავიჭყანე.


***
დამქანცველი აბეტურიენტობის შემდეგ, მისაღები წარმატებით ჩავაბარე. ჩააბარა ანამაც და დასასვენებლად ზღვაზე წავიდა.

მთელი ზაფხული არ მინახავს. ძალიან მენატრებოდა.
ჩამოსულს ისედაც ქერა თმები ზღვისგან კიდევ უფრო გახუნებოდა, გარუჯულ სახეზე კი მისი თვალები კიდევ უფრო ცისფრად კაკმამებდნენ.
ნახვის თანავე მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. დღე რომელიც სამი თვის შემდეგ ერთად გავატარეთ, აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო, რომ რამდენჯერმე ხელი გამიშვა (თუ გამაშვებინა).

საღამოს სახლთან მივაცილე. გრძელი პროლოგი არასოდეს უყვარდა. ანას, საერთოდ მარტივი არაფერი უყვარდა - ყოველთვის რთულს ეწაფებოდა. თუ ძალიან უნდოდა ინტერესი რაიმეს ან ვინმეს მიმართ არ განელებოდა ყველაფერს თვითონ ართულებდა.

- რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ - ვუთხარი ანას და შევეცადე შემორჩენილ ბინდში მის თვალებში ჩამეხედა
- ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. ზღვაზე ერთი ბიჭი გავიცანი. მივხვდი, რომ ძალიან მომწონს.

რამდენიმე წამი დაბნეული ვიდექი. შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „ხვალ საღამომდე თუ შემომეხმიანები ვილაპარაკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს. ვიცი მეტკინება, ძალიან მეტკინება, მაგრამ გპირდები - ისე როგორც არასოდეს, არაფერს დაგპირებივარ - აღარასოდეს ვიქნებით ერთად.“

პატარები ვიყავით და გამოუცდელები. ამასთან საოცრად ჯიუტები.
სახლში მისული, აბაზანაში ჩავიკეტე. სარკეში ჩავიხედე და ტირილი დავიწყე. ანას მეორე დღეს არ დაურეკავს. ორი კვირა, სახლიდან არ გავსულვარ. სასმელი ვერ მშველოდა. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა.
ორი კვირის შემდეგ, ბიძაჩემს გავყევი მანქანით ქალაქგარეთ. მანქანაში, განშორების შემდეგ პირველად გამეღიმა.

ანა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ვნახე სტუდენტურ საცხოვრებელში , თავის დაბადების დღეზე.
ის იყო დავემშვიდობე და კონიაკით მთვრალი, კონცენტრირებას ვცდილობდი რომ კიბეზე გამართულად ჩავსულიყავი, ანა მოვიდა, ლოყაზე მაკოცა, მადლობაო მითხრა და ხელის გულში დაკეცილი ფურცელი ჩამიდო. წერილში ეწერა:

"ახლა ბნელა. ჩვეულებისამებრ შუქი არ არის. ლამფა თრთის, დაჩაგრული და მოძულებული და მანიც კი ყველაზე ერთგული. ოთახის კუთხეში სანთლები პარპალებენ, იღვენთებიან, იწვიან, ტირიან და არ ნანობენ. მე არ ვტირივარ და არც ვნანობ - უნანული ვარ და ურჩი: შენი ურჩიც. ოღონდ უხეში ურჩი, ცუდი...
ზამთარია და ალბათ, სადმე არ არის შუქი და იქაც სანთლები პარპალებენ, ან გენერატორები როხროხებენ...
არ მინდოდა მეთქვა - თითქოს თქმით ყველაფერი ფასს კრგავს, მაგრამ მაინც, ერთს წაგჩურჩულებ - მომენატრე... იგრძენი? მეც ვიგრძენი რაღაც, ოღონდ ჩემეული, მაინც გაურჩებული გრძნობა იყო...ვიცი, შენც გენატრები. არა? ეს რომ მითხრა - არ დავიჯერებ. რატომ მიჭირს ყოველთვის ასე უშენოდ?
ახლა ბნელა. ჩვეულებისამებრ და შუქი არ არის."


მისი წერილები ყოველთვის მაღელვებდა. ეს წერილი ნაბახუსევზე წავიკითხე. უემოციოდ დავდე მაგიდაზე და კბილების გასახეხად აბაზანისკენ წავედი.


***
ირაკლის და მე ერთი ზომის ტანსაცმელი გვეტეოდა. თავისი გარდერობიდან საუცხოოდ გამომაწყო. რომელიღაც სუნამო მომაპკურა და ჩემი ხათრით ნაყიდი ტეკილა ჩამოასხა ჭიქებში.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ოთახში ზარის ხმა დაიღვარა. ბინაში შემოსასვლელად ვიწრო დერეფანი უნდა გაგევლო.

- მე გავაღებ - მითხრა ირაკლიმ.
კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა ჩამოვასხი და დარჩენილი ლიმნის ნაჭერი ურცხვად მივითვისე. ვიწრო დერეფრიდან სტუმრების ხმა შორიდან ისმოდა.
ჭიქის დანამული ყელის მარილის ვიწრო ბილიკით დაფარვის პარალელურად, დერეფანში ხმა ნელნელა ახლოვდებოდა.
ტეკილით სავსე ჭიქა და ლიმონი მზად იყო. სწრაფი მოძრაობით გადავკარი, ენით ჭიქის ყელი თამამად მოვლოკე და და ლიმონის მეოთხედი ტუჩებში ჩავიწურე.

მოხუჭული თვალები ირაკლის ხმაზე გავახილე:
- გაიცანი ეს ანაა, ჩემი მეგობარი.


***
ყველაფერი უბრალოდ დაიწყო...

17 comments:

  1. ვწერ გულახდილად, ლაშარელა, მომწონს შენი პროზა :)

    ReplyDelete
  2. სუნთქვაშეკრულმა ისეთი სისწრაფით ჩავიკითხე... ვეღარ ამომისუნთქავს...
    გააგრძელე, რა...

    ReplyDelete
  3. ოჰო, და მერე რა ქენი? მივლინება გააგრძელე თუ საერთოდაც გზიდან გადაუხვიე? :P

    ReplyDelete
  4. მარიო ვარგას ლიოსას "დეიდა ხულია" უნდა წაიკითხო შენ..

    ან წაკითხული გაქვს უკვე.. :)

    ReplyDelete
  5. msubuqi iyo da saintereso! momwons!!
    vasasisac vetanxmebi sadgac :) :)

    ReplyDelete
  6. ანუ ქართველების ერთი მესამედი პედერასტია და მეორე მესამედი ბოზი? და დარჩენილი მესამედი ერთ-ერთი ამ ხელობის შესასწავლად ტრენინგებზე იგზავნება.
    ვითომ მმკს წევრის კომენტი. :)

    ისე, ფინალი გაცილებით ადრე გაიშიფრა და უკვე საინტერესო აღარ იყო კითხვის გაგრძელება.

    ReplyDelete
  7. ჩემმა მეგობარმა თქვა იმისი არ იყოს.

    ორიგინალური იქნებოდაო, ანა ყოფილიყო ტრანსვისტიტი გადაკეთებული ხოსედო და საერთოდაც ირაკლი ყოფილიყო შენი გაორებაო :))

    რა დაგიჩემებიათ ეს ადრე გაშიფრული და ბანალური :) ჩვეულებრივია :) არ მსურდა მოულოდნელი ფინალი. ორიგინალური დასასრული ... :)

    ReplyDelete
  8. no comments...
    აქედან ზოგი ვიცოდი (ნაამბობი რეალობიდან) და ზოგიც - გაზვიადებული პარალელი რეალურ ადამიანებთან :) ფინალი მართლა ადრე გაიშიფრა, მაგრამ მაინც საინტერესოდ ჩავიკითხე, სტილით ვისიამოვნე :)

    პ.ს. მომეწონა, როგორც შენი პროზაული პოსტების მგონი 100%.
    პ.პ.ს. თმა ხანდახან საღებავით ქერავდება და ქიმიით იხვევა, თვალიც კი ლინზით ცისფრდება, კარგად უნდა დააკვირდე ხოლმე :D

    ReplyDelete
  9. wow მართლა კარგია... დასასრულიც არაჩვეულებრივი იყო.... ტაკ დერჟაწ... :) ლაშშ...

    ReplyDelete
  10. გულახდილად?
    რაღაც მომენტში ნაცნობი წამი დავიჭირე და ცრემლები მომადგა, მაგრამ...ვის ჭირდება ახლა სენტიმენტები.
    კარგი იყო.

    ReplyDelete
  11. რატომ ელენე... :) ზოგს სწორედაც რომ სენტიმენტები ჭირდება :)

    ReplyDelete
  12. lasha dzalian momecona....

    ReplyDelete
  13. ოჰო, და მერე რა ქენი? მივლინება გააგრძელე თუ საერთოდაც გზიდან გადაუხვიე? :P

    ReplyDelete
  14. არ მაქვს ვასასიკო....
    ეხლა ისეთი ძალგამოცლილი ვარ ამ საქმეებით და დიეტით რომ ვერ...როგორც კი მოვრჩები გპირდები გეახლები :)

    ReplyDelete
  15. ანუ ქართველების ერთი მესამედი პედერასტია და მეორე მესამედი ბოზი? და დარჩენილი მესამედი ერთ-ერთი ამ ხელობის შესასწავლად ტრენინგებზე იგზავნება.
    ვითომ მმკს წევრის კომენტი. :)

    ისე, ფინალი გაცილებით ადრე გაიშიფრა და უკვე საინტერესო აღარ იყო კითხვის გაგრძელება.

    ReplyDelete
  16. no comments...
    აქედან ზოგი ვიცოდი (ნაამბობი რეალობიდან) და ზოგიც - გაზვიადებული პარალელი რეალურ ადამიანებთან :) ფინალი მართლა ადრე გაიშიფრა, მაგრამ მაინც საინტერესოდ ჩავიკითხე, სტილით ვისიამოვნე :)

    პ.ს. მომეწონა, როგორც შენი პროზაული პოსტების მგონი 100%.
    პ.პ.ს. თმა ხანდახან საღებავით ქერავდება და ქიმიით იხვევა, თვალიც კი ლინზით ცისფრდება, კარგად უნდა დააკვირდე ხოლმე :D

    ReplyDelete
  17. რატომ ელენე... :) ზოგს სწორედაც რომ სენტიმენტები ჭირდება :)

    ReplyDelete