Tuesday, May 31, 2011

Le compte est mort! Vive le blog!



"მე არ ვწერ პოსტებს,
პოსტი თვითონ მწერს"
ტიცისიანი


ვუთხარი ლაშ(არელა)ს და და ლოდინის რეჟიმზე გადავედი. ველოდი, როდის დამწერდა პოსტი. არა და, პოსტი დაწერას არ იჩქარებდა, მაშინვე მივხვდი. და როგორც ადრე (მაშინაც მუზ-კრიზისი მქონდა) სადღაც უკვე აღვნიშნე, ან მე დავყრუვდი და ზარბაზნების ქუხილი არ მესმის და ან ჩემს მუზებს აქვთ სმენითი ჰალუცინაციები.

ერთი, რაც ზუსტად ვიცი, - არც პოლიტიკაზე დავწერ, არც მას-მედიაზე (ერთიც და მეორეც მცირე დოზით, მაგრამ მაინც მიმოხილული მაქვს აქა იქ და სხვებიც საკმარისად და საკმარისზე მეტად წერენ ამაზე. ავად თუ კარგად, ეს სხვა საქმეა. კმა.. მომიტევეთ!).

მივხვდი, loading შეიძლება დიდხანს არ დასრულებულიყო, სადღაც 1-3% იქნებოდა დათქმული ვადის ბოლოს, ასე რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას ისევ ქმედება ვარჩიე. ხანდახან ასეც ხდება, კლავიატურას ვეხები და... მერე მოდის თავისით. ძალით - ვერასოდეს.

"როცა მოგინდეს და თუ მოგინდეს. ყველაზე პატარა და სულელური პოსტიც რომ იყოს" - აი, ამ სიტყვებმა გამამხნევა. სურვილი - დიდი. ახლა არ იფიქროთ, გამორჩენის სურვილია, უნდა, თავისი ბლოგი ამ პოპულარული ბლოგით გააპიაროსო. არამც და არამც. ვინც ინტერესდებოდა, კითხულობდა და ამუღამებდა ჩემს პოსტებს, ისევ ისე წაიკითხავს, იმედია, დიდი შესვენებების და მიუხედავად. და ვინც არა - მათზე ალბათ არ იმოქმედებს ეს პრინციპში არაფრის მთქმელი პოსტი. ნუ მეტყვით, თუ არაფერზე უნდა დაგეწერა, რას წერდიო. უბრალოდ, ძალიან მომინდა ამ არაუხამსი წინადადების მიღება და ჩემეული ასოციაციურ - უბრალო პოსტის დაწერა. ბოლოს და ბოლოს, "ერთ ბლოგერს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად" (მით უმეტეს, რომ მასპინძელი არ მზღუდავს თემატურად. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ "თე/აგებს" თუ მიყვებით ჩემთან, იქნებ თქვენთვის საინტერესო თემებიც კი აღმოაჩინოთ).

ვინც ლაშ(არელ)ას იცნობს, ეცოდინება, რომ ცოტა ხნის წინ ვირტუალური თვითმკვლელობა ჩაიდინა, ასტრალურ-ვირტუალური სხეული დაინაღმა და რგოლზე (თუ რა ჰქვია ყუმბარის გამოსაქაჩს?) თითის მარტივი გამოკვრით თავი აიფეთქა დიადი მარკის თვალწინ... ბევრი მინახავს facebook-იდან გასული და კლინიკური სიკვდილის შემდეგ უკან მობრუნებული. ძირითადად დუმან, არაფერს ამბობენ მიღმური სამყაროს შესახებ. მე კი, მათ შემხედვარეს შეკითხვა გამიჩნდა: "do you belive in life after facebook?". როგორც ჩანს - კი, არსებობს. ის მაინც არსებობს! და იქნებ უკეთესიც არის, ვინ იცის... ყოველ შემთხვევაში, ლაშ(არელ)ა აღარ დაბრუნებულა.

რადგან საშუალება მეძლევა, ერთი პატარა, სპონტანურად, ახლა, წერისას გაჩენილი "არ ვიცი რა დავარქვა" მინდა მივუძღვნა მას, მადლობის ნიშნად, ან facebook-ზე, wall-ებზე ცრემლებამდე სიცილში გატარებული საათების მოსაგონრად:

„ან შენ როგორ სძლებ უfacebookოდ!
მერე იცი კი, რა-რიგ ტკბილია?!
აქ სიმშვიდეა, იქ კი სიცოცხლე,
იქ ყოველ ღამე ვოლზედ ლხინია.
ნუთუ თამაშნი, "ფეიჯნი", ლინკნი
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ note-ი, like, comment-ი
თან არავისი წამოგიღია,
არ გაგონდება არც მარკი, friend-ნი,
ან pet-ი, ფერმა, და ან კითხვარნი?
ნუთუ მის-დღეში არა გყოლია
ფანები, გულის შემატკივარნი?!
როგორ მოშორდი?..” —„რა გითხრა ცისმარ?
ყველაზე უფრო ბლოგი ტკბილია,
იგი ტყვე არის facebook-ისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია”.
—„მაშ ვინც იქა ვართ, ყველა წავწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ბლოგერულ სულსა?”
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

(არა და საოცრად არ მიყვარს ეს სიტყვა - "ბლოგერი". და ვერ ვაიგივებ ჩემს თავს ამ ცნებასთან)



აი, ასე. თვალსა და ხელს შუა შემომეგესტპოსტა არც ისე პატარა რამ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ლაშას, და თქვენ, ვინც არ დაიზარეთ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ნაწერი. თუ გაგეღიმათ მაინც ალაგ-ალაგ, ეს გამახარებს.

fin

No comments:

Post a Comment