Monday, May 23, 2011

Georgia in mp3

ახლადგაღვიძებულმა, ფეისბუქი ჩავრთე თუ არა პირველი რაც გავაკეთე ვიკითხე (ირაკლი თუ ჩამოვიდა ოქრუაშვილი-მეთქი). არა, იმიტომ კი არა რომ ამ მიტინგებში როგორღაც ვარ ჩართული, უბრალოდ ძალიან ლამაზი დღე არის და მინდა რომ ასევე ლამაზად და მშვიდად დასრულდეს.

ჩემს ამ კრეტინულ შეკითხვაზე, ლეგენდარული "სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? და ჩემი ცისანა?!" გამახსენდა. ნუ თითქოს მეტი რა? მაგრამ იუთუბი არის დაუნდობელი. აი სულში რომ თითებს გიკიტინებს და არ გასვენებს ისეთი _ მარჯვენა მენიუში ამოკითხულმა სათაურმა პირდაპირ ნოკდაუნში ჩამაგდო "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".

მახსოვს წითელი მაგნიტოფონი "ვესნა" მამამ დაბადების დღეზე მაჩუქა. მიკროფონიც უერთდებოდა _ ექვსკბილიანი დიდი ჯეკით (ალბათ საბჭოთა სივრცეში რაიმე "საბჭოთა" ერქმეოდა, მაგრამ ნაბლოგარს და ნაფეისბუქარს ახლა არაფერი მახსენდება). ვესნას ერთი დიდი ღილაკი ქონდა _ რისთვის იყო საჭირო არ ვიცი, მაგრამ როგორც თავის დროზე ამიხსნეს, ორი სხვადასხვა ტიპის კასეტა იყო _ "ჩვეულებრივი" და "რაღაც ტექნოლოგიით", ანუ "არაჩვეულებრივი" (CD და DVD ვარიანტში), ხოდა ჩემს ოცნებად ქცეულიყო ის არაჩვეულებრივი კასეტა მქონოდა. მოხდა საოცრება და არც კი ვიცი რატომ, მაგრამ თბილისში ჩამომაჩანჩალეს, სადაც საშუალება მომეცა ის რაღაცნაირი, არაჩვეულებრივი კასეტა მეყიდა.

კასეტაზე ერთადერთი სიმღერა _ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" იყო ჩაწერილი. ნამდვილად არ ვიცი, ჩემზე უფროსი თაობიდან ვის რა შეგრძნება უჩნდება როდესაც ამ სიმღერას უსმენს მაგრამ მე ბავშობაში დარეფლექსებული პავლოვის ძაღლივით ვარ _ საკმარისია სათაურის წაკითხვაც კი რომ უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. მახსენდება მიტინგები, დაწყებული არეულობა, გაუფასურებული ფული, შოკში ჩაცვენილი მშობლები და სხვებიც, შევარდნაძე, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად აპირებდა ჩამოსვლას, ხალხი რომელსაც მთელი გულით ჯეროდა რომ ამ დიდმა კაცმა "ხუთი თითივით იცის რასაც გააკეთებს" (ეს მამაჩემის სიტყვები იყო, რომელიც ერთადერთჯერ თქვა და ცხოვრების ბოლომდე ნანობდა) და ხალხი რომლებსაც მოგვიანებით ზვიადისტები შეარქვეს. ამ ყველაფერს კი ფონად მისდევდა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ახლა მიპასუხეთ, რატომ უნდა მომწონდეს ეს სიმღერა?

იუთუბის შემოთავაზებისას კი მივხვდი რომ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მარტო არ არის. მას მხარს, სხვა სიმღერებიც უმშვენებენ რომლებიც ჩვენი ერის ბედს თუ ბედუკუღმართობას იტევენ. დიახ, ადრე "რაღაცნაირი" კასეტების მაგნიტურ ლენტზე, ახლა კი პირდაპირ mp3 ფორმატში.

ჩემი თვალით დანახული იქეთ იყოს და ჩემი ყურით მისმენილი საქართველოს ისტორია ასეთია:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=PEBg2cC8PCA&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=XU8sWXfnm_M&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=OZtxIgTx09U&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=K4h5thjwbmc&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=4Gj29QGCR6Y&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=0Cp487Uv4gk&w=425&h=349]

როგორც ვატყობ საქართველოს ისტორიის პლეილისტს კიდევ ერთი "გენიალური" სიმღერა შეემატება:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=SNocyz1NRjA&w=560&h=349]

No comments:

Post a Comment