ისე, რთულია ადგე და აღმოაჩინო წიგნი რადგან კარგად შესრულებული წიგნის ყდა უფრო დიზაინერის სასარგებლოდ მეტყველებს, ხოლო თავად შიგთავსს მსგავს ხალხმრავალ ადგილას ნამდვილად ვერ გაეცნობი (გამონაკლისს წარმოადგენს "დასათვალიერებელი" წიგნები, რომლებშიც თანამედროვე ვებდიზაინის ნიმუშები გამოვარჩიე, თუმცა ვერ ვიყიდე - 15 ლარი ნამდვილად დამენანა).
ბოლოს ბაკურ სულაკაურის მიერ მოწყობილ სტენდთან მოვხვდი, სადაც სხვადასხვა ავტორებთან იმართებოდა შეხვედრები და კონკრეტული წიგნების მოკლე მიმოხილვა. ცოტა ხანში წითელ სავარძლებში სოფო კილასონია და ბასა ჯანიკაშვილი აღმოჩნდნენ. ”ომობანა” - გვამცნობდა იქვე გამოკიდებული ტელევიზორი წიგნის სათაურს.
დასამალი რა მაქვს, ბასას ერთი ნოველა და ერთი პიესა მქონდა დაგემოვნებული, რომლებიც მომეწონა, ასე რომ ჩავუჯექი. "ჩავუჯექი" ეს პირობითად, თორემ იქვე დადგმულ ოთხადოთხ სკამზე, ექვსიოდე გოგონა მოკალათდა, ხოლო მე ფეხზე დავეყუდე.
რუსულ-ქართული ომის კვალდაკვალ, სხვა უამრავ თემასთან ერთად, ემანსიპირებული ქალის თემატიკა შემოიჭრა. შემოიჭრა კი არა, პრაქტიკულად შემოჭიხვინდა. როგორც ბასამ აღნიშნა, ემანსიპირებულმა ქალმა დაკარგა ქალური სინაზე და სინატიფე და ის არც მეტი და არც ნაკლები ცხენს დაემსგავსა. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს "ნატიფი" პარალელი საკმარისი არ აღმოჩნდა სკამზე ჩამომჯდარი ექვსიოდა და ფეხზე მდგომარე რამდენიმე ქალბატონისთვის, ამიტომაც ბასამ მოცემულ ფაქტს სახელიც კი შეურჩია და ამაყად განაცხადა, რომ პროცესს "ცხენიზაციას" უწოდებს. ისე კაცმა რომ თქვას, ”ჩემო ფისუნა” და ”ბეღურა” თუ საფერებელია, ”ჩემო ცხენო” ან ”კვიცო” რატომ უნდა გეხამუშოს ჯინსებმოტმასნულ მანდილოსანს? მაგრამ მაინც უხერხულად ვიგრძენი თავი. მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, ეტყობა ბასა ნამდვილი ქოვბოია, ნამდვილი მხედარი, რომელსაც ველური ქალების ლასოთი დაჭერა და გახედვნა უყვარს-მეთქი, მაგრამ ვიგრძენი რომ უხერხულ სიტუაციას კიდევ უფრო დავამძიმებდი.
მოკლედ დისკუსია გახურდა, ბასა თავის მეორე წიგნზე "აბსურდისტანზე" ყვებოდა (სხვათა შორის, ორივე წიგნი ძალიან საინტერესო მეჩვენა, ამიტომ ვიყიდე კიდეც), რომ ვიღაცამ ზურგზე მომიკაკუნა. მივუბრუნდი და ხელში დათო ტურაშვილი შემრჩა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ თავისსავე წიგნზ ხელი მოვაწერინე.
- ეს რა არის? - მეკითხება დათო და ზურგზე მიმითითებს. უხერხული მოძრაობით შევეცადე საკუთარ ზურგზე დამეხედა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მაისურზე, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ჩემი ბლოგის მისამართი და მოყეფარი ძაღლუკა მეხატა.
- ეს ჩემი ბლოგის მისამართია - ვუთხარი დარცხვენილად და თითქმის რომ არ შევიმჩნიე ისე, გამისწორდა რომ როგორც იქნა არასტანდარტული ვიზუალის მაისური, წინ უზარმაზარი "Blogger"-ის ნარინჯისფერი ლოგოთი უცნობმა (ანუ არა მეგობარმა) შეამჩნია.
- ააა, ხო ვიცი. ნამყოფი ვარ - მითხრა ტურაშვილმა და რაღაც ხუმრობაც მოაყოლა, რომელსაც გზად შეკითხვა შევაგებე
- ნეტა, რომელი სისულელე წაიკითხე? (ეს "სისულელე" რა თქმა უნდა "ძალით" თავმდამბლობის გამოსახატად აღმომხდა).
ამასობაში ბასა, ფილარმონიის წინ გაკრულ ბრეჟნევის სურათს იხსენებდა.
ცოტახანში ანინაც მოვიდა, რომელმაც დაანონსა, რომ ჯაბა ზარქუას გაუწევდა პარტნიორობას (...ექზომ რომ ვსთქვა "მოდერატორობას"), სადებიუტო წიგნის_ "ვარმშტადული პარადოქსის" წარდგენაში. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს გოგო, ვირტუალურ სივრცეში საოცრად მძაბავდა, მაგრამ ისე კი როცა ვხედავ საოცრად პოზიტიურად განმაწყობს. ალბათ სხვებიც ასე არიან, რადგან სტენდთან უამრავი ადამიანი მოქუჩდა.
ამასობაში ტურაშვილს ისიც წამოსცდა, რომ მისი პიესა "შავი კეტები", lib.ge-ზე შემიძლია ვიპოვო.
ფესტივალიდან წასვლისას, წიგნებით დამძიმებული ზურგჩანთა გავხსენი და ჩამონათვალს გადავხედე:
- მიშა ბახსოლიანი - "ყველას უყვარს მარი" (მისი "მუშები" ძალიან მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე კრებულიც მეყიდა.)
- "15 საუკეთესო ქართული მოთხრობა" - მოთხრობები თუ არ მომეწონება, სამომავლოდ კიდევ ერთ პოსტს მაინც გამოვაცხობ.
- ლაშა ბუღაძე - "თავი" (პიესების კრებული)
- ბასა ჯანიკაშვილი - "ომობანა"
- ბასა ჯანიკაშვილი - "აბსურდისტანი"
- დათო ტურაშვილი - "ამერიკული ზღაპრები"
- ლევან ბრეგაძის "ქართული ჟარგონის ლექსიკონი" (მაინტერესებს სიტყვა "გაიჩუსტა" თუ იქნება შეტანილი, ისე კი, ვაპირებ მთლიანად წავიკითხო)
ამასთან მსურდა ფამუქის ქართულად გაფეტიშებული "მე მქვია წითელის" ყიდვა, მაგრამ გატევანდამ დამასწრო და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მათხოვებს.
ბასას თაყვანისმცემელ ქართველ გოგონებს გული რომ არ გავუტეხო, ვიტყვი: როგორც ბასამ აღნიშნა, "ცხენიზაციამ" ევროპაში პიკს მიაღწია, ამიტომაც არის რომ იქაური კაცები, აჭიხვინებულ ქალებს გაურბიან და საქართველოსნაირ ქვეყნებში ეძებენ პარტნიორებსო.
მე კი ვიდექი და ძალიან მინდოდა ყველა გოგოს ნაცვლად ხმამაღლა დამეყვირა - "ბასა, ბრრრრრრრ", მაგრამ მომერიდა - წიგნის ფესტივალია მაინც.
No comments:
Post a Comment