Sunday, May 15, 2011

8 ლარი და 99 ფრანკი

არა, ეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი სულაც არ არის, ფრანგულ ვალუტასთან მიმართებაში. ეს საფასურია, რომელიც გადავიხადე, რათა ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკამდე", "წისქვილმა კი ფქვასო" გადამეკითხა.

მინდა გითხრათ, რომ წიგნებზე ე.წ. რეცენზიების წერას უკიდურესად ვერიდები, რადგან ვთვლი, რომ ფრიად უწიგნური ვინმე გახლავართ. მაგრამ ამჯერად საქმე ისე იყო, რომ "99 ფრანკი" არც მეტი და არც ნაკლები ჩემი საყვარელი ფილმია, შესაბამისად საბანში თბილად გახვეული, წიგნსაც დიდი სიამოვნებით "ვეუფლებოდი" იმ იმედით, რომ შემეცნებითი ორიენტაცია, წიგნების სასარგებლოდ შემეცვლებოდა.

მადლობის მეტი რა მეთქმის პროექტისთვის "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" _  მაგრამ სიმართლე გითხრათ "ენა" "პირში" "გულით" არ მიბრუნდება. რატომ?

კარგი გაგიმხელთ. იცით რა მეგობრებო? უწიგნური ვარ მეთქი ვახსენე, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ წიგნი ბლოგი არ არის _ არ გაქვს უფლება იყო ზერელე! მოცემული რომანის თარგმანი კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული კატასტროფაა. კრიტიკა რომ ზედაპირული არ ჩანდეს, რამდენიმე ძირითად ასპექტს ავღნიშნავ:

1. ტექნიკური ლაფსუსები - არასწორად თარგმნილი სახელწოდებები (საკუთარ სახელებს რომ ეძახიან, აი ისინი). ამასთან ერთგან ბრჭყალები ისე იყო გადანაწილებული (თუ სწორად მახსოვს ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი გახლდათ) მე შემრცხვა მთარგმნელის ნაცვლად და წიგნის ყდაზე დატანილ ავტორს თვალი ავარიდე. როდესაც თარგმნი, შინაარსიც ხომ უნდა გესმოდეს? ვფიქრობ, ნახსენები პიროვნებებიც უნდა გამოარკვიო ვინ გახლდათ, რატომ ახსენა ავტორმა და სხვა _ არა თუ სიაში პირველი ადამიანის გვარი მეორის სახელთან ბრჭყალებით დააჯგუფო.

2. რაოდენ გენიალურიც არ უნდა იყოს ტექსტი, როდესაც ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე ვკითხულობ სიტყვა "ურაგანს", არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ თარგმანზე და მთარგმნელზე გული მომიბრუნდეს. მსგავსი კალკები კი წიგნში მრავლად გვხვდება (მადლობა მთარგმნელს რომ "სტაკანი", "აკოშკა" და "კრაოტი" არსად შემხვედრია), რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

3. გაუგებარია, რატომ არის შენარჩუნებული უცხოენოვანი ფრაზები, ხოლო მათი თარგმანი კი სქოლიოს სახით წარმოდგენილი (აქაო და ტექსტისთვის საკადრისად ვერ ვთარგმნე, მაგრამ სქოლიოში დაახლოებით გეტყვით რასაც ნიშნავსო?).  სქოლიოზე გამახსენდა, რედაქციის საყურადღებოდ: აღნიშვნები განმარტებული იყო ბოლო გვერდზე, რაც კატასტროფულად მოუხერხებელია.

4. არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამ თქვა: " ლექსის თარგმანი იგივეა, ფოთლიდან ფოთოლზე წყლის წვეთი ისე გადაიტანო, რომ არ შეირხესო". პირადად მე კი ვფიქრობ _ სლოგანის თარგმანის შემთხვევაში არც წვეთი და არც ფოთლები არ უნდა მოიყვანო მცირედ მოძრაობაშიც კი. ანუ სლოგანის თარგმნა, ეს პრაქტიკულად ახალი სლოგანის შექმნის ტოლფასია _ ფრიად რთულია შეინარჩუნო სლოგანის "დუხი" და მთავარი "იზიუმინკა". "99 ფრანკი" კი ერთი დიდი სარეკლამო რგოლია, უამრავი  სიუჟეტითა და "სლოგანით" (ოქტავის ხათრით ვიტყოდი "ტიტრით"). შესაბმისად, ვერ თარგმნო წიგნში მოყვანილი სლოგანები და ცალკეული ფრაზები ნიშნავს რომ ვერ თარგმნო თავად წიგნი. ამ კუთხით  კი, თარგმანში  სრული "კაშმარი" სუფევს. მე არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდების არანკლებ ცნობილი სლოგანები თარგმნო ისეთნაირად, რომ მათი ცნობა უფრო მეტად გაგიჭირდეს, ვიდრე 20 წლის უნახავი ნაცნობის, რომელსაც ბაგა-ბაღში მოწონდი.

კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ თავად თუ არ გამოგდის სლოგანის თარგმნა, იქნებ ქართულ რეალობაში უკვე (არც თუ ისე ცუდად) ნათარგმნი და ყურისთვის კარგად ნაცნობი სლოგანები გამოიყენო?

რაც შეეხება თავად მთარგმნელის "არაქართულად" აწყობილ წინადადებებს, აქ სასაყვედურო არაფერი  მაქვს _ ფრანგული წესით შედგენილი წინადადებები რომ ქართულს აჯობებს, რად უნდა მაგას საუბარი.

ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ წიგნის თარგმანს. ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად წიგნზეც უნდა მოგახსენოთ.

"ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის თავს არ ვახვევ"-მეთქი გეტყოდით, მაგრამ რახან გეუბნებით ე.ი. გახვევთ და უგემური ფაფის არ იყოს, კოვზით პირშიც კი გტენით.

ამიტომაც ასე დავიწყებ:
"ჩემი სუბიექტური აზრით, რომელსაც ახლა აშკარად თავს გახვევთ", ფილმი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე წიგნი. ჯერ-ერთი სიუჟეტიც უფრო საინტერესოდ არის აწყობილი, უფრო დინამიურია და როგორც არ უნდა იყოს, ნაწარმოები რომელიც ვიზუალური კრეატივის სამყაროს_ რეკლამას ეხება, ეკრანზე გაცილებით კარგი სანახავია, ვიდრე მოსაწყენი ასოებით დახუნძლულ ფურცლებზე.

სხვათა შორის, ერთადერთი სცენა რომელმაც ფილმში ჩაიქაქა, ოქტავისა და ჩარლის ნარკოტიკებით გაჭყეპვის შემდეგ ჩადენილი დანაშაულია _ წიგნში ამ ადგილმა ნამდვილად გაასწორა.

სხვა რა გითხრათ აბა? - მაგიდაზე მომდევნო მსხვერპლს - "ედგარ ალან პოს - მოთხრობებს" ვუყურებ და გულში ვფიქრობ _ გარდაცვალებამდე დარჩენილია 49 წიგნი.

10 comments:

  1. ვაჰ... რომ ვკითხულობდი აღფრთოვანებული ვიყავი ამ წიგნით და მაგ ყველაფრისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია.

    ReplyDelete
  2. "გარდაცვალებამდე დარჩენილია 49 წიგნი" :)))))))))))))

    ReplyDelete
  3. ფილმი არ მინახავს, მაგრამ ჩემს ირგლის ყველამ თქვა, რომ წიგნი ჯობია და ახლა დავეჭვდი, უნდა ვნახო აუცილებლად :)
    ლოგანები საშინელება იყო ნამდვილად :(
    და კიდევ წიგნის ბოლოს განმარტებებიც მართლა კატასტროფულად მოუხერხებელია. ეს ორი რომ არ ყოფილიყო, დანარჩენებზე თვალს დავხუჭავდი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მომწონს :)

    ReplyDelete
  4. ფილმი არ მინახავს. წიგნის კითხვა დავიწყე და... რაღაცნაირად მშრალი, უგემური მეჩვენება, ვერ ვკითხულობ, არ დამაინტერესა. შეიძლება სხვა დროს ერთ ამოსუნთქვაზე წამეკითხოს, ასეც ყოფილა ზოგჯერ.

    წიგნისთვის ძილი არ უნდა დაგენანოს...
    ზოგადად, ამ პროექტის არცერთი წიგნი, რაც გამოვიდა, არ მიმაჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონედ, გაცილებით უკეთესები შეიძლებოდა შესულიყო. თუმცა, შემდეგში რა იქნება არ ვიცი.

    ლაშარელა, რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს წიგნი შენს სტილშია... :)

    ReplyDelete
  5. ახალ თარგმანებს ორიოდე გვერდის შემდეგ ვერ ვკითხულობ :(((

    ReplyDelete
  6. ჩემი ძმა, ბეგბედერი უნდა იკითხო ორიგინალში :)

    ReplyDelete
  7. linguistuss.com
    მხოლოდ დრიუონის მერე! :))

    ორიგინალში საკაიფოა გაცილებით?

    ReplyDelete
  8. კი, მართლა ჯობს. ბეგბედერის უფრო ის მომეწონა, ვიღაც ეპისკოპოსს რომ ებაზრება რელიგიაზე. წიგნს ჰქვია: "მე მწამს, მე კი აღარ". მანდ გამოჩნდა მთელი მაგისი სარკაზმი მთელი სისავსით :)

    ReplyDelete
  9. მე ეს წიგნი მიშელ უელბეკის "ელემენტარული ნაწილეკების" შემდეგ წავიკითხე, ამიტომ განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა, ისე ვიყავი იქ (ორივეგან) დასმული პრობლემებით შოკირებული, ტექნიკური მხარეებისთვის არც მიმიქცევია ყურადღება.

    ReplyDelete
  10. ცინიკოსიუსიMay 17, 2011 at 1:39 PM

    აღფრთოვნებული ვარ ფოსტით,მაგრამ ეჭვი მიჩნდება,იქნებ მთარგმნელების ფარული გეგმაა მკითხველს ორიგინალის კითხვისკენ უბიძგოს? აბა,ასეთი დამახინჯება არ შეიძლება უნებლიედ მოხდეს,აშკარა მიზანი გამოსჭვივის. შემდეგი მსხვერპლი-პოს მოთხრობები,ანუ-დამსეტყვე ცაო! (დღეში ორჯერ,ჭამამდე და ჭამის მერე :D)
    "ოდისეას" უკვე ძრწოლით ვუყურებ-შორიდან,ანუ იბადება კითხვა,გვეშველება რამე?!

    ReplyDelete