Saturday, April 2, 2011

შოთა, ილია, აკაკი ვაჟა და... კვენტინ ტარანტინო

მიძინებულს დეიდაშვილი მაღვიძებს:
- ლაშა, ვაჟა უფრო დიდია თუ რუსთაველი? - გადავზომე გონებაში მელიქიშვილიდან თავისუფლებამდე და პეკინიდან ვაჟას ძეგლამდე
- ვაჟა
გახარებული გავარდა გვერდით ოთახში:
- აი, ვთქვიი... რას ამბობ, მარტო "სტუმარ-მასპინძელი" რად ღირს...

ეს ისე. მსუბუქი შესავლისათვის. ისე კი ვინ არის ვაჟა? ზოგისთვის უბრალოდ მთების არწივი. ოჰ რა პოეტურია ღმერთო ჩემო. ზოგისთვის უშრეტი სამყარო. ზოგისთვის ბევრი აბსტრაქტული რამ. მაგრამ ჩემთვის ვაჟა ყოველთვის კონკრეტულია.

მაგალითად, ჩემმა მეგობარმა როდესაც ძალით წამაკითხა ეზოთერიკების საყვარელი წიგნი "ანასტასია", მივხვდი რომ სხვა არაფერი იყო თუ არა უნიჭოდ გადამღერებული ჩვენი მწერალი. ვაჟას მსგავსი გადამღერებები ბევრგან შემხვედრია. მაგრამ ამასწინათ იუთუბზე შემთხვევით "ალუდა-ქეთელაურს" გადავეყარე.

გაფრთხილება: მშობლებო, არასოდეს წაუკითხოთ ბავშვებს წიგნები!

სწორედ ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების გამო მივეჩვიე წიგნების მოსმენას და არა კითხვას. ამჯერადაც მოსაწყენ საქმეს ფონად, იუთუბის ფანჯრიდან გადმომდგარი ალუდა ქეთელაური დავუფინე. ცოტახანში თავად ვერ შევამჩნიე ისე დავიძაბე. შეგრძნება ისეთი მქონდა რომ მძაფრსიუჟეტიან თრილეს ვუყურებდი. არა, ეს არ იყო ურბალოდ ვესტერნი. მსუბუქი დაცემებით და ცუდადგამოხმოვანებული ტყვიების "წუილით". რაღაც უფრო საკაიფოს, უფრო მძაფრს, რაღაც კვენტინტარანტისეულს ვუყურებდი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ასე ემოციურად, არა რომელიმე ჰოლივუდის ფილმმა, არამედ მუცალისა და ალუდას სუპერდაძაბულმა შერკინებამ აღმაგზნო.

თვალწინ გამიცოცხლდა 3D-ში გადაღებული, ბეჭდებისმრძანებლისეული სუპერ კადრი:

"გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა"


და უცებ, მიზანს აცდენილი მსხვილკალიბრიანი იარაღი ისე გემრიელად მოხვდა კლდეს:

"გამასტყვრა მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა"

რომ ტელევიზორის რეკლამების მსგავსად, უწვრილესი დეტალების გარჩევა დავიწყე და ნამსხვრევები სახეში შემომეყარა.

საუნდიც ისეთი დადგა რომ ყველა დოლბი-სურაუნდის დედა ვატირე:

"ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა."

[youtube http://www.youtube.com/watch?v=KJstz1ufLJc&w=480&h=390]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=oyQiu2DpgFg&w=480&h=390]

არა, თუ ასე მივყვებით ვეფხისტყაოსანს რომ გაცილებით მაგარი ეკრანიზაცია ექნება თქმაც არ უნდა. "ჯდა მტირალი წყლისა პირსა" ტარიელის მიერ მათრახით შუბლისკანგადახეთქილი ჯარისკაცებით დაწყებული, "ტარაჯორად" გასტყორცნილი მეომრებით გაგრძელებული და ქაჯეთის ციხის ბრძოლებით დამთავრებული. ვფიქრობ არც სექსის ნაკლებობა იქნება და არც ლამაზი ხედების და ლანდშაფტების.

აი, ასე მაიმუნობით თუ დავაინტერესებ ჩემს რამდენიმე მეგობარს თორე ვაჟას "გველის-მჭამელს" ისევ "ანასტასია" ურჩევნია და "ალუდა ქეთელაურს" კი "ბორნის ულტიმატუმი".

და მაინც:
ვაჟა უფრო დიდია თუ რუსთაველი? - ჯერჯერობით მგონი მაინც ტარანტინო.

4 comments:

  1. ნუ შევადარებთ,არ ღირს...დაიწყება მერე დაუსრულებელი პოლემიკა ... :|

    ReplyDelete
  2. კოელიო...ნუ,ეს ხო მოვლენაა

    :D

    ReplyDelete
  3. "ალუდა ქეთელაური" არ მომისმენია, მაგრამ "სტუმარ-მასპინძელი", ტარიელი საყვარელიძის წაკითხული, ნამდვილად არ ჩამოუვარდება საკუთარი თვალით წაკითხულს:)

    ReplyDelete
  4. "სწორედ ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების გამო მივეჩვიე წიგნების მოსმენას და არა კითხვას." - ამან გამაზარმაცა და,შედეგად, ჟიულლ ვერნს ახლა ვკითხულობ :))

    ReplyDelete