Thursday, April 28, 2011

ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს!

სათაურში ძახილის ნიშანი ცალსახად შემეშალა. უფროსწორად კი განგებ "შევიშალე" _ სინამდვილეში "ცინიკური კითხვისნიშანი" უნდა დამესვა, მაგრამ მერე ნამდვილად აღარ მეცოდინებოდა, პოსტს როგორ დავიწყებდი.

არ ვიცი მოკარით ყური თუ არა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი ტურიზმია. რატომაც არა? _ ჭერიდან წყალგაუმტარი აეროპორტი არ გვაქვს ქვეყანაში თუ შუშის ხიდები. რა, ბევრი უნახავთ ევროპელებს ოცდამეერთე საუკუნის ასეთი გენიალური კონსტრუქციები? პირდაღებული უყურებენ თურმე შუაგულ სვანეთში ოცდამეორე საუკუნის მარსიანულ სტილში გადაწყვეტილ არქიტექტურულ საოცრებას, თორე ძველი ქვებისგან მოჩხლართული და ხავსმოდებული კოშკები ვის რაში აინტერესებს.

მოკლედ, ყვავის რა ტურიზმი. ეგაა, რომ თავად ქართველები დღემდე თურქეთში და ეგვიპტეში დადიან დასასვენებლად. არა, თავად კი იძახიან "გაცილებით იაფი გვიჯდება და იმიტომო", მაგრამ მე ხო ვიცი _ უბრალოდ საკუთარი მობეზრებული აქვთ (შინაურ მღვდელსო...), თორე გაცილებით დაბალი დონის სერვისში ორმაგის გადახდა როგორ უნდა დაგენანოს პატრიოტ ადამიანს?

მოკლედ კარგი ამბები - პრეზიდენტმა თქვა, ორ წელიწადში ორი მილიონი ტურისტი ეწვევა საქართველოსო (სამში ალბათ სამი, ოთხში ოთხი... _ უბრალოდ ასე იოლი დასათვლელია). ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მართლა მიხარია, მაგრამ მაინც ქართველი კაცი ვარ და ერთ რამეზე ვწუხვარ _ რა ვაჭამოთ და რით დავაპუროთ ამდენი სტუმარი? მე შენ გეტყვი, თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი გვეყოფა, 30 თეთრით იაფი რომ ღირს ქართულ კარტოფილზე თუ "მუტირებული" სიმინდის ფქვილით _ თურმე მარტო ცხოველები რომ ჭამს, დოვუცხო კეცის მჭადები?

კარგი კაცო _ სტუმარი იყოს და საჭმელს ვერ ვნახავთ? ქართველები ვართ ბოლოს და ბოლოს :კმაყოფილისახითღიპზეხელისგადასმა:

მაგრამ ასე მხოლოდ მე _ ურბალო მოკვდავი ვფიქრობ, თორემ სახელმწიფოს მესვეურებმა როგორც ჩანს კარგად იციან, მაშინ როცა ჩინელებს "კიშკა" ბოლომდე გაეხსნათ და მსოფლიო გლობალურ საკვების კრიზის ოცდაათლარიანი ვაუჩერებიც კი ვერ შველის, ამდენი მოშიებული ტურისტის ჩამოსვლა ქვეყანაში ცოტათი სახიფათოა. ალბათ ეს უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც საქართველო აქტიურად (უფროსწორად კრეატიულად) არ ახორციელებს საკუთარი ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას.

მაგრამ განა ყველა ქვეყანაშია შუშის ხიდები და "პროჟექტორიანი" მემორიალები. ზოგიერთი ავსტრალიისნაირი გაჭირვებული, ლაჟვარდოვანი სანაპიროს და რიფების ამარა ცდილობს ტურისტების მოზიდვას. გაჭირვება მანახე და კრეატივს განახებო პრინციპით კი ათას ოინბაზობას იგონებენ, ყურადღების მისაქცევად და ქვეყნის გასარეკლამებლად.

მსურს რამდენიმე მაგალითი შემოგთავაზოთ:

ა ვ ს ტ რ ა ლ ი ა
ამ მიმართულებით ერთერთი წარმატებული კამპანია იყო "საუკეთესო სამუშაო მსოფლიოში" (Best Job In The World), რომელიც ავსტრალიის ერთერთი შტატის ტურიზმის დეპარტამენტს ეკუთვნოდა. აქცია თითქმის მივიწყებული "დიდი ბარიერული რიფის" პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული.

"გთავაზობთ სამუშაოს დიდი ბარიერული რიფის კუნძულზე. ანაზღაურება 150 000 ავსტრალიური დოლარი 6 თვის განმავლობაში. საცხოვრებლად სახლი ბასეინით. მოვალეობები: აკვარიუმის დასუფთავება, თევზების დაპურება და პირადი ბლოგის წარმოება"

განაცხადის შევსება ნებისმიერ მსურველს შეეძლო საიტზე: www.islandreefjob.com



აღნიშნულმა კამპანიამ პირდაპირი მნიშვნელობით მოიცვა მთელი მსოფლიო. გაშუქდა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტელეარხების და მასმედიის სხვა საშუალებებით. 2009 წელს კი კამპანია კანის გრან-პრის მფლობელი გახდა.

დ ა ნ ი ა
2009 წელს იუთუბზე გამოჩნდა ვიდეო რგოლი, რომელშიც 26 წლის კარენი, ხელში პატარა ბავშვით _ ავგუსტით, მიმართავდა სრულიად ინტერნეტის მოსახლეობას, სადაც ის ყვებოდა ერთ ვნებიან ღამეზე, როდესაც მას სექსი ჰქონდა უცნობ ტურისტთან. სწორედ ეს უცნობი იყო თურმე ადამის მამა, რომელსაც კარენი ასე გულაჩუყებული ეძებდა (ესეც თქვენი გათანამედროვებული "სულიკო").



ვიდეოს არნახული გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღეში ის მილიონამდე ადამიანმა ნახა. უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა კარენს კომენტარებში და აღიარებდა, რომ ბავშვის მამა იყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ აღნიშნული ვიდეო, დანიის ტურიზმის დეპარტამენტის (VisitDenmark) დაკვეთით გადაიღო და ქსელში გაავრცელა სარეკლამო სააგენტო _Grey-მ.


არანაკლებ კრეატიული აღმოჩნდა შ ვ ე ი ც ა რ ი ი ს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული კრეატიული რეკლამების სერია, რომლებიც მიზანმიმართული არა ყველასათვის ცნობილი ალპების, შოკოლადისა და საათების, არამედ სხვადასხვა შვეიცარული ქალაქების პოპულარიაციისკენ იყო.



რეკლამებიდან კარგად ჩანს, რამდენად მრავალფეროვანია შვეიცარული ქალაქები. ისტორიული შენობა ნაგებობები, თანამედროვე მაღაზიები, მუზეუმები, ღამის კლუბები და ტატუირების სალონები ისეა განთავსებული ქალაქში, რომ შეგიძლია ფეხითაც შემოიარო.


ტურიზმთან ალბათ პირდაპირი კავშირი არააქვს, მაგრამ არანაკლები გამოხმაურება ქონდა სარეკლამო კამპანიას, რომელიც ჩ ი ნ ე თ ი ს ხელისუფლების დაკვეთით იქნა შესრულებული - "დამზადებულია ჩინეთში, დამზადებულია მსოფლიოსთან ერთად" (Made in China, made with the world)



აღნიშნული კამპანიის მიზანი იყო დაენგრია სტერეოტიპი, რომ პროდუქცია წარწერით "დამზადებულია ჩინეთში" არის უხარისხო ან სულაც გაყალბებული.


აი მომდევნო სარეკლამო კამპანია _"ჩაეხუტე ტ ა ი ლ ა ნ დ ს" მე თუ მკითხავ საქართველოს მთავრობისთვის ზედგამოჭრილია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ტაილანდის მთავრობამ აღნიშუნლი სარეკლამო რგოლები ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად გადაიღო, რომელიც საგრძნობლად დაზარალდა ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მიტინგებისა და გამოსვლების შედეგად.



საქართველოს მთავრობაც თუ გაიზიარებს აღნიშნულ გამოცდილებას, წელიწადში ერთხელ მსგავსი კლიპების გადაღება ალბთ არ აცდება, რაც თავის მხრივ ერთი დადებითი მხარე მაინც იქნება იმ ჭირის, რომელიც ზოგჯერ მაინც სასარგებლო უნდა იყოს და რომელსაც "მიტინგები რუსთაველზე" ქვია.

აღსანიშნავია ახალი ტაილანდისადმი მიძღვნილი სარეკლამო რგოლიც. ისე, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა მოკლე ფილმი, რომლის სცენარიც თავად "ბეჭდების მბრძანებელის" რეჟისორმა _ პიტერ ჯეკსონმა შეარჩია. სწორედ მან შეაჯამა კონკურსის _ "შენი დიდი წარმატება" (Your Big Break) შედეგები, რომლის მიზანიც იყო გამოევლინა საუკეთესო სცენარი, რომლის მთავარ როლშიც "ახალი ზელანდია" იქნებოდა



...და რა ბანძები არიან ისე _ პიტერ ჯეკსონი არ მიეწვიათ, გამოეცხადებინათ კონკურსი ფეისბუქზე და "ყველაზე მეტი ლაიკით" გამოევლინათ გამარჯვებული _ ჟიურის დასაქირავებლად საჭირო ფულსაც დაზოგავდნენ და ლაიკებსაც დააგროვებდნენ.


ეჰ, ენის არ იყოს კლავიატურასაც ძვალი არა აქვსო როგორც იტყვიან. ქირქილი და ლანზღანდარობა ხო იოლია, მე კი წავედი _ სახელისუფლებო შემოქმედებით შთაგონებას უნდა მივეცე და რაიმე საინტერესო მოვიფიქრო.

ვინ თუ არა მე და ჩემმა პრეზიდენტმა ვიცით, რომ "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!"

3 comments:

  1. დანიელი კარენი ძაან მაგარი იყო : ))

    ReplyDelete
  2. ჩვენ მაშინ ვცხონდებით, როცა ჩვენი სარეკლამო კრეატივიზმი პრიმიტივიზმს გ-ასცდება ;)

    ReplyDelete
  3. @prschool
    დავრჩენილვართ ცხონების გარეშე :)

    ReplyDelete