მინდა გავიხადო სული
და მოგახურო მხრებზე _ რომ არ შეგცივდეს.
სამსახურიდან მოსულმა
გამოვიცვალო ემოციები,
ფეხი გავუყარო სახლის ღიმილში
გაგიხსნა მაცივრიდან გამოღებული ცივი ლუდი და
გკითხო - შუქი რამდენი გვაქვს გადასახდელი?
მოწყენილ კედლებს
ტელევიზორის ლივლივი ართობს.
შენ თავმოდებულს ჩაგეძინა
და მეც არ დავაყოვნე -
შენი ბოთლიდან გავაგრძელე...
გათენდა. როგორ მეძინება.
ჩემს მაგივრად წახვალ სამსახურში?
მე შენს ნაცვლად ვიძინებ
და სიზმარში მოგეფერები.
ქათქათა ზეწარი ფეხებში გამხლართვია.
თვალების ფშვნეტით ვიღვიძებ,
მოწყენილი ვიხეხავ კბილებს,
ტრუსიკით მივდივარ სევდიანი საძინებლისკენ
ვამთქნარებ და ვიფხან დუნდულს.
კარადიდან ვიღებ ფაქიზად ჩამოკიდებულ განწყობას
და ვიცვამ.
ყელზე ცალი ნასკვით ვიკრავ ემოციებს
და სარკეში ვისწორებ.
მძინარეს ტუჩებში გკოცნი და გპირდები, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.
ჰმ, ეს რაღაც ახალი სტილია, მოდერნი ;)))
ReplyDeleteკონცეპტუალური ხელოვნევბა! :-)
ReplyDelete(ნეენ)