Sunday, April 10, 2011

ვიყივლეთ ვითომ?

ვინც ჩემს ბლოგს მეტნაკლებად ადევნებს თვალს ემახსოვრება, რომ რამდენიმე კვირის წინ ამხელა "პროექტ-მენეჯერი", "ვებ-დიზაინერი", "მეიგავე", "დრამატურგი", "პოეტი", "ესსეისტი" და ბოლოს და ბოლოს ბლოგერი, (!!!) ყვითლად გადაღებილი ტელევიზორით და ნაჭრებზე დახატული ტვინებით დავრბოდი მეგობრებთან ერთად რუსთაველზე.


მიუხედავად იმისა რომ "იმედს" და "რუსთავი2"-ს ეს გადაცემა არ გაუშუქებია, მოცემული ტელევიზიების საკმაოდ ცნობილ სახეებთან, პრივატული საუბრები მქონდა. მათ ვინაობას რა თქმა უნდა ვერ გეტყვით, მაგრამ მოსაზრებების გაცვლა მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

ნიუანსებად, რიტორიკულ შეკითხვებად, ასოებად და ბგერებად დაშლილი ქაოტური პოლემიკა, მდინარის ფსკერიდან ამოღებულ ქვიშასავით გაიცრა და ბადეზე ორი მოზრდილი ნატეხი შერჩა:

- გადაცემები, რომლებსაც თქვენ ამზადებთ უხარისხოა.
- თუ ჩემს მიერ მომზადებული გადაცემა უხარისხოა, რატომ არის ის რეიტინგული?


ახლა როდესაც ამღვრეული წყალი დაწყნარდა, ყველაფერი ცნობიერად და ქვეცნობიერად კიდევ ერთხელ გავიაზრე და გადავიაზრე, შევეცდები მშვიდად გავაანალიზო ტელესივრცეში არსებული ვითარება, გამოვყო მთავარი თემები და პასუხი გავცე შეძლებისდაგვარად რამდენიმე შეკითხვას.


თქვენი აზრით, გულივერი ჯუჯა იყო თუ გოლიათი? რა თქმა უნდა _ ვისთვის ჯუჯა და ვისთვის გოლიათი. ვისთვის კიდე ჩვეულებრივი ადამიანი.

ჯუჯების სამეფოში ის გოლიათი იყო, გოლიათების სამეფოში კი ჯუჯა.


რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი შემდეგ ექსპერიმენტს:

ცოტახნით გავთიშავდი ყველა არხს ქართულ ტელესივრცეში, გარდა ერთისა. ზედ კი ყველაზე მოსაწყენ, მდარე ხარისხის, არაყურებად გადაცემას გავუშვებდი (მეტი სიმძაფრისთვის ყოველ 10 წუთში "ოლვეისი კარიგ განწყობით" სარეკლამო ჭრას ჩავურთავდი) ერთი საათის განმავლობაში.

ექსპერიმენტის შედეგები ძალზედ საინტერესო იქნებოდა ალბათ, მაგრამ პირადად მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს მდარე ხარისხის, ცუდად გაკეთებული და მოსაწყენი გადაცემა, ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემა იქნებოდა მოცემულ მომენტში.

ანუ, გულივერის სუპერგენიალურ მეტაფორის და ანარქისტული ექსპერიმენტის სიმბიოზით, მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ, თუ გადაცემა A არის ზე-რეიტინგული, ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ B, C, D და ა.შ. გადაცემები არის სუპერ ურეიტინგო.

ანუ გულივერი კი არ არის გოლიათი _ ჩვეულებრივი კაცია, უბრალოდ ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა.

...და მაინც _ ვისაც მეტნაკლები პრეტენზია აქვს (არა როგორც პროფესიონალს და "ტელე-ექსპერტს", არამედ, როგორც რიგით მაყურებელს) გემოვნებიან ტელე-პროდუქციაზე, აღიარებს რომ გადაცემები (პროდუქტები), რომლებიც იქმნება ქართულ ტელე-საწარმოებში არის გაყიდვადი (ისევე როგროც გაიყიდებოდა, ყველაზე საშინლად გამომცხვარი პური, თუ მას არ ექნებოდა ალტერნატივა), თუმცა ძალიან მდარე ხარისხის, რაგან ინფორმაციის მიღება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ვიდრე საკვები.

მგონი დრო არის დავსვათ მთავარი შეკითხვა _ რა არის ამის მიზეზი? რატომ ცხვება საქართველოში ასეთი უხარისხო და უგემური ტელეგადაცემები?

პირადად მე ვფიქრობ, რომ პრობლემა კონკურენციის არქონაა (ოლიგოპოლია, მონოპოლიაზე გაცილებით ცუდი მოვლენაა).

მთავარია შენს კონკურენტზე "ძლიერი" იყო. მერე რა მოხდა თუ საერთო ჯამში შენ "ცუდ" გადაცემას აკეთებ _ მთავარია ის აკეთებდეს "უარესს"!

მაშინ აქვე დავსვათ მეორე შეკითხვა - როგორ შეიძლება ორ კერძო კომპანიას არ ქონდეს ერთმანეთში ჯანსაღი კონკურენცია?

მარტივად:

ა) კომპანიების უკან დგას ერთი და იგივე სუბიექტი
ბ) კომპანიების უკან დგანან სუბიექტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანაბრად გადაინაწილონ ბაზარი.

(ტელეარხების შემთხვევაში ვარიანტებს, როგორიც არის: "გ) ორივემ უფრო მეტად "გაწეწოს" მომხმარებელი, რასაც წარმატებით ახერხებდნენ GSM ოპერატორები" და სხვას, აღარ განვიხილავ).


ოლიგოპოლიის პარალელურად არ შემიძლია გამოვყო ცალკე (მიკრო დონეზე) "მოვლენა", რომლის წყალობითაც კომერციული ტელეარხები (სინამდვილეში ტელეარხი) ახერხებენ(ახერხებს) ჰქონდეთ(ჰქონდეს) ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად "უარესი" გადაცემები (გადაცემა). ეს ალბათ განსაკუთრებული, კვაზი-იმპერატიული ბიზნეს ქეისია (მართლა არ ვიცი რა დავარქვა), რომელიც მხოლოდ ქართულ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს. რაის კომერციული და რისი რეიტინგი _ "უნდა" და ნუ ახლა, "ბავშვს თუ უნდა" და უხარია?!. (მოცემული აბზაცის, მიკიბ-მოკიბულობა კარგი მინიშნებაა რაზე და რატომ ვსაუბრობ ასე).


***
ალბათ ყველას გახსოვთ დრო, როდესაც გადიოდა გადაცემა "დროება" და მისი კონკურენტი "P.S.". პირადად მე ხშირ შემთხვევაში არჩევანის გაკეთებაც კი მიჭირდა _ რომელ არხზე გადამერთო და რომელი სიუჟეტი მენახა. კონკურენციის ხარჯზე, მოცემული გადაცემები იყო საოცრად ხარისხიანად და მაღალ დონეზე მომზადებული. იქ იყო "ყვითელი" თემებიც, შემეცნებითიც, პოლიტიკურიც, აპოლიტიკურიც, შემწვარიც და მოხრაკულიც, მაგრამ რაც მთავარია _ ყველაფერი ძალიან ხარისხიანი გახლდათ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა სარგებობა მოაქვს მამალს.


მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს — რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად:

მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის!..

6 comments:

  1. gaixare,rogor jansagad azrovneb.shenistanebma unda iyivlon da aucileblad gatendeba!!!

    ReplyDelete
  2. ძალიან მაინტერესებს, ასე ცალ-ცალკე ლაპარაკით რას მიაღწევენ ის წამყვანები თუ პროდიუსერები.

    როგორც ჩანს, იმდენს ხვდებიან, რომ კრიტიკა დამსახურებულია და ასევე იმასაც, რომ არგუმენტები არა აქვთ თავიანთი პოზიციის დასაცავად. ამიტომაცაა, რომ საჯაროდ არ/ვერ გამოდიან.

    ReplyDelete
  3. პოსტი არის ბრწყინვალე.
    რაც შეეხება, საქმეს: ვერც მაია ასათიანი და ვერც ნანუკა (ოფიციალური პოსტიდან გამომდინარე) ვერ უშველიან. ეგ გეგა ფალავანდიშვილისა და მისი კოლეგ(ებ)ის საქმეა. აი, მაგათ როგორ "დაარწმუნებ", რომ ხალხისათვის ნაგვის ჭმევა ცუდი საქმეა, ახლა ამაზე ვიფიქროთ. ანუ ბრძოლა გრძელდება ;)

    ReplyDelete
  4. :))) მომეწონა შეჯამება, ცივ გულზე :)

    ბოლო აბზაცები - ❤

    prschool -> მარტო მაგ ორ გადაცემაზე ნუ დავიყვანთ პრობლემას, ეს პრეტენზიები ჩვენი ტელევიზიების თითოეულ გადაცემასა და სიუჟეტზე ვრცელდება :|

    ReplyDelete
  5. ლაშარელა,კარგად ყივი :)
    გათენებით უეჭველი გათენდება.მთავარია,ბევრი აგყვეს ყივილში.
    რისპეკტ

    ReplyDelete