Tuesday, April 12, 2011

ჭამა და სექსი VS რეჟისორი და მეხაშე

პირველი, რაც პოსტის დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო _ ფილმის არცერთი რევიუ არ წამიკითხავს, ამიტომ, თუ განვმეორდები უნებლიეთ, იქნებ როგორმე მაპატიოთ.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "სხვა ფილმებისგან განსხვავებით და სხვა ქართული ფილმების ფონზე ეს მართლა კარგია", რადგან, სხვა ქართულ ფილმებზე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გადაიღეს, არც კი მივსულვარ.

არ მივსულვარ, რადგან ზოგადად, ცუდი ფილმი შეიძლება შემოგასაღოს კარგმა თრეილერმა, თორემ თრეილერი თუ ცუდია, ფილმი ვერანაირად იქნება კარგი.

ჭამა და სექსის შემთხვევაში კი, მარტო ქართული ხალიჩის ფონზე არაჩვეულებრივი ფონტით დაწერილი ფილმის სათაური ღირდა ერთ რამედ. ასე რომ, ფილმმა ძალიან დამაინტერესა.

არ ვაპირებ, ამ ფილმზე ვთქვა რაიმე კარგი _ შევეცდები ვთქვა ყველაფერი ცუდი, რის შედეგადაც დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად კარგი ფილმია.

მოდით, კრიტიკა კატეგორიებად დავყოთ. ყველაზე დიდი წილი ალბათ ტექნიკურ წუნებს დაეთმობა და მოდი, სწორედ ისინი იყოს პირველი.

ლაფსუსები ჰოლივუდის ძლევამოსილ ფილმებშიც რომ იპარება, ეს ახალი არ არის. ეს ლაფსუსები შემოქმედებით გუნდზე უკეთ რომ არავინ იცის, ესეც კარგად მაქვს გაცნობიერებული, მაგრამ აქ დავწერ, რათა იცოდნენ, რომ ეს მაყურებლისთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი.

განსაკუთრებული არაფერი: უბრალოდ შამპანიურის ბოთლი 3 ჭიქის შემდეგაც სავსე იყო, სიძის ამორწყეული მისტიურად გაქრა იატაკიდან, ლუდს საერთოდ არ ჰქონდა ქაფი.
ეს მართლაც წვრილმანებია და ინტრიგანებისთვის განკუთვნილი, მაგრამ, როდესაც იღებ სცენას, სადაც ორი ადამიანი ჩართული ტელევიზორის წინ ზის და უყურებს ფეხბურთს, როგორღაც უნდა მიხვდე, რომ რეალური აღქმისთვის, კომენტატორის ხმა მაინც უნდა ისმოდეს ფონზე, მაყურებლების შეძახილებზე რომ არაფერი არ ვთქვათ. ან კიდევ, როდესაც იღებ ახლო კადრით გოგონას, რომელიც ახალი გამოსულია აბაზანიდან, მის კანზე ნახევარსანტიმეტრიანი გრიმი ასე მკვეთრად შესამჩნევი ნამდვილად არ უნდა იყოს. ანალოგიურად, საწოლში მაკიაჟით რომც შეწვეს ქალი, არამგონია დილისთვის ასეთი მოწესრიგებული იყო მისი მოხატულობა.


ნუ კარგი, წვრილმანებია, გავიარეთ. მაგრამ სათაურში სიტყვა "მეხაშე" შემთხვევით არ მიხსენებია. სანამ ახალი კადრი "შემოვიდოდა", კამერა ზოგჯერ ისე "შტერდებოდა" წინა კადრზე, შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ ოპერატორს ჩაეძინა და მინდოდა მეყვირა _ "ოეეე, მეხაშეეეეე" (სინამდვილეში ეს მონტაჟის პრობლემაა და იმედი მაქვს ამ ლაფსუსებს აუცილებლად გამოასწორებენ).

კი დაგპირდით, კარგს არაფერს არ ვიტყვი-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია დადებითად არ ავღნიშნო მართლაც რომ სხვა ფილმებისაგან (თუნდაც თრეილერებში ჩატენილი) განსხვავებით, გემოვნებიანი და კარგად შესრულებული
"პროდაქტ პლეისმენტი".

არცერთმა არ გამიტეხა - არც ეკოფუდმა, არც ჟურნალმა ტაბულამ, არც თბს ბანკმა, არც მირზაანმა და ტელეკომპანია იმედმაც კი, რომელმაც კომედიურ ფილმშიც კი მოახერხა პირად ცხოვრებაში შეჭრით ერთი ოჯახის დანგრევა, მაგრამ ნოველებს შორის, როდესაც კამერა "არაფერში რომ არ ეწერა" თბილისის კადრებით ტკბებოდა, რაღაცით "ოცნების ქალაქში" "ბოლოს ჩამატებული" შუშის ხიდი მომაგონდა. ნუ მომაგონდა და მომაგონდა, მაგრამ როდესაც ერთერთ კადრში ვითომ პარკინგის და სინამდვილეში გიგი უგულავას წინასაარჩევნო ვიზუალი "მე თბილისი" გამოჩნდა, მომელანდა, რომ დარბაზში გიგი უგულავა შემოვიდა და ხელი ჩამომართვა.

სცენარს რაც შეეხება, პირველი ნოველა აშკარად სუსტია (მე თუ მკითხავ საერთოდ ამოსაღები). თვითმყოფადად სუსტი რომ არის, ეს კიდევ არაფერი. უბრალოდ მეორე ნოველისგან განსხვავებულს აბსოლუტურად არაფერს ამბობს, თანაც გაცილებით ცუდად და უინტერესოდ. შესაძლოა გენიალური სცენარი ვერ ვუწოდოთ, მაგრამ სხვა ფილმების სიუჟეტთან შედარებით, აქ სათქმელი მართლაც რომ არაფერი მაქვს.

მოკლედ ვუყურე "ჭამას და სექსს" და სიმართლე გითხრათ, ღამის თორმეტ საათზე, როდესაც ყველა ლოგიკით უნდა მომდომებოდა სექსი, ძალიან მომინდა ჭამა _ ცუდია, რომ სახინკლეები ადრე იკეტება.

P.S. ა, ხო, დამავიწყდა _ როგორც ჩანს ლიფონავადან დაწყებული, დარჩენილი შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, არცერთმა არ იცის როგორ გამოიყურება ნიყვი, თორე, ვიღაც ქამა სოკოს ნამდვილად არ ათამაშებდნენ ამ პატივცემული სახეობის როლს :)

14 comments:

  1. წევიდე, არ წევიდე, წევიდე არ წევიდა.. რას მირჩევ? :))))

    ReplyDelete
  2. არც ნიყვი იციან და არც ის რომ კომბოსტოს მწნილი მშრალად არ ინახება ქილაში:)) თუმცა მაინც კარგი ფილმია, გავერთე, ვისიამოვნე და გახარებულიც კი ვიყავი რომ არ უნდა მელანძღა ფილმი და შემოქმედებითი ჯგუფი:)

    ReplyDelete
  3. არის რამდენიმე სადღეღამისო სახინკლე, მათ შორის ერთი ვაჟაზე - ელ.დეპო თუ რაღაც, რესპუბლიკურის გადაღმაა დაახლოებით.

    ReplyDelete
  4. @Lexo Machavariani
    მაგაზე ისე მეც კი დავფიქრდი, რაღაც ფროდაქტფლეისმენტისთვის ზედმეტად ფოკუზდაკარგული კადრი კი იყო მარა ჰა შემეცით ახლა, 10 წამი თბს ბანკის ბანერი ჩანდა კადრში :D

    ReplyDelete
  5. http://ggvinepadze.blogspot.com/2011/04/vs.html - ამ ბლოგთან რამე კავშირი ან შეთანხმება ან რამე მსგავსი აქვს შენს ბლოგს, თუ უბრალოდ პლაგიატობას აქვს ადგილი? რაღაც დავიბენი

    ReplyDelete
  6. რიგითი პლაგიატური პლაგიატი :))

    ReplyDelete
  7. რადგან შეცდომების გაპარვაზე საუბრობთ, ერთი ძალიან სახალისო შეცდომა იყო, ისეთი მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მაინც, თარხნიშვილის ეპიზოდში. მე მაპატიეთ, გმირების სხელები არ მახსოვს :::)))) მაინტერესებს თუ შენიშნა ვინმემ:)

    ReplyDelete
  8. სათაურმა იმდენად გამახალისა, რომ არ მეცალა ამისთვის, მაგრამ წავიკითხე და კომენტარსაც ვწერ...
    რაღაცებში არ გეთანხმები და მინდა დავაფიქსირო... : ))
    ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ შეიძლება ფილმს ცუდი ტრეილერ ჰქონდეს და ძალიან მაგარი გამოვიდეს, რადგან ჩემი პირადი დაკვირვებით, კარგი ტრეილერები იმხელა მოლოდინს მიქმნის, რომ მეტწილად არ მომწონს ხოლმე აწ უკვე ფილმად გამოსულები... ეს ზოგადად თორე ქართულ რეალობაში, ალბათ, მართალი ხარ მაგ მხრივ...

    და მეორე, ტრეილერი კი არა, ამ ფილმს ისეთი უნიჭო სახელი აქვს, ჩემი აზრით, გენმოდიფიცირებული "eat, pray, love" - ი, რომ თუ შემთხვევით, რამე სასწაული არ მოხდა, არ გამიჩნდება ნახვის სურვილიც კი... : |

    ReplyDelete
  9. როგორ დავწერო სწორად არ ვიცი, ანუ მაგ ეპიზოდში ხომ სულ ხელს უშლიან და ერთ–ერთი მცდელობის დროს, ლოგინში როცა ხდება მოქმედება, ფეხების მოძრაობით საბანი ძვრება და ამოწევს ::::::::))))))))) თეატრალურში მისაღები ტურების დროს, ერთი ეტიუდი გამახსენდა, როცა გოგოს, რომელსაც მოკლე კაბა ეცვა, უთხრეს მარტო ხარ სახლში და ნათურა გამოცვალეო, გოგო შედგა სკამზე და ასვლისას კაბას ხელი მოუჭირა, რამე რომ არ გამოჩენოდა და რა თქმა უნდა ჩაიჭრა, რადგან ოთახში მარტო იყო და ვის რას უმალავდა? :::))))

    ReplyDelete
  10. ეს მომენტი უბრალოდ სახალისოდ დავაფიქსირე, არ გეგონოთ რამე მქონდეს საწინააღმდეგო, პირიქით ძალიან ვგულშემატკივრობ ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ფილმის შექმნით იყო დაკავებული. ძალიან ვიხალისე, ნუ ცოტა მწარე რეალობაა, მაგრამ კარგადაა მოწოდებული.
    მხატვრული ღირებულებით არ განვიხილავ...
    მომწონს და მორჩა

    ReplyDelete
  11. ვეთანხმები ანონიმუსის ბოლო ორ კომენტარს სრულიად და ნაწილობრივ :)

    ReplyDelete
  12. უდიდესი ლაპსუსი,

    ახალდაქორწინებულებს არ უკეთიათ ბეჭდები, მეტიც, ამ თითზე სიძეს დიდი ვერცხლისფერი მოპერსტნო ბეჭედი მაშვენებს.

    კრიტიკული ანალიზი საინტერესო იყო

    ReplyDelete
  13. ლაფსუსი... სორი

    ReplyDelete
  14. S.P.
    ეგ მეც შევამჩნიე მარა რახან ეკეთა, აღარ ვთქვი არაფერი - იქნება ასეა მოდაშიმეთქი :D

    ReplyDelete