Monday, December 27, 2010

ვივა ავივა!


ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი. მართალია მშობლიურ ქალაქს მადრიდის გავლით დავუბრუნდი, მაგრამ თვალწინ ჯერ კიდევ პორტოფინოს ხედები მედგა.

ქალაქი უცნაურად მოწყენილი მეჩვენა. პირველი რაც თვალში მომხვდა ახალი შუშის ხიდი იყო, რომელმაც უნებლიედ ოდესღაც მოპოვებული ბროლის ბუ მომაგონა. სანამ ტაქსის მძღოლი ვიწრო ქუჩებში გზას იკვლევდა, ყვითლად გაფერადებული ქალაქის შესაბამისად, შემოდგომის სეზონის თამაშები გამახსენდა და გონებაში ჩემს მიერ გამოცნობილი რამდენიმე შეკითხვა აღვიდგინე.


- ჟორჟ პომპიდუ. ვთქვი გამოთქმით და სწორი პასუხის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.
- უკაცრავად? _ ტაქსის მძღოლი გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა
- სწორი პასუხია ჟორჟ პომპიდუ _ გავიმეორე ინერციით და მძღოლს ფული გავუწოდე.

სახლში შესვლისთანავე, ოჯახის წევრებს მასკატში ნაყიდი სუვენირები სწრაფად ჩამოვურიგე და იმ იმედით რომ დამეძინებოდა მონატრებულ საწოლს მივაშურე.

მაგრამ როგორც ანდალუზიელი არაბი ფილოსოფოსი და ექიმი, ფილოსოფიის, ისლამური კანონის, მათემატიკისა და მედიცინის მაგისტრი _ იბნ რუშდი იტყოდა: "განა ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განაო", მობილური სწორედ მაშინ აწკრიალდა ცალი ფეხი სიზმარეთის ზღურბლს რომ მქონდა გადაცილებული.

მონატრებულ მეგობრებთან ერთად ჯერ ბარში აღმოვჩნდი, ხოლო შემდეგ ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნისა და ალკოჰოლის წყალობით ერთერთ "საუნაში".

მომცრო ოთახში მოკალათებულს, ბაროკოს სტილის კარისკენ მეჭირა შესაძლებლობის ფარგლებში გახელილი ორივე თვალი. მალე ხალვათათ შემოსილი სხეული გამოჩნდა. ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გამოდგა. ოთახის შუაში ჭაღიდან გადმოღვრილმა შუქმა, თითქოს ხალათი მსუბუქად ჩამოაცურა მხრებზეო.

გლუვი და ოქროსფერი კანის შემხედვარეს, ჰურგადას სანაპირო მომაგონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა, ქვიშის სანაპირო იყო და ზღვის შრიალიც ყრუდ აღწევდა ოთახამდე.

- რა გქვია _ მკითხა მაცდურად თმაგაშლილმა სტიმფალიდამ და საწოლს მოუახლოვდა
- ვახო _ ვუპასუხე მონაბერი ბრიზით თავბრუდახვეულმა. შენ?
- ავივა _ მიპასუხა ღიმილით და სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა.

უცებ გამახსდა, რომ "ავივა" ებრაული სახელია, რომლის ფუძეც არის "ავივ", რაც ებრაულად შემოდგომას ნიშნავს.

უცნაურია, დღეს მეორედ გამახსენდა შემოდგომის სეზონი _ გავიფიქრე გულში და მორიგი შეკითხვის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.

ვგრძნობდი როგორ მიუყვებოდა ავივას თბილი ხელები ღილებს. ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა კი კვლავ ისმოდა ჰურგადას სანაპიროს დინჯი შრიალი და ოთახშიც საამო ბრიზი უბერავდა.

4 comments:

  1. Dv0rsky
    მადლობა. ვფიქრობდი ვაითუ პირველიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდათქო :)

    ReplyDelete
  2. ზედმეტად დამტკბარია, ლაშიკო :დ

    ReplyDelete
  3. რა საამოდ ვიხალისე, ლაშარელააა ყოჩაღოოოო! (ეს ყვირილით).მომეწონა ლააშ, დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში მხატვარი ხარ! ხასიათის დაჭერა ჰქვია მაგას:-)
    ისღა დამრჩენია ბეეევრი ,,დასაჭერი” გისურვო;-)
    (ნეენ)

    ReplyDelete