Saturday, December 4, 2010

სახელისუფლებო ტექნოქაოსი

წყარო: netgazeti.ge

მოკლედ, გავიარ-გამოვიარე და მაინც ხელისუფლებას მივადექი. იმიტომ კი არა რომ ხელმოცარული, სისხლმოწამლული ან სულით ოპოზიციონერი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდა. მამენტ, ერთი საშუალოდწარმატებული ტიპი ვარ (“ნეტგაზეთშიც” კი ვწერ!), რომელსაც არ უნდა, შორიდან უყუროს, როგორ შენდება ქვეყანა და შუშის კონსტრუქციები.

არა, რა ჯობია, შენ რომ წამოწვები და “ვიღაცები” ააშენებენ და ააწყობენ ყველაფერს, მაგრამ ცოტათი ვერკვევი ამ შუშის კონსტრუქციებში და ვხედავ, რაღაცები არასწორად კეთდება ან უკეთესადაც შეიძლება კეთდებოდეს (აქ მომინდა პათეთიკურ ფრაზაზე _ ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვროს და არ მინდა, თავზე დაენგრეთ-მეთქი _ კაიფი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შვილები არ მყავს და გადავიფიქრე).

ნუუუუუ ეხლააააა :აქუბარდიასხმით: შუშის კონსტრუქციები ერთგვარი მეტაფორა იყო, ისე კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ვგულისხმობდი, რომლებიც ასე დუღს და თუხთუხებს ოცდამეერთე საუკუნის “ქართულ სინგაპურში”.

მაინც რა არ მომწონს? ხო, კონსტრუქცია გმირთა მოედანზე და “ჰაუსის” მეშვიდე სეზონიც არ მომწონს, მაგრამ ამჯერად სახელისუფლებო ტექნოქაოსს და გაუაზრებელ პოლიტიკას ვგულისხმობ მოცემული მიმართულებით. კერძოდ:

1. არ შეიძლება, რომელიმე მინისტრი ან მისი მოადგილე წყვეტდეს, როგორი უნდა იყოს სამინისტროს საიტი. არ უნდა “ჰყვებოდეს” (დაწერილი პროექტად მე ჯერ არ შემხვედრია), რა უნდა იყოს საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში ცოტა რაღაცნაირად და ოდნავ სხვანაირად, იქნებ რამე რო ტრიალებდეს ისე, ქვედა მარჯვენაში (ვერაფერი გაიგეთ? ვერც მე!).

შესაძლოა, ესა თუ ის მინისტრი თუ მისი რომელიმე მოადგილე კარგად ერკვეოდეს საკუთარ პროფესიაში (და აქ სიტყვა “შესაძლოა” შემთხვევით ნამდვილად არ მიხსენებია), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ასევე კარგად ერკვევა ვებ-ტექნოლოგიებში, დიზაინში, ინტერფეისებში და ა.შ. მოკლედ, პური მეპურეს უნდა გამოაცხობინო.

2. ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, აი რას ვისკანდირებდი დიდი სიამოვნებით, რომელიმე მიტინგზე ნამყოფი რომ ვიყო. თითქოსდა ყველაფერი კეთდება, თითქოს და ძალიან e-ნოვაციურები ვართ, მაგრამ სახემლწიფო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა სრული e-დიოტობაა.

მთავარია ითქვას, რომ ელექტროა და მივაყოლოთ, რომ სახლიდან გაუსვლელად. მერე რა მოხდა თუ ამ სისტემების როგორც უკანა მხარე, სადაც რეალურად მუშავდება ოპერაციები, ასევე წინაც _ სადაც მუშაობს მომხარებელი, უხარისხოა და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

3. აბსოლუტური ინკაფსულაცია სხვადასხვა სამინისტროს შორის. შესბამისად, დუბლირებული ინფორმაციები მომხარებლებზე, ხუთ ადგილას დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, არანაირი კავშირი კერძო ბიზნესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და მრავალი სხვა. არ არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ერთიანი ხედვა (დიახ, დიახ -” ლებედ, რაკ ი შუკა”....უპს, რუსულად რაღაც წამომცდა :ენარატოარგამიხმება:).

4. რთული პროცედურები, მარტივად საიტზე? ანუ განაცხადის ფორმა, რაიმე პროცედურა და ა.შ. თუ არის რთული, ჰარი პოტერმაც რომ გააკეთოს საიტი ვერანაირად იქნება მარტივი.

“ ზოგიერთი ოპოზიციონრის არ იყოს, ახურებ და გიხარია. თუ რამე არ მოგწონს ნუ კი ქირქილებ და წიკვინებ, თქვი შენ უკთესად რას გააკეთებდი და როგორ” _ ჩამძახა საკუთარმა ხმამ.

“რას გავაკეთებდი? ეხლავე მოგახსენებ რასაც” _ ამოვსძახე პასუხად.

1. დავაარსებდი “ინფორმაციული ტექნილოგიების განვითარების სამინისტროს”. უკაცრავად _ “ინფორმაციული ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების სამინისტროს”.

2. საფუძვლიანი ანალიზისა და შესწავლის შემდეგ შევქმნიდი ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ერთიან სქემას.

3. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით შედგებოდა რეკომენდაციები, რომლებიც მიიმართებოდა პროცედურული, საკანომდებლო, ფუნქციონალური გამარტივებისკენ (მახსოვს, ერთ-ერთ სამინისტროში როგორ მითხრეს, ინტერნეტით საფასურს ვერ გადაიხდი, რომელიღაც კანონში წერია, რომ საქმის წარმოებაში ქვითარი უნდა იყოს ჩაკრულიო).

4. აუცილებლად ხელს შევუწყობდი კერძო სტრუქტურებს, რათა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო ტექნიკური ინტეგრაცია (მაგალითად, ელექტრონული პირადობის მოწმობის ბანკისთვის მისაწოდებლად ფულს არ მოვითხოვდი. ეს არაა თემა, რომელზეც სახელმწიფომ ფული უნდა გააკეთოს).

მოკლედ... ასე მგონია, საარჩევნო კამპანიას ვატარებ და ჩემს პროგრამას ვაცნობ ამომრჩეველს_ ამიტომაც, “დასტოვააააა”.

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ გავხდებით თანამედროვეები _ხარისხიანად თანამედროვეები და არა ფასადურად _ მიდგომებს ძირეულად თუ არ შევცვლით.

აბა, ქართული სინგაპურის აშენებას სხვანაირად მეხუმრები შენ?


P.S. როდესაც მოცემულ პოსტს ვწერდი, “ნეტგაზეთზე” ახალი სტატია გამოქვეყნდა: ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიკავეო.

No comments:

Post a Comment