Sunday, December 12, 2010

არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო

ის რომ "პუტინი და სააკაშვილი ტყუპები არიან, დარვინის მიხედვით ხომ ყველაზე ულმობელი ბრძოლა ერთი სახეობის ორგანიზმებში მიმდინარეობს", ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა გოგი გვახარიამ ერთერთ გადაცემაში.

ცოტა მოგვიანებით კი თავად პრეზიდენტმაც თქვა (იმათმა არა კაცო _ ჩემმა), ერთი ოროსანი მეზობელი მეჯიბრება - თვითმფრინავი გავატარე, მანაც გაატარაო, ფორმულას მანქანაზე დავჯექი, ისიც დაჯდაო და აბა ეხლა თუ ბიჭია შიშველმა ნახოს iPad-ზე ნიცაში ტენიანობა რამდენი "გრადუსიაო".

მაგრამ "ნურას უკაცრავად" და ბარემ აქვე "ვერ მოგართვით". ოროსანი ეძახე შენ და უაქცენტო ინგლისური არა მაგრამ, სიმღერა კი ცოდნია კარგი (ჩემსას არა კაცო _ იმათსას).

საქორწინო ბეჭდით დამშვენებული თითები, რამდენიმე ნოტი როიალზე(სმენა ქონია ისე) ნიჭიერების სპექტრის განსავრცობად, ბენდი, ორი აშვანტალებული ბექვოკალი და ჰოლივუდის (და არამხოლოდ) ვარსკვლავებით დაკომპლექტებული აუდიტორია.

ისე შერონ სტოუნს სამშობლო არ ყვარებია, თორე ან სენატორ მაქეინის, ან სენატის ოფიციალურად აღიარებული ტერმინის - "ოკუპაციის" ხათრით, გამარჯვების სიმბოლოს - ორ თითს, ნამდვილად არ ავუწევდი პუტინს.

მოკლედ, სანახაობა მართლაც ეფექტური იყო. თქვენი არ ვიცი და მე პირველი იმაზე დავიწყე წუხილი, რას დაუპირისპირებს ჩვენი პრეზიდენტი ამ ოროსანი მეზობლის ვითომ პრემიერ მინისტრის თამამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

არადა არაა მარტივი ვითარება _ თხილამურები ავითვისეთ, პენალტებიც დავამუღამეთ, თვითმფრინავიც და ცურვაც პრინციპში უკვე იყო... რაიმე უფრო ეფექტურია საჭირო. ვიცი რომ პრეზიდენტის (ჩემი, ჩემი...) PR სამსახური მცდელობას და კრეატივს არ დააკლებს მაგრამ მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მოცემულ რბოლაში (რუსმა როგორ უნდა გვაჯობოს?!).

ხოდა, ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფებს ნახულობს თურმე და იქნება, ჩემს ბლოგსაც გადაეყაროს შემთხვევით-მეთქი, ვიფიქრე. ლაროშფუკოს დაუვარცხნელ აზრებს თუ დავუჯერებთ "იდეები რწყილებივით დახტიან ადამიანებზე, უბრალოდ ზოგიერთ მათგანს კბენენ", ხოდა მეც სიამოვნებით გამოვამზეურებ რამდენიმე ნაკბენს:

1. ცეკვა "ხანჯლური" - ნაპერწკლები ბრდღვიალით ცვივა სცენაზე. ტრიალში სცენაზე ჩარჭობილი ხანჯლები, თეთრკაბიანი მოცეკვავეების ნარნარის ფონზე.

2. დაისი სალამურზე. არა, ისე რატო დაისი - Take Five ...და რატო სალამურზე _ სალამურებზე!

3. მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე, რეგის სტილში შესრულებული ქართული ფოლკლორი, ნიაზ დიასამიძესთან ერთად (შეიძლება "მგზავრებიც" წავაშველოთ - ეფექტისთვის!).

4. შოპენის რევოლუციური ეწიუდი - ნიჭიერი კაცია და არ უნდა გაუჭირდეს. თან როგორღაც ვარდებს დავუკავშირებდით!

5. ჩაკრულო გიორგი უშიკიშვილთან ერთად.

6. MTV-ის მიერ ბათუმში გამართულ კონცერტზე რეპი (სტილში "Empire State of Mind") დუეტში ალისია ქეისთან.


მოკლედ, არის იდეები _ უბრალოდ, კარგად მოფიქრება და დამუშავება ჭირდება. ისე ენდი გარსიას ჩამოყვანა რა დაჯდა და ნახევარი ჰოლივუდის ბათუმში სტუმრობას მეხუმრები შენ? არა, დატევით როგორ ვერ დავატევთ, სასტუმროები კი გვაქვს ოხრად. დაპურებაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მარა დავიჯერო "ალი და ნინოს" ლამაზი თვალების ხათრით ჩამოვლენ ამხელა გზაზე?

არ ვიცი ამ პოსტს პრეზიდენტი წაიკითხავს თუ არა. არც ის ვიცი მოეწონება თუ არა. ისიც ვერ წარმომიდგენია რას მოიფიქრებს მისი PR სამსახური... მაგრამ, რაც არ უნდა მოიფიქრონ, თუ შემთხვევით ამ პოსტს კითხულობ, მთელი გულით მინდა გთხოვო - არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო.



P.S. ამასობაში სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მონიკა ბელუჩი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. ფეხზე წამომდგარი და აცეტებული ჰოლივუდის და მეუღლის ფონზე ძალიან "დასტოინად" ეჭირა თავი <3"

5 comments:

  1. იზამს მაგი მაგას :D

    ReplyDelete
  2. ეგ უკვე ქნა ირაკლი ღუდუშაურმა:)

    ReplyDelete
  3. რა ეგ ანონიმუსო? :) (ინიციალები მიანც მიაწერე რო სხვა ადგილას გიცნო) :)

    ReplyDelete
  4. რა ეგ ანონიმუსო? :) (ინიციალები მიანც მიაწერე რო სხვა ადგილას გიცნო) :)

    ReplyDelete
  5. ეგ უკვე ქნა ირაკლი ღუდუშაურმა:)

    ReplyDelete