Monday, January 3, 2011

მჟავე კიტრი და Paypal-ი საქართველოში

წყარო: netgazeti.ge

რამდენიმე წლის წინ, მეგორებთან ერთად "ბათუმს ქათქათას" ვსტუმრობდით.

"სასტავში" გრაფიკული დიზაინერი, მხატვარი, ხატმწერი და მე _ მაშინ ჯერ კიდევ დისტანციური საბანკო ტექნოლოგიების მამა, ვირიცხებოდით.

არ ვიცი ასაკის და მოწიფულობის გამო, თუ არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინ მეც კი არ ვიყავი "ბლოგერი", მთელი ორი კვირის განმავლობაში ძუძუებზე და ქალის ეროგენულ წერტილებზე არ გვისაუბრია.

ერთ მშვიდ და საამო საღამოსაც კაფეში ჩამოვსხედით. ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მაშინ საბერძნეთში საქმიანობდა ხატმწერად, საუბარი წამოიწყო.

- აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენნაირი ფრესკები და ფერწერა არავის არააქვს, იცით, ხალხო, ისეთი შედევრებია მსოფლიოს სხვადასხვა ტაძარში, ჩვენი ვერც შეედრება.

მართალია, არც ღიპი მქონდა და არც ყანწით ვამბობდი სამშობლოს სადღეგრძელოს, როცა ეს მოვისმინე, მაგრამ მარცხენა მხარზე ჩამომჯდარმა "ეპატაჟნიკმა ეშმაკმა" არ მომასვენა და პოლემიკაში შევედი.

მთელი ძალით ვცდილობდი ქართველების თუნდაც გარდასული დიდების დემონსტრირებას, ჩვენი უნიკალურობისა და განუმეორებლობის დამკტიცებას, უდიდესი, უძვირფასესი და უძველესი წარსულის შრეებად გაშლას, მაგრამ ამაოდ.

საკმაოდ მშვიდ, თუმცა მაინც სწრაფ ტემპში მიმდინარე დიალოგს, დაახლოებით შემდეგი სახე ჰქონდა:

- და ქართული ფოლკლორი?
- კარგი და ირლანდიური რითი არ მოგწონს?

- ქართული კერძები?
- სუშის კი შეჭამდა კაციო, რომ შეგვჭამა დღეს, შენ არ იყავი?

- და ღვინო?
- მე კი ვიცი, ყველა ფრანგულს და იტალიურს ბებიაშენის ტალავერზე დაკრეფილი ადესის ღვინო რო გირჩევნია, მაგრამ...

მოკლედ, სამწუხარო იყო, მაგრამ ჩემი ნებისმიერი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს გეო-ისტორიული მნიშვნელობაც კი ვერ გამოვკვეთე ჩემი მეგობრების ცნობიერებაში ოქროს კონტურებით.

ჰოდა, ოქროზე გამახსენდა _ ქართველები ხომ უძველესი დროიდან ვიყავით ტექნოლოგიურ ავანგარდში? - ამენთო უცებ თვალები. თუნდაც ოქროს მოპოვებისა და დამუშავების უძველესი და უნიკალური ტექნოლოგიები რად ღირს....

... აქ ერთ-ერთმა მეგობარმა საუბარი შემაწყვეტინა და ისეთი რამ მითხრა, ენა მოვიკვნიტე და გადავყლაპე, ჩემ წინ რკინის კედლად აღმართული არგუმენტიც სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში:

- გეყოფა რა, ლაშა... ზღვისპირა ქვეყანაში ერთი გემიც კი არ აუშენებიათ, რათა ენახათ, ერთი ზღვის მეორე მხარეს რა ხდებაო. ისხდნენ და ქეიფობდნენო.

ახლა ჩემი მხატვარი მეგობრის მოცემულ პოსტულატს, ძალიან გთხოვთ, ისტორიკოსები ნუ განსჯით. შესაძლოა, იმ დროს, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო და აიეტი მეფობდა, რამდენიმე მცირე ზომის გემი გვყავდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი მეგობრის გამოთქმულ აზრს შინაგანად აბსოლუტურად დავეთანხმე.


***
ბანკში მუშაობის დაწყების დღიდან ერთი თემა მაწუხებდა _ რატომ არ შემოდის თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, გადახდის უნიკალური სისტემა Paypal-ი საქართველოში? ამის შესახებ ოფიციალურად, არაოფიციალურად, ირიბად და პირდაპირ ბევრჯერ მივწერე კომპანია PayPal-ს. პასუხი დაუყოვნებელი და ყოველთვის ერთნაირი იყო: "როდესაც გადავწყვეტთ საქართველოში შემოსვლას, ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი საიტის მეშვეობით";

დრო კი გადის და ფეიფალში ისეთი ქვეყნები გაწევრიანდნენ, მსოფლიო რეიტინგში ჩვენ რომ ეკონომიკური განვითარების დონით _ პირველ, ხოლო ისინი ბოლო ადგილზე არიან: ანდორა, ანგოლა, სომალი, ზამბია. მათ შორის არიან ჩვენი უშუალო მეზობლებიც: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩვენი ყველაზე დიდი და ოროსანი მეზობელი რუსეთიც.

სანამ ბანკს დავტოვებდი "ფეისბუქზე" ჯგუფი შევქმანი - "ფეიფალი საქართველოში".

დღეს კი ჩემს “კედელზე” დავინახე ორი შეტყობინება, რომლებმაც პასუხი გამცეს შეკითხვაზე _ "რატომ არ შემოდის PayPal-ი საქართველოში?":

"მჟავე კიტრის ფანკლუბი - გვერდი მოსწონს 4,674 ადამიანს"
"ფეიფალი საქართველოში - გვერდი მოსწონს 3,232 ადამიანს"


მართალი იყო ჩემი მეგობარი. არც ფეიფალი უნდა ცდებოდეს დიდად, ჩვენთან რომ არ შემოდის _ მოგვკალი და მჟავე კიტრი უფრო მოგვწონს და გვჭირდება ქართველებს, ვიდრე PayPal-ის გადახდის სისტემა და ტექნოლოგიური ავანგარდი.

12 comments:

  1. ისა..
    ეს ხომ დაწერილი გქონდა უკვე?! :think:

    :)

    ReplyDelete
  2. მეც მეგონა რომ უკვე გედო ბლოგზე ეს, ეტყობა ნეტგაზეთიდან მახსოვდა? თუ დრაფტებიდან ?

    ReplyDelete
  3. ნეტგაზეთიდან გახსოვთ :)
    იქედან ყველაფერი გადმომაქვს აქეთ, იქ როცა ახალს ვდებ :)

    ReplyDelete
  4. ისე, მართლა ძალიან უცნაურია. ქვეყანას ზღვა ქონდეს და გემების აშენება კი არა, ზღვის პროდუქტების კულტურა არ არსებობდეს ქვეყანაში და შემწვარი თევზით ვიყოთ შემოფარგლული მხოლოდ.

    ReplyDelete
  5. აბაა. დინოზავრების ნასახლარზე მიშა უნდა ატარებდეს თათბირებს? :–)))ესაა სამართალი? არ უნდა იჯდეს შესასვლელში ერთი მახშვი დინოზავრი? :–)))

    ReplyDelete
  6. :-))))))))))ან атстань тупой, я в печали :-))))))და უნდა გამოაბუნძულოს იქიდან თავისი ამალიანად. აფსუს დინოო, რა საუკუნე გაგითენდა? ვინ ბოგინობს შენს დანატოვარ დარბაზებშიიი :–)))))))

    ReplyDelete
  7. :-)))))))))))) და დედა დინო თან თავისთვის რომ ჩაილაპარაკებს – არ გამოდი მაქედან ცოცხალი :–)))))) და ბავშვს რომ გააგზავნის, წადი ბიჭო, ჩამოაგდე ის სტალაგმიტი, ტუალეტის თავზე რომ კიდია. და ტრუსიკიანი პატარა დინოზავრუშკა რომ გაიქცევა mission impossible-ის შესასრულებლად :–)))))

    ReplyDelete
  8. :D:D:D
    ჯანდაბა, რა დღეში ხართ, გავიგუდე :D

    ReplyDelete
  9. ააააააააააა, დინოზავრებზე სიმღერაააა :–)))))))))))დინო, შენი შაა–ვი ფრთები, დინოო–ზავრ. :–))))))))
    ჩვენ ადამიანები ვართ? არ შემოვუნახეთ არაფერი შტამომავლობას. ვიჯდეთ ეხლა და ვუსმინოთ პატრულის ატასგვარ ჰიმნებს :–)

    ReplyDelete
  10. ისე, მართლა ძალიან უცნაურია. ქვეყანას ზღვა ქონდეს და გემების აშენება კი არა, ზღვის პროდუქტების კულტურა არ არსებობდეს ქვეყანაში და შემწვარი თევზით ვიყოთ შემოფარგლული მხოლოდ.

    ReplyDelete
  11. :-))))))))))ან атстань тупой, я в печали :-))))))და უნდა გამოაბუნძულოს იქიდან თავისი ამალიანად. აფსუს დინოო, რა საუკუნე გაგითენდა? ვინ ბოგინობს შენს დანატოვარ დარბაზებშიიი :–)))))))

    ReplyDelete
  12. არ გამოდი მაქედან ცოცხალი :–))))))

    :)))))))))))) ხო ამას მიაძახებს მარა იმერელი დედა დინო მაგას არ იკადრებს :)))) ჰა ჰა მჭადი მიუკრას იქვე გამოქვაბულის კედელზე :))))

    არადა მართლა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ....ერთი სიმღერა არ უნდა შემორჩენოდა ფოლკლორს დინოზავრებზე? :)))

    ReplyDelete