წყარო: netgazeti.ge
გაიხსენეთ ტელემარკეტის რომელიმე შემოთავაზება და საოცარი გახმოვანების კვალდაკვალ ეს ტექსტი წაიკითხეთ:
● გაქვთ წარმატებული ბიზნესი და თავს ბიზნესმენად თვლით?
● გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი კარგად იყოს წარმოჩენილი ინტერნეტში?
● გაინტერესებთ, ვის და როგორ შეუკვეთოთ საიტი?
● საქართველოს სადღეგრძელოს ყოველთვის ფეხზე დამდგარი და ყანწით ამბობთ?
მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის! თუ თქვენ წაიკითხავთ სტატიას ახლავე, საჩუქრად მიიღებთ წაკითხული სტატიების შესანახ კონტეინერს. მაშ ასე:
ნაბიჯი 1 - მოთხოვნის ჩამოყალიბება
- შენობა მინდა, რა დამიჯდება?
ასეთნაირად თუ დაუსვამთ შეკითხვას მშენებელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ჯერ გკითხავთ, რისთვის გსურთ შენობა, შემდეგ გაითვალისწინებს თქვენი საქმიანობის გარკვეულ ნიუანსებს, გამოგკითხავთ, რამდენი და რა ფართობის ოთახები გესაჭიროებათ, ხომ არ გაქვთ აუცილებელი მოთხოვნები ჭერის სიმაღლესთან დაკვშირებით და ა.შ.
ზუსტად ასევე ჟღერს შეკითხვა, საიტის საფასურთან და გაკეთებასთან დაკავშირებით. “შენობა” (საიტიც) ძალაინ აბსტრაქტული ცნებაა. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი და შუშის და შესაძლოა იყოს ძალიან პატარა, კომპაქტური და ხის. გააჩნია თქვენ რა გსურთ და რისთვის. საფასურიც, ვადებიც და ხშირ შემთხვევაში მშენებელიც კი (განა ყველა მშენებელს შეუძლია შუშის მაღალი შენობების აგება) თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული.
ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ჩამოწერეთ მოთხოვნები:
● რისთვის გსურთ საიტი
● რა ამოცანები უნდა დააკმაყოფილოს მან
● თქვენი აზრით, რა გვერდები გესაჭიროებათ საიტზე
● რამდენენოვანი საიტი გსურთ
● და ა.შ.
თქვენ მიერ შედგენილი რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი საშუალებას მოგცემთ, თქვენი მოთხოვნა ერთდროულად გააცნოთ რამდენიმე ვებ-დიზანერს , რათა შემდგომში მათგან სასურველი შემოთავაზებები მიიღოთ.
ნაბიჯი 2 - მოთხოვნების ფორმირება
იმას ნამდვილად არ შეგახსენებთ, რომ “იაფი” ყოველთვის არ ნიშნავს “ცუდს”, მაგრამ საიტის შემსრულებლის სწორად შერჩევა, კერძო პირი იქნება ის თუ სტუდია, უმნიშვნელოვანესია (სამწუხაროდ, აქ რჩევებს ვერ მოგცემთ, რადგან თავად წარმოვადგენ ერთ-ერთ მათგანს და არაკორექტული იქნება).
თუ საქმეს პროფესიონალებთან დაიჭერთ, შემდგომი ნაბიჯი საიტის გაკეთების გზაზე იქნება მოთხოვნების ფორმირება. უნდა გაკეთდეს დეტალური ანალიზი, რას ითხოვთ, რისთვის, გესაჭიროებათ ეს მართლაც თუ არა.
მოცემულ ეტაპზე დამკვეთი ძალაინ ხშირად უშვებს რამდენიმე შეცდომას;
1. იყოს, ოჯახი ხრამია - მას სურს თავისი საიტი იყოს უნივერსალური. გასცემდეს ინფორმაციას “გალვანიზირებულ პროფნასტილზეც” და ყავასაც ადუღებდეს. მსგავსი მიდგომა სრულიად არასაჭირო ნივთებით ავსებს “ოჯახს”, ამძიმებს და ძალიან არაპრაქტიკულს ხდის მომხარებლისთვის. საიტზე უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც უკიდურესაც აუცილებელია (მერსედესიც ხომ ამიტომ გვიყვარს?).
2. თუ მიიჩნევთ, რომ საიტი რამდენიმეენოვანი უნდა იყოს, კარგად დაფიქრდით, რომელ ენებზე გსურთ საიტი. მრავალენოვნი საიტი, როგორც წესი, რთული სამართავია. ყოველი სიახლე თუ საიტზე განსათავსებელი სხვა ტექსტი უნდა ითარგმნოს სხვა ენებზე, რაც დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვს. ასე რომ, საიტზე ძველი სანსკრიტის გამოყენებას მთლად არ გირჩევთ.
3. სტომატოლოგმა უკეთ იცის კბილზე როგორ გიმკურნალოთ, ვიდრე თქვენ! ამიტომაც თუ თვლით რომ ვებ-დიზაინ სტუდია სწორად შეარჩიეთ და ისინი პროფესიონალები არიან, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით, როგორ გააკეთონ საიტი! ნუ ეტყვით სტომატოლოგს, რომ “ფესვის მწვერვალის რეზექციის შემდეგ კისტის რეციდივის გამო, კბილი 3.2 ის ექსტრაქცია აქვს გაკეთებული, თან გენერალიზებული პაროდონტიტის ფონზე და უმჯობესია პაროდონტალური შინირება ფრონტალური კბილების მიდამოში” - ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება!
4. “ბეეეევრი ფლეშები” - არ ვიცი სინამდვილეში როგორ, მაგრამ ვებსაიტის შეკვეთისას ქართველები ნამდვილად ფეტიშისტები ვართ. გვინდა, რომ საიტზე ყველაფერი ტრიალებდეს, ბზრიალებდეს, წკრიალებდეს, ბრჭყვიალებდეს - მოკლედ როგორც ჩანს შადრევნები, ღამის ფერადი განათებები და ატრაქციონები, მხოლოდ პრეზიდენტს არ უყვარს.
არადა, ძალიან ხშირად საიტის შინაარსიდან გამომდინარე მისი ფლეშში შესრულება წამგებიანია. მოდით, აქაც თქვენ მიერ ნაპოვნ “პროფესიონალს” მიენდეთ (ნახევრად ორსული ხომ არ არსებობს _ თუ ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო).
ნაბიჯი 3 - დოკუმენტირება
რაღაი დავიჩემე ეს მშენებლები, მოდით ბოლომდე მივყვები. ისევე როგორც სახლის მშენებლობას სჭირდება დეტალური ნახაზები, საიტის დამზადებასაც ესაჭიროება დეტალურად შედგენილი დოკუმენტაცია.
დოკუმენტაციაში წინასწარ და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი საიტის სტრუქტურა, ფუნქციონალი და ა.შ. ერთის მხრივ, მსგავსი დოკუმენტაცია თქვენ საშუალებას გაძლევთ უკეთ წარმოიდგინოთ საიტი და წინასწარვე განაცხადოთ, რომ უნიტაზი საძინებელში არ გსურთ. მეორეს მხრივ საიტზე (წესით) მუშაობს არაერთი ადამიანი: დიზაინერი, “ლეიაუთერი”, პროგრამისტი, ბაზების არქიტექტორი, ფლეშის სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი - ვინც მოცემულ ორკესტრს დირიჟორობს და ა.შ. მოცემული ჯგუფის კოორდინირება თითქმის წარმოუდგენელია მსგავსი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე.
საქართველოში, როგორც წესი, ყველანი “ოლ ინ ვანები” ვართ და ტირამისუს და “სტიაჟკის” კეთება ერთნაირად კარგად ვიცით, მაგრამ დოკუმენტი მაინც უნდა არსებობდეს, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ შემდეგ თქვათ: “აქ ხომ გეწერათ, რომ უნიტაზი ტუალეტში იქნებოდა დამონტაჟებულიო”.
ნაბიჯი 4 - Pushing
ეს უცხოური სიტყვა, რომელიც ქართულ ვერსიაში “გატისკვას” ნიშნავს, უცხოეთში ნასწავლი ჩემი ერთ-ერთი უფროსისგან ვისწავლე. მეოთხე ნაბიჯზე აუცილებლად დაურეკეთ შემსრულებელს დღეში ასჯერ - ასე უფრო ნაკლები დრო დარჩება საიტზე სამუშაოდ.
ნაბიჯი 5 - ფრომოუშენი
სულ რო ფერარი გყავდეს, რა ჯანდაბად გინდა, “გარაჟში” თუ გეყოლება გამოკეტილი და მზის შუქს ვერასოდეს ნახავს?
საიტი არ არის კარგი და წარმატებული, თუ ის თავის პირდაპირ ფუნქციებს არ/ვერ ასრულებს. აქ ძალიან ბევრი ჭკვიანური სიტყვაა - როგორიც არის SEO, ნიუ მედია, ონლაინ მარკეტინგი და ა.შ.
მაგრამ დაივიწყეთ თითეული მათგანი. მე ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით - პატარა ქაღალდებზე შავთეთრად დაბეჭდეთ თქვენი საიტის მისამართი და მეტროში გამჭვირვალე ხელის მოსაკიდებლები რომ არის ჩამოკიდებული, იქ შეაცურეთ.
ნაბიჯი 6 - განახლება
საიტოფილობას ნუ დამწამებთ, მაგრამ საიტი ცოცხალი ორგანიზმია. მას გამუდმებით სჭირდება განახლება. ერთის მხრივ, შინაარსობრივი განახლება (ჩემი უცხოეთში ნასწავლი უფროსი იტყოდა “კონტენტი ყოველთვის აფ თუ დეით უნდა იყოსო”) ტექსტებსა და მასალებს, ხოლო მეორეს მხრივ - საჭიროა მცირე ფუნქციონალური ცვლილება და დახვეწა. პროფესიონალი კომპანია კი თქვენს მიერ თავში დასმულ შეკითხვაზე “რა დამიჯდება შენობის აშენებაო” მოგვიანებით გიპასუხებდათ “აშენება ამდენი და შენახვა კიდევ ამდენიო”.
“შენახვა” ანუ მხარდაჭერა ძალაინ მნიშვნელოვანია საიტისთვის. პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც არ მუშაობს, ან “ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა” სრულიად შესაძლებელია “უკეთ იმუშაოს”. ასე რომ გირჩევთ, მხარდაჭერის პირობები თავიდანვე გაარკვიეთ და დააფიქსირეთ შემსრულებელთან.
ნაბიჯი 7 - არც კი ვიცი რა დავარქვა
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როდესაც რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდეგ, შემსრულებელი საიტს დიდი წვალებით მაგრამ მაინც ჩაგაბარებთ, გახსოვდეთ - აუცილებლად, აუცილებლად და აუცილებლად გახსოვდეთ - “ეს უნდა დაასველოთ”!!!
P.S. რაც შეეხება სათაურს, თქვენი ძლივს აშენებული ოფისი რაგინდ მაგარი არ უნდა იყოს, მისი მისამართი თუ არის მუხიანის მეცხრე ბ მიკრორაიონი, კორპუსი ოცდაცხრა ა ბინა სამოცდაშვიდი - მისი ნახვა ცოტათი ყველას გაუჭირდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
საინტერესო იყო,
ReplyDeleteმაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, მეტრო რომ არ უყვართ ან არ სარგებლობენ... ;)
ver gilikeb,magram sainteresod axseni yvelaferi.
ReplyDeletemshenebeli megone,magram aranaklebi yofilxar,karg offices shesabamisi site esachiroeba.)
საინტერესო იყო,
ReplyDeleteმაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, მეტრო რომ არ უყვართ ან არ სარგებლობენ... ;)
ver gilikeb,magram sainteresod axseni yvelaferi.
ReplyDeletemshenebeli megone,magram aranaklebi yofilxar,karg offices shesabamisi site esachiroeba.)