Monday, January 31, 2011

ბოსტანი

ასოცი მეტრი ოთხმოცზე _ ამ ზომისა გახლდათ ბოსტანი, რომელიც ნოდარს უკანა ეზოში გაეშენებინა. თავად ნოდარი ორმოცდაათს გადაშორებული, უცოლო კაცი იყო. ამ ამბავში არაფრად გამოგვადგება, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გეტყვით _ ნოდარს ჯიჯგვი ტანი და ჯირკვივით თავი ჰქონდა.

სანამ უმუშევარი გახდებოდა, ყოველგვარი ორი დიპლომისა და სამი უმაღლესის გარეშე, ტაქსისტად მუშაობდა. კარგი ტაქსისტი იყო, ქალაქის ყველა ქუჩა და კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა. ეგ კი არა, ყველა ტაქსის ნომერი და მძღოლი იცოდა _ ეტყოდი ნომერს და მძღოლის სახელს და გვარს გეტყოდა, კითხავდი სახელს და გვარს და ნომერსაც სხაპასხუპით ჩაგიკაკლავდა. მოკლედ, თავისი საქმე კარგად იცოდა. საქმე იცოდა და ფულსაც კარგად შოულობდა, მაგრამ რასაც შოულობდა, მთლიანად ქალებში ხარჯავდა.

ფულის უაზროდ ფლანგვა რომ უყვარდა, ნოდარის სახლსაც ეტყობოდა. ბლოკით ნაშენი, ორსართულიანი სახლი დაუმთავრებელი იყო. სამსახურის დაკარგვამდე ვერმოსწრებულ ფანჯრებზე მინების ნაცვლად ქარისგან დაფლეთილი და დაჭუჭყიანებული ცელოფნები იყო გაკრული, ხოლო გაულესავი კედლებიდან, "არმატურები" ისე იყო გადმოყრილი, როგორც ახლადგაფატრული საქონლიდან ნაწლავები. რაც შეეხება ქალების სიყვარულს, ამ ისტორიულ ფაქტს ნოდარის "კუხნის" კედლებზე გაკრული ნახევრადშიშველი ქალების კარგახნის გახუნებული ფოტოები მოწმობდა.

ასეთი "კუხნები" სოფელში ბევრ ოჯახში იყო შემორჩენილი. ერთოთახიანი მიწურები თავის დროზე, სანამ დიდი სახლების მასიური მშენებლობები დაიწყო, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ფართად გამოიყენებოდა; შემდეგ კი დიდი სახლის უკან მოქცეული შენობის დანგრევა ყველას ენანებოდა და მას მარნად ან სათავსოდ იყენებდნენ.

ნოდარს კი განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუხნა. იმის ნაცვლად, დიდ სახლში ერთი ოთახი მაინც რომ გაერემონტებინა, ნოდარმა მამაპაპისდროინდელი ბუხარი შეაკეთა, მეტლახი დააგო და საცხოვრებლად იქ გადავიდა.

კუხნის კედლები უცნაური ნესტის სუნით იყო გაჟღენთილი. უცნაური-მეთქი ვამბობ, რადგან ერთმანეთში გაზავებული ნესტისა და კვამლისგან შებოლილი კედლების სურნელს კიდევ ერთვოდა რაღაც, რაც განსაკუთრებულ და უნიკალურ არომატს აძლევდა იქაურობას _ ეს მარტოობის სურნელი გახლდათ. და თუ კი უფრო ზუსტად ვიტყვით, მარტო მცხოვრები კაცის სურნელი.

კუხნის წინ, კარგი ნანადირევივით, "ტუშონკის კონსერვის" ცარიელი ქილები ჰქონდა ჩამწკრივებული. "ტუშონკა" ძალიან უყვარდა, თუმცა კი ძირითადად საკუთარ ბოსტანში მოყვანილი კიტრით, პამიდვრით, ბადრიჯნითა და სხვა ბოსტნეულით იკვებებოდა.

ბოსტანი იყო ნოდარის ძირითადი საქმეც და საზრუნავიც. მუშაობას უთენია იწყებდა და გვიან საღამოს ამთავრებდა. დახეთქილი და ძლიერი ტორებით ისე სათუთაოდ გადაჰქონდა ნერგები მიწაში, როგორც დედები აწვენენ ხელზე მიძინებულ ჩვილებს საწოლში. სანერგედ კი ძველ "ვანას" იყენებდა, რომელიც შუა ბოსტანში ედგა ამაყად წამომართული "დუშის ტრუბიანად". ძველ ვანაზე შემორჩენილი საშხაპე პამიდვრისა და ბადრიჯნის ახლადამოწვერილ ნერგებს ისე დაჰყურებდა დღედაღამ , კაცი იფიქრებდა, ყარაულობს, რამე არ მოუვიდეთო. ვინ მოთვლის, რამდენი ნერგი წამოზრდილა საშხაპის თვალწინ ნოდარის ვანაში.

მართალია, მეზობლები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ ვანაში სანერგის გამართვას, მაგრამ ახლა, როცა ხედავდნენ ზოლებად ჩამწკრივებულ ჩითილებს, სახეზე ღიმილი ეფინებოდათ და ცოტათი შურდათ კიდეც _ რატომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთო. უნიტაზს როდის მიუდგამ გვერდითო - იმდენი იქირქილეს პირველად მეზობლებმა, რომ ვეღარავინ ბედავდა საკუთარ ბოსტანში იგივე გაემეორებინა. თუმცა სტუმრები საგანგებოდ მიჰყავდათ ხოლმე ნოდარის ბოსტანში ამ უცნაური გამოგონების სანახავად.

ასე მოხვდა ნოდარის ბოსტანში ტურისტი ამერიკიდან. სტუმარმა ემოციები ვერ დამალა. აღფრთოვანებული უვლიდა ნოდარის საჯიშე ვანას და შიგადაშიგ რაღაცეებს ხმამაღლა იძახდა. ნოდარიც იქვე ზრდილობიანად იდგა ბარით ხელში და ერთი სული ჰქონდა, როდის გააგრძელებდა მუშაობას. სტუმარმა ჩანთიდან უაზარმაზარი ფოტოკამერა ამოიღო და გადაღება დაიწყო. მართლაც ლამაზი იყო, აბიბინებული კიტრის მწკრივების ფონზე ემალის თეთრი აბაზანა, რომელსაც ზემოდან შავი, ნოყიერი მიწა და პამიდვრის ხასხასა მწვანე, ნორჩი ნერგები ფარავდა.

ნოდარმა ძლივს მოასწრო დასვრილი ხელის შარვალზე გაწმენდა, როდესაც გაღიმებული ამერიკელი მისკენ დაეშვა. ტურისტმა აპარატი ჩანთაში შეინახა, ქათქათა ხელი ნოდარის ჭუჭიან ტორს მაგრად ჩაავლო და გაუგებარ ენაზე ხმამაღლა რაღაც უთხრა. მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ არაფრისო _ თავისთვის კი ჩაიბურტყუნა, სტუმარს თვალი გააყოლა და ბარვა განაგრძო.


სამი თვის შემდეგ მეზობელმა ნოდარს სქელტანიანი წიგნი მიუტანა. პრიალა ყდას კარგად ნაცნობი ბოსტანი და ვანა ამშვენებდა მისთვის სრულიად გაუგებარი წარწერით _ "Modern Art".

3 comments:

  1. nodari ra gvarisa gaxldat? :)

    ReplyDelete
  2. თეთრს კი არა და ვანასაც ჰქონია დიაპაზონი :D

    ReplyDelete
  3. თეთრს კი არა და ვანასაც ჰქონია დიაპაზონი :D

    ReplyDelete