Wednesday, December 22, 2010

განათებული ქართული ნეტი და გაუნათლებელი საქართველო

ადამიანები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ "ქართულ ინტერნეტში" და მცირედით მაინც უწევთ "მასებში" გასვლას ალბათ გრძნობენ განსხვავებას ციფრულ და რეალურ (სოციუმსთქო ვიტყოდი, მარა ნამეტანი მეუცხოვება)ქართულ საზოგადოებას შორის.

დაკვირვებული მომხარებელი და მოსახლე ალბათ იმასაც აღმოაჩენდა რომ ციფრულ საქართველოში დამკვიდრდა გარკვეული მონოლითურ ღირებულებათა სისტემა, რომელიც განსხვავდება მთლიანობაში განხილული ქართული რეალობისგან.

ასე მაგალითად: ციფრულ საქართველოში ყველა მემარცხენე ლიბერალია (უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ ლიბერალი მაგრამ არ იცის რომელი).

აქ ყველას შეუძლია რაც მოესურვება ის თქვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე და იქვე განმარტოს რომ ის თავისუფალია, დემოკრატია სიტყვის თავისუფლებაა და მას ეს უფლება კონსტიტუციამ მიანიჭა, ხოლო პატრიარქი არის საქართველოს მოქალაქე და ა.შ.

დააშეაროს ვიდეო სადაც რომელიმე ელექტრონული ჟურნალის გამოკითხვაში, "ქართველ ბიჭებს" ეკითხებიან _ "უნდა გამოიყენოს თუ არა მამაკაცმა საშარდე მილი სექსის დროს?" და ისინი პასუხობენ "რა თქმა უნდა არა" ან "გააჩნია რა შემთხვევაში", შემდეგ კი დასცინოს მოცემულ ვიდეოში, გამოკითხულ "ქართველ ბიჭებს".

აღფრთოვანდეს სტატიით, სადაც უამრავი "ჭკვიანი სიტყვით" გიხსნიან რომ "ჩვენ ქართველები" რელიგიური ფანატები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ შემწყნარებლები სხვა რელიგიების მიმართ, რომ ეს არის ლიბერალიზმი და სხვანაირად დემოკარტიულ და თავისუფალ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, ჩვენ კი ისეთი ბნელები და ცუდები ვართ, ადამიანი მართლმადიდებელი თუ არ არის ქართველად ვერ აღვიქვამთ.

ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ ერთიანობაში ჩანს შემდეგნაირად:

- აქ ციფრულ საქართველოში სინათლეა, იქ სიბნელე.
- აქ სიტყვის თავისუფლებაა და იქ პატრიარქსაც კი ვერ განალძღავ გემრიელად
- აქ ვინც გინდა იყავი და იქ მართლმადიდებელი და "ჩოხოსანი" თუ არ ხარ ისე ქართველი არ ხარ
- აქ სულერთია მე ჩინელი ამერიკელი ვარ, თუ ესპანური წარმომავლობის ამერიკელი მექსიკიდან, იქ კი სანამ არ გაიგებენ წინა ცხრა თაობას ისე არ მოგეშვებიან
- აქეთ უყვართ ჰომოსექსუალები, იქეთ კი ძულთ

მოკლედ

- აქეთ კაი ტიპების ტუსოვკაა, იქეთ გოიმების პარადი.

შესაბამისად

- რასაც აქეთ ვამბობთ კაი პონტია და ასე უნდა იყოს თუ გინდა შენც კაი ტიპი იყო და იქეთ გოიმობაა და შესაბამისად თუ გინდა გოიმი არ იყო...


მე უბრალოდ ერთი რამე მაწუხებს. ბევრმა მოიმარჯვა კალამი თუ კლავიატურა და ეჯიბრებიან ერთმანეთს ლიბერალური ოდების და ესსების წერაში, მოწოდებებში, სიტყვის თავისუფლებაში და სტერეოტიპების მსხვრევაში.

და თავიანთი თავის მტრად წარმოაჩენენ "შავოსნებს" თუ "ჩოხოსნებს" რომლებიც ბნელით მოცულნი, ეკლესიაში დადიან და "EKL" სერიის მქონე ჯიპიან მამაოებს აღსარებებს აბარებენ და სამწუხაროდ მრევლის (და არამხოლოდ მრევლის) ასეთი ნაწილი მრავლად არის საქართველოში. მათ მართლაც ბრმად იციან "რა შეიძლება" და "რა არა" და არასოდეს შეუძლით პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რატომ".

თუ შენს ოპონენტად სწორედ ასეთ ხალხს დაასახელებ, ბუნებრივია იმის დაჯერება რომ "იქეთ ბნელა" და "აქეთ სინათლეა", შესაბამისად ღირებულებები რომლებიც მათთვის ძვირფასია "ბნელია და გოიმობა", რთული არ არის.


სამწუხარო აქ მხოლოდ ერთი რამ არის _ იქეთ მართლა ბნელა! თანაც მასიურად ბნელა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ "სიბნელეში მყოფთათვის" ძალიან ბევრი ღირებულება "გოიმობაა", დასაძრახი ან დასაცინია.

გული ერთ რამეზე უკვე დავიწყვიტე მაგრამ აქვე მეორეც უნდა მივაყოლო _ სამწუხაროდ "ციფრულ საქართველოში" მე არ მეგულება ადამიანები _ განათლებული და ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ღირსეულად და არგუმენტირებულად უპასუხებენ "ნათელით მოცულთა" შეგონებებს.

რომლებიც იტყვიან, რომ ქვეყანა სადაც მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთ უბანში ფუნქციონირებს, არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება რელიგიური ფანატიკოსების რომ ტრადიციების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, უნდა გვეამაყებოდეს და ვუფრთხილდებოდეთ მათ და ეს სულაც არ ტეხავს. ის რომ ჩვენთვის ჩვენი წინაპრები და წარმომავლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიის წინ პირჯვარის გადაწერა _ რომელიც შენს რწმენას გამოხატავს, ისეთივე მისაღებია როგორც პრაღაში, "კარლის ხიდზე" ერთერთი წმინდანის ბარელიეფზე ხელის მიდება, რასაც ბევრი "ევროკავშირელი" აკეთებს. ის რომ იყო ოცდახუთი წლის ქალიშვილი, დასაცინი კი არ არის, ეს უბრალოდ შენი არჩევანია რომელსაც სხვამ პატივი უნდა სცეს. ის რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ვინმემ სიტყვიერი ან მორალური შეურაცხყოფა მოგაყენოს, გაგილანძღოს რმწენა და შეურაცხყოს სხვა ღირებულებები და ეს იმავე დემოკრატიის ჩარჩოებში თუ წესებშიც, კონსტიტუციით მონიჭებული შენი უფლებაა. ის რომ დედის გინებაზე პასუხის გაცემა და რეაგირება, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან გაგაგდონ წითელი ბარათით, მხოლოდ "ბნელი გრუზინისთვის" დამახასიათებელი საქციელი არ არის და მრავალი სხვა.

სამწუხაროა მაგრამ არავინ ამას არ ამბობს. სამწუხაროა მაგრამ ციფრულ საქართველოში ყველა სტერეოტიპებს ებრძვის. სამწუხაროა მაგრამ საპირწონე აზრი ციფრულ, რეალურ და (ალბათ) ზეციურ საქართველოშიც გვაკლია. სამწუხაროა მაგრამ იქეთ მართლა ბნელა. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.

2 comments:

  1. http://en.wikipedia.org/wiki/Social_liberalism
    left-liberals

    ReplyDelete
  2. momewona posti daaxloebit aseve vfiqrob mec :)

    ReplyDelete