Wednesday, February 23, 2011

გაიღეთ მოწყალება

ეს ისტორია ასე დაიწყო: ბანკში ვმუშაობდი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. ქოლცენტრიდან მორიგი გზააბნეული გადმოამისამართეს, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობა გზააბნეული საზოგადოების წარმომადგენლებსაც გულისხმობდა.

ყურმილი ჩემმა თანამშრომელმა გოგონამ აიღო. ცოტა ხანში თანამშრომელს სახე მოეღუშა _ "კარგით ქალბატონო, დაწყნარდით ქალბატონო, კარგით ქალბატონო, მე მოგცემთ მაგ ფულს, ოღონდ ასე ნუ ტირით, ქალბატონო, გთხოვთ" - დაახლოებით ეს სიტყვები ისმოდა ცრელმებნარევ ხმაში.

ყურმილი დადო თუ არა, თავი ვერ შეიკავა (არა და არ იყო გულჩვილი გოგო) და ტირილი დაიწყო. რა თქმა უნდა, შევშფოთდით, შევწუხდით, გამოვკითხეთ რა ხდება-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ქალმა, რომელმაც ტელეფონზე დარეკა, ყოფილ თანაშრომლად გააცნო თავი (დამლაგებლად მუშაობდა). სჭირდა ფეხის განგრენა თუ ტვინის კიბო, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ უზომო ტკივილებით იტანჯებოდა და სხვა არაფერი არ უნდოდა, ოღონდ ბანკს ძლიერი გამაყუჩებლების ფული მაინც მიეცა როგორმე , თუნდაც ძალიან მცირედი, გაუსაძლისი ტკივილი სიკვდილამდე როგორმე რომ ჩაეკლა.


- იქნებ იტყუება? - ვკითხე მე.
- არ არსებობს. ასე ვერ ითამაშებდა. იცი როგორ ტიროდა ტელეფონში?
- და მაინც იქნებ იტყუება. მოდი, როცა გადმორეკავს, სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი კითხე.
- კარგი, მაგრამ არ არსებობს. წარმოუდგენელია. შენ იმ ხმისთვის უნდა მოგესმინა. იცი როგორ ტიროდა?
- კარგი, აი ჩემი 20 ლარი (ხელფასები ახალი აღებული გვქონდა და ეს ყურადსაღები ფაქტია).

ფული არავის დანანებია. რამდენიმე თანამშრომელს (და არც მე პრინციპში) თავზე საყრელი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ზოგმა 20 ლარი, ზოგმა მეტიც დადო. სოლიდური თანხა შეგროვდა.

ამასობაში ქალბატონმა გადმორეკა, რომელმაც კვლავ იტირა და ატირა ეს ჩემი თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი მეზობელი მოვიდოდა და თანხა მისთვის მიგვეცა. თანამშრომელმა გოგონამ, მართალია აცრემლებული ხმით, მაგრამ ტელეფონი მაინც ჰკითხა.

(მოგვიანებით აღნიშნულ ნომერზე გადავრეკე, სადაც არავინ მიპასუხა და კადრებში მეილი გადავაგზავნე, ბაზა რომ გადაემოწმებინათ.)

40 წლამდე მამაკაცი სატელეფონო საუბრიდან ზუსტად 2 წუთში გაჩნდა ჩვენს ოთახში (ახსნაც არ დასჭირვებია დიადად, იოლად მოგვაგნო). სანამ ფულით გავსებულ ქათქათა კონვერტს გადავცემდი, კიდევ ერთხელ გავხედე ეჭვის თვალით.

- თქვენ ვინ ბრძანდებთ მისი?
- მეზობელი.
- და აქ როდის მუშაობდა ხომ არ იცით?
- მე არაფერი არ ვიცი. აქ რატომ ვარ, ისიც არ ვიცი. მითხრა, რომ რაღაცას გამომატანდით.
- მარტო ცხოვრობს?
- მე არაფერი არ ვიცი-მეთქი, ხომ გითხარი.
- მეზობელი ხართ და არ იცით მარტო ცხოვრობს თუ არა?
- ა, მარტო ცხოვრობს კი.
- კარგით, ინებეთ.

კაცი გაუჩინარდა.

ცოტა ხანში "ავადმყოფის" დატოვებულ ნომერზე ისევ გადავრეკე. ყურმილი აგრესიულმა ქალბატონმა აიღო და კაგად მომაწყევლა, რომ იქ აღარ დამერეკა.

კადრებიდან პასუხი მოვიდა - "ადამიანს ასეთი სახელით და გვარით, ცხოვრებაში არ უმუშავია ჩვენთან. ფაილებიც შევამოწმეთ და ციფრული ბაზაც".

შემდეგ გაირკვა, რომ ხელფასების გაცემის დღეს არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომ "ბერისთვის" აუგროვებიათ ფული, რომელსაც რატომღაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა მოაკითხა "მამა ვიღაცის" ნაცვლად.

უამრავი გაჭირვებულისთვის, მომაკვდავისთვის და ა.შ. იკრიბებოდა თურმე ფული. სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა ოფისში და სხვადასხვა ფილიალში. ამასთან, ჩვენი ბანკი ალბათ ერთადერთი არ იქნებოდა. ანუ ეს იყო თაღლითთა კარგად ორგანიზებული ჯგუფები.

მახსოვს, მასობრივად დავაგზავნეთ წერილები, რომ ყველა მსგავსი მოთხოვნა და ზარი ჩვენს განყოფილებაში გადმოერთოთ.
ისიც მახსოვს, დამირეკა პიროვნებამ, ბოხი ხმით. რომელიღაც სოფელში, რომელიღაც სამონასტრო კომპლექსი შენდებაო და ფული გვჭირდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ გვაქვს ფონდი და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. საჭირო იყო, მხოლოდ ამ ყველაფრის ოფიციალურად გაკეთება. საბუთები მშენებარე ტაძარზე, ანგარიშის ნომერი ბანკში და ა.შ.

პასუხად საკმაოდ ორაზროვანი და ბევრისთვის ალბათ შემაშფოთებელი "ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო" იყო.


ბევრს არაფერს ვიტყვი მეტროებში მოსიარულე მათხოვრებზე, რომლებსაც წლებია ვუყურებ, როგორ უკვდებათ ერთადერთი შვილი, რომელსაც 2 თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, იღლიაში გაჩრილი "ზოლებიანი ვაჭრების ჩანთით", რომელიც შეგროვებული ხურდების საკმაოდ მსუყე მასით არის ხოლმე დამძიმებული, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი რომელიც კარდაკარ დადის, ნამდვილად პრობლემად მესახება.

ერთხელ ბეჭდიანი ფურცელიც კი დამიტოვეს. ეს ამბავი მეგობარს მოვუყევი და მითხრა, რომ თაღლითები არიან - აღნიშნულ მისამართზე მართლაც არ შენდება არავითარი კათარზისი.

ერთი შეხედვით რთულია დაადგინო, ვის მართლა ჭირდება ეს ფული და ვინ თაღლითობს. თან პოზიცია "მე ხომ გულით გავიღე", მთლად მისაღები არ არის ჩემთვის, რადგან ფაქტი, რომ შესაძლოა მომატყუეს, მაინც მიღრღნის ხოლმე გულს (ეს კი სხვა დროს ნამდვილად არ განმაწყობს ქველმოქმედებისაკენ).

სინამდვილეში კი არც ისე რთულია სიმართლის დადგენა. საკმარისია მარტივი შეკითხვები:

- სად მკურნალობს ახლა?
- ვინ არის მკურნალი ექიმი?
- რამდენი წელია ავად არის?
- მშობლების სახელი და გვარი, მგონი ვიცნობ.
- რომელ საავადმყოფოში აპირებენ ოპერაცია რომ გაუკეთონ?
- სად შენდება?
- ალბათ ანგარიშიც ექნება და ხომ ვერ ჩამაწერინებთ, მირჩევნია გადავრიცხო ფული.
- მშენებლობა როდის დამთავრდება?

და მრავალი სხვა...

მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: ჩვენ რომ არ ვიშერლოკჰოლმსოთ და ვიდოქტორვუოტსონოთ, არ შეიძლება ჩვენმა ძლევამოსილმა სამართალდამცავებმა გამოავლინონ მსგავსი თაღლითების თუნდაც ერთი ჯგუფი? დარწმუნებული ვარ, სხვებს მომენტალურად დაეკარგებათ კარდაკარ სიარულისა და "მოწყალების შეგროვების" სურვილი.

ვფიქრობ, სახელმწიფო ოდნავ თუ მოინდომებს, რამე ოფიციალური ცნობების გაცემაც შეიძლება. ან გარკვეული რეგულაციის შემუშავება, რათა როგორღაც ვებრძოლოთ თაღლითობის ამ ამაზრზენ ფორმას _ რა, რა და გაჭირვებულები ამ ქვეყანას ნამდვილად არ აკლია.

P.S. პოსტი რომ დავამთავრე, გამახსენდა, ერთერთმა ბლოგერმა მომიყვა თავისი მეზობელი ბავშვის გასაჭირი, რომელსაც ანგარიში ჰქონდა გახსნილი. უზომოდ გამიხარდა, როდესაც იმავე ბლოგერმა მითხრა, რომ ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა და აღარაფერი ემუქრებოდა.

5 comments:

  1. ხანდახან მგონია, რომ ის ვინც მსგავს მახეში ებმევა ღირსია. როგორც შენ თქვი ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს პიროვნება რეალურია თუ "ყალბი" ისევე როგორც მისი ავადმყოფობა, შვილის სიკვდილი, ასაშენებელი მონასტერი თუ ეკლესია.

    თანაც, სამართალდამცავების მიერ ერთი ჯგუფის გამოვლენა არაფრის მომცემი იქნება :))

    ასე, რომ ყველამ ტავის ფულს მიხედოს.

    პ.ს მაგრამ იმათმა რაღა ქნან ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება?

    ReplyDelete
  2. რამე კარგი ლექსი დაწერე რა, გთხოვ... :)

    ReplyDelete
  3. კარგი, დაწერე და მითხარი მერე.. :*

    მგონი, მეც მეშველა საქმის პონტში.. <3

    ReplyDelete
  4. რამე კარგი ლექსი დაწერე რა, გთხოვ... :)

    ReplyDelete
  5. კარგი, დაწერე და მითხარი მერე.. :*

    მგონი, მეც მეშველა საქმის პონტში.. <3

    ReplyDelete