Saturday, February 19, 2011

ტუსოვკა

ეს არის უბრალოდ მოთხრობა და არა კრიტიკული პოსტი. ამას თავის გასამართლებლად არ ვწერ. უბრალოდ კრიტიკისთვის ზედმეტად მხატვრულია, მეტაფორული და უხარისხო (და ვიცი ვინმე მეტყვის - არც მოთხრობის პირობაზე არის შედევრიო). ამიტომაც გთხოვთ _ ნუ დაიწყებთ მოცემულ ტექსტში ქვეტექსტების ძიებას.


ის დღე ზოგადად იყო უცნაური: სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა. - წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარმა კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ ჟირაფს, ორცხობილას დადებული ზასოსის გამო მარწყვი დაშორდა.


***
ოჰ, ყველაზე ბანალური ფინალიც კი როგორი გაუგებარი ხდება ექსპოზიციის, ძირითადი ამბისა და კვანძის გარეშე. ასე, რომ მოდით, თავიდან დავიწყოთ.


ორშაბთია, თვრამეტი სექტემბერი. მოთხრობის მთავარი გმირი იღვიძებს და ნანახი სიზმრით ნასიამოვნები იფშვნიტავს თვალებს. ის ტანზე იცვამს, იხეხავს კბილებს და დღის დაწყებასთან დაკავშირებულ სხვა რიტუალებს ასრულებს, რომელთა დეტალური აღწერითაც თავს არ შეგაწყენთ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხრობის მთავარი გმირი ერთობ უცნაურად იხეხდა კბილებს, რომლის მხატვრული აღწერა მართლაც რომ შესძენდა მოთხრობას დამატებით პეწს.

დღეს ბლოგერების ტუსოვკაა - წარმოთქვა მთავარმა გმირმა _ ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, რომლის ბოლო ორი სიტყვა ბევრისთვის ალბათ გაუგებარია.

"ბლოგერი" სინამდვილეში ადამიანია. ადამიანი რომელიც, იმით განსხვავდება სხვა მოქალაქეებისაგან, რომ სახელის და გვარის ნაცვლად, საქართველოს სახელმწიფოს სამეწარმეო რეესტრში, დომეინით (ანუ ინტერნეტ მისამართით) არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება "ტუსოვკას", ეს უბრალოდ რუსული სლენგია და მეტწილად შეკრებას, თავყრილობას ნიშნავს. თუმცა თავად მოთხრობის მთავარ გმირსაც გაუკვირდა, რატომ არ გამოიყენა მისი რჩეული სიტყვა "ფართი".

დილიდან საღამომდე, მოთხრობისთვის გამოსადეგი არაფერი მომხდარა, ამიტომაც შეგვიძლია განვაგრძოთ ასე:

საღამოს, მთავარმა გმირმა ბაზრობაზე ნაყიდი, იაფფასიანი რეზინის კედები ჩაიცვა, რომლებსაც წარმატებულად ასაღებდა ძვირადღერიბულ ბრენდად. ამავე პრინციპითა შეძენილი ღია ფერის, გაქექილი ჯინსი, ხოლო მაისურზე წარწერით "Who's the Daddy?", თბილი, ნაქსოვი პულოვერი გადაიცვა. ალაგ-ალაგ ჩამტვრეული კიბეები, სწრაფად ჩაირბინა და ჩაბნელებული სადარბაზოდან გარეთ გავარდა.

სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა.

- წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარი კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი.

საქმე იმაში გახლდათ რომ სპაიდერმენიც და კლოუნიც, მთავარი გმირის მეზობელს _ ქალბატონ მზიას, გამოეძახებინა საგენგებოდ, ბავშვთა გასართობ ცენტრ "ენკი-ბენკიდან", თავისი უმცროსი შვილისთვის _ ანიკოსათვის, დაბადების დღის მისალოცად.

მაგრმ ვინაიდან წინადადება საკმაოდ გრძელი და მძიმე გამოგვივიდა, უბრალოდ ვთქვათ:

მთავარ გმირს გაახსენდა, რომ დღეს ქალბატონი მზიას უმცროსი შვილის დაბადების დღე იყო, მაგრამ ვეღარაფერს გაეწყობოდა _ ტუსოვკა მალე უნდა დაწყებულიყო. მთავარმა გმირმა ტაქსი გააჩერა და კლუბ "ბნელი ღამისკენ" გაემართა.

აი, აქ კი ნამდვილად არის საჭირო, მცირე აღწერა:

კლუბი "ბნელი ღამე", ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა. მიწის ქვეშ განთავსებული დიდი დარბაზი, ადრე თურმე მეწაღეებს ეკუთვნოდათ. დღეს კი ქალაქის ერთერთ თანამედროვე კლუბად ქცეული, ხარისხიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკის გამო, იქ მცხოვრებთა მთავარ სასჯელად და სატანჯველად ქცეულიყო. თუმცა ამავე დროს ეს კლუბი იყო მათივე შემოსავლის ძირითადი წყარო, რადგან კლუბის მესვეურები ფულს უხდიდნენ მაცხოვრებლებს დუმილის სანაცვლოდ. მაცხოვრებლებსაც ერთდროულად უყვარდათ და ძულდათ იგი.

დაბალი განათება, აგურის კედლები, როგორც უკვე ავღნიშნეთ გემოვნებიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკა _ აი, ასეთი გახლდათ კლუბი "ბნელი ღამე".

როდესაც მთავარი გმირი ადგილზე მივიდა, სიტუაცია გვარიანად გახურებული დახვდა - ალკოჰოლით შეზარხოშებული ბლოგერები, მთელი ძალით აყოლებდნენ თავს კლუბურ მუსიკას. ვფიქრობ დადგა შესაბამისი დრო ავღნიშნოთ, რომ მთავარი გმირიც ბლოგერი იყო და ნელნელა კვანძის შეკვრისკენ გადავინაცვლოდ.

მთავარი გმირი პირველად ესწრებოდა მსგავს ღონისძიებას. ის თითმქმის არავის იცნობდა. არავის იცნობდა "ლაივში", ასე ვთქვათ ხელის ჩამორთმევით, თორემ ინტერნეტში ყველას ემეგობრებოდა და ზოგს ენათესავებოდა კიდეც.

მთავარ გმირს "ციყვი" გამოეგება, რომელმაც ხელი ჩაავლო და თავდავიწყებით მოცეკვავეთა შორის გავლით მაგიდასთან მიიყვანა, რომლთანაც გამართული, არც თუ ისე სასიამოვნო დიალოგი შემდეგი იყო:

- დამპალო, ვისში გამცვალე
- ვისშიც იყავი ღირსი რომ გამეცვალე
- დამპალი ხარ
- შენც დამპალი ხარ
- მე ვიცი რომ დამპალი ვარ მაგრამ შენც თუ დამპალი იყავი არ ვიცოდი
- ხო და აწი გეცოდინება

როგორც ნელნელა გარიკვა და გამოიკვეთა საქმე შემდგომში იყო:

"ჟირაფმა" ცეკვის დროს შემთხვევით ტუჩებში აკოცა "წიგნის ყდას". ეს დაინახა "წიგნის ყდის" შეყვარებულმა "სევილიანემ", რომელმაც შურისძიების მიზნით, ყველას დასანახად აკოცა "პატარა ტომის" შეყვარებულ "ჟანგს". საკუთარ თავზე და შეყვარებულზე გაბრაზებულმა "პატარა ტომმა" ჯგუფური კოცნა შესთავაზა, დიდი ხნის შეყვარებულებს _ "ორცხობილას" და "სევდას".სევდამ კიდე რატომღაც გადაწყვიტა რომ იმ საღამოს არავისთვის ეკოცნა. სამაგიეროდ ამ გადაწყვეტილებით გამწარებულმა "ორცხობილამ" აკოცა ყველას. ამასთან სამყაროთი და სხვების უგემური კოცნით იმედგაცრუებულმა ყველაზე ვნებიანად "ჟირაფი" ჩაზასა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ "ჟირაფს", "ორცხობილას" დადებული ზასოსის გამო დაშორდა "მარწყვი".


ძვირფასო მკითხველო. ვინაიდან და რადგანაც, ეგზომ ჩახლართული კვანძი ასე მარტივად და სხარტად გავხსენით, ერთადერთი რაც ახლა გვჭირდება ეფექტური ფინალია. ფინალი, რომლის მსგავსიც ჯერ არავის დაუწერია. რომელიც იქნება ძალიან ორიგინალური და განსხვავებული. რომლის არომატიც საბოლოო შტრიხი იქნება, ამ მსუყე და უგემრიელეს ამბავში, ყელის ჩასაკოკლოზინებლად და პირში დაუვიწყარი არომატის დასატოვებლად.

მგონი მოვიფიქრე:

მთავარმა გმირმა, ნაქსოვი პულოვერი გაისწორა, რომლის ქვეშაც მაისური წარწერით "Who's the Daddy?" ემოსა. ის მძიმე ნაბიჯებით აუყვა კლუბის ძველ, აგურის კიბეებს. დაცვამ კარი გააღო. ცივი ჰაერი, დიდი ხნის უნახავი შეყვარებულივით გამოიქცა გახარებული, ყელზე მოეხვია და კოცნა დაუწყო. კოცნიდა ყველგან - ტუჩებში, ყურებზე, თვალებზე, ლოყებზე, ყელზე... შემდეგ ისევ ტუჩებში.

თოვდა.

3 comments:

  1. ეუფ! სულ წავიდა "ჟირაფი" ხელიდან (და ფეხიდანაც)! :(

    ReplyDelete
  2. აი ნუ, აი აი ნუ სიტყვები არ მყოფნის რა :D :D :D ძნ ძნ ძნ მაგარია :****

    ReplyDelete
  3. რაც მთავარია კვანძი გაიხსნა :დ

    ReplyDelete