Tuesday, February 15, 2011

წინაპრები

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით. სიამოვნებით და ნეტარებით გვევსება სული, როდესაც უძველეს ტაძრებს ჩავუვლით. როდესაც ვიხსენებთ, როგორ მოდიოდა ერთ ქართველზე ათი ურჯულო, როგორ ვამარცხებდით მათ ბრძოლაში, როგორ გვამარცხებდნენ ისინი და მაინც არ ვტყდებოდით _ ვიყავით უდრეკნი და შეუვალნი.

მართლაც, დიდი დამსახურება მიუძღვით ჩვენს წინაპრებს, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ჩვენ ვართ, გადარჩა და მეტიც _ ნატოში შესვლაზეც კი აცხადებს პრეტენზიას!

დღეს უაზრო ფიქრებს გავყევი "ლინკების" კვალდაკვალ _ მეც მინდა რომ ჩემმა შთამომავლებმა მომიგონონ, მეც მინდა სიამაყით აევსოთ გული, მეც მინდა ჩემით იამაყონ _ დავასკვენი ფიქრების ბოლოს.

წარმოვიდგინე, წლებისა და საუკუნეების შემდეგ როგორ მოგვიგონებენ ჩვენი შთამომავლები.


მე მინდა, ჩემმა შთამომავლობამ თქვას: ჩვენი წინაპარი, რომ სტატუსს დადებდა, ათასი კაცი "ულაიკებდაო".

მე მინდა, რომ ჩემმა შთამომავლობამ იმ დროისთვის გვარიანად მოძველებული და ობმოდებული HTML ფაილები მოწიწებით გახსნას, შიგნით ჩაიხედოს და თქვას: ეს რა კოდი დაუწერია ჩვენს წინაპარსო.

სიამაყით აღნიშნოს: ჩემი წინაპარი ქალიშვილობის ინსტიტუს ებრძოდაო.

იგონებდნენ: ჩვენს წინაპრებში, ერთი სიმღერის ლინკი ცხრა ფრენდმა გაიყოო.

ყოველთვის ახსოვდეთ და მოიგონონ: ჩემმა წინაპარმა უკან დასახევი გზა ჩაიხერგა და ფეისბუქის პროფილი წაშალაო.

ჩვენი წინაპარი რომ 5+ დაწერდა "ოდნოკლასნიკზე", ათიანს უდრიდაო.

ჩემს წინაპარს შეეძლო, პაროლი არ ჩაეწერა და ფეიბუქზე ისე შესულიყოო.

კაცი არ იყო დედამიწის ზურგზე ტვიტერში, ჩემ წინაპარას "ადევნებას" რომ გაუბედავდაო.

ჩემი წინაპარი მოყვარეს "ლაიკით" ხვდებოდა და მტერს "დისლაიკითო".

ჩემს წინაპარს ცალ ხელში მაუსი ეჭირა და მეორეში კლავიატურაო.

ჩემმა წინაპარმა შექმნა forum.ge, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ახლაც არსებობსო.


მერე, რომელიმე ვირტუალურ სახინკლეში ციფრული ხინკლის სურნელითა და ჭაჭის არაყით კარგად შეზარხოშებული თამადა ოფიციალურ ტონს გვერდით გადადებდა და იტყოდა _ იმ ხალხს, ჩვენ რომ გადავრჩენილიყავით და არ გადავშენებულიყავით, ერთმანეთთან ხახუნი და ათასი წვალება ჭირდებოდათ. ასე შრომით და ოფლით მოვედით დღემდე. ჩვენ კიდევ ენტერზე ხელის დაჭერა გვეზარება, რომ გავმრავლდეთ... მოდით, ყველა ახლად დაინსტალირებული პროგრამის სახელით სიცოცხლეს გაუმარჯოსო.

3 comments:

  1. :D:D:D:D:D
    ნეტა ჩემი წინაპრები კი არადა, შთამომავლები რას იტყვიან?

    ReplyDelete
  2. აბა, ეგ მე საიდან უნდა ვიცოდე :))))

    ჩემი ვიცი რასაც იტყვის :)))

    ReplyDelete
  3. საინტერესო სანახავები იქნებიან მთელი ღამე ინსტალაციაში გათანგული ჩვენი შთამომავლები :DDD

    ReplyDelete