ეს ისეთი ამბავია, წესით მესამე პირში უნდა ვყვებოდე, მაგრამ თავად ავტორის, ჩემი მეზობლის და კაი კაცის _ ბატონი ჟირონის თხოვნით, რომელიც სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ამბავს პირველ პირში გიამბობთ.
***
ახლა ვხვდები, ადამიანი სიკვდილის შემდეგ რატომ არის უკვდავი. ეს, პირველი ყოფილა რთული _ სანამ არ იცი რა გელოდება, რა არის "იქეთ". თურმე სად ხარ... ერთხელ თუ იგემე ეს ზღაპრული შეგრძნება, მერე ყოველწამს სიკვდილს ინატრებს კაცი, მარა სადღაა _ უკვე უკვდავი ხარ. სწორედ ამ დროს მივხვდი რომ ცხოვრება აქეთაც და იქეთაც უკუღმართადაა მოწყობილი.
არა და იმ დღეს, ისე გემრიელად მეძინა: მწვანე მინდორზე ნედლი მიწის სუნს მსუბუქად დააქროლებდა სიო. თეთრი პეპლები ანაზდად დაფარფატებდნენ ჰაერში. ბალახში წამოწოლილი, გვირილებისგან მეორე გვირგვინს ვწნავდი. მეორეს-მეთქი ვამბოს _ პირველი თავზე მეკეთა და ისე გამახალისა, მაიმუნობა მომინდა და მეორე, უფრო დიდი გვირგვინის დაწნა ჩემი პატივცემული ღიპისთვის დავიწყე, უამრავი პეპელა რომ ეხვია თავს. სადღაც შორიახლოს ნაკადულის კრიალი ისმოდა...
- ჟიროოოოოოონ - შეიკივლა ჩემმა შეშლილმა ცოლმა
- რა მოხდა, ქალო - წამოვარდი საწოლიდან ნიფხავის ამარა
- მოკვდი შე უბედურო?
- მოკვდა შენი მტერი
- ეს რა მიქენი ბიჭო? - შემაცოდა თავი ცოლმა
- არ იტყვი ქალო რა ჭირი გეტაკა? - შევუღრინე ცოლს.
ჭირი მას კი არა თურმე მე მეტაკა _ რა ვიცოდი და თურმე ნიფხავით ჩემი სული წამომხტარა საწოლიდან. სხეული კი არაფრით განსხვავებული და შეიძლება ითქვას, თითქმის ანალოგიური, უბრალოდ იმქვეყნიერ ნიფხავში გამოწყობილი იწვა საწოლზე და "ეძინა". აი, სულ ეს იყო განსხვავება.
- არიქა ხალხოოო, მეზობლებო მოდიიიით - შეყარა ცა და მიწა ჩემმა ქოფაკმა
- რას შვები ქალო, მაცადე შარვალი მაინც ამოვიცვა, ნიფხავით ხო არ დავხვდები ხალხს - ვყვიროდი მე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვისღა აინტერესებდა შენი სულიერი ჟირონი? ყველა იმ ხორციანს დასეოდა თავზე.
ოთახმა ნელნელა მეზობლებით დაიწყო გავსება. სიჩქარეში სხვა რო ვერაფერი ვნახე, შკაფიდან დუბლიონკა გამოვიღე და მოვიცვი. მაგრამ მალე მივხვდი რომ არც არავის ესმოდა ჩემი და ვერც ვერავინ მხედავდა. მზემ კარგად რო მოუჭირა და მოადგა ფანჯარას, სანამ ოფლი წურწულით წამომივიდოდა დუბლიონკა გავიხადე და ვიდექი ასე ნიფხვით და სახეზე ვინიავებდი.
დაფაცურდნენ მეზობლები, გაქანდნენ ქალაქში და ლედნიკი მოაგრიელეს. ძალიან კი მესიამოვნა _ ყველაზე ძვირიანი ლედნიკი უქირავებიათ რაჟდენასგან. კი იყო სასახლესავით. რო შეხედავდი შიგნიტ ჩაწოლა მკვდარს კი არა ცოცხალს მოუნდებოდა. ისე ჩამოცხა ძლივს ვიდგამდი სულს _ გაგიხმეთ ეგ თავი, მკვდარია მაგი უკვე, რად უნდა მაგას გაგრილებამეთქი - ვფრუტუნებდი ჩემთვის სიცხისგან გათანგული. მაგრამ სიცხე არაფერი. მერე დაიწყო რაც დაიწყო _ რომ მცოდნოდა ამქვეყნიური ყოფა როგორი სახალისო არის, აქამდეც დიდი სიამოვნებით მოვკვდებოდი.
თავიდან, სანამ გონს მოვეგებოდი, ის მესიამოვნა და მეამა, რომ ჩემმა ცოლმა იმდენი მეფერა და ისეთი ტკბილი სიტყვები მითხრა, მთელი ცხოვრება ერთად აღებული რომ არ მომფერებია და უთქვამს. ერთი კი მაწუხებდა_ "შენი ასე და ასე, ამდენი ფერება თუ იცოდი, წყევლა-კრულვაში რას გამატარებიე ცხოვრებამეთქი" რო შევაგინე გემრიელად და რომ ვერ გაიგო. იმან, ვერ გაიგო მაგრამ მე კი შევაგინე და მოვიფხანე გული _ ასე რომ არც ეგ იყო დიდი პრობლემა.
მერე მივხვდი, რატომ აღიარებენ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ. იმიტომ, რომ სიკვდილის დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს, ვინც არ იცნობდა, მის განვლილ ცხოვრებას ეცნობა, ვინც იცნობდა კიდე შემაჯამებელი სიტყვით გამოდის დამსწრე საზოგადოებასთან.
მარტო ის რად ღირდა, ამ გაგანია სიცხეში ნიფხავით რო შემეძლო ამხელა კაცს სიარული. სიარულითქო კი ვამბობ მაგრამ აღმოვაჩინე რომ სინამდვილეში დავფრინავდი. ისე დავლილივებდი ჰაერში ამ ჩემი თეთრი ნიფხავით, როგორც ბაბუაწვერა.
მაგრამ სიკვდილის ყველა სიკეთესთან ერთად, განსაკუთრებულად სამძიმრებმა და პანაშვიდებმა გამახალისა. არიქა, ჟირონი მომკვდარაო, ჩემს ჭიშკართან ხალხის ტევა აღარ იყო. ვინ აღარ მოდიოდა. ჩემი შორეული ნათესავებიც კი ჩამოვიდნენ ასტრახანიდან.
დასამალი რა არის და უმეტესობას სახეზე ვერ ვცნობდი, მაგრამ ახლობელიც ბევრი იყო. მოვიდოდნენ, საპატიო წრეს მოარტყამდნენ და მერე დადგებოდნენ ეზოში ჯგუფჯგუფად _ სკოლისდროინდელი მეგობრები ცალკე, უნივერსიტეტისა ცალკე... აივიდან რომ გადმოვხედავდი ეზოს, შეიძლება ითქვას მთელს ჩემს ცხოვრებას ვხედავდი ჯგუფჯგუფად.
იდგნენ და იხსენებდნენ ძველ ამბებს, თავადაც გულიანად ხარხარებდნენ და მეც გულიანად მახარხარებდნენ. ყველაზე ხალისიანები მაინც ჩემი ტრესტის ბიჭები იყვნენ. რა აღარ გაიხსენეს: რეგისტრაციაში ხეტყით დატვირთულ ცარიელ სატვირთო ვაგონებიდან დაწყებული, ლიმონათის ქარხანაში ტონობით მოპარული კონიაკით დამთავრებული.
ერთერთ ამბავზე კი ისე გამეცინა რომ კინაღამ გავცოცხლდი.
ოთხმოციანი წლებია და მე დამნიშნეს კონიაკის ქარხსნის დირეკტორად. ჩვენი ქარხანა ძირითადად საექსპორტო კონიაკს აწარმოებდა და მკაცრ აღრიცხვაზე იყო აყვანილი. ყველა მაფრთხილებდა _ თავს ნუ დაიღუპავს ჟირონ, რა გინდა კონიაკის ქარხანაშიო, მაგრამ გულში ვამბობდი _ მე არ ვიყო ჟირონ პაპასკირი, ამ ქარხანაშიც თუ არ ვიშოვო დიდი ფული-მეთქი.
ნელნელა დავიწყე კონიაკის ძირითადი და ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტების შემცირება, უხარისხო სპირტისა, ხელოვნური საღებავებისა და წყლის ხარჯზე. მადა ჭამაში მოდისო და ერთხელაც ცოტა ზედმეტი მომივიდა. კონიაკს "საექსპორტო" კი ერქვა მაგრამ ვის რა ჭირად უნდოდა ჩვენი მჟავე კონიაკი. ასე პირობითათ ერქვა, თორემ ისევ ჩემნაირი თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად თუ ქვეყანას პარავდი ცოტა-ცოტას, რათქმაუნდა ამაზე არავინ არაფერს ამბობდა, რადგან ყველა ასე იქცეოდა. მაგრამ საექსპორტო კონიაკი იყო _ პრაქტკულად ჩემნაირებს ვაკლებდი და ვპარავდი, რაც ვერ მაპატიეს.
დამიბარეს მოსკოვში. ხარისხის ლაბორატორიას მაშინ ხელმძღვანელობდა იგორ პეტროვიჩ წიმოფეევი. ოჰ, საბჭოთა კავშირის ხარისხის ლაბორატორიის გამგეობა დიდი თანამდებობა იყო იმ დროს. მოკლედ არ იყო პატარა კაცი.
ბატონ კლიმოვს განსაზღვრულ დროს ვეახლე კაბინეტში. მართალია იგორ იაკობოვიჩი თანამდებობის პირი გახლდათ მაგრამ "ჩარტყმა" და ქალები მასაც უყვარდა. მისი ეს სისუსტე კარგად ვიცოდი ჩემი მეგობრისგან - ჟორასგან.
ჟორჟიკა რუსი-ებრეელი იყო. ადრე ერთად ვაკეთებდით ფულს არმატურებში. მან ყველაფერი იცოდა და ყველას იცნობდა. კარგი ბიჭი იყო და საძმაკაცოც კარგი ყავდა. როდესაც დავურეკე "ჟორიკ, პეტროვიჩი მიბარებს, მიშველე რამეთქო", ნუ გეშინიაო დამამშვიდა.
მართლაც, ჟორიკამ იშუსტრა და პოდმოსკოვიე დიდი აგარაკი დამახვედრა ნაქირავები.
გეგმის თანახმად, პეტროვიჩი უნდა დამეპატიჟებინა პოდმოსკოვიე, დაჩაზე. ასეც მოვიქეცი: ვუსმინე ერთხანს პეტროვიჩის საყვედურებს და ხელსაყრელ მოენტში დელიკატურად დაჩაზე დავპატიჟე: იგორ წიმოფეევიჩ, იქნებ მესტუმროთ დაჩაზე, ცოტას ვითევზავებდით, ცოტას დავლევდით და ვისაუბრებდითქო.
მდინარე კი ჩამოდიოდა იქვე, მაგრამ იმ ყინვაში ვინ ოხერი ითევზავებდა. წიმოფეევს უმაღლესი ხარისხის, ჟორიკას არალეგალურად მოპოვებული "იმპორტული" კონიაკი (რომელიც რათქმაუნდა ჩემი ქარხნის ბოთლებში გადავასხით) და ტვირცილა გოგოები დავახვედრეთ. კაი ვჭამეთ, კაი ვსვით, საწოლში გატკიცინებული გოგო და ჯიბეში კი ტკიცინა ფულის პაჩკები შევუცურეთ ბატონ იგორს.
მეორე დღესვე, წიმოფეევის განკარგულებით ჩვენს პროდუქციას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდა და უმაღლესი სორტის კონიაკადაც დასახელდა.
წიმოფეევი დაუვიწყარი ღამის შემდეგ, კიდევ დიდხანს დაძვრებოდა თურმე იმ გოგონასთან. მე საპატიო ჯილდო მომცეს, რამდენიმე წლიანი პატიმრობის ნაცვლად. ჩემის მხრივ კი ჟორიკას, კონიაკით დატვირთული ოთხი ვაგონი ვუგრევე.
- ეჰ, რა ქვეყანა დავანგრიეთო _ ამოიოხრებდა ვინმე. ეჰ, ნუ იტყვი ნუ იტყვიო _ მიცემდნენ სხვები დამწუხრებულ ბანს და ახალი ისტორიის მოყოლას იწყებდნენ. ასე სიცილ-ხარხარში მიმდინარეობდა ჩემი პანაშვიდები.
რაღა დაგიმალოთ და სანამ ცოცხალი ვიყავი პანაშვიდებს ვერ ვიტანდი. ოღონდ კოსტუმში არ გამოვწკეპილიყავი, ყვავის-ჩხიკვის-მამიდისთვის წრის დასარტყამად და თუ გინდა ყანა მეთოხნა მთელი დღე.
არა და საკუთარ პანაშვიდზე მივხვდი სწორედ, თუ რა ძლიერ ვცდებოდი და რამდენს ვაშავებდი სამძიმარ-პანაშვიდებისადმი ბოიკოდის გამოცხადებით. ჭორები, ძველი თუ ახალი ამბები, ანეგოტები _ გასართობი ნამდვილად არ მაკლდა.
ამ სიცილ ხარხაში საკუთარმა სამძიმარ-პანაშვიდებმა ისე ჩაიარა რომ ვერც კი გავიგე. აი, დაკრძალვა კი ნამდვილი ზეიმი იყო. ასე გემრიელად ჩემს ძმა ბიჭებთან დიდი ხანია არ მიქეიფია. მართალია ღვინოს ცოტა სიტკბო დაკრავდა, მაგრამ ეგ არაფერი.
მოკლედ, სიცოცხლეში არ მიმხიარულია და დრო არ გამიტარებია ისე, როგორც სიკვდილიდან ერთ კვირაში მოვასწარი. ზემოთაღნიშნულმა ფაქტმა და წარსულის შეცდომებმა, მაიძულა გადამედგა ეს ნაბიჯი _ ანუ დავსიზმრებოდი ჩემს მეზობელს, რათა გავაკეთო უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება. სრულიად მიცვალებულთა კავშირის სახელით მსურს მოგიწოდოთ ცოცხლებს, იაროთ და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა, ჭირისუფლების მიერ ორგანიზებულ პანაშვიდებზე, სამძიმრებზე და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებზე. თქვენთვის შესაძლოა არაფერი, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა.
მარად თქვენი ჟირონ პაპასკირი.
***
აი, ბატონო ჟირონ _ მე, ნათლად და პირწმინდათ შევასრულე თქვენი მოთხოვნა. სიტყვა, სიტყვით მოვყევი ყველაფერი რაც თქვენ მიამბეთ, თანაც ზუსტად ისე როგორც მთხოვეთ _ ანუ პირველ პირში. იმედი მაქვს რომ თქვენც დაიცავთ ვაჟკაცის სიტყვას _ არ დაესიზმრებით ჩემს საცოლეს _ მაყვალას და არ მოუყვებით, რომ წუხელ ღამით, სამსახურში კი არა, ძმაკაცებთან ერთად ვიყავი _ ბოზებში.
კარგი იყო,ძალიან მომეწონა პოსტი,კარგად ვიხალისე.
ReplyDeleteყველზე სევდიანი ამბავიც კი შეიძლება საინტერესოდ მიაწოდო :)
მადლობა ქეთუსი :))
ReplyDeleteამ გახსენებაზე, ბარემ ხომ არ მომეხრჩო ჩემი 3 წლის წინ დაწყებული პოსტი პანაშვიდებზე და გასვენებებზე? :D
ReplyDeleteმადლობა ქეთუსი :))
ReplyDeleteამ გახსენებაზე, ბარემ ხომ არ მომეხრჩო ჩემი 3 წლის წინ დაწყებული პოსტი პანაშვიდებზე და გასვენებებზე? :D
ReplyDelete