Friday, October 14, 2011

მეთევზე ჭორვილადან

პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რუსეთში მოღვაწე ვიღაც თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ სამშობლოს, საქართველოს დაბრუნებოდა და მისთვის დაეხარჯა ძალა და ენერგიაც. მახსოვს, მისი ეს გადაწყვეტილება როგორც კი შეიტყო, მამაჩემს ძალიან გაუხარდა _ ალბათ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს და რისთვისაც მოდის საქართველოშიო.

შემდეგ მახსოვს ომი თბილისში. დანგრეული პარლამენტის შენობა. გვარები: კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი. მახსოვს, ხალხი დანაწილდა "ზვიადისტებად" და... და ალბათ სხვა დანარჩენად, რადგან მე მხოლოდ სიტყვა "ზვიადისტები" დამამახსოვრდა. მახსოვს, როგორი დამწუხრებული იყო მამაჩემი. კიდევ ჩემი ზვიადისტი მეზობელი, რომელიც მგონი მთელი ცხოვრება ნიშნისმოგებით აყვედრიდა მამას _ "ჰა, როგორ იყო რომ ამბობდი, ხუთი თითივით ეცოდინება შევარდნაძეს რა უნდა გააკეთოსო?" ერთ მშვენიერ დღეს მახსოვს პირველ არხზე გაჩენილი ყვითელი ფერის კლაკნილი ხაზი, წარწერით "ელვა ინფორმაცია". როგორც ტელევიზორით გვამცნეს, აფხაზეთში ომი დაიწყო. ნათლად მიდგას თვალწინ ერთმანეთს ჩახუტებული დედმამა და მორიგი ელვა შეტყობინება _ სოხუმი დაეცაო.

კიდევ გზადაგზა იყო ომები ცხენისწყალთან, ჩვენი წასვლა ბათუმში, შუშებდამსხვრეული ჩემი სახლი და მეზობლების და სახლში დარჩენილი მამაჩემის და ბებიის მოყოლილი ისტორიები: ხონიდან მომავალი "შევარდნაძის ჯარი", ზუსტად "სელსტროის" წინ შეეფათა "ზვიადის ჯარსო". თურმე ქუჩა სავსე იყო ახალგაზრდა ბიჭების ცხედრებით, უკიდურესად გაჭირვებული ხალხი კი ამ დროს სახლისკენ ჯარისკაცების სატვირთო მანქანიდან გადმოყრილ შაქრისა და ფქვილის ტომრებს ეზიდებოდა.

შემდეგ დიდი არაფერი. სიჩუმე იყო. ქუჩის სიწყნარეს მხოლოდ საღამოს აყიყინებული ბაყაყები და შიგადაშიგ ერთადერთი, "მხედრიონელის" "უცხოური მანქანა" თუ დაარღვევდა. ერთადერთი, რადგან სხვებს, ანუ ჩვეულებრივ მოკვდავებს, მათ ვისაც ავტომატი არ ქონდა აკიდებული და მხედრიონელების რიგებში არ ეწერებოდნენ, მანქანები საგულდაგულოდ ყავდათ სახლებში გადამალული.

დრო გავიდა, შევარდნაძემ ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირება კი შეძლო მაგრამ მაშინდელ პერიოდს სხვას ვერაფერს დავარქმევ ვიდრე, შევარნაძისგუნდისავე მოგონილ ერთადერთ უსუსურ PR გამოთქმას _ "სტაბილურობა". დიახ, ეს იყოს "სტაბილურობის", უმოქმედობის, კორუფციის ხანა. უშუქობა, მშიერი ჯარი, ორ ლარად მოქრთამული საგზაო პოლიცია, დანგრეული და გაჩანაგებული ინფრასტრუქტურა. თუმცა უამრავი პოლიტიკური თოქ-შოუ, სხვადასხვა ტელეარხები და აზრის გამოახატვის სრული თავისუფლება.

მოცემულმა თავისუფლებამ ჯერ შექმნა სხვადასხვა ტელეარხები, ჩამოაყალიბა სხვადასხვა პოლიტიკოსები, საზოგადოებაში გააჩინა პოლიტიკური მსჯელობისა და ანალიზის გარკვეული უნარჩვევები. ბოლოს რადიო 105, თავისი გია ჭანტურიათი, შალვა რამიშვილითა და მიშა მშვილდაძით. დარდუბალა. ხელისუფლებას ხმამაღლა დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილი. მოგვიანებით მოძრაობა კმარა, აგრეთვე ოპოზიციაში გადასული ზურაბ ჟვანია. შიშის არ ქონამ საზოგადოებაში, განცდამ, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებს არავინ დაუჩეჩქვავს თავს ხელკეტებითა და ესვრის ტყვიას და კიდევ მრავალმა სხვა ფაქტორმა განაპირობა ხელისუფლების უმტკივნეულო ცვლა.

ხალხი ისე იყო დაღლილი და ისე სურდა ცვლილებები, რომ ოღონდ შევარდნაძე წასულიყო და სულ არ აინტერესებდა შემდეგ რა მოხდება. ზუსტად ეგ ფრაზა გამიგია კიდეც, ვარდების რევოლუციის იმ დაძაბულ და მართლაც დრამატულ დღეებში, როდესაც ხალხი პარლამენტის წინ იდგა და წვიმაშიც კი ღამეებს ათენებდა.

შემდეგ იყო რევოლუცია - უბრალო ნამდვილად არა. რბილი, ბარხატოვანი, ამაღელვებელი. კარგი განათებით, ქართველი კაცისთვის ტანშიჟრუანტელდამვლელი მუსიკალური გაფორმებით _ 'მაგრად დაჰკარი'. ცნობილი შევარდნა პარლამენტში, ტრიბუნაზე და მაგიდებზე ავარნდილი "კმარას" მოწინავე აქტივისტები, მაგიდაზე მაგრად დაკრული სპიკერის ხის ჩაქუჩი და ბორჯომის ბოთლები. ხო, კიდევ იყო "ჩაი" და თეთრმიანი მოხუცი, რომელმაც ძალიან მშვიდად თქვა _ "სა-ხლში".

მიუხედავად იმისა რომ მაშინ რეჟიმის ცვლა მამაჩემს ძალიან გაუხარდა (ზურაბ ჟვანიას მიმართ ჰქონდა დიდი სიმპატიები და იმედიც) მალევე აფორიაქდა - არ შეიძლება ერთმა ადამიანმა 99%-ით გაიმარჯვო არჩევნებშიო. აი, ნახავთ ასე თუ გაგრძელდა ესენი შევარნაძეზე უარეს იზამენო.

მალე ყველაფერი მართლაც რადიკალურად შეიცვალა. ქვეყანაში ერთის შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი და კონტრასტული აქციები დაიწყო. ძეგლებისა და შადრევნების გადატან-გადმოტანა, ქვაფენილების აყრა-დაგება, ხალხის გაუფრთხილებლად გამოსახლება საცხოვრებლიდან, სხვადასხვა "უკანონო ნაგებობების" მეპატრონის გაუფრთხილებლად და ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე ნგრევა. თანაც "ახალგაზრდა ხელისუფლება" ნებისმიერ "რადიკალურ რეფორმას", აბსოლუტურად თვითდაჯარებულები იწყებდნენ. მაგრამ ხშირად დაგებული ქვაფენილისა და მრავალათასიანი შადრევნების მსგავსად, დემონატაჟს უკეტებდნენ. მათი მსგავსი თვითდაჯერებულობა გასაკვირი ნამდვილად არ იყო. 99%-ით გამარჯვებულებს საპირწონე არ ჰყავდათ. არა და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას მთელ ტვირთს თუ ცალ ხელში დავაჭერინებთ, ის აუცილებლად დაიღლებ. დაიღლება და ტვირთიც დაძლევს, თავისკენ გადახრის და წაიყვანს. რაგინდ შეეცადოს, ასეთ ადამიანს გაუჭირდება სწორად სიარული. სიარული ცალ ხელში ტვირთით _ საპირწონის გარეშე.

ჩვენი ვარდების რევოლუციის დროს არჩეული ხელისუფლებაც ძალიან დაიღალა. დაიღალა და უამრავი შეცდომა დაუშვა. აკრძალული სატელევიზიო დებატები, დაუსჯელი მკვლელობები, 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, კიდევ არაერთგზის მოტყუებული (გინდათ მთავრობის და გინდათ ზოგიერთი "ჯიგრულად-შემგინებელი" ოპოზიციონერის) ქართველი ხალხი. დარბევები, მასიური დაჭერები. აბსოლუტურად გაკონტროლებული ყველა მედია საშუალება. უკიდურესად გაჭირვებული ქვეყნის სრული უმრავლესობა. უამრავი დევნილი.

მაგრამ მეორეს მხრივ ახალგაზრდა ლიდერი, დემოკრატიის შუქურა, სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების მიმართ ლოიალურად განწყობილი კანომდებელი. აღარ გავაგრძელებ.

დღეს ქვეყანა ძალიან მაგონებს ანტიბიოტიკებით და ტკივილგამაყუჩებლებით გაჭყეპილ ორგანიზმს, რომელიც გარენგნულად თითქოს კარგად გამოიყურება მაგრამ შიგნიდან ლპება. ლპება და ვერც კი გრძნობს ნორმალურად რომ ავად არის. ნაცვლად ამისა აღაჟღაჟებული ლოყებითა და მხიარული თვალებით მისჩერებია ტელეეკრანებიდან გადმომდინარე სხვადასხვა "ლაით" გადაცემებს. ცხოვრობს და კვდება უდარდელად, რადგან პატრონი ტკივილგამაყუჩებელ PR ტაბლეტებს ნამდვილად არ აკლებს.

სწორედ ამ დროს ჩნდება ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი უდიდესი კაპიტალით, ხალხში სწორედ საქმით მოპოვებული ავტორიტეტით, დადებითი რეპუტაციით და აცხადებს რომ ბრძოლას უცხადებს ყველას და ყველაფერს ვისაც კი ქვეყნის დაავადებამდე მიყვანაში ედება ბრალი, რადგან თავადაც ამ ორგანიზმის ნაწილია.

სიმართლე გითხრათ მისი პირველი განცხადება, რომ წავიკითხე გამიხარდა. თითქოს დახუთულ ოთახში ოდნავ შეაღეს ფანჯარა და იქედან სუფთა ჰაერი გადმოიღვარა. მის შესახებ ცოტათი ადრე ვიცოდი, ვიდრე სამების ტაძარის აშენების შემდეგ ჩურჩულით წარმოთქვამდნენ მის სახელსა და გვარს _ ის სრულიად უანგაროდ, ჩემთვის ძალიან ძვირფას ერთერთ პედაგოგს ფინანსურად ეხმარებოდა.

გამიხარდა არამხოლოდ იმიტომ, რომ მისი მიმართვები აბსოლუტურად გულწფრელი და მართლაც ღია მომეჩვენა ამ სიტყვის ყოველგვარი გაგებით, არამედ იმიტომაც, რომ არსებულ ხელისუფლებას საპირწონე გამოუჩნდა.

თუმცა, მსუბუქმა ეიფორიამ გადამიარა თუ არა დავფიქრდი _ რა ხდება დღეს? კიდევ ერთხელ ხომ არ გვესახება ქართველებს ციდან დაშვებული მხსნელი ანგელოზის იმედი? მართლაც ასეთი კარგი მენეჯერია ეს ადამიანი? და იქნებ კარგი მენეჯერია მაგრამ საშინელი პეზიდენტი? იქნებ იმპერატიული მართვის სტილი მოსწონს, რაც კომპანიაში ამართლებს, სადაც ხალხს მუშაობაში ფულს უხდიან, მარგამ მე ნამდვილად არ მინდა საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება, მაღალანაზღაურებად სამსახურად გადამექცეს. იქნებ და მართლაც არის "რუსეთის აგენტი"?(კარგი, ვიხუმრე). კიდევ ერთხელ ხომ არ ვაკერპებთ ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს და ხომ არ ვცდილობთ მთელი სიმძიმე მას ავკიდოთ ცალ მხარზე? არა და ისეთი პირი უჩანს, საპირწონეც კი არავინ არის.

გულწრფელად არ მინდა, ეს ადამიანი ფანატიკოსთა და მასზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთა გარემოცვაში მოექცეს. მინდა, რომ მას ყავდეს ღირსეული (პალიკო კუბლაშვილებსა და მისთნაირებს არ ვგულისხმობ) ოპონენტები, კრიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკური კარიერის პირველ ნაბიჯებზე იქნება თუ შემგომში, არ მოაკლებენ კრიტიკულ აზრს. ძალიან მინდა რომ აღფთოვანებულმა გუნდის წევრებმა ტაში კი არ დაუკრან თუ დაულაიკონ მომდევნო "პოსტი", არამედ ურჩიონ რომ შემდეგში არც თუ ისე მცირე ზომის მიმართვაში, შალვა რამიშვილი კი არ მოიკითხოს და გონებაში შემორჩენილი დარდუბალას რომელიმე სერია კი არ მოუყვეს, არამედ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთოს აქცენტი ან სულაც გაუფრთხილდეს მკითხველის მისდამი დიდ ინტერესს, დროს და მცირე ზომის მიმართვები გაავრცელოს.

დასასრულს კი მინდა ვთქვა, რომ ამ პოსტს ნამდვილად არ ვთვლი სრულიად სახალხო "ღიაწერილებისეულ" ისტერიაში ჩართვად. ვთვლი რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ სხეულში მომხდარი ცვლილებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე რა ხდება ქვეყანაში. რა ხდება და რა მსურს რომ ხდებოდეს. ქვეყანას ხომ საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანი ქმნის.

მანამდე კი დაველოდოთ, რას იზამს ერთი უბრალო "მეთევზე" ჭორვილადან, რომელსაც ხშირად საყვედურობდნენ თევზის ნაცვლად ანკესი მოგვეციო, მან კი იმ ტბის (თუ ჭაობის?) გაწმენდა და მოვლა-პატრონობა გადაწყვიტა, სადაც ახლა თევზი ნამდვილად არ დაიჭირება.

ისე, კი ძალიან მაინტერესებს _ ნეტა, ახლა რას იტყოდა მამაჩემი.

11 comments:

  1. Lashuka, nichieri xar da dzalian kargad ambob satkmels :)
    Me imedi makvs am adamianis da vpikrob, rom gaamartlebs chvens imedebs :)

    ReplyDelete
  2. რაღა დაგიმალო და იმედი ამ კაცის მეც მაქვს... ჩვენი, ანუ ართველების იმედი არ მაქვს თორე :))

    ReplyDelete
  3. მამაშენი არ ვიცი რას იტყვის, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე მიმოხილვა გამოგივიდა :)
    PS რაც შეეხება ბიძინას ... ქართველები მიდრეკილები ვართ მოვიწყოთ ცხოვრებ სხვის ხარჯზე და ჩვენ კი უბარლოდ მაყურებლები ვიყოთ. ვერავინ გვიშველის, მანამ სანამ საკუთარ თავზე, ძალებზე დამოკიდულებას არ გამოვიმუშავებთ ერი.

    ReplyDelete
  4. ქეთი says
    მამაჩემი ნეტა რას იტყოდათქო - ის გარდაცვლილია. სამწუხაროდ, თორე ახლა ბევრს, ბევრს ვისაუბრებდით ამ ყველაფერზე :)

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. ცოტა კი დაგიგვიანდა ეიფორიიდან გამოსვლა, შენი გაქანების ადამიანს, მაგრამ კითხვის დასმის აუცილებლობას რომ ხედავ, ეს უკვე ძალიან მახარებს.
    იქნებ კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ვისაც შენსავით ლოგიკურად და კრიტიკულად მოაზროვნედ ვთვლი, მოახერხოს ეიფორიიდან გამოსვლა, უახლოესი წარსულის გახსენება და იმ კითხვების წინასწარ დასმა, რისი საშუალებაც მერე, ვეჭვობ, რომ, აღარ გვექნება :))

    ბალანსს საზოგადოება ადგენს, - პათოლოგი ზვიადისტები, შევარდნაძისთვის აეროპორტში დამჩოქებლები, ამბიციური მიშისტები, ბნელი ბიძინისტები, შუაშისტები, რომლებსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, საით უფრო თბილა.. ჩვენ ვწყვეტთ და პასუხისმგებლობაც ჩვენზეა.

    თუ გაინტერესებს რა ხდება შენს ქვეყანაში, ნახე ეს ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=7djpxXNL_YA&feature=youtu.be

    ReplyDelete
  7. ძვირფასო დოლორეს... დამიგვიანია? ეს პოსტი დაიწერა ივანიშვილის პირველი წერილების შემდეგ. ნახე თარიღი :)

    FRIDAY, OCTOBER 14, 2011

    ReplyDelete
    Replies
    1. ვნახე და ვითხოვ შენდობას. ჩემს ვოლზე დღეს დაშეარდა :))

      Delete
    2. შემინდვია :)))
      თუ მოგიტევე :) თუ როგორც არის :)

      მადლობა გაზიარებისთვის...

      Delete
  8. ძვირფასო დოლორეს, ნახე პოსტის დაწერის თარიღი :)

    FRIDAY, OCTOBER 14, 2011

    ReplyDelete
  9. ს ბიჭი კიდე ჩემს თვალში არის აბსოლუტური ნული.

    აი, მას ერგება ჩემი ერთერთი სტატუსი:

    არჩევნები რომ ჩაივლის შემდეგ დავწერ ერთ პოსტს:

    1. ხალხზე, "პროგრესული ექსკურსის" მქონეებზე, რომლებიც თვლიან რომ "ყველა @ლეა" და ცუდს და უარეს შორის, უარესი ჯობია, ან აღიზიანებს ეს "ბრბო ერი" (ანუ უმრავლესობა აღიზიანებს ასეთ ტიპებს ყოველთვის _ "პროგრესულობას" კარგავენ და იმიტომ) და შესაბამისად (ლოგიკა->) ბიძინაა "@ლე"

    2. ხალხზე, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირებულ კანტორებში (კერძო) მუშაობენ და კბილებით უჭირავთ 5 ნომერი

    3. ტიპები რომლებიც სისტემაში არიან, იქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ

    4. ტიპებზე, რომლებიც არსად არ დგანან, მაგრამ "მიშა მაინც რაღაცნაირად საყვარელია"

    5. იმათზე ვისაც ქურდების დაბრუნების, არა თუ ეშინიათ, არამედ იმაზე მეტად სჯერათ, ვიდრე პაატარებს თოვლისბაბუა

    6. ტიპებზე რომლებსაც სინდის-ნამუსი აქვთ გადარეცხილი, ვეღარ გრძნობენ ვერაფერს, არაფერი აწუხებთ და ცოცხით ხელში (მოსამართლისთვის ეს ცოცხი ჩაქუჩია, რომლითაც განაჩენს ადასტურებს, ვიღაცისთვის კალამი, ვიღაცისთვის მიკროფონი.) ემსახურებიან სისტემას

    ხო და ლამის უკვე პოსტია, მაგრამ დავიღალე ამდენი "განსხვავებული აზრის" და "კაი ტიპის" მოსმენით, რომელთა მსჯელობა არანაირ ლოგიკას _ უბრალოდ წამოსროლილ და არაფრისმომცემ ფრაზებს თუ კაფიებს ეფუძნება.

    ReplyDelete