მახსოვს, ევროპიდან დაბრუნებულმა ჩემმა მეგობრებმა როგორ დაიწუწუნეს: კარგი, ბანკებს რომ ხუთ საათზე კეტავენ, კიდევ არაფერი _ ბანკომატი არსებობს, მაგრამ წამლად რომ გინდოდეს, სადღეღამისო აფთიაქს ვერ იპოვი _ კი მაგრამ იქნებ ვკდებიო!
ეგეც თქვენი ევროპა!
აბა, საქართველოში ნახეთ. მარტო ყველაზე გრძელი ბულვარი, ყველაზე ნაკლები ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, ყველაზე ნარი-ყალას-ციხე/პიაცას-მოედანი, ყველაზე თესლები და დერსკების ფეისბუქ გვერდები კი არა _ ყველაზე 24/7-ზე ქვეყანა ვართ მთელს მსოფლიოში.
ბანკი გინდა? - 24/7-ზე
აფთიაქი გინდა? - 24/7-ზე
მაღაზია გინდა? - 24/7-ზე
საბილიარდო გინდა? - 24/7-ზე
საროსკიპო გინდა? - 24/7-ზე
მმმ... მგონი რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა. გამორჩენით ბევრი გამომრჩა ალბათ, მაგრამ მსოფლიოს ყველა "24/7-ზე"-ს შორის, საქართველოში არის ერთი ფენომენი, რომელიც უბრალოდ სადღეღამისო მომსახურებას კი არა, ვფიქრობ, ერის სულიერ მდგომარეობას გამოსახავს.
***
მას შემდეგ რაც (ვითომ) ვარჯიში დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა, მცხეთის სალობიეს ხშირად ვსტუმრობთ. კი გაგვაფრთხილა ინსტრუქტორმა, ვარჯიშიდან ორი საათის განმავლობაში არ ჭამოთ თორემ აზრი არააქვს ასეთ ვარჯიშსო, მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია, საკუთარი თავით მანიპულაცია რომ ვერ შეძლოს?
- სანამ მცხეთაში ჩავალთ (გლდანიდან) კი გავა 2 საათი
- ხო აბა რა, მერე სანამ შევუკვეთავთ, სანამ მოგვიტანენ
- ჰა, წავედით?
- წავედით
ვამშვიდებთ ერთმანეთს და თხუთმეთ წუთში, სადღაც ათი საათისკენ, ქოთნის ლობიოთი და წინა საღამოს გამომცხვარი მჭადებით გაწყობილ სუფრას ვუზივართ.
წინა საღამოს გამომცხვარი მჭადი მხოლოდ იმიტომ არ მიხსენებია, რომ იმერელი კაცისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. არა, უბრალოდ მჭადს დილით არავინ აცხობს, რადგან სავარჯიშო დარბაზიდან გიჟებივით გამოვარდნილი ჩემი და ჩემი მეგობრის გარდა სახალხოკვებისორდერმინიჭებულ დაწესებულებაში არც არავინ არის ხოლმე.
მაგრამ საკმარისია, იმავე სალობიეს კვირა დილით ესტუმროთ, რომ რადიკალურად განსხვავებული სურათი დაგხვდებათ: მიმტანები დააფრიალებენ 'ფოდნოზებზე" დახვავებულ, ორთქლის მაგიურ ნისლში გახვეულ ხიკნლებს, ალის სურნელში ტანნაბან მწვადებსა და საკუთარ ცხიმშივე ჩამდნარ ქაბაბებს.
ვიღაც უკვე მეორე ბოთლ არაყს ითხოვს _ გატიალებული მთვრალი. ვიღაცა კიდევ წარსულების სადღეგრძელოს მისდგომია. რაღა დაგიმალოთ და ცოტათი რთულად მოსათმენი კი არის დარბაზიდან ახლადგამოსული ადამიანისთვის. უყურებ აფუსფუსებულ სალობიეს და ფიქრობ _ შენც ხო სწორედ ეს გინდა? შენც ხო დიდი სიამოვნებით ადგებოდი ახლა, შეუკვეთავდი კაცზე ოც ხინკალს, რვა მწვადს, ქაბაბს... ჩაიდგამდი ჩაციებულ არაყს, კარგ ლუდს და მიცხებდი? კი, როგორ არა. სწორედ ეს გინდა. თითქოს მთელი ტანი გთხოვს ამას. თითქოს შენი გენეტიკური ჯაჭვის ყოველი ელემენტი სწორედ ამისთვის არის შექმნილი. თუმცა მოაზროვნე არსებად დაბადებული, მაინც ახერხებ თავს ძლიო, სარბენ ბილიკზე ძლივსდამწვარი 150 კალორია გაიხსენო და აღგზნებული გონება მხოლოდ დაბერილი ნესტოებით ხინკალ-მწვადნარევი სურნელის ჩასუთქვით დაიკმაყოფილო.
და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიკვირდა როგორ ახერხებდნენ და ასწრებდნენ მავანნი დილის 7 საათზე გათიშვამდე დათრობას, არის ერთი ფენომენი რომელიც კიდევ უფრო მაოცებს _ მართლა გულით მაინტერესებს, როგორ ვახერხებთ ქართველები, ღამის ოთხ საათზე ერთ-ერთ 24/7 სახინკლეში ოფიციანტმა რომ გვიპასუხოს _ იცით, ბევრი შეკვეთაა და ხინკალს ცოტა შეაგვიანდებაო.
რამდენიმე დღის წინ გადავეიუთუბე ვიდეოს, რომელიც "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან" სახელწოდებით იყო განთავსებული. თუმცა ცარციანი ხელებით გათხუპნული მასწავლებლები, ლანჩხუთის ან ჭყვიშის რომელიმე სკოლაში ნამდვილად არ მინახავს _ კლიპი მწვადისა და ხინნკალის პრეზენტაციით იწყებოდა და ერთ სუფრასთან, ხელში ჭიქამომარჯვებული და კარგად შეზარხოშებული რამდენიმე უცხოელი მასწავლებლით მთავრდებოდა, რომლებიც "გაუმარჯოს საქართველოსო" გაიძახოდნენ.
მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა _ ქვეყნის ტურისტულ ლოგოტიპზე, ხინკალი რომ გამოვსახოთ წარწერით _ "ხინკალი: 24/7-ზე". მე თუ მკითხავ ძალიანაც კარგი _ მერე რა რომ ევროპაში ღამის საათებში დასალევ ადგილსაც კი იშვიათად იპოვი? მერე რა რომ ჩვენც ქართველები და მაშასადამე სინგაპურიზირებული ევროპელები ვართ? ნამდვილად დროა, ევროპას გარკვეულ საკითხებში ვაჯობოთ. ღამის სამზე სახინკლე როგორ არ უნდა გვქონდეს ქვეყანაში _ რა იცი, იქნება კვდება კაცი?
განათლება და რეესტრი ხომ გვაქვს 24/7–ზე და ხინკალმა რაღა დააშვა,?! :D
ReplyDeleteმშია! და ახლა რომ ვინმემ მითხრას სახინკლეში კი არა, საბჭოთადროინდელ სასადილოში წამოდიო, მაგის დედაც, 22:30 - წავიდოდი სიამოვნებით :(
ReplyDeleteწავედი სახლში.