Friday, September 7, 2012

My Space


არის ასეთი ქსელი - My Space.

მისი შემქნელების კონცეფცია ის იყო რომ, თითეულ ადამიანს თავი უნდა ეგრძნო როგორც საკუთარ ოთახში - გადაეღება ოთახი სასურველ ფერებად, კედლებზე გაეკრა ფოტოები და ჩაერთო საყვარელი მუსიკა.

ოდესღაც, როდესაც ბლოგი გავხსენი ის ჩემი ოთახი იყო - ჩემი სივრცე.

როგორი არის ჩვენი ოთახები სინამდვილეში? - თქვენი არ ვიცი და ჩემი ოთახი ყოველთვის არეულია, ისევე როგროც მაგიდა, მაგრამ პირადად მე ყოველთვის ყველაფერს უკეთ ვაგნებ, ვიდრე ახალდალაგებულზე.

ეს ჩემი ოთახია, მე ასე კარგად ვგრძნობ თავს. დალაგებას რაც შეეხება, ან გარკვეულ მომენტში დეპრესიის წინა ნიშნად, ალბათ ქვეცნობიერი, ცხოვრების მოწესრიგება-დალაგების სურვილით მოტივირებული, ვიწყებ მილაგებას (ცხოვრების დალაგება ხომ D:\ დისკიდან უნდა დაიწყო) ან კიდევ მაშინ როდესაც სტუმრებს ველი.

სტუმრები კი ბლოგზე არ მაკლია. შესაბამისად იძულებული ვარ ოთახი არც ისე არეული მქონდეს. ვერ წამოვწვები ჩემს გემოზე საწოლზე, დაძაბული სამუშაოს შემდეგ, ბოთლი ლუდით მუცელგამობერილი და მოთენთილი, ვერ მივაგდებ იქვე უხეშად გახდილ მაისურს ან ფეხსაცმელს, არც პუნქტუაციურ უზუსტობებს მაპატიებს ბლოგზე შემოსული მკითხველი და არც უაზროდ დაგდებულ რაიმე პოსტს - ისე, ჩემი ჭირის გასახარებლად რომ მოვჩხაპნე. ეს უკვე ვალდებულებაა - ადგილი რომელიც აღარ არის მხოლოდ ჩემი ოთახი, ადგილი სადაც კარი ყოველთვის ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა (ნინიას ბაღიაო - ბებიაჩემი ასე იტყოდა).

შესაბამისად ამ გასაჯაროვებულ და სტუმრიან ოთახში ისე ვეღარ იქცევი, როგორც საკუთარ სახლში მარტო დარჩენილი. ვერ დადიხარ არხეინად ტრუსებში და ღიღინებ საყვარელ მელოდიას. პირიქით - კულტურულად ხარ ჩაცმული და პერიოდულად თვალს კარისკენ აპარებ - ვინმე ხომ არ მოვიდა სტუმრად, ვინმემ ხომ არ შემოგისწრო.

ან კიდევ რომც დაიკიდო ეს ყველაფერი, მაინც ვიტრინაში გამოფენილ რეალითი შოუს მონაწილეს გავხარ, რომელისთვისაც სულერთია რომ აკვირდებიან. არა და კვანტური მექანიკიდანაც კი იცის ნებისმიერმა (კარგი, ვხუმრობ) რომ დამკვირვებელი ნებისმიერ შემთხვევაში ცვლის, დაკვირვების ობიექტის ქცევას.

ხო და მთელს ამ ფიქრებში, მგონი ამერიკა აღმოვაჩინე და ჭეშმარიტ არქიტექტურულ დაპროექტებას ვეზიარე - ოჯახში რამდენიმე ბლოგია საჭირო: სასტუმრო ოთახი, საძინებელი და ხშირ შემთხვევაში "ვანა-ტუალეტიც" არ იქნება მგონი ზედმეტი - მოკაფელებულ ამ ჯადოსნურ ოთახში, ხომ მაინც განსაკუთრებული ინტიმი სუფევს.

3 comments:

  1. saintereso postia, mec sul areul-dareulobashi vgrdznob xolme tavs kargad da chems gemoze.. :) alagebul loginshi meore dges tavs iseve mshvidad ver vgrdznob xolme, rogorc manamde..
    ase rom, rogorc shen guls gauxardeba ise moiqeci da tavs gaufrtxildi kide..

    ReplyDelete