Saturday, July 31, 2010

უნდა გიყვარდეს თუ არა ჯაზი

მახსოვს ერთხელ, ჩემი მეგობარი მოვიდა და გამოგვიცხადა - იცით, ახალი სიცილი დავამუღამეო. ეს არ იყო არც ხუმრობა და არც ფეისბუქზე გამოტანილი სტატუსის გახმოვანება (მითუმეტეს რომ მაშინ ფეისბუქი არ არსებობდა).

დაუნდობელი სარკაზმის შემდეგ გესლიან დაცინვას კოდირებული შინაარსის მორალიც გავაყოლე - სიცილი, ეს ხომ ბუნებრივი თვისებაა. ის გენეტიკურად გადმოგვეცემა. შენ შესაძლოა მამაშენის, ან შენი დიდი ბაბუის ან ბებიის ან ბაბუის ბაბუის ბაბუის (ზეზვა და მზია მაშინ აღმოჩენილი არ იყო თორე ვუხსენებდი) სიცილი გერგოთქო. როგორ შეიძლება, ეს ისწავლოთქო...

გავიდა დრო და ის ყმაწვილი რომელსაც ასე უგულოდ დავცინე მსოფლიოს ერთერთ უმდიდრეს ადამიანი გახდა. (პარალელურად ბიოგრაფიულ დრამას ვწერ ჰოლივუდისთვის და ეს ფრაზა მეზობელი სცენარიდან შემთხვევით გადმომყვა.) სინამდვილეში, მეგობარი, მეგობრადვე დარჩა - ნასწავლი სიცილით და არ ვიცი ვისი ხათრით მოშვებული წვერით.

გავიდა დრო, დედამიწამ რამდენიმე მოსაწყენი ბრუნი გააკეთა მზის გარშემო, მე რამდენიმე საპატიო წრე შორეული ნათესავების პანაშვიდებზე - მოკლედ გავიზარდე... გავიზარდე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ღრმად ჩავისუნთქავ და იმ იმედით რომ ჩემი მეგობარი, არასოდეს წაიკითხავს ამ ნაწერს გაგანდობთ - (რესპონდენტი ჩურჩულებს) - "სიცილის სწავლა თურმე შეიძლება".

მეტიც. აღმოვაჩინე რომ არამხოლოდ სიცილის სწავლა შეიძლება. შეიძლება ისწავლო ფერწერის სიყვარული. როგორ? მარტივია - ინტერნეტში დასერჩე "გამოჩენილი მხატვრები" და გუგლის Top ათეულს გაეცანი. შემდეგ დაძებნეთ "უცნობი მხატვრები" - აქაც ათეულში რამდენიმე "ჟღერადი" სახელი უნდა დაიმახსოვროთ. შემდეგ? შემდეგ უნდა იარო გამოფენებზე, მინიმუმ ერთი თარო გაავსოთ გამოჩენილ მხატვრებზე მიძღვნილი წიგნებით (დათვალიერების პერსპექტივით), კედელზე ჩმოკიდო რომელიმე "პაპსა" ნახატის (კლიმტის "კოცნა" წავა) რეპროდუქცია და რაც ყველაზე მთავარია, ყველგან - იქნება ეს საყვარელი სოციალური ქსელი თუ გლამურული საღამო, ფიჯნაჯი ყავისა და "სლიმი" სიგარეტის თანხლებით, ხმამაღლა და თვითჯერებულად მოახდინო გუგლის (უკიდურეს შემთხვევაში Yahoo-ს) Top 10 -ში ამოკითხული მხატვრებში და მათ ნახატებში განსწავლულობა.

სხვამ რა დააშავა და ანალოგიურად შეგიძლია ისწავლოთ პოეზიის სიყვარული, თეატრის სიყვარული, მუსიკის სიყვარული და სამშობლოს სიყვარული. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. ძალიან სწორად უნდა შეარჩიო რისი სიყვარული გსურს რომ ისწავლო.

მაგალითად, რომელი იდიოტი აირჩევს ისწავლოს "რეპის" სიყვარული? (თუმცა არა, ასეთი იდიოტები ბლომად არიან.) რამე უფრო მაღალფარდოვანი გვჭირდება. კლასიკააა... ნუ გაჭირვებით ივარგებდა მაგრამ საკმარისად გლამურული არ არის და თან ამოგხდება სული კონსერვატორიაში სიარულით - სხვაგან კლьასიკური მუსიკა ნაკლებად გაიჟღერებს ხოლმე. ამიტომაც ვინც ცოტა აზრზე მოსულია, არც მეტი არც ნაკლები, ჯაზის სიყვარულს სწავლობს. ისინი დადიან 'აბსოლუტურად' (წარმოითმქება წინ გაწეული ტუჩებით და მსუბუქი აქცენტით 'ლ'-ზე) ყველა ჯაზზ ფესტივალზზე (ტუჩებს შორის გაფანტული "ზ") ცხოვრობენ ჯაზით,სუნთქავენ ჯაზით, სძინავთ ჯაზით, სალათი ცეზარი ჯაზით და მას შემდეგ რაც "მაგნიტოფონის" კასეტებზე ჩაწერილი შუფუთინსქი და ჯგუფ ნანას სიმღერები ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულებში გადამალეს - ორგაზმი მხოლოდ და მხოლოდ ჯაზით.

როგორი იდიოტი ვყოფილვარ. ადრე ვთვლიდი, რომ ჯაზი ან მოგეწონება ან არ. სიცილის დროს შეიძლება ჰაერის სწრაფი შესრუტვით კროტინებდე ან ამოსუნთქვისას ჩემი ბავშვობის "დესნა დვა"-ზე მიმაგრებული ნასოსივით შლუტუნებდე. მიმაჩნდა, რომ თუ გსიამოვნებს ლობიო ბოლოკთან, მწვანე ხახვთან და ცივ მჭადთან ერთად უნდა ჭამო თითებით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟორჟ ბლაკის ნახატი მოგეწონებოდა, მიუხედავად იმისა გუგლის ათეულს გადაიკითხავდი თუ არა, ან სამუდამოდ შეყვარებულის მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქარი "ორი გედი ჩანჩქერის ფონზე" ნახატის ერგული დარჩებოდი.

ალბათ მომიტევებს დიდი უილიამ ვოლოსი, ნაწერს შემდეგი სიტყვებით თუ დავამთავრებ:

"უნდა გიყვარდეს თუ არა ჯაზი? დიახ, თქვენ შეგიძლიათ თავი მოიტყუოთ და უარყოთ, რომ ყველა მასაკელასა და ელჯეროს ერთი დარდიმანდული ქალაქური სიმღერა გირჩევნიათ. მაგრამ გაივლის დრო და მოხუცებულები, როდესაც თბილ საწოლში სიკვდილს დაელოდებით, მიხვდებით რომ რას არ გაიღებდით, რას არ დათმობდით, ოღონდ ის დღე დაბრუნდეს როდესაც ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ქეიფს მსოფლიოს პირველი საყვირის მოსმენა ამჯობინეთ"...

სცენის მიღმა ისმის "моя мулатка" - რომელსაც ერთმანეთში აზელილი ჯაზ კომპოზიციების ჟღერადობა, ალაგ-ალაგ მკვეთრად წამოყროყინებული საყვირით ფარავს.

ფარდა.

2 comments:

  1. kvazi jazomanebi gamravldnen, es imitom rom mimtanad mushaoba sircxvilia, es imitom rom mezoblis azri mnishvnelovania, es imitom rom sxva ubanshic rom gdaxdvide im mezoblis mazli an mamidis natlia sheni karis mezobeli ikneba, es imitom rom just sakartveloa da tu ar ginda daicino fexi unda auwyo tendenciebs nichierad an unichod....

    ReplyDelete
  2. ან უბრალოდ უნდა გინდოდეს რომ "დაიცინო" :) ზოგის დაცინვა სასარგებლო არ არის განა? :)

    ReplyDelete