საგზური ორკვირიანი იყო და პირველსავე დღეს დავიწყეთ ტირილი, რომ დარჩენა უფრო დიდი ხნით არ შეგვეძლო.
ჩავედით. დავბინავდით... ბანაკი სავსე იყო ახალგაზრდებით...
იყო ფეხბურთის და კალაბათბურთის მოედნები,ჩოგბურთის მაგიდა, ბილიარდი... მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგი დასვენებისთვის არის საჭირო.
კიდევ იყო ზღვა... უფრო სწორად, დამცავი ბარიერით შემოსაზღვრული ზღვის ნაგლეჯი, რომელშიც შესვლისას მე და ჩემს მეგობრებს წყალი მუხლამდეც არ გვწვდებოდა. ბარიერის ირგვლივ იმდენივე (ან ოდნავ მეტი) მაშველი იყო, რამდენ ადამიანსაც გვტენიდნენ ზღვაში ჩადგმულ გალიაში. რაც შეეხება ზღვას, აქვე ვიტყვი, რომ პირველსავე "ბანაობაზე" თავი სავსე ავტობუსში მეგონა, სადაც ძალიან ძალიან ცხელოდა... მსგავსი ტრანსპორტით "მგზავრობის" მცდელობა იქ ყოფნის განმავლობაში აღარ განმიმეორებია.
დღე ძალიან ადრე იწყებოდა. დილით ადრე ადგომას და გამამხნევებელ ვარჯიშს მიჩვეული ბავშვები, ნახევრად თვალდახუჭულები, ვცდილობდით, რამდენიმე სავალდებულო წრე დაგვერტყა ბანაკისთვის...შემდეგ იწყებოდა ნამდვილი საგიჟეთი... ბანაკი იყოფოდა ორ გუნდად – იქნებოდა ეს ფეხბურთი, კალათბურთი, შეჯიბრება სირბილში თუ სიგრძეში ხტომაში...
წარმოიდგინეთ ენერგიით სავსე გაგიჟებული ახალგაზრდების ორი ბანაკი, რომელიც ბოლო ხმაზე კივის და გულშემატკივრობს თავის გუნდს...
ალბათ, სამოთხე ყოველდღე იცვლება (თან ისე, რომ ეს ცვალებადობაც კი არაა მისი დამახასიათებელი მუდმივი ნიშანი), თორემ, რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც მოსაწყენი იქნება...
პირველი კვირის მიწურულს საოცრად მოგვბეზრდა ჩვენი ბანაკი თავისი შეჯიბრებებით, გოგოებთან არშიყით და ჩალურჯებული თვალების დასაფარი მუქი სათვალეებით...
გადავწყვიტეთ ჩვენებთან დაგვერეკა და ბანაკიდან წავსულიყავით. ტელეფონი არ იყო, ბანაკიდან გასვლა კი დღეში ერთხელ, ისიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო.
"ფოსტა სად არის, ხომ ვერ მიმასწავლით" – დაახლოებით ორმოცდაჩვიდმეტჯერ მომიწია შეკითხვის დასმა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. როგორც იქნა, ფოსტას მივაგენი. ეს იყო ხის კედლებიანი პატარა ოთახი.
ოთახში შესულს პატარა მაგიდა და მაგიდასთან კარგად მოკალათებული, არც თუ ისე მცირე გაბარიტების, ქალბატონი დამხვდა.
– გამარჯობათ, სამტრედიაში მინდა დავრეკო.
ქალბატონმა ჯერ შთამბეჭდავი ზომის წამზომი ამოიღო ჯიბიდან და სხარტად ჩამომიყალიბა სერვისის პირობები:
"თუ ზარი გავა და არავინ გიპასუხებთ – ლარი, თუ გიპასუხებენ და ისაუბრებთ, ერთი წუთი ორი ლარი, იხდი წინასწარ, რამდენიც გინდა, რომ ისაუბრო"...
სხარტად გადავიანგარიშე და პირველ კვირაში გაფლანგული ბიუჯეტიდან 3 წუთისა და 10 წამის ხურდა იყო დარჩენილი...
"წამები მრგვალდება წუთებამდე" – იქვე დააყოლა ქალბატონმა, რომლის ტელეპატიურ შესაძლებლობებში წამიერად ეჭვი შევიტანე.
მაშ ასე... გვაქვს ნომერი, დიდი სურვილი, რომ გავიქცეთ ბანაკიდან სადმე სხვაგან და ხურდა, რომლითაც ძვირფას ოჯახს ვეტყვი, ჩამოგვაკითხონ და წაგვიყვანონ.
ქალბატონმა კოტიტა თითებით სწრაფად აკრიფა ჩემი ტელეფონის ნომერი შავ, ბარაბნიან ტელეფონზე და მძიმე ყურმილი გადმომაწოდა...
რამდენიმე წამი უცნაური ბგერების მოსმენის შემდეგ ზუმერი გაისმა – (მინიმუმ ლარი უკვე გავხარჯე).
– ალო,– რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ აიღო ყურმილი დედაჩემმა.
– ალო, – ვერ მოვასწარი მეთქვა, ქალბატონმა ისეთი აზარტით და დაქაჩული თვალებით დააჭირა წამზომის ღილაკს ხელი, რომ მეგონა, ოლიმპიადაზე სტარტი ავიღე გრძელ დისტანციაზე სირბილში.
– დედა, მე ვარ, ლაშა – ძლივს ამოვახრიალე ბანაკში გულშემატკივრობის დროს ჩახლეჩილი და დაბოხებული ხმა... ხმა მართლაც ისე მქონდა შეცვლილი რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი საუბრისას.
– რა მოუვიდა ლაშას? – გავიგონე დედაჩემის აკანკალებული და შეშინებული ხმა...
– დედა, მე ვარ, მე... ცუდად გესმის? რა შვები როგორ ხარ?
– სადაა ლაშა, რა მოუვიდა? შენ რომელი ხარ?.. გეხვეწები, არაფერი დამიმალო, ყველაფერი მითხარი – მესმის დედაჩემის ისტერიული კივილი...
–დედა, რაგჭირს, დაწყნარდი... დრო ისედაც ცოტა მაქვს... ხმა მაქვს უბრალოდ ჩახლეჩილი...
– რა მოუვიდა ჩემს შვილს, მითხარი... – არ იშლის თავისას დედაჩემი.
– დედა, დაწყნარდი და სოფოს დამალაპარაკე.
დედაჩემის კივილზე, "ლაშას რა მოუვიდაო", მთელი ოჯახი ტელეფონთან შეიკრიბა...სცენა უკვე წარმოვიდგინე და შეშინებული თვალებით ქალბატონს ავხედე, რომელიც ცდილობდა, ენიშნებინა, რომ ერთი წუთი უკვე გავიდა.
– სოფო, როგორ ხარ?აზრზე ხარ, ნათომ ხმაზე ვერ მიცნო...
–ეს ლაშა არაა, შორიდან გავიგონე ჩემი დის ატირებული ხმა...
– ალო! – ეს უკვე მამაჩემია...ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეში ხდება...
– მამა... რაგჭირთ, ნუ გამაგიჟეთ... რით ვერ მიცანით, ასეთი რა ხმა მაქვს შეცვლილი...
–რა ხდება ლაშა?! – ტექსტზე, ხმასა და ინტონაციაზე მივხვდი, რომ მამაჩემიც სხვას ესაუბრებოდა...
– არაფერი, უბრალოდ, მოგვბეზრდა ბიჭებს და წამოსვლა გვინდა. ჩამოგვაკითხეთ.
დავარდნილი ყურმილის ხმაზე მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა მეთქვა... დედაჩემის ჰიპოთეზა სრულფასოვნად დავამტკიცე... ოჯახში სრული პანიკაა...მე გაშტერებული ვდგევარ ყურმილთან და არ ვიცი როგორ, დავუმტკიცო ოჯახს, რომელმაც შეცვლილი ხმის გამო თქვა ჩემზე უარი, რომ მე მე ვარ...
- რა მოუვიდა, შვილო ლაშას? – ატირებული ხმით ისე გულისამაჩუყებლად მკითხა ბებიაჩემმა, რომ სიმართლე ვეღარ დავმალე.
– არაფერი, ბებო, ლაშას ყველაფერი წესრიგში აქვს...
– სადაა, ბებო, შენ რატო დაგარეკინა ჩვენთან?
– კარგადაა, უბრალოდ, გარეთ ბანაკიდან არ გვიშვებენ. ერთი წამით სოფოს დამალაპარაკე, თუ შეიძლება
წამზომზე ჩემი ბიუჯეტით განსაზღვრული ბოლო წუთი დაიწყო... ბოლო ძალებით... ბოლო იმედით... ბოლო ამოსუთქვით... შევეცადე მთელი ძალით... რა ვუთხრა... როგორ ვუთხრა... როგორ დავაჯერო... რომ ეს მე ვარ... რომ ისინი ჩემი ოჯახია...
– ახლა, გოგო, კარგად მომისმინე...თორე, თუ მოვედი მანდ, მაგ თმებს ბღუჯად დაგაგლიჯავ ხო იცი... რასაც გეუბნები, კარგად მომისმინე და ჩვენები მასიურ ისტერიას რო მორჩებიან, გადაეცი ... – შესავლის მერე მივხვდი, სოფომ აშკარად დაიჯერა, რომ მე ვიყავი...ამას მისი შეწვეტილი ზლუკუნიც მიდასტურებდა, – მოკლედ, უთხარი, რომ...
"კითხე ჩვენს პიანინოს რა ქვია..." – ძალიან შორიდან გავიგონე დედაჩემის განწირული ხმა, რომელიც ცოტახანში ყურმილშიც განმეორდა
– თუ მართლა ლაშა ხარ, რა ქვია ჩვენს პიანინოს?
დედაჩემის საზრიანობით და შეკითხვით ისე დავიბენი, რომ ჩემი სახელიც კინაღამ დამავიწყდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ბოლო ხმით ამოვიხნავლე:
– "პეტროფი"...
– ლაშაააა... – გავიგონე დედაჩემის გახარებული ხმა
– დედაააა... – მეც ისე გამიხარდა, თითქოს სიკვდილს დავაღწიე თავი...
– ტუუუუუუ... ტუუუუუ...ტუუუუ....
ქალბატონმა ტელეფონს გასათიშად ისე დაარტყა თითი, რომ მეგონა უეჭველი მოტყდებოდა...
ემოციებისგან გაცლილმა, ხელები ჩამოვყარე და ჩაცრემლებული თვალებით, წარბეშკრულ ქალბატონს შევხედე.
– კიდე გინდა სადმე დარეკვა?..
პიანინომ რა ჰქნა? ....:)
ReplyDeleteპიანინომ რა ჰქნა?...)
ReplyDeleteთ. თ.
sainteresoa,albad filmis romelime siujetad gamodgeboda...
ReplyDelete:)kargi iyo zaaan
ReplyDeleteვაიმე! რით ვეღარ გამოილია ასეთი პოსტები, გავიგუდე სიცილით დღეს :D:D:D
ReplyDelete