Friday, September 28, 2012

უფროსის მზერა (მოკლე მოთხრობა)

რამდენ რამეს ვერ ხვდება ჯერ _ ფიქრობდა შვილზე მამა, რომელსაც ღმერთი აკვირდებოდა.

Sunday, September 23, 2012

Хлопья

მას უყვარს რძე და ფანტელები
და უყვარს მოსმენა ზღვის
სახლებზე ძველი ანტენები
რომელზეც ჩიტი ზის

მას უყვარს მოსმენა წვიმის ხმის
და უყვარს უჩემოდ ყოფნა
უყვარს საღამო ივლისის
და ყვავილების მორწყვა

დიდი ქვა, ძველი სახლის უკან
მდინარე ეზოს წინ
და სეირნობა უბანუბან
როცა იქ არავინ...

დილით როდესაც რიჟრაჟია
მოსმენა წვიმის ხმის...
მას უყვარს მთელი სამყარო
მე კი უბრალოდ ის

Saturday, September 22, 2012

10 უხერხული შეკითხვა ნაბახუსევზე

ინტერნეტში საინტერესო პოსტს გადავაწყდი. ამასთან ჩემი მეგობრის, (როგორც თვითონ დაარქვა)  "ხელისმოწერის აfტერფართი" (სიტყვა "ქორწილი" აღიზიანებს) იყო, სადაც გვარიანად დავლიეთ, ხოლო მეორე დილით ნაბახუსევს, ვიხსენებდით "ამბებს", რომელთა გახსენებისას რბილად რომ ვთქვათ სინდის გვქენჯნის :)

ზემოაღნიშნული პოსტით და ერთერთი მეგობრის ისტორიიდან შეკითხვით "ვისი კაბა მაცვია?" შთაგონებულმა, შევეცადე ნაუცფათევად შემედგინა შეკითხვათა ათეული, რომელთა დასმა ნაბახუსევზე განსაკუთრებულად არ იქნებოდა სასურველი.

მაშ ასე:

  1. ვისი შარვალი/კაბა მაცვია?
  2. წუხელ მიშა თავხელიძის სადღეგრძელოს მართლა ვამბობდი?
  3. მათრახი ჰიპოდრომიდან გამოგვყვა?
  4. მაია მულატკა ლექსად წავიკითხე?
  5. სუხიშვილები პარლამენტის თავზე ვაცეკვე და გადავუღე?
  6. სახიდან "დედა მიყვარხარ"  რატო არ ირეცხება?
  7. პროფილში უნდა წავიდე ჩემი ცხოვრების ისტორია უნდა მოვყვეთქო?
  8. შლოპანცი გაწიეთ და კვერცხები შემიწვითქქო?
  9. მუხლები რატომ მაქვს დალურჯებული?
  10. კურიერში აჩვენებენ, ღამით ნასვამმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ცეცხლით "მიყვარხარ" დაწერაო და მე მამგვანებ?

ნაბახუსევის პირობაზე მგონი 10 უხერხული შეკითხვა ჩემგან საკმარისია. დანარჩენებზე თქვენი იმედი მაქვს  - კომენტარები სხვა რისთვის არსებობს? :)

Friday, September 21, 2012

პერიფრაზი

- ღუაწლსა დიდსა შესვლად ხარ, პრეზიდენტო. ეკრძალე ძალაუფლებასა შენსასა, ნუუკუე ხალხმა, ვითარცა სრსვილმან, საძოვარი პოოს შენ თანა.

ხოლო პრეზიდენტმა მრქუა მე:

- ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ.

და მე ვარქუ მას:

-ეგრეთ არს. მხნე იყავ, მოითმინე და სულგრძელ!

ხოლო მან მრქუა მე:

- ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე.

ხოლო მე ვარქუ მას:

- ჭირი შენი ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი სიხარული ჩუჱნი არს. ჩუჱნი არა ჴოლო თუ პრეზიდენტი ოდენ იყავ, არამედ ჩუჱნ ყოველთა ვითარცა შვილთა, გუხედევდ.

და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადად-რე:

- ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი.
ხოლო მან მრქუა მე:

- რაჲსა მკითხავ ამას?

და მე მიუგე და ვარქუ მას:

- მტკიცედ სდგაა?

Thursday, September 20, 2012

ემიგრანტის წერილი

სირცხვილი, სიბრაზე - ეს ორი ძირითადი გრძნობაა, რომელიც პატიმრების წამებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ განიცდის ქართული საზოგადოება.

ქართული-მეთქი განგებ დავწერე და არა საქართველოში მცხოვრები _ საქართველოს მოქალაქეები ხომ საზღვარგარეთაც მრავალდ ცხოვრობენ.

ემიგრანტებისთვის ყოველთვის გაცილებით რთულია, შორიდან, კომფორტულად მოწყობილი ქვეყნიდან ადევნონ თვალი თავის ქვეყანას _ ომი იქნება ეს, გაყალბებული არჩევნები თუ პატიმრებისადმი არაადამიანური და ძალადობრივი მოპყრობის ფაქტები.

დღეს მეილზე მეგობრის წერილი მივიღე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და აქაურ ამბებს შორიდან მეკითხება:

ძალიან დაძაბული ვარ...
ყველაფერ უბედურებასთან ერთად სამსახურში წასვლა მრცხვენია. ორი დღის წინ ვყვებოდი რა მაგარი ქვეყანაა საქართველო, რომ მაგარი ადგილია შვებულების გასაკეთებლად, რომ ვშენდებით და ვვითარდებით...
ნეტა არ მკითხონ არაფერ ამ ამბებზე, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვუპასუხო...

მეც მრცხვენია, მაგრამ მრცხვენია ქართული საზოგადოების იმ ნაწილის გამო, რომცლიც მხარს უჭერს მმართველ გუნდს, მთავრობას, პრეზიდენტს, არ გამოხატავს აღშფოთებას და უარესი _ არის ჩუმად.

რა გაეწყობა _ ეს ჩემი ქვეყანაა, უდიდესი წარსულის, საუკუნეებ გამოვლილი, უძველესი ერი. ერი, რომელმაც სავარაუდოდ გენური მუტაცია განიცადა.

P.S. ამავე მეგობარმა ფეისბუქზე სოლიდარობის გამოხატვის მიზნით შავი ავატარი დაიყენა და როგორც მითხრა, არჩევნების დღეს (რომელიც საზღვარგარეთ ბუნებრივია სამუშაო დღეა) სამსახურიდან ითხოვს თავს, რადგან თავისი ქალაქიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ საარჩევნო უბანზე მივიდეს და მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას".

Tuesday, September 18, 2012

მრაWOWჟამიერ

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ _ რომ არა მიშა, პოსტების ნახევარს არც დავწერდითქო.

გულწფრელად მითხარით, თქვენთვის რასთან ასოცირდება სიტყევბი "აგიტაცია" და "პროპაგანდა".

პირადად მე, მეორე მსოფლიო ომის დროს, თვითმფრინავიდან გადმოყრილი პროპაგანდისტული ფურცლები, საბჭოთა კავშირის წიაღში ხელთქმნილი პლაკატები, შენობებზე დატანილი უზარმაზარი წარწერები, წელში გამართული და ხმადაყენებული ტელეწამყვანები და პათეთიკით გაჟღენთილი საბჭოთა წარმოების ფილმები და სიმღერები მახსენდება.

აგიტაცია-პროპაგანდა იმ დროიდან არსებობს, როდესაც გველმა ევას ვაშლის შეჭმისკენ მოუწოდა და იმ დრომდე იარსებებს სანამ ადამიანი ან რომელიმე მეტეორი არ გაანადგურებს დედამიწას, მაგრამ ის ფორმას იცვლის _ ვითარდება.

რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს აქვს უნარი ადაპტირების და შეგუების. ადამიანი, ისევე ეჩვევა პროპაგანდას და აღარ რეაგირებს მასზე, როგორც გარკვეული ვირუსები ანტიბიოტიკებს.

ამიტომაც საჭიროა პროპაგანდის მუდმივი განახლება და სახეცვლილება. მაგრამ განახლება არამხოლოდ პროპაგანდისტულ მექანიზმს სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩათვალა ჩვენმა პრეზიდენტმა.

ის საგულდაგულოდ შეუდგა სადღაც აზიასა და ევროპას შორის უაზროდ გაჩხერილი, ინგლისურის არმცოდნე ერის (ერისა და ბერის პრინციპში) "მოდერნიზებას".

როგორია ახალი საქართველო და როგორია ახალი ქართველი?

პრეზიდენტის ოცნების საქართველო რომ წარმოიდგინოთ, ნებისმიერი პოსტერი ან კლიპი ნახეთ სადაც ჭაობიან ნიადაგზე წამომართული, ცათამბრჯენებით დამშვენებული, დიდებული ქალაქი _ "ლაზიკა" არის გამოსახული.

ან ნახეთ ბათუმი - ეკლიქტიკის საუნჯე, სადაც არა მხოლოდ კონკრეტული შენობის ფასადზე იხილავთ მსოფლიო არქიტექტურის მთელ სპექტრს, არამედ თავად ქალაქიც გაგაოცებთ ძველი ბარაკებით, ორმოცდამეერთე სართულზე მერცხლის ბუდესავით ჩაშენებული ეშმაკის ბორბალით და რაღა თქმა უნდა შეშუშული ანბანის კოშკით (куда же без стекла).

ზოგადად დავაკვირდი და პრეზიდენტს სჩვევია კომპილაცია - მას უნდა მხოლოდ საუკეთესო აიღოს, შეადუღოს, გადაზილოს და "სიახლე შუას".

პრეზიდენტის დაუოკებელი სურვილი შეურწყას ძველი ახალს, ტრადიციული თანამედროვეს, კარგად ჩანს შუშის ხიდში, შუშის საბაგიროში და შუშისავე საკონცერტო დარბაზში, რომელსაც პრეზიდენტი შუშისავე გუმბათიდან სიამაყით ათვალიერებინებს სტუმრებს, სიონისა და ძველი თბილისის ფონზე.

მაგრამ ყველაზე კარგად პრეზიდენტის სურვილი და განწყობა, ბოლო დროს (სულ, სულ შემთხვევით) დაფინანსებულ და გადაღებულ კლიპებში იკითხება: რაჭული დაბსტეპზე და სუხიშვილები პარლამენტის (არც მეტი და არც ნაკლები) სახურავზე, გაურკვეველი მუსიკის თანხლებით.





თავიდან დავიწყე და გავაგრძელებ - არ ვიცი ხვდებით თუ ვერა ბატონო პრეზიდენტო მაგრამ, იუთუბის, სოციალური ქსელების, ვირუსული კამპანიების და სტრიტარტის ეპოქაში, გრიმდადებული და პროჟექტორებით განათებული მსგავსი სიყალბე, კარგა ხანია აღარ მუშაობს.




Sunday, September 16, 2012

დილის სიჩუმეში გაგებული ამბები

დილით ჩემი მეგობრის მეუღლემ გამაღვიძა, რომლის დებილი ქმარი ანუ იგივე ჩემი იდიოტი მეგობარი მთელი ღამით არ ყოფილა სახლში. საპატრულოს საინფორმაციოს ნომრები ავითვისე!

როგორც წესით ასეთ დროს ორი გაგრძელებაა: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

რაც კი ცუდი ამბავი გამიგია, ბავშვობიდან, დილიდან ვიგებდი. ერთადერთი მამაჩემის გარდაცვალება გავიგე გვიან საღამოს.

როგორც წესი ეს ადრე ხდება, ახალ გათენებულზე - ჯერ კიდევ როდესაც სძინავს ქალაქს, ოჯახს. ამ დროს ყველაფერი კარგად ისმის - სუნთქვა, გულისცემა, ხმა ტელეფონში, კივილი. განსაკუთრებით კივილი.

და რა გასაკვირია, რომ ცუდი ამბის გაგების დაბალი ალბათობის მიუხედავად შენ მაინც ზიხარ და ნერვიულობ. რეკავ - მობილური გამორთულია. რეკავ საინფორმაციოებში - კვალი არსად არ ჩანს.

და ამ დროს, ყველაზე დიდი ეგოისტი უნდა იყო, რომ პირში სული გედგას, თითის მობრუნება შეგეძლოს, გული გიცემდეს და რაც არ უნდა გჭირდეს მიწა არ გააპო და შენთვის ძვირფას ადამიანებს არ გააგებინო, რომ ცოცხალი ხარ. აარიდო ისინი ყველაზე ცუდს - ლოდინს.

ლოდინს რომელსაც ორი გაგრძელება აქვს: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

საბედნიეროდ ამჯერად ყველაფერი ბანალური ფრაზით დამთავრდა.

ერთხელაც

ერთხელაც მე და შენ, ძალიან დავთვრებით
არაფრით დაღლილი, დამადებ თავს
ფოსტალიონი - ძვველი დავთრებით...
მეზობლის პატარა ნაძვისხეს რთავს

ერთხელაც მე და შენ, უბრალოდ, ხუმრობით
ავიღებთ ბილეთს და გავცდებით მზეს
მოვიწყენთ ერთმანეთთან სრული უომრობით
მოვიწყობთ უამრავ სხვანაირ დღეს

ერთხელაც გაგიშრობ, წვიმისგან გალუმპულ
თმებს წითლად რომლებსაც გიღებავს ხნა
ერთხელაც შენს ხელებს მოენატრებათ
ჩემი გაყინული ხელების ხმა.

Saturday, September 15, 2012

ctrl+alt+del

შემკრთალი ბეღურა აივანზე
ცა ისევ მოღრუბლულია
აბა, როგორ გავდგე ახლა განზე
ეს მზე, ხომ ჩემი გულია

ამ გზამ ხომ ამდენი რამ მომატარა
ამ ქვებზე მედო ბალიში
მე ხომ დამაკლდები შენ, პატარა
როგორც დაკარგული კლავიში

შემკრთალი ბეღურა აივანზე
ცა ისევ მოღრუბლულია
აბა, როგორ გავდგე ახლა განზე
ეს მზე, ხომ ჩემი გულია

Friday, September 14, 2012

გრხხხხხხხხხხხხხხხ

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

ცამ დაუშვა, გადმოღვარა თქეში
აივანზე ამ წვეთების ხმას
და წვეთების თითქოს უღრან ტყეში
ველოდები, რომ ვაკოცო მას

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
ვიცი ამ დროს სველი შენი თმები
დაწოლილი შენს უბრალო მკლავზე
უშენობას მაინც ვერითმები

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

Thursday, September 13, 2012

თანამედროვე ჰაიკუ

***
მთელი დღის დაღლილს
გაცვეთილი კლავიშებიდან
დამეძინება დახურული ნოუთბუქივით

***
თვალს ვერ ვწყვეტდი
ჩაბნელებულ "თაჩიან" ეკრანს
საპასუხო SMS-ის მოსვლის იმედით

***
თაიმლაინმა გაიყოლა
მისი ბოლო კედლის სტატუსი

***
მე უხმოდ ვშლიდი
ჩემს დესკტოპზე მიმობნეულ
შენს ძველ ფოტოებს

***
სანაგვე ყუთში
ერთადერთი ფაილი იდო -
მარტოობა სანაგვეშიც რთული ყოფილა

მინდა მიყვარდეს

მე მინდა მიყვარდეს
ისე რომ დილით და ღამით მახსოვდეს
მე მინდა მიყვარდეს
ისე რომ ვუსურვო ღურბლებზე გათხოვდეს
მე მინდა მჯეროდეს
რომ არ გასულა ჯერ ცხოვრება, რომ წინ დამხვდება...
მინდა მღეროდეს
ოცნებები ხომ ისედაც მისით ახდება
მინდა გავგიჟგიჟდე
გულით მინდა, სადმე მთებში, მარტო ხეებთან
მინდა ჩაგიჯდე
თბილ კალთაში, ვიგრძნო შენი სუნთქვა ხელებთან

მინდა მიყვარდეს
ისე, რომ დილით და ღამით მახსოვდეს...
მინდა მიყვარდეს
ისე, რომ ვუსურვო ღურბლებზე გათხოვდეს


Saturday, September 8, 2012

რძიანი ყავა

დილას ნამიანს
გაკოცებ შუბლზე
ძვირფას ადამიანს
უშენოდ თუ ვძლებ
ეს ცაა ასეთი
ღრუბლები უმზეო
ახალი გაზეთი
და ყავა ურძეო
ამ დილით სისხამს
შენს შუბლზე კოცნას
ცა ყავას გვისხამს
და ფეხის მოცვლას
არ აპირებენ მთები...
და მეც შენი თმით ვთბები

Friday, September 7, 2012

My Space


არის ასეთი ქსელი - My Space.

მისი შემქნელების კონცეფცია ის იყო რომ, თითეულ ადამიანს თავი უნდა ეგრძნო როგორც საკუთარ ოთახში - გადაეღება ოთახი სასურველ ფერებად, კედლებზე გაეკრა ფოტოები და ჩაერთო საყვარელი მუსიკა.

ოდესღაც, როდესაც ბლოგი გავხსენი ის ჩემი ოთახი იყო - ჩემი სივრცე.

როგორი არის ჩვენი ოთახები სინამდვილეში? - თქვენი არ ვიცი და ჩემი ოთახი ყოველთვის არეულია, ისევე როგროც მაგიდა, მაგრამ პირადად მე ყოველთვის ყველაფერს უკეთ ვაგნებ, ვიდრე ახალდალაგებულზე.

ეს ჩემი ოთახია, მე ასე კარგად ვგრძნობ თავს. დალაგებას რაც შეეხება, ან გარკვეულ მომენტში დეპრესიის წინა ნიშნად, ალბათ ქვეცნობიერი, ცხოვრების მოწესრიგება-დალაგების სურვილით მოტივირებული, ვიწყებ მილაგებას (ცხოვრების დალაგება ხომ D:\ დისკიდან უნდა დაიწყო) ან კიდევ მაშინ როდესაც სტუმრებს ველი.

სტუმრები კი ბლოგზე არ მაკლია. შესაბამისად იძულებული ვარ ოთახი არც ისე არეული მქონდეს. ვერ წამოვწვები ჩემს გემოზე საწოლზე, დაძაბული სამუშაოს შემდეგ, ბოთლი ლუდით მუცელგამობერილი და მოთენთილი, ვერ მივაგდებ იქვე უხეშად გახდილ მაისურს ან ფეხსაცმელს, არც პუნქტუაციურ უზუსტობებს მაპატიებს ბლოგზე შემოსული მკითხველი და არც უაზროდ დაგდებულ რაიმე პოსტს - ისე, ჩემი ჭირის გასახარებლად რომ მოვჩხაპნე. ეს უკვე ვალდებულებაა - ადგილი რომელიც აღარ არის მხოლოდ ჩემი ოთახი, ადგილი სადაც კარი ყოველთვის ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა (ნინიას ბაღიაო - ბებიაჩემი ასე იტყოდა).

შესაბამისად ამ გასაჯაროვებულ და სტუმრიან ოთახში ისე ვეღარ იქცევი, როგორც საკუთარ სახლში მარტო დარჩენილი. ვერ დადიხარ არხეინად ტრუსებში და ღიღინებ საყვარელ მელოდიას. პირიქით - კულტურულად ხარ ჩაცმული და პერიოდულად თვალს კარისკენ აპარებ - ვინმე ხომ არ მოვიდა სტუმრად, ვინმემ ხომ არ შემოგისწრო.

ან კიდევ რომც დაიკიდო ეს ყველაფერი, მაინც ვიტრინაში გამოფენილ რეალითი შოუს მონაწილეს გავხარ, რომელისთვისაც სულერთია რომ აკვირდებიან. არა და კვანტური მექანიკიდანაც კი იცის ნებისმიერმა (კარგი, ვხუმრობ) რომ დამკვირვებელი ნებისმიერ შემთხვევაში ცვლის, დაკვირვების ობიექტის ქცევას.

ხო და მთელს ამ ფიქრებში, მგონი ამერიკა აღმოვაჩინე და ჭეშმარიტ არქიტექტურულ დაპროექტებას ვეზიარე - ოჯახში რამდენიმე ბლოგია საჭირო: სასტუმრო ოთახი, საძინებელი და ხშირ შემთხვევაში "ვანა-ტუალეტიც" არ იქნება მგონი ზედმეტი - მოკაფელებულ ამ ჯადოსნურ ოთახში, ხომ მაინც განსაკუთრებული ინტიმი სუფევს.

Tuesday, September 4, 2012

ვიზუალური პოეზია

ფოთოლი

აცივდება ––––– აწი
–––––– საღამოობით,
მოიხურე რამე, ––––
––––––– მხრებზე.
დაცვივდება მალე ––
ხეებს –––––––––
–––– შეღებილი თმები
–– ჭიქა ვისკით ხელში
–––––– ღამე –––
ხის გემბანზე ვფიქრობ
––––– ვთვრები


მთვარე

ლურსმნით ჩამოკიდებული რკალი
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ახალი
ღრუბლით ცუდად შეღებილი ☽☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ცა
აივნიდან შენს კისრამდე არი ☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ მაღალი
გავიზრდები ☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ცოტაც დაიცა


ლაზიერი

ძალიან ამაყი ♕♕♕
მგრძნობიარე ♕♕♕
♕♕♕♕♕ ნაზი ერი
ყველა ♕♕♕♕♕♕♕
♕ მეფობის კანდიდატი
არც ერთი ♕♕♕♕♕
♕♕♕♕♕ ლაზიერი


წვიმა

წვიმს ||||||| |||||| ||||
||| |||||||||| || ალაგ-ალაგ
თოვს || ||||| || ||| ||||||
||||||| ნერვები |||||| ქალაქ-ქალაქ
|||||| ||| სიარულს ||||||| |||||
მთხოვს |||| |||||||| |||||
|||||| ცას |||||||||| ||||
|||||||||| || |||| ნაწილ-ნაწილ
ცვივა || |||||||| ||||||| || |||||||
||||| |||||||| || |||||||| სხივები მზის
ცივა |||||||| ||||||| ||||||
|||||| და წვეთ-წვეთ ||||| ||||| ||||||
||||| ||||||… || |||| ცრის