Thursday, July 5, 2012

ძგიდე

ამბავი ასე დაიწყო _ ღამღამობით გულის ტკივილი მაღვიძებდა. მას შემდეგ რაც კარდიოლოგმა, წელსზემოთ გახდა მთხოვა და თითებშუა გადაღებული კარდიოგრამა ძველი ფირივით ასრიალა, გადაწყდა რომ გული არაფერ შუაში იყო. ცხვირი _ აი ვინ ყოფილა მთავარი დამნაშავე!

ისე, დიდადაც არ გამკვირვებია. ბავშვობაში, რამდენჯერმე საკალათბურთო დარბაზის ერთი ბოლოდან ნასროლი ბურთი მეორე ბოლოში მომხვედრია სახეში.

- რა გაწუხებს ბაბუო - მკითხა აშკარად ნესტოებით სუნთქვასთან პრობლემების არმქონე ხნიერმა ექიმმა და უზარმაზარ ცხვირზე სათვალა ჩამოიჩოჩა.

- სუნთქვა მიჭირს, მგონი ძგიდე მაქვს გაღუნულითქო - ვუთხარი კარებიდანვე.
- ძგიდე, ძგიდე - ჩაილაპარაკა ექიმმა და მაგიდიდან რკინის გაურკვეველი ნივთი და კალამი აიღო.

კალამს მეორე ბოლოს ფანარი აღმოანჩდა, რომელიც ალაგალაგ ქრებოდა.
- ოხ, შენი - ჩაიდურდღულა ექიმმა და კალამი მაგიდაზე დააკაკუნა. კალამი აინთო. ექიმმაც მშვიდად გააგრძელა ჩემი ცხვირის სიღმეების შესწავლა. თითქოს და მთავარი რამ უნდა დაენახა და გამოეკვლია რომ კალამი, (ბავშვებს რომ აღარ ახსოვთ) მეცხრე ბლოკივით მოულოდნელად ჩაბნელდა.

- ჯანდაბა - აშკარად გაბრაზებულად დაუყვირა ექიმმა კალამს და ამჯერად (ალბათ მაგიდამდე ხელის მიტანა დაეზარა) რკინის გაურკვეველ ნივთზე დაუწყო კაკუნი.

კაკუნი რა - კარგად გვარიანად მიარტყა რამდენჯერმე და პრობლემაც არანაირი იქნებოდა, გაურკვეველი რკინის ნივთის საკმაოდ წაწვეტებული მეორე ბოლო, ზედ ძგიდეზე რომ არ მქონოდა მიჭერილი.

ჩავთვალე, რომ ძგიდის გასწორებას ექიმი პირდაპირ თავის კაბინეტში შეუდგა - უნარკოზოდ და უაპელაციოდ. ცხვირნატკენმა და გულგატეხილმა, სასწრაფოდ დავტოვე ექიმის კაბინეტი.

სამაგიეროდ მოვხვდი სხვა ექიმთან. იქ უკვე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - პულსით და სისხლის ანალიზებით დაწყებული, სმენით დამთავრებული ყველაფერი შემიმოწმეს. თანაც ექიმის პირად კლინიკაში. თანაც არც თუ ისე იაფად.

ნარკოლოგმა ნარკოზის დოზა განმისაზღვრა და დაბარებულ დროს, დაბარებულ ადგილას საწოლზე აღმოვჩნდი წამოგორებული.

ჯერ დამამშვიდებელი (ღმერთმანი არ ვღელავდი) და შემდეგ კი მოზრდილი ნემსით ნარკოზი გამიკეთეს.

არ ვიცი რატომ მაგრამ, ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ჩემზე, ნარკოზი და ჰიპნოზი არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა - არასოდეს (ალბათ ყველა ბავშვს უნდა რაიმე სუპერგმირული შეეძლოს). მეც არ დავაყოვნე და დამამშვიდებლებით მოდუნებულმა, ნარკოლოგს ჩემი ბავშვობისდროინდელი აზრები გავანდე. მანაც მზრუნველი თვალებით (მოხვალ შენ საოპერაციოში, ამხანაგო ჭიპინიას - სტილში) გადმომხედა და პალატა დატოვა.

ისე, არ დაგიმალავთ და თავი კარგახანს მეჭირა ყოჩაღად - ჩემს წასაყვანად მოსულ ექთნებსაც კი გაუკვირდათ - შენ კიდევ ფხიზელი ხარო?

მე კიდე ფხიზელიც ვიყავი და ლიფტიდან ბორბლების ხრიგინით შეწუხებული, ადეკვატურობის საზღვრებთან მყოფი ვსაყვედურობდი კიდეც - რა უბედურებაა, ცოტა რბილი გადმოსასვლელები ვერ გააკეთეთთქო.

საოპერაციო დიდი და ცისფერი იყო - უნებლიედ აუზის და წყლის ძებნას რომ დაიწყებს კაცი, ისეთი.

მაგრამ წყალიც არსად ჩანდა და არც მე ვიყავი მთლად "პლავკების" ამარა. ყველა აფუსფუსდა და დაბზრიალდა. ვერ ვიტან, ჩემს ირგვლივ რომ ფუსფუსებენ, მე კიდე არაფერი მესაქმება. ამიტომაც გადავწყვიტე თავი გვერდით გადამეწია და დავლოდებოდი, როდის მორჩებოდნენ ჩემს ირგვლივ ტრიალს და ფუსფუსს.

***
მმმ... გათნდა. აუ, რა ადგება ახლა და წავა სამსახურში?! - ნაზი, მაწონი ხომ არ ამოგიტანია - შემაკრთო მოულოდნელმა რეპლიკამ. ნაზი ოჯახში კი არა, სანათესაო-სანაცნობოშიც არავინ მეგულება, ასე რომ ფრაზა მართლა მოულოდნელი იყო - ჯანდაბა!!! სახლში კი არა საავადმყოფოში ვარ, დილა კი არა, არც კი ვიცი რა დროა და მე ძგიდის ოპერაცია გავიკეთე - წამებში აღვიდგინე ყველაფერი.

ნეტა რა დრო გავიდა - დავიწყე ჩემთვის ფიქრი და გამორკვევა რომ ჩემი საწოლის ირგლივ, რამდენიმე ხმა გავარჩიე - იღვიძებს, ხო იღვიძებს, მგონი ჯერ არა - რიგრიგობით გავიგონე საწოლთან ანგელოზებივით ჩამომწკრივებული ექთნების ხმა.

მდგომარეობა კი შემდეგია - მე ვაზროვნებ, აშკარად ადეკვატურადაც, მესმის - საკმაოდ მკაფიოდ და გარკვევით მესმის (ნაზის კოვზის ხმაც კი მესმის, ქილის ფსკერზე, რომლიდანაც სავარაუდოდ მეუღლეს აჭმევს რუდუნებით მაწონს) მაგრამ... მაგრამ მე არ ვარ.

არ მაქვს, ფეხი, ხელი, თავი - არაფერი არ მაქვს - მე აზრი ვარ. ცარიელი აზრი. "ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობთქო" - მგონი პირველად (და ალბათ უკანასკნელად) ცხოვრებაში ადეკვატურ კონტექსტში გავიფიქრე ეს ფრაზა და იქვე დავასკვენი, რომ დეკარტიც ალბათ მაგარ კაიფში უნდა ყოფილიყო ამას რომ ამბობდათქო.

ხმები ისევ სასთუმალთან დამფუსფუსებდნე, როდესაც პირველი უჯრედების და ნეირონების შეგრძნება დავიწყე. ყელი - ვიგრძენი რომ საშინლად გამომშრალ ყელში, მოზრდილი პლასტმასის მილი მქონდა გათხრილი, რომელიც "წყალი დამალევინეს" თქმას თითქმის და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდდა.

მაგრამ რა - მე ხომ ვაზროვნებ. არსადაც მეჩქარება. ასე რომ გენიალური რამ მოვიფიქრე. გადავწყვიტე რომ მარცხენა ხელში თავი მომეყარა მთელი ენერგიისთვის და თითით პირისკენ მიმენიშნებია - "ეს მილი გამომიძრეთ აქედან ვინმემ"-ის ნიშნად.

სამი, ცოტაც და ხუთი, მგონი უკვე შვიდი მილიმეტრითაც მოვაშორე საწოლს ხელი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რადგან კიდევ ოცდაათამდე სანტიმეტრიც და მისია შესრულებული იქნებოდა. მაგრამ მოულოდნელად ხელზე ექთანის თბილი ხელი ვიგრძენი - დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნებაო - მაწყნარებდა მედდა.

უუუუუჰ შენი - აი, როცა იქნება ამას ხო ამომიღებთ პირიდან და ძალაც ხომ მექნება - აი შენ ცალკე და განსაკუთრებულად უნდა გაგლანძღო - ვჯუჯღურებდი ფიქრის ამარა დარჩენილი (მაგიდაზე მუშტის დარტყმა მაინც შემძლებოდა?).

მაგრამ ასე იოლად ვერ მოგართვით - ყველაფერი თავიდან დავიწყე. ერთი, ცოტაც და ორი...აი, ხელი აშკარად მოშორდა ზეწარს... კარგი, კარგი - ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება?

აააააააააააააააააააააააააააა.... ვიბღავლე ფიქრებში და წარმოსახვითი თვალებიც გადმოვყარე ნერვებმოშლილმა.აი, ახლა ნამდვილად ვერ გადამირჩები - ვიმუქრებოდი ფიქრებში გამომწყვდეული როცა გავიგონე - მგონი უნდა რომ პირიდან მილი გამოვაცალოთო.
უჰ, აგაშენებს ღმერთითქო ამოვიოხრე და გულში სითბო ჩამეღვარა.

ვიგრძენი როგორ ამომაცალეს ექთნებმა სასუნთქი მილი და მეც ფრთხილად გადავყლაპე არარსებული ნერწყვი. ყველაფერი კარგად არის. სხეული მაინც არ მაქვს და მეც მივენდე თავისუფალ ფრენას.

ცოტა ხანში, ნაზის გაუჩერებელ ლაპარაკს, შემაწუხებელი გაბმული ხმა აყვა - პიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.

გადავწყვიტე, რომ ნაზის ქმარს პულსის საზომი სენსორები მოხსნეს და მშვიდად განვაგრძე ღუბლებში ლივლივი - ისუნთქე, ძალიან თბილად ჩამჩურჩულა ყურში ექთანი ქალის ნაზმა ხმამ.

ვინსუნთქო? - მე უნდა ვისუნთქო? აბა აქმადე რას ვშვებოდი? - ცოტა დავიბენი. მოიცა - ეს გაბმული ხმა რა, ჩემია? - ჩავარდი უცებ ფიქრობრივ პანიკაში.

ჩავისუნთქე. ხმა ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდა - პიპ... პიპ... პიპ...

რამდენიმე საათში ნარკოზიდან თითქოს და გამოვედი. ექთნებმა ისიც მალევე გამოარკვიეს, რომ მე ბანკში ვმუშაობდი და ცოტახანში ნახევარი საავადმყოფო, საწოლთან მედგა რიგში, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციისთვის. მეც კარგი საბანკო ექსპერტივით, (ჯერკიდევ ნახევრად კაიფში მყოფი) "ვაკვალიანებდი" ექთნებს თუ ექიმებს და ზოგს ერთ და ზოგს მეორე ბანკში ვაგზავნიდი - საუკეთესო პირობების მისაღებად.

უიმე, შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, რა გვარი ხარ დედიკო შენო - მკითხა ერთერთმა სათნო ექთანმა.

ის, იყო კვანტალიანითქო რომ უნდა მეთქვა, უცებ ენაზე კბილი დავიჭირე _ ორჯერ დავიწყებული სუნთქვის შემდეგ, ნამდვილად რთული იქნებოდა ვინმე დამეჯერებინა, რომ სვანი კი არა, ერთი უბრალო, აფერისტი იმერელი ვარ.

5 comments:

  1. :) აფერისტი არა ისა კიდე.. :P

    ReplyDelete
  2. აფერისტი სვანი :)

    ReplyDelete
  3. ლაშ, ისე სად გაიკეთე ეგ ოპერაცია? მეც დასაგეგმი მაქვს და ვერ მოვაბი ჯერ თავი..

    ReplyDelete
  4. ვაკეში... სულ მავიწყდება კლინიკის სახელი. გავიხსენებ და მოგწერ მერე :) 9 საავადმყოფოს წინაა პრაქტიკულად :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ok, მე სავარაუდოდ დაზღვევით გავიკეთებ და იმედია ნორმალურ ადგილზე გამიშვებენ.. :)

      Delete