წყარო: ჰექსე
ნიჰილიზმი თურმე ფილოსოფიაა
ჩემი პარიკმახერი კი თურმე სტილისტი
ჩემი პარიკმახერი კი თურმე სტილისტი
უცნაური რამ არის გონება - საკმარისია ერთი ბზარი გაგიჩნდეს, თითქოს მთელი სამყარო ამ ერთი ბზარისთვის, მის გასაღრმავებლად, გასადიდებლად შექმნილიყოს.
მეც გამებზარა გონება. ამოვიჩემე: მწირ და ნაყოფიერ ნიადაგზე, ერთნაირად რომ იმუშავო, ერთნაირად რომ შეაკლა თავი და დაღვარო ოფლი-მეთქი, ყამირ მიწაზე მაინც არაფერი გამოვა _ გადაავლებ თვალს, სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფივით რომ ჯიჯგნე და აწვალე ჯიუტი ექიმბაშივით მთელი წელი და სიმწრით გაიხსენებ ყოველ წვეთს ოფლისას, თითქოს ღმერთისგან ბოძებული ძვირფასი თვლები გაგეფლანგოს უნიათოდ და უშინაარსოდო. ნაყოფიერზე კი უხვ მოსავალს, სოფლის მოედანზე სათამაშოდ გასული მიმობნეული ბავშვებივით მოუყრი თავს, სახლში წაიყვან და დატკბები საკუთარი ნამოქმედარით, რომ მეორე დღეს ისევ შეუდგე საქმეს, ისევ გამორეკო ბავშვები სახლებიდან და აახმაურო მიყუჩებული ქუჩები.
ბზარი ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყო, თითქოს რა უნდა მომხდარიყო და რა უნდა შეეცვალა, მაგმრამ ისე ნელნელა, ისე შეუმჩნევლად გაიზარდა როგორც ბავშვი რომელსაც მშობელი ყოველ დღე ხედავს და ვეღარც კი ამჩნევს, რძის სუნით გაჟღენთილ პატარა არსებას, სახლი რომ თავდაყირა დააყენა და საფენებითა და ათასი ჯამ-ჭურჭლით აავსო ცოტა ხნის წინ, სახე უხეში წვერით როგორ დაჰფარვია.
***
პოლიტიკა არ მაინტერესებსო ჩემი ბევრი მეგობარი ამბობს ბოლო დროს. პოლიტიკაო, კი გაიძახიან მაგრამ ისინი მოსაწყენ საინფორმაციო გამოშვებებს,ჰალსტუხიანი ტიპების გაუთავებელ კინკლაობას და ერთმანეთისკენ ლაფის სვრას გულისხმობენ. თორე თავისი ქვეყანა რომ არ აინტერესებდეთ არა მგონია. იმიტომ კი არა რომ პატრიოტები არიან _ პრაქტიკოსები არიან, პრაგმატულები და ნამდვილად იციან რომ ქვეყანა შენი სახლია. მობინადრეები სარჩოდან მცირე ნაწილს სახლისთვის აგროვებთ, აკოწიწებთ და როგორც პანაშვიდზე ფულის ასაგროვებლად გამოყოფილ თავკაცს, ანდობთ ამ ფულს - რომ ყაირათიანად გახარჯოს, რომ მოშლილი ონკანი შეაკეთოს და გაბზარულ უნიტაზსაც დაადგას ახალი ნიჟარა.
მარტივი დასკვნაა - სამშობლო "ობშეჟიწიაა" და "მე მაინც ვერაფერს შევცვლიო" ისე გულიანად მეუბნებიან, აღარც კი ვიცი რა ვუთხრა, რა ვუპასუხო.
***
ნაწყვეტებად ვწერ - ზუსტად ისე როგორც ვფიქრობ. სათქმელის თავს და ბოლოს ვერ ვპოულობ, ვერ ვიჭერ, თითქოს ნაპირზე შემთხვევით ამომხტარი, აფართხალებული თევზი მინდა ხელში კუდით მყარად დავიჭირო და თვალებში ჩავხედო.
ამ ნაწყვეტის წილად კი ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რატომღაც ანეგდოტიაო ხალხს რომ დაუჩემებია.
ერთხელ ბახუსის ღმერთმა ხალხს დაავალა _ სოფლის თავში რომ დიდი ჭურია, არყით ამივსეთო. შეიყარა სოფელი და გადაწყვიტეს, რომ თითო კაცს ერთი ჭიქა არაყი ჩაესხა ჭურში. სოფლის ერთმა მცოხვრებმა იფიქრა _ მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, იმხელა ჭურია - არც არაყს დაეტყობა არაფერი და ისედაც ვინ რას გაიგებსო. ორ დღეში ჭური პირთამდე იყო სავსე. ბახუსმა ჭურს თავი მოხადა, ხაპით ფრთხილად ამოიღო ჭიქა-ჭიქა ნაგროვები სათრობელა და ფრთხილად, თითქოს არ უნდოდა ჩაჯიძნებული ბავშვის გაღვიძება ისე მიიტანა ხაპი ტუჩებთანო.
ბახუსის მრიხსანება ცას და ზღვას გადასწვდა _ თურმე ნუ იტყვით და სოფლის ყველა მკვიდრს ეფიქრა "მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, აბა ვის რა დააკლდებაო".
***
მე მწვადი მიყვარს, კიდე მიყვარს ზღვა, სითბო, შავი ღვინო, მიყვარს სექსი და Apache საფრენი სიმულატორი. კიდე პოეზია მიყვარს, ველოსიპეტი და დედა... პოლიტიკა მეც არ მიყვარს. არ მიყვარს ტყუილში გამობრძმედილი ტიპები, რომლებმაც ზუსტად იციან რომ არც ისე ნიჭიერად იტყუებიან, მაგრამ ისიც მშვენივრად შეუსისხლხორცებიათ რომ ამას მხოლოდ მცირედნი თუ მიხვდებიან და დაინახავენ. ასეც რომ არ იყოს, მათი საქმეა მოიტყუონ, უტიფარი სახით თქვან სათქმელი _ რადგან ისინი ამისთვის შექმნილან, ამისთვის გაჩენილან ამ ქვეყანაზე.
სულაც არ მომწონს და მხიბლავს როდესაც ათასგვარ სისულელეს ვუსმენ თუ ვუყურებ _ ვინ სად გაფლანგა ფული, ვის როგორ კიდია კანონი, როგორ ჭრიან და კერავენ თერძი ბესოები კონსტიტუციას. წესით სულაც არ უნდა მანაღვლებდეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველი რაც გააკეთა 122 000 ლარი დახარჯა საკუთარი ჯიპის შესაძენად, არ უნდა მანაღვლებდეს რომ ბარამბო, ბერტა, მარნეულის სოფლის პროდუქტები, კულა, ნატახტარი და მრავალი სხვა ქვეყნის ერთერთ მინისტრს ეკუთვნის. ჩემი რა საქმეა - ამისთვის უამრავი ხალხი არსებობს ვისაც ეს საქმე ევალება, ხო და მივიდნენ და არკვიონ, მე რატო უნდა შევიწუხო თავი, ჩემიც საკმარისზე მეტად რომ გამჭირვებია?
საინტერესო იცით რა არის - ჭურში გარეული ერთი ჭიქა წყლის არ იყოს, ის რომ ამ 122 ათასში, მცირე მაგრამ ჩემი, შენი, მისი ფულიც რომ არის შერეული, ჩაწვეთებული და საერთო ჯამში რომ ეს "ჩვენი" ფულია, ეს ამბავი მავანთათვის ნამდვილი დემაგოგიაა.
დემაგოგიაა და მე სწორად მინდა მივხვდე საიდან იღებს ის სათავეს. სად ვეძებო ამ ურჩხულის თავი, რომლის კუდსაც ასე გამეტებით ვუქნევ ხის ხმალს და ვეპოტინები.
***
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქართული ანდაზებია დამნაშავე. ანდაზა თუ არა იდიომური სიტყვა-თქმა მაინც უნდა იყოს ამ ამბავში გამორეული. "ზღვაში წვეთიაო" - ისე გვაქვს გამჯდარი ქართველებს თითქოს საბოლოოდ ამ წვეთებისგან სულაც არ იყოს მთელი ზღვა შექმნილი.
ბებიაჩემი მიყვებოდა კულაშელ ებრეელებზე, რომლებსაც სხვათა შორის ყველა მოხუცი, ძალიან კტბილად იხსენებდა და მეც დაუსწრებლად გადმომედო ბებიებისგან მოყოლილი მოგონებები.
"მილიონს რომ კაპიკი დააკლდეს მილიონი აღარ არის ბებიაო" - მანდობდა ჩურჩულით ებრაულ სიბრძნეს, რომელშიც თუ კარგად დააკვირდებით ფულის ყოველი "კაპიკის" გაფრთხილების მიღმა, თითეული "კაპიკის", თითეული შემადგენელი ერთეულის მნიშვნელობასაც კარგად დაინახავს დაკვირვებული თვალი.
რა ვქნა რომ ქართველი კაცისთვის "კაპიკი" "ზღვაში წვეთია"?!
***
შენ რა გინდა, შენ ვინ გაწუხებს - აკეთე შენი საქმე და იყავიო. მე აბა ვინ უნდა შემაწუხოს - განა ტრაქტორზე შემომხტარი ფერმერი ვარ, თავის მამულებს რომ ამუშავებს. ერთი პატარა გლეხი ვარ, მხარზე გადებული ერთი თოხით და ვცდილობ ჩემი წილი გოჯი მიწა დავამუშავო, ზედ მოსავალი მოვიყვანო და წლიდან წლამდე თავი გავიტანო. მაგრამ ვაი რო ეს მიწა ისე გამომშრალა და გამოფიტულა რომ ზედ არაფერი არ მოდის.
ლოგიკა მარტივია: თუ ქვეყანაში არის ერთი ბარამოს ქარხანა, მე მყავს პოტენციური ერთი შემკვეთი, რომელსაც დიდად არ ანაღვლებს ხარისხი და უხარისხობა, რადგან ის ერთია, მას კონკურენტი არ ყავს (ვისზე უკეთესი უნდა იყოს?). ხარისხი თუ არ ანაღვლებს, უხარისხოს შეიძენს და იაფად. იაფად თუ შეიძენს მე იძულებული ვარ ან ხარისხიანი სერვისი შევთავაზო მას დაბალ ფასში რაც წამგებიანია და გაკოტრებამდე მიგიყვანს, ან კიდევ ხარისხი დავწიო შედარებით დაბალკვალიფიციური და იაფფასიანი მუშახელის ხარჯზე.
აი, ასე ვბანძდებით ნელნელა და ქვეყნის მასშტაბით! აი, ასე - უჯრედ უჯრედ, ნაწილ ნაწილ მთელი ორგანიზმი უძლურდება და ავადდება რომელსაც "სახელმწიფო" ქვია - მაგრამ მე პოლიტიკა მაინც არ მაინტერესებს, რადგან ერთი უბრალო უჯრედი ვარ _ ზღვაში წვეთი.
***
ნელნელა და ჩუმად მიღრმავდება ფიქრში გაჩენილი ბზარი. შენნაირები რომ წავიდნენ ვინღა დარჩებაო _ მეუბნებიან მეგობრები რომლებსაც "პოლიტიკა არ უყვართ".
მე კი ვფიქრობ, როდემდე ან რატომ უნდა ვიქნიო ასე დაუღალავად თოხი ამ ყამირ მიწაზე. რატომ არ მივბაძო კულაშში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც ბებია-ბაბუების მონაყოლი ამბებითა და ისტორიებით ძალიან ბრძენა ჩემთვის.
რატომ არ დავტოვო ეს ყამირი მიწა, სანამ მუხლში ძალა მერჩის, სანამ თოხის ქნევა შემიძლია?
ქართული ანდაზა გამახსენა: ზღვა კოვზით დაილიაო... :-)
ReplyDeleteხო, ეგ ანდაზა როგორც ჩანს მივიწყებული გვაქვს ქართველებს :)
ReplyDeleteარა, ისე ანდაზაშივე როგორღაც ზღაპრული სიუჟეტი ვითარდება - მე პირადად სულაც ვერ მარწმუნებს ეს ანდაზა რომ ზღვა კოვზით დაილევა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ზღვის წყალი საერთოდ არ ისმევა :)
ზღვა≠ზღვა
ReplyDeleteმგონი კარგი ალეგორიაა:-)
და იმის გჯერა რომ მთელ სოფელში ერთი ისეთი პატიოსანი კაცი არ იყო რომ ერთი ჭიქა არაყი გაემეტებინა;-)
(ჰიპერბოლა)
ზღვა რომ ალეგორიულია ვიცი, მაგრამ ნახე:
ReplyDeleteის რო მილიონს კაპიკს დააკლებს და მილიონი აღარ არის - ურყევი ფაქტია. ეჭვასაც ვერ შეიტან :)
აი, ქართველების მოყვანილი ალეგორია - ეგრევე შინაგანად რაღაც არ მჯერა რო კოვზით და წვეთწვეთ რამეს შეძლებ :) შეიძლება ანდაზაში კი არა - ანდაზების ჩვენეულ ინტერპრეტაციაშია პრობლემა :)
ფაქტია ქართველებს, არც ისე გვჯერა შინაგანად რომ ზღვა კოვ-კოვზ დაილევა :)
მაგაში გეთანხმები... :-)
ReplyDelete