Friday, July 27, 2012

გაკეთებული ლექსი

ახლა კარგად ვხვდები რას ნიშნავს "მუსიკის კეთება"
თურმე "ლექსების კეთებაც" არის შესაძლებელი - უბრალოდ, ხელით და გონებით.
ხოლო როცა კალიოპე ან კლიო მოგედება ზურგზე თავისი თბილი, შიშველი მკერდით, გონება დაბინდულს და სისხლამღვრეულს ყურთან მოგიტან ტუჩებს და ცხელი ჰაერით გიჩურჩულებს რა უნდა გააკეთო, შენ არღარ აკეთებ - შენ ქმნი!


შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ფიქრებს ინახავს

სიტყვებად, ხაზებად, ხმებად და ბგერებად
გაბედე, ხანდახან იყავი სულელი
მე შენ მენატრები დაშლილ თმის ღერებად
რომელსაც ზაფხულის მზესავით სულ ელი

წამოდი, და რამე მითხარი, უბრალო
რა მოხდა, რომ შენთვის მე დღემდე უცხო ვარ
ვიცი ვერ მიხსენებ, ბარათის პინივით
არა და მე გიცნობ, დროიდან უხსოვარ

შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ტუჩებს ინახავს



Monday, July 23, 2012

ოფისიდან გასვლამდე

დღე მთვარეა
ღამით მე
გაყურსული ზეცაზე
ერთი ლუკმა
დამითმე
თორემ უკვე
მეც ასე
აღარ ვიცი რა მინდა
აღარ ვიცი რა მომწონს
აღარ დამრჩა გრამი და
სისხლს ვერავინ გამომწოვს
შოკოლადი შავი და
ცივი ყავა ნაყინით
დღე უბრალოდ გავიდა
გადაკრული არყივით
დღე მზეა და ღამით სხვა
მიხატული ზეცაზე
- შენ როგორ ხარ? ისე რა?
- არა მიშავს, მეც ასე




Sunday, July 22, 2012

ქართული YouTube

არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ "ქართული იუთუბი" ცალკე ფენომენია. მაგალითად თავისუფლად შეხვდებით ვიდეოს, რომელსაც ნებისმიერ სხვა ენაზე დაარეპორტებდნენ და წაიშლებოდა საიტიდან. თუმცა ქართულად პრობლემა არ არის - ჩვენ "დარეპორტების" კულტურა არც ისე განვითარებული გვაქვს, ხოლო უცხოელები ვერ გაიგებენ შინაარსს:)

მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება, ქართული "Zalian magari leqsebit" დამძიმებულ იუთუბის სერვერებზე მინდა გავამახვილო:

(სუსტი ნერვების და 18 წლამდე ასაკისთვის რეკომენდირებული არ არის)


Sunday, July 15, 2012

თეფში

ღმერთო გადატვირთე ეს სამყარო
(c) პროგრამისტი

დამიპყარი
არ დამინდო
ცოტა მაგრად... თმებში
მე ვიქნები რისივერი
შენ კი ჩემი თეფში




ბევრი ჩემი მეგობარი მიყვება, როგორი მზაკვრული გეგმა ჰქონდა ბატონ ივანიშვილს საქართველოს ხელში ჩასაგდებად და დასაპყრობად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩაფიქრებული.

სწორედ ამიტომ აშენებდა ის ტაძრებს, არემონტებდა სკოლებს, აფინანსებდა მთავრობას და მრავალი სხვა - რადგან ვინ თუ არა მას უნდა სცოდნოდა რომ "არა არს დაფარული, რომელიც არა განცხადდეს", აღარაფერი რომ არ ვთქვათ ძველ სიბრძნეზე "რასაცა გასცემ შენიაო" - რომლის ცოდნაც, მართალია "მჭადის სახელივით დავწიყების" შემდეგ, მაგრამ მაინც დაადასტურა საზეპიროების მოყვარულმა პოლიტიკოსმა.

მსგავს მსჯელობას მე დემაგოგიას ვუწოდებ ხოლმე, რადგან მოცემული "შეთქმულების თეორია" ეფუძნება მხოლოდ ერთადერთ არგუმენტს - სხვანაირად ივანიშვილი კარგი ტიპი გამოდის, ე.ი. წინასწარ იცოდა (10 წლის წინ) რისი გაკეთებაც უნდოდა და მთელი ეს "ქველმოქმედებაც" წლების წინ დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ნანწილიაო.

ასეც რომ იყოს, აფერუმ მის სტრატეგიულ ხედვას, მაგრამ ერთი ვერ გამიგია - სხვა წინააღმდეგობრივ აფსურდებს თავი რომ  გავანებოთ, ასეთმა ჭკვიანმა და შეძლებულმა, ის როგორ ვერ მოიფიქრა, რომ ჯერ დაეყენებია მთელს საქართველოში პარაბოლური თეფშები (მთელი 10 წელი ქონდა ამისთვის) და შემდეგეგ მშვიდად და აუღელვებლად გადასულიყო თავისი მრავალწლიანი პიესის ფინალურ ნაწილზე?

მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, საჯაროდ მე ყოველთვის ვცდილობ მომეწონოს ან გავაკრიტიკო არა კონკრეტული სუბიექტი - არამედ მისი კონკრეტული ქმედება. ვინაიდან მოგეხსენებათ, "ხატად ღვთისად" შექმნილებს, მრავალ უცნაურობასთან ერთად, ერთი განსაკუთრებული თვისება გვაქვს - ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, ნებსით თუ უნებლიედ გვძალუძს ჩავიდინოთ კარგიც და ცუდიც - ამიტომაც ვფიქრობ რომ კონკრეტული მოვლენის ანალიზი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ცალკეული სუბიექტების (პრეზიდენტებიც და მილიარდელრებიც კი დადიან ტუალეტში!).

ბოლო დროს მომხდარ ამბებს შორის კი ერთი მაწუხებს განსაკუთრებით - ხელისუფლებას პანიკურად ეშინია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების. 

წარმოიდგინეთ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, გადაეწყვიტათ (როგორც არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში) იმ წიგნების განადგურება, რომლებიც მათვის მიუღებელ შინაარს შეიცავდა.



დღეს განა რაიმე განსხვავებული ხდება? საქმე სწორედაც რომ ინფორმაციის გავრცელებას შეეხება, რომელიც სხვათა შორის არ არის მხოლოდ მაესტრო და მეცხრე არხი (ჯადოსნური თეფშები იჭერს დისქავერს, ნეიშენალ ჯეოგრაფიკს, თრეველს, ბი-ბი-სი-ს  და სხვა უამრავ საინტერესო არხს. არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რომ რუსული,  "первый канал" -ის შემხედვარემ ვისწავლე თავის დროზე).

ჩემთვის მოცემულ ეტაპზე ნაკლებმნიშვნელოვანია ინფორმაცია რომელიც გავრცელდება იქნება პროსახელისუფლებო, ოპოზიციური თუ დაბალანსებული. პირადად მე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია, ალტერნატივის არსებობა. მომავალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საშენი მასალაა, ნამდვილად არ უნდა იზრდებოდეს, აყვავებული საქართველოს "ლამაზი კლიპებით" გაფორმებული სადიდებელი ჰიმნებისა და ყელმოღერებული საინფორმაციოების წამყვანების შემხედვარე. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების არსებობა - რადგან პირადად მე მახსოვს, როგორ ვუყურებდი მოცემულ დებატებს, ვცდილობდი გამერჩია მტყუანი და მართალი. ვაკეთებდი სწორ და არასწორ დასკვნებს, ვეჩვეოდი პოლიტიკურ ანალიზს, პოლიტიკურ კულტურას (რომელიც ასე ძალიან გვაკლია ქართველებს).

და მაინც, რისი ეშინია ასე პრეზიდენტს?

პრეზიდენტს იმ ერთადერთი მექანიზმის დარღვევის ეშინია, რომელზეც რეალურად დგას დღეისათვის მისი ძალაუფლება. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერმა ხომ დასაწყისშივე იგემა, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" ყოვლისშემძლე ძალა. ის, ხომ იმთავითვე აეწყო ტელეკამერებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე და ენერგიულად შეუდგა ფასადების ღებვას?



დიახ, მას ყველაზე მძაფრად აქვს განცდილი (და გამოცდილიც) რას ნიშნავს მასმედია. ამიტომაც, ყველაზე მეტად უფრთხის ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალებებს. უფრთხის თეფშებს. უფრთხის რადიოებს  რეკლამაგადაკრულ ავტობუსებში, რომელბიც სულაც აღარ არიან ყვითლები. უფრთხის რადგან მოცემულ მოედანზე ბრძოლა აღარ შეუძლია, აღარ გამოსდის...

აღარ გამოსდის რადგან, მოშიებულ და დაუპურებელ ხალხხს, ის ისევ  ხმელ სანახააობას სთავაზობს... სანახაობას, რომელსაც ხალხი კარგახანია აღარ ჭამს.

Friday, July 13, 2012

"ბულეთპოინტებად" მოყოლილი

"ბულეთპოინტებად" _ თავად სტილი იმდენად გაცვეთილია (თუნდაც მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის მიერ), რომ სადღაც მეხამუშება კიდეც რომ ავყვე ამ ჟღერადობას, მაგრამ ენა სხვანაირად მაინც არ მიბრუნდება. მეც რაღატო ვიწვალო თავი? საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს ბევრი რამ მაშინებს. მაშინებს მაგრამ რატომღაც არ მეშინია და ჩემი ეს უშიშარობა ერთერთთაგანია ვისაც (თუ რასაც) ჩემი შეშინება გადაუწყვეტია.


  • მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ პატრიარქის ფოტოებია
  • მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ ოპოზიციური სულისკვეთების პოსტებია (გამონაკლისის გარეშე)
  • მაშინებს მთავრობა, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნეში, თავის მხრივ სიტყვის თავისუფალი გავრცელება აშინებს და საკუთარ მარცხთან აიგივებს
  • მაშინებს  შსს  ახალი მინისტრი
  • მაშინებს შეძახილი ჯოს-ჯოს-ჯოს
  • მაშინებს ირანის ბირთვული პროგრამა
  • მაშინებს ამერიკის საგარეო ვალი
  • მაშინებს გამონაყარი მარცხენა დუნდულზე
  • მაშინებენ ჭკვიანი დემაგოგები, რომლებიც თეთრზე შავიაო კი არა, ამტკიცებენ რომ უფერო არის
  • მაშინებენ სულელი აქტივისტები, რომლებიც სამომავლო გამორჩენის მიზნით დადიან ბრენდირებული მაისურებით
  • მაშინებენ უკვე გამორჩენილი ზომბები, რომლებიც გააფთრებული ანთხევენ აგრესიას
  • მაშინებენ ფემინისტები, რადგან ვფიქრობ რომ ორგაზმს ვერ აღწევენ
  • მაშინებენ უმცირესობის ფანატი მცველები
  • მაშინებენ   ზოგადად მცველები  ... და ფანატებიც მაშინებენ
  • მაშინებს "რუსის ჯარი" "აქვე ყურისძირას"
  • მაშინებს ეს პოსტიც, რადგან პირი მოვაღე და ათას სისულელეს ვამბობ
  • მაშინებთ თქვენ, რადგან ვგრძნობ რომ მეტწილად მეთანხმებით

და ერთადერთი ვინც ვერ მაშინებს, ჩემი თავია - რადგან დაღლილს და მორალურად გაცვეთილს სრულიად დაუკარგავს ნიჭი, საერთოდ ვინმე შეაშინოს.

Thursday, July 12, 2012

მომენატრე

მომენატრა კანი შენი ხორკლიანი
სუნი ქვიშის, შემომძრვალი ნესტოში
შენს მუცელზე ფეხშიშველი ბოდიალი
და ჰამაკი, ნებივრობა ეზოში

მომენატრა შენი ცელქი ენით ლოკვა
პირში გემო, ჩარჩენილი მარილის
ეს სურვილი აღარ ვიცი როგორ მოვკლა
შენს სხეულზე დაცემული არილის

მომენატრა შენი ვერცხლის სამაჯური
ღელვა მუცლის, წამოშლილი ქაფებად
ევკალიპტის ტყე შენს წელზე გადასული
შიშველ მკერდზე გადაცმულ ჭრელ კაბებად

მომენატრე მოხარშული სიმინდივით
ხურდასავით გადაცვლილი სხვაში
ვეღარ გიტან მოღრუბლული ამინდივით
აღარ მინდა შენში, ანუ ზღვაში

Tuesday, July 10, 2012

ყველაზე "აზაბოჩენი" ლექსი

წარმოდგენა (შესაბამისად, განწყობის თეორიის მიხედვითაც) სექსზე, როგორც ბინძურ და ქალისთვის “შეუფერებელ” საქმეზე, გოგონას ბავშვობიდან ენერგება...


მე ხშირად მეუბნებიან (პოსტების გამო) რომ ვარ "აზაბოჩენი". სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს სიტყვა რას გულისხმობს, თავისი კლასიკური გაგებით...

ადამიანს რომელსაც სექსი ნორმაზე ნაკლებადააქვს თუ ადამიანი რომელსაც სექსი ნორმაზე მეტჯერ უნდა? შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო.



შენს ზურგს მივუყვები სამხრეთისკენ
მზეა და ყელი გამიშრა
გზა მალე მივა სხვა მთებისკენ
იქნებ და შენგან გამიშვა

იქნებ და ხერხემალი დაგეღალოს
ჩემი დაკოჟრილი ფეხით
იქნებ მხრებზე ფერფლად დაგეყარო
შუაზე გაპობილი, მეხით

არა, ცოტა დამრჩა სხვა მთებისკენ
მზეა და ყელიც გამიშრა
წავიდეთ ერთად ანდებისკენ
და ხელი არასდროს გამიშვა

Saturday, July 7, 2012

Template

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

წელზე გასმული ხაზები
გიკბენ მოჭიმულ სხეულზე
შენი ორგაზმის ფაზები
ჩემ ცალხაზიან რვეულზე

შენი ტუჩები კამკამა
ყელი კოცნისგან ნამული
გატოკებს კბენა მუცელთან
ენა და მერე მამული

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

Thursday, July 5, 2012

ძგიდე

ამბავი ასე დაიწყო _ ღამღამობით გულის ტკივილი მაღვიძებდა. მას შემდეგ რაც კარდიოლოგმა, წელსზემოთ გახდა მთხოვა და თითებშუა გადაღებული კარდიოგრამა ძველი ფირივით ასრიალა, გადაწყდა რომ გული არაფერ შუაში იყო. ცხვირი _ აი ვინ ყოფილა მთავარი დამნაშავე!

ისე, დიდადაც არ გამკვირვებია. ბავშვობაში, რამდენჯერმე საკალათბურთო დარბაზის ერთი ბოლოდან ნასროლი ბურთი მეორე ბოლოში მომხვედრია სახეში.

- რა გაწუხებს ბაბუო - მკითხა აშკარად ნესტოებით სუნთქვასთან პრობლემების არმქონე ხნიერმა ექიმმა და უზარმაზარ ცხვირზე სათვალა ჩამოიჩოჩა.

- სუნთქვა მიჭირს, მგონი ძგიდე მაქვს გაღუნულითქო - ვუთხარი კარებიდანვე.
- ძგიდე, ძგიდე - ჩაილაპარაკა ექიმმა და მაგიდიდან რკინის გაურკვეველი ნივთი და კალამი აიღო.

კალამს მეორე ბოლოს ფანარი აღმოანჩდა, რომელიც ალაგალაგ ქრებოდა.
- ოხ, შენი - ჩაიდურდღულა ექიმმა და კალამი მაგიდაზე დააკაკუნა. კალამი აინთო. ექიმმაც მშვიდად გააგრძელა ჩემი ცხვირის სიღმეების შესწავლა. თითქოს და მთავარი რამ უნდა დაენახა და გამოეკვლია რომ კალამი, (ბავშვებს რომ აღარ ახსოვთ) მეცხრე ბლოკივით მოულოდნელად ჩაბნელდა.

- ჯანდაბა - აშკარად გაბრაზებულად დაუყვირა ექიმმა კალამს და ამჯერად (ალბათ მაგიდამდე ხელის მიტანა დაეზარა) რკინის გაურკვეველ ნივთზე დაუწყო კაკუნი.

კაკუნი რა - კარგად გვარიანად მიარტყა რამდენჯერმე და პრობლემაც არანაირი იქნებოდა, გაურკვეველი რკინის ნივთის საკმაოდ წაწვეტებული მეორე ბოლო, ზედ ძგიდეზე რომ არ მქონოდა მიჭერილი.

ჩავთვალე, რომ ძგიდის გასწორებას ექიმი პირდაპირ თავის კაბინეტში შეუდგა - უნარკოზოდ და უაპელაციოდ. ცხვირნატკენმა და გულგატეხილმა, სასწრაფოდ დავტოვე ექიმის კაბინეტი.

სამაგიეროდ მოვხვდი სხვა ექიმთან. იქ უკვე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - პულსით და სისხლის ანალიზებით დაწყებული, სმენით დამთავრებული ყველაფერი შემიმოწმეს. თანაც ექიმის პირად კლინიკაში. თანაც არც თუ ისე იაფად.

ნარკოლოგმა ნარკოზის დოზა განმისაზღვრა და დაბარებულ დროს, დაბარებულ ადგილას საწოლზე აღმოვჩნდი წამოგორებული.

ჯერ დამამშვიდებელი (ღმერთმანი არ ვღელავდი) და შემდეგ კი მოზრდილი ნემსით ნარკოზი გამიკეთეს.

არ ვიცი რატომ მაგრამ, ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ჩემზე, ნარკოზი და ჰიპნოზი არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა - არასოდეს (ალბათ ყველა ბავშვს უნდა რაიმე სუპერგმირული შეეძლოს). მეც არ დავაყოვნე და დამამშვიდებლებით მოდუნებულმა, ნარკოლოგს ჩემი ბავშვობისდროინდელი აზრები გავანდე. მანაც მზრუნველი თვალებით (მოხვალ შენ საოპერაციოში, ამხანაგო ჭიპინიას - სტილში) გადმომხედა და პალატა დატოვა.

ისე, არ დაგიმალავთ და თავი კარგახანს მეჭირა ყოჩაღად - ჩემს წასაყვანად მოსულ ექთნებსაც კი გაუკვირდათ - შენ კიდევ ფხიზელი ხარო?

მე კიდე ფხიზელიც ვიყავი და ლიფტიდან ბორბლების ხრიგინით შეწუხებული, ადეკვატურობის საზღვრებთან მყოფი ვსაყვედურობდი კიდეც - რა უბედურებაა, ცოტა რბილი გადმოსასვლელები ვერ გააკეთეთთქო.

საოპერაციო დიდი და ცისფერი იყო - უნებლიედ აუზის და წყლის ძებნას რომ დაიწყებს კაცი, ისეთი.

მაგრამ წყალიც არსად ჩანდა და არც მე ვიყავი მთლად "პლავკების" ამარა. ყველა აფუსფუსდა და დაბზრიალდა. ვერ ვიტან, ჩემს ირგვლივ რომ ფუსფუსებენ, მე კიდე არაფერი მესაქმება. ამიტომაც გადავწყვიტე თავი გვერდით გადამეწია და დავლოდებოდი, როდის მორჩებოდნენ ჩემს ირგვლივ ტრიალს და ფუსფუსს.

***
მმმ... გათნდა. აუ, რა ადგება ახლა და წავა სამსახურში?! - ნაზი, მაწონი ხომ არ ამოგიტანია - შემაკრთო მოულოდნელმა რეპლიკამ. ნაზი ოჯახში კი არა, სანათესაო-სანაცნობოშიც არავინ მეგულება, ასე რომ ფრაზა მართლა მოულოდნელი იყო - ჯანდაბა!!! სახლში კი არა საავადმყოფოში ვარ, დილა კი არა, არც კი ვიცი რა დროა და მე ძგიდის ოპერაცია გავიკეთე - წამებში აღვიდგინე ყველაფერი.

ნეტა რა დრო გავიდა - დავიწყე ჩემთვის ფიქრი და გამორკვევა რომ ჩემი საწოლის ირგლივ, რამდენიმე ხმა გავარჩიე - იღვიძებს, ხო იღვიძებს, მგონი ჯერ არა - რიგრიგობით გავიგონე საწოლთან ანგელოზებივით ჩამომწკრივებული ექთნების ხმა.

მდგომარეობა კი შემდეგია - მე ვაზროვნებ, აშკარად ადეკვატურადაც, მესმის - საკმაოდ მკაფიოდ და გარკვევით მესმის (ნაზის კოვზის ხმაც კი მესმის, ქილის ფსკერზე, რომლიდანაც სავარაუდოდ მეუღლეს აჭმევს რუდუნებით მაწონს) მაგრამ... მაგრამ მე არ ვარ.

არ მაქვს, ფეხი, ხელი, თავი - არაფერი არ მაქვს - მე აზრი ვარ. ცარიელი აზრი. "ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობთქო" - მგონი პირველად (და ალბათ უკანასკნელად) ცხოვრებაში ადეკვატურ კონტექსტში გავიფიქრე ეს ფრაზა და იქვე დავასკვენი, რომ დეკარტიც ალბათ მაგარ კაიფში უნდა ყოფილიყო ამას რომ ამბობდათქო.

ხმები ისევ სასთუმალთან დამფუსფუსებდნე, როდესაც პირველი უჯრედების და ნეირონების შეგრძნება დავიწყე. ყელი - ვიგრძენი რომ საშინლად გამომშრალ ყელში, მოზრდილი პლასტმასის მილი მქონდა გათხრილი, რომელიც "წყალი დამალევინეს" თქმას თითქმის და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდდა.

მაგრამ რა - მე ხომ ვაზროვნებ. არსადაც მეჩქარება. ასე რომ გენიალური რამ მოვიფიქრე. გადავწყვიტე რომ მარცხენა ხელში თავი მომეყარა მთელი ენერგიისთვის და თითით პირისკენ მიმენიშნებია - "ეს მილი გამომიძრეთ აქედან ვინმემ"-ის ნიშნად.

სამი, ცოტაც და ხუთი, მგონი უკვე შვიდი მილიმეტრითაც მოვაშორე საწოლს ხელი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რადგან კიდევ ოცდაათამდე სანტიმეტრიც და მისია შესრულებული იქნებოდა. მაგრამ მოულოდნელად ხელზე ექთანის თბილი ხელი ვიგრძენი - დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნებაო - მაწყნარებდა მედდა.

უუუუუჰ შენი - აი, როცა იქნება ამას ხო ამომიღებთ პირიდან და ძალაც ხომ მექნება - აი შენ ცალკე და განსაკუთრებულად უნდა გაგლანძღო - ვჯუჯღურებდი ფიქრის ამარა დარჩენილი (მაგიდაზე მუშტის დარტყმა მაინც შემძლებოდა?).

მაგრამ ასე იოლად ვერ მოგართვით - ყველაფერი თავიდან დავიწყე. ერთი, ცოტაც და ორი...აი, ხელი აშკარად მოშორდა ზეწარს... კარგი, კარგი - ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება?

აააააააააააააააააააააააააააა.... ვიბღავლე ფიქრებში და წარმოსახვითი თვალებიც გადმოვყარე ნერვებმოშლილმა.აი, ახლა ნამდვილად ვერ გადამირჩები - ვიმუქრებოდი ფიქრებში გამომწყვდეული როცა გავიგონე - მგონი უნდა რომ პირიდან მილი გამოვაცალოთო.
უჰ, აგაშენებს ღმერთითქო ამოვიოხრე და გულში სითბო ჩამეღვარა.

ვიგრძენი როგორ ამომაცალეს ექთნებმა სასუნთქი მილი და მეც ფრთხილად გადავყლაპე არარსებული ნერწყვი. ყველაფერი კარგად არის. სხეული მაინც არ მაქვს და მეც მივენდე თავისუფალ ფრენას.

ცოტა ხანში, ნაზის გაუჩერებელ ლაპარაკს, შემაწუხებელი გაბმული ხმა აყვა - პიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.

გადავწყვიტე, რომ ნაზის ქმარს პულსის საზომი სენსორები მოხსნეს და მშვიდად განვაგრძე ღუბლებში ლივლივი - ისუნთქე, ძალიან თბილად ჩამჩურჩულა ყურში ექთანი ქალის ნაზმა ხმამ.

ვინსუნთქო? - მე უნდა ვისუნთქო? აბა აქმადე რას ვშვებოდი? - ცოტა დავიბენი. მოიცა - ეს გაბმული ხმა რა, ჩემია? - ჩავარდი უცებ ფიქრობრივ პანიკაში.

ჩავისუნთქე. ხმა ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდა - პიპ... პიპ... პიპ...

რამდენიმე საათში ნარკოზიდან თითქოს და გამოვედი. ექთნებმა ისიც მალევე გამოარკვიეს, რომ მე ბანკში ვმუშაობდი და ცოტახანში ნახევარი საავადმყოფო, საწოლთან მედგა რიგში, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციისთვის. მეც კარგი საბანკო ექსპერტივით, (ჯერკიდევ ნახევრად კაიფში მყოფი) "ვაკვალიანებდი" ექთნებს თუ ექიმებს და ზოგს ერთ და ზოგს მეორე ბანკში ვაგზავნიდი - საუკეთესო პირობების მისაღებად.

უიმე, შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, რა გვარი ხარ დედიკო შენო - მკითხა ერთერთმა სათნო ექთანმა.

ის, იყო კვანტალიანითქო რომ უნდა მეთქვა, უცებ ენაზე კბილი დავიჭირე _ ორჯერ დავიწყებული სუნთქვის შემდეგ, ნამდვილად რთული იქნებოდა ვინმე დამეჯერებინა, რომ სვანი კი არა, ერთი უბრალო, აფერისტი იმერელი ვარ.

Tuesday, July 3, 2012

მაჯაზე მოჭერილი ლექსი

შენგან გამოყოლილი სამაჯური
მე შენთნა სექსი არ მინდა - ხატი, რჯული

შენგან დაკლებული კოცნა ყელში
სექსის დროს, არც ისე თბილად მოგქაჩავ თმებში

რა ვქნა რომ ვერ ვიძლევი გარანტიებს
მიყურე როგორც უხოს, გადამთიელს

შენი ვერ შერგძნობილი მკერდი
შენ, როგორც პოეტი, შენ, როგორც მდედრი

შენგან გამოყოლილი სამაჯური
მჭირდები ჰაერივით - ხატი, რჯული...

წარმოსახვა #37.2

გამთენიისას
წვიმისგან ამღვრეულ
ვიჯექით ტბის პირას
გვისმენდა ლისი
ჩემი თითები
შენი ტუჩები
და ჭიპთან
არარსებული პირსი

ისუნთქე, ოღონდ ღრმად
და ცხელი ჰაერით
გაჭერი ნაპირთან
ჰაერი უხეში
მე მხოლოდ შენს ქორფა ძუძუებს აღვიქვამ
კენჭში თუ ქვაში, ტოტში თუ ხეში

ისუნთქე თანაბრად, ატოკე მუცელი
ჩიტები არაფრად გვაგდებენ, მღერიან
და ლიფი, წუხელის გამოუცვლელი...
მე დაგიტოვებ, ეს ბოლო ღერია

გამთენიისას
წვიმისგან ამღვრეულ
ვიჯექით ტბის პირას
გვისმენდა ლისი
ჩემი თითები
შენი ტუჩები
და ჭიპთან
არარსებული პირსი