Saturday, July 2, 2011

მე პატარა ქართველი ვარ

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქა...

ქმ... მოხვედით?

***
"მე პატარა ქართველი ვარ", "პატარა ქვეყნის დიდი შვილი"?  რაღა დაგიმალოთ და ეროვნულ-პატრიოტურ პროპორციებში ცოტათი ავიჭერი.

ამბავი, რომლის შემდეგაც მანიაკივით ვაკვირდებოდი ქვეყნების სიას სარეგისტრაციო ფორმებში, ჩემი ბანკში მუშაობის დროს დაიწყო. როდესაც სხვადასხვა რუსული ფულადი გზავნილების წარმომადგენლები პირადად გავიცანი, მათ ღიად და დაუფარავად მითხრეს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს, ვერ ამოიღებდნენ საიტიდან, რადგან ასეთი მითითება ქონდათ, "ზემოდან".

წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ ის რომ "მე პატარა ქართველი ვარ", ყოველდღიურად ვაწყდები ციფრულ სამყაროში: იქნება ეს რომელიმე ინტერნეტ მაღაზია, რომელთა ჩამონათვალში არ არის საქართველო, თუ პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც G ასოზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოს ვერ იპოვი და მეც დიდის ამბით რატომღაც United State-ს ვირჩევ.

რამდენიმე დღის წინ, მთელი გულით და სულით რომ მინდოდა კომპანია Dell-ის საიტზე ნოუთბუქის შესყიდვა, განმიცხადეს რომ საქართველოდან მოცემულ ოპერაციას ვერ განახორციელებო.

ფეიფალიც, ხომ ჩვენი ტკივილია?!

რას ვიზამთ, რა გაეწყობა _ სამაგიეროდ ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ (ინტონაცია ანეგდოტიდან: "სამაგიეროდ მე კიბო არ მაქვს").

აი ასე, შენი თვალებით დამწვარი, დავდივარ, დავიარები... ორ ზღვას შუა ძველისძველ და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ხშირად არის იგნორირებული ციფრულ სამყაროში.

მაგრამ დღეს, თავად არ ვიცი რატომ (სინამდვილეში არაჩეულებრივი შეარ სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა იმუშაოს ერთსა და იმავე დოკუმენტზე) კომპანია მაიკროსოფთის ანგარიში დამჭირდა.

ქართული ამბავი ხომ იცით? ერთხელ თუ თქვა კაიაო, მერე სხვისკენ არ გაიხედავს და გუგლზე შემჯდარს მეც კარგახანი არ გამეხედა მაიკროსოფთისკენ, ამიტომაც ანგარიშის რეგისტრაციას შევუდექი.

ჩემს გაოცებას საზღვარი როგორ არ ქონდა, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტად გავოცდი, როდესაც ქვეყნების სიაში "Georgia" ავირჩიე, ხოლო რეგიონების სიაში, პრაქტიკულად ყველას რო ძალით გვაქვს ნასწავლი ლექსის ამონარიდი დამხვდა:



თან რაოდენ სასიამოვნო არის რომ პირველივე სიაში აფხაზეთია. აქაც საკუთარ თავს რომ არ დავცინო, ისე არ გამომივა _ აფხაზეთის მაიკროსოფთის საიტზე დაბრუნებით ისეთი სითბო ჩამეღვარა სულში, რომ სულ დამავიწყდა, ქვეყნის 20% ოკუპირებული რომ არის.

ხომ არაფერი მაგრამ მაინც სასიამოვნოა _ იოლია ქართველი კაცის გულის მოგება (აწი ჯიმეილს არ გამოვიყენებ).

რა მოხდება, სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც მიბაძონ მაიკროსოფთს და აღშფოთება-წუხილის გარდა, მცირედი მხარდაჭერა სხვამხრივაც გაგვიწიონ?

***
ქართული Qwerty კლავიატურა, რომელიც Windows 7-ს მოყვება, რეგიონის პარამეტრებში ჩამატებული ჩვენი ქვეყანა, ახლა უკვე სარეგისტრაციო ფორმაში ჩამატებული  არც მეტი და არც ნაკნლები "გურია და სამეგროლო"... ცოტა არ იყოს და დავეჭვდი და კვლევა დავიწყე.

ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ჩემი ვარაუდი გამართლდა _ ბილ გეიტსის ბებია, ქართველი _ ზამბახიძის ქალი ყოფილა, ზემო იმერეთიდან.

დავიჯერო სტივ ჯობსს, არავინ არ ყავს ქართველი გვარში?

1 comment:

  1. მე უფრო მაჭავარიანი მგონია.. :)))

    ReplyDelete