Thursday, July 7, 2011

მეშინია

მოგეხსენებათ დღეს რამენიმე ფოტოგრაფი დააკავეს _ რომელიღაც მუხლის შესაბამისად, ჯაშუშობის ბრალდებით.

საქმის წარმოება მიმდინარეობს "გრიფით საიდუმლო" რაც იმას ნიშნავს რომ არავითარი ნივთმკიცება არააქვთ და შესაბამისად არ სურთ ამის შესახებ ადვოკატებმა ხმამაღლა განაცხადონ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოცემულმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს 26 მაისის ამსახველი ფოტო მასალა (მხოლოდ და მხოლოდ).



ეს ადამიანები ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას _ იღებდნენ ფოტოებს. დარწმუნებული ვარ, არავის (აბსოლუტურად არავის, ყველაზე დაბალი IQ-ს მფლობელ, პირწავადნილ მიშისტსაც კი), ამ ფოტოგრაფების ჯაშუშობის და აგენტობის არ სჯერა. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ აუდიო-ვიდეო მასალას სადაც, მოცემული ფოტოგრაფების "ფოტოები", რომელიღაც კითხვისნიშნიან სილუეტს ესაუბრებიან (ქვემოთ სუბტიტრებით) და ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების (უამრავი გვაქვს) ამსახველი ფოტო მასალის "სკაიპით" გადაგზავნაზე ურიგდებიან(აგერ ნახავთ თუ არა).

მეც ისევე როგორც, ყველა ჯანრმთელ ადამიანს საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მაგრამ არა! კარგად რომ გავაანალიზე, ჩემში მიმდინარე პროცესები მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ პროტესტი. უპირველესად ეს იყო სრული ინდიფერენტულობა საკითხისადმი _ თითქოს არაფერი განსაკუთრებული. არაფერიც გამკვირვებია.თითქოს მორიგი, "ყოველდღიური" ინფორმაცია მოვისმინე. მაგალითად: "დღეს 7 ივლისია, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი. გამოვლენილი და დაკავებული ჯაშუშების რაოდენობა 4. სასიამოვნო დღეს გისურვებთ". სრული გულგრილობა _ თითქოს ჰაერში რაღაც განსაკუთრებუი ნარკოტიკი გაუშვეს, რომელიც ნერვული რეცეპტორების სრულ პარალიზებას იწვევს.

ცოტახნის შემდეგ, გადავიკითხე სტატიები, მოვისმინე ერთერთი ფოტოგრაფის განადგურებული დედის ხმა, გავიგე ზღვარსგადასულობის რამდენიმე ფაქტი და გაბრაზება დავიწყე. მაგრამ ადრე თუ ვბრაზდებოდი, ვშლიდი ხელებს, ვიკვანძებოდი, მზად ვიყავი ბოლო ნერვი დამეწყვიტა და ხმა ჩამხლეჩვოდა, ამჯერად გაბრაზებამაც მალევე გადამიარა.

შემდეგ იყო სასოწარკვეთა _ რომ შენ ერთადერთი რაც შეგიძლია, იჯდე და იკითხო, გაბრაზდე და შიგინო. შეაფურთხო, ოღონდ ისევ საკუთარ მონიტორს და კლავიატურას.

ეს რომ გავაცნობიერე ისევ გავბრაზდი, ოღნდ ამჯერად უკვე საკუთარ თავზე. ის რაზეც სხვებს ვაკრიტიკებდი ახლა თავად ვაკეთებდი _ ვიჯექი უმოქმედოთ, სახლში და უბრალოდ ვბრაზობდი.

მოდი ავდგები, გარეთ გავალ. სადმე მივალ, მხარდაჭერას მაინც გამოვხატავ. შინაგანად ოდნავ მაინც კარგად ვიგრძნო იქნებ თავითქო - ვუთხარი საკუთარ თავს და ის იყო, კომპიუტერი უნდა გამომერთო და გავსულიყავი (ოღონდ არ ვიცი სად) მივხვდი, რომ რაღაც მაკავებდა. უცებ მივხვდი, რომ მე ძალიან მეშინია!

არ ვიცი რისი, რატომ, როგორ. თითქოს ვინ ვარ და ვის რაში ვჭირდები, მაგრამ გულახდილად გეუბნებით, ვიგრძენი რომ მეშინია. გამახსენდა, რომ მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, უამრავი კრიტიკისა მოცემული ხელისუფლების, პრეზიდენტის და ა.შ. მიმართ, მე პროფესიული თვალსაზრისით მათ ხშირად ვემსახურები.

მართალია არასოდეს არ ვუერევ ერთმანეთში პროფესიულ საქმიანობას და პირად ემოციებს (მაგალითად, ვინმე თუ არ მომწონს და მას რაიმეს ვუკეთებ, ყოველთვის შევეცდები რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო და მაქსიმალურად მაღლი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოო _ რადგან აქ პირადი გრძნობები არაფერ შუაშია), მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაცნაირი, უხილავი შიში დამეუფლა _ ხომ შეიძლება "მათ" სხვანაირად ჩათვალონ?

თითქოს შიშმა ხელი მძიმედ დამადო მხარზე და მითხრა _ იჯექი სადაც ზიხარ და შენი საქმე აკეთე. აი, ნახე ეგ ფოტოგრაფები? შოკისგან ეღიმებოდათ. ალბათ შენსავით ვერ წარმოედგინათ, რომ თავისი საქმის კეთებისთვის ვინმე მიუბრუნდებოდა და დაიჭერდა. ალბათ ისიც კი არ მოსვლიათ აზრად, რომ ვიღაცა მათმა ფოტოებმა ამდენად გაანაწყენა და გააბრაზა. ასე რომ იჯექი. იჯექი და იმუშავე. დამიჯერე _ რა იცი რა ხდება?!

მეც სხვა გზა არ მქონდა. შიში იმდენად დამაჯერებელი იყო რომ დაუფიქრებლად დავმორჩილდი. არსად გასვლას არ ვაპირებ, არც რაიმესი იმედი მაქვს. ალბათ ესეც გადაივლის, მორიგი ოთხი ჟურნალისტის მაგალითზე, ოთხიათას შთაუნერგავენ შიშს. კიდევ ერთხელ ოთხმილიონ ადამიანს დაგვახევენ თავზე კონსტიტუციას. კიდევ ერთხელ გადაგვატანინებენ ყურადღებას უმნიშვნელოვანესი ფაქტისგან, რომლის მთავარი ანტიგმირიც ჩვენი პრეზიდენტია და რომელმაც ყოველგვარი საჯარო დისკუსიის გარეშე მიიღო მოცემული კანონი, მიუხედავად მოწოდებისა.

მე კი არაფრის გაკეთებას ვაპირებ, გარდა იმისა რომ კიდევ ერთი პოსტი დავწერო. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ რადგან, მე უბრალოდ მეშინია.

8 comments:

  1. უზომო მიყვარს ჩემი ქვეყანა,და "არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს.." მაგრამ, ხანდახან,ასეთ რამეს რო წავიკითხავ ან გავიგებ და მეც შენსავით ვხვდები რო არაფრის გაკეთება არ შემიძლია მიჩნდება კითხვა: ღირს კი საქართველოში დაბრუნება? ვიცი, ვერ ვიცხოვრებ ვერსად საქართველოს გარდა,საშინელი ნოსტალგია მაქვს,მაგრამ ზოგჯერ გაბრაზებულზე მიჩნდება ეს კითხვა და მერე საკუთარი თავი მეზიზღება..

    ReplyDelete
  2. საზიზღარ გერმანიაში..

    ReplyDelete
  3. სხვათაშორის მაგას ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ დადგება ის დრო აქ ყოფნა რო მომენატროს, ღმერთმა არ მომანატროს :))))))) ამათი ფორმალური სიყვარული ერთმანეთის მიმართ ყელში მაქვს უკვე.. :)))))))))))))

    ReplyDelete
  4. რა გადაიტანს ამ ზაფხულს უშენოდ :)) ბოლოს რამე საყვარელი დაგვიტოვე და ისე წადი :)

    ReplyDelete
  5. მოგვენატრები.. :)

    ReplyDelete
  6. გულახდილად... ძალიან კარგი ადამიანი ხარ

    ნათია ორველაშვილი(გულახდილად :))

    ReplyDelete
  7. მე(მე!)ნატრები ლაშიკო ფბ-ზეეეე! როდის დაგვიბრუნდებიიიი! არ იცი რა მოწყენილი ვარ უშენოდ იქ-ჯურღმულში-ბნელა!
    (ნეენ)

    ReplyDelete
  8. მე(მე!)ნატრები ლაშიკო ფბ-ზეეეე! როდის დაგვიბრუნდებიიიი! არ იცი რა მოწყენილი ვარ უშენოდ იქ-ჯურღმულში-ბნელა!
    (ნეენ)

    ReplyDelete