Sunday, February 5, 2012

ნუგო

07.09.2009 - ზუსტად ამ თარიღით ბლოგზე სამწუხარო ჩანაწერი გავაკეთე. მაშინ მამაჩემი გარდაიცვალა.
02.02.2012 - კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი _ ბიძა დავკარგე.

არ მინდა ბლოგის მკითხველი, ჩემები, თუნდაც ჩემი დეიდაშვილები დავამძიმო ჩემი ნაწერით. მხოლოდ მინდა ჩემი ემოცია გამოვთქვა და გამოვხატო, გავიღიმო და კიდევ ერთხელ მოვიგონო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.

რეაქცია აღარ მაქვს ისე ვხვდები სიკვდილს. თითქოს დავძმაკაცდით. ცოტა კი მაშინებს მისი გამოჩენა, მაგრამ როცა მოდის, როცა პირისპირ ვხვდები და სახეში ვუყურებ სიმშვიდე დგება.

მხოლოდ შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ იწყება მონატრება. მონატრება რომელსაც მხოლოდ მოგონებებით თუ შეივსებ და გონებაც დაუნდობლად გაწვდის ყველაზე ძვირფას ჩანაწერებს არქივის მივიწყებული თაროებიდან. კადრებად, ფრაგმენტებად, წამებად... თითქოს გასადნობი ლითონივით ნელნელა ხურდები. შემდეგ წამიც და ერთიანად იღვრები.

ნუგზარ პატარაია, დეიდაჩემის მეუღლეა. სამი წლისას მაინც შემომრჩა მეხსიერებაში მათი ქორწილის ფრაგმენტები. რამდენიმე წამის წინ რატომღაც დავფიქრდი _ ერთხელ მაინც თუ გვქონია რაიმე სახის უთანხმოება, ან კონფლიქტი-მეთქი. დავიჯერო ერთხელ მაინც არ გამიწყრა და გამიბრაზდა თუნდაც პატარას? ვეცადე, თუმცა მსგავსი ვერაფერი გავიხსენე _ ის ჩემი დიდი მეგობარი იყო. მეგობარი რომელიც ძალიან მაფასებდა და რომელსაც ვაფასებდი. ადამიანი რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.

ნუგო, ძალიან მიყვარხარ და ძალიან, ძალიან მომენატრები.

5 comments:

  1. ვწუხვარ,ლაშა..

    ReplyDelete
  2. ხო, მონატრება მერე მოდის. ბევრი, ბევრი წლის მერე.

    ReplyDelete
  3. ეგრეა, ეგრე. უემოციოდ ხვდები სიკვდილს. რაღაც ყოველდღიურობად იქცევა. უფრო სწორად, ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია.
    ბებიებამდე და ბაბუებამდე იმდენი მეგობარი და თანატოლი მომიკვდა (მათ შორის, ბავშვობის ძმაკაციც), რომ 16 წლის ასაკიდან სრულიად ჩვეულებრივად ვუყურებ სიკვდილს.
    უფროსი თაობა როცა მიდის, სულ სხვა შემთხვევაა, მაგრამ...
    http://youtu.be/W69SSLfRJho

    ReplyDelete
  4. ვწუხვარ.. :( ზამთარი და იანვარი განსაკუთრებით არ მიყვარს, სწორედ ამ პირისპირ შეხვედრების გამო.. ძნელია, როცა გტკივა, მაგრამ მერე ამ ტკივილით ცხოვრებას სწავლობ და ნელ-ნელა ეგუები.. მძიმეა.. :((

    ReplyDelete
  5. ნუგო, თბილი, ტკბილი და საყვარელი ბიძა დამაკლდი. ღმერთმა გაანათლოს შენი სული, მიყვარხარ ძალიან და ძალიან მენატრები :(

    ReplyDelete