Monday, November 7, 2011

Deadline

ადრე თუ გვიან, იწყებ მუშაობას და შენს ცხოვებაში ჩნდება ისეთი "საშინელი" სიტყვათა შეთანხმება როგორიც არის "Deadline".

და მთელი ცხოვრება ერთ დიდ დედლაინად გექცევა ხოლმე. უამრავი წვრილმანი (თუ არც ისე) სამუშაო, მოსული მეილებივით გროვდება მაგიდაზე და ყველაფერი ზღაპარს ემსგავსება, სადაც საკმარისია ერთი თავი მოაჭრა ურჩხულს, რომ მის ნაცვლად სამი ახალი აღმოცენდება. საკმარისია ერთი მეილი წაიკითხო, რომ სამი ახალი დაგხვდეს. საკმარისია... საკმარისიააა - ყვირი ბოლოს ძილში და გეღვიძება.

შემდეგ, გააჩნია ვის როგორ გაუმართლებს - ზოგს ასწავლიან როგორ "მოითვინიეროს დრო" (ამას "თაიმ მენეჯმენტს" ეძახიან), ზოგიც უიმედოდ ნატრობს დღეღამეში 48 საათს და ღამეებს ათენებს, ზოგიც კიდე აკვირდება და პრობლემის მისეულ გადაწყვეტას პოულობს. გადაწყვეტები კი მრავლად არის - მთავარია გარკვეული სისტემა შეიმუშავო და შემდეგ დახვეწო.

მაგრამ არის გარკვეული სამუშაოები რომელთა შესრულებასაც "ბუნებრივი დრო" ესაჭიროება. არასოდეს გამივლია "თაიმ მენეჯმენტი" და თუ რაიმე ვისწავლე მხოლოდ პირადი გამოცდილებით, ასე რომ ეს ტერმინიც არ ვიცი რამდენად დამკვიდრებული თუ გავრცელებულია "ბიზნესსქულელებს" შორის, მაგრამ ფაქტია - გარკვეული შემთხვევებში ბუნებრივ დროს ვერაფრით შეკვეცავ და შეამცირებ.

ვმუშაობდი რომელიმე კომპანიაში თუ საკუთარ ბიზნესში, ქართულ რეალობაში ხშირად შემხვედრია სიტუაცია, როდესაც დავალების შესრულება "გუშინ" უნდათ. ასეთ დროს ყოველთვის ცხონებული ბებიაჩემი მახსენდებოდა, რომელსაც მშიერი ბოლო ხმაზე გავძახებდი "ბეეეეეე მშიაააააა", ის კი მშვიდად მიპასუხებდა _ "რა ვქნა ბებია, ხო ვერ შევენთებიო".

ეს სიტყვები უცნაურად გამომყვა ბავშვობიდან და ახლა ხშირად ვიშველიებ ხოლმე დამკვეთებთან, როდესაც წუხანდელი რიცხვით მთხოვენ პროექტის ჩაბარებას. ვეჭვობ რომ ბებიის იმერულ "ხომ ვერ შევენთების" რთულად თუ გაიგებენ და ვუხსნი: "იცით, კვერცხის შესაწვავად გარკვეული დროა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია ცეცხლს მოვუმატოთ (ანუ დამატებითი რესურსი ავიყვანოთ პროექტში) მაგრამ ამით კვერცხი მალე კი არ შეიწვება, უბრალოდ დაიწვებათქო".

ჩემს პარტნიორს ნაკლებგასტრონომიული მეტაფორა მოჰყავს ხოლმე - "ძალიანაც რომ გვინდოდეს ქალი ერთ თვეში ბავშვს ვერ გააჩენს, ცხრა თვე ჭირდებაო". მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მეტაფორა, "ბუნებრივი დროის" ფაქტორი ყოველთვის იკვეთება.

თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ გარკვეულ ფარგლებში ტემპერატურის რეგულირებით მართლაც შესაძლებელია კერძის მომზადების მეტნაკლებად ასწრაფება, მაგრამ ისევე როგორც მაღალ სიჩქარეზე, მაღალ ტემპერატურაზეც რისკიც მატულობს, რომ მთელი პროექტი ტაფაზე მიგეწვას და მშიერი დარჩე.

დღეს ერთი ვიდეო აღმოვაჩინე, რომელიც "ბუნებრივი დროის" იდეას, მართალია მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობის მხრივ, მაგრამ მაინც კარგად წარმოაჩენს.

ბავშვებს მარტივ დავალებას აძლევენ: 10 წამში უნდა დაასრულონ ნახატი რომელზეც მხოლოდ ორი ისარია გამოსახული. შემდეგ იმავე დავალებისთვის მათ ათი წუთი ეძლევათ.



ასე რომ გახსოვდეთ, თუ გინდათ რომ ხარისხიანად ჩაიბაროთ სამუშაო, ნურასოდეს მოითხოვთ მის შესრულებას "გუშინ".


P.S. ამასწინთ ერთერთ დამკვეთთან (რომელთანაც ღია და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს) ტრადიციული "შემწვარი კვერცხი" ვახსენე. მან ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მითხრა: "გააჩნია ჩემო ლაშა ვისი კვერცხების შეწვა მოგვიწევსო" :)

2 comments:

  1. "თაიმ მენეჯმენტში" სამუშაოსთვის გამოყოფილ დროს გულისხმობ, თუ მთელი ცხოვრებისთვის სამყოფ დროს, რომელიც მხოლოდ სამუშაოს შესრულებაში არ უნდა დავხარჯოთ? შენი ცოტა ხნის წინ დადებული სტატუსი გამახსენდა მსხვრევად ბურთებზე :))))

    ReplyDelete
  2. შენ გაიხარე! ჩემს გულში იჯექი რა.. :)) თითქმის ყველა სამინისტრო ეგრე მუშაობს და მემგონი მაგიტომ ვართ კარგად.. :)) განათლებას ჰქონდა ადრე გამოთქმა "გააკეთე გუშინ!" და დღემდე ეგრე არიან მგონი.. :))
    დღეს დანარჩენები ბაძავენ.. ხვალ მართლა ვისი კვერცხის შეწვა მოუწევთ კაცმა არ იცის.. :)

    ReplyDelete