Sunday, November 20, 2011

ყვითელი ზონა - ნაწილი პირველი

რამდენიმე დღის წინ ძალიან მომინდა მქონოდა სტუდია, ისეთი _ უბრალო, სადაც ჩემს ყვითლად შეღებილ ტელევიზორს დავდგამდი, რამდენიმე სავარძელი და ბევრი (ზედმეტად ბევრი) საეთერო დრო.

გადაცემის ქუდს, ბავშვობაში ჩატარებული პოეზიის საღამოთაგან, ფილოლოგ-მასწავლებლების შერჩეულ რომელიმელიმე მელოდიას დავადებდი და შიგადაშიგ ჩვენი სასიქადულო ტელესახეების ხმებით შევკმაზავდი.



შემდეგ საინტერესო სტუმრები, საუბრები საჭირბოროტო თემებზე. ალაგალაგ გადაცემას ვიდეო-არქივიდან ამოკრეფილი ფრაგმენტებით გავაფორმებდი, სადღაც გადაცემის შუაში კი აუცილებლად ვიტყოდი: "... და მაინც, ჩვენ დღეს უგემოვნობის ოკუპაციის მუზეუმში ვიმყოფებით და ალბათ ურიგო არ იქნება..." და ა.შ.

ვფიქრობ ცუდი არ გამოვიდოდა, მაგრამ ვინაიდან ზემოხსენებული სურვილებიდან მხოლოდ მელოდია და ყვითლად შეღებილი ტელევიზორი გამაჩნია, შევეცდები გადაცემის ჩემეული მონახაზი (იხ. "დრაფტი") ბლოგზე წარმოგიდგინოთ. მაშ ასე:

"სანამ ერი გაუნათლებელია, ხელოვნებათაგან უმთავრესი, კინო და ცირკია". ფრაზას საბჭოთა კავშირის დიდ ბელადს _ ვლადიმერ ილიას ძე ლენინს მიაწერენ. და მართლაც:როგორ ფორმირდება გემოვნება, სად გადის ზღვარი გემოვნებასა და უგემოვნობას შორის, შესაძლებელია თუ არა ერს "ასწავლო გემოვნება"? დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით პასუხი გავცე ამ და სხვა შეკითხვებს. (პოსტის დასასრულ, სამწუხაროდ, ფილმს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ) ეს გადაცემა "ყვითელი ზონაა" მე კი მისი წამყვანი: ლაშა კვანტალიანი გახლავართ.

***
დიდი ხანია თავში (ოდესღაც წაიკითხული) არწიომ ლებედევის ერთერთი პოსტი მიტრიალებს, სადაც ის საუბრობდა თუ რამდენად შესაძლებელია და როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ერის გემოვნება. შესაბამისად სანამ მიწისქვეშა გადასასვლელებში გამოფენილი აბრების ტიპოგრაფიიდან, უხარისხო ტელეგადაცემებს გადავწვდებოდე, მინდა უბრალოდ და მარტივად _ ვთარგმნო პოსტი, რომელიც უფრო ნათელს და გასაგებს გახდის ჩემს შემდგომ სათქმელს. ამასთან პოსტის ეპილოგში მოყვანილი დასკვნა, ორიოდ წინადადებაში პასუხობს, კვერცხისა და ქათმის ინტერპრეტირებულ მრავალნატანჯ შეკითხვას: საქართველოში მოთხოვნაა უგემოვნობაზე და ბაზარიც მომხმარებელს აწვდის შესაბამის პროდუქციას, თუ უგემოვნობის მასიური ტირაჟირებით ერში გაჩნდა შესაბამისი მოთხოვნა?



როგორც დიდმა გვიანდერძა


პოსტის ავტორი: არწიომ ლებედევი

ნებისმიერი ხელოვნება საჭიროებს მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, შემფასებელს. კომერციული ხელოვნება (მაგლაითად დიზაინი) კი განსაკუთერბით.

დასავლეთის ინდუსტრიამ დიდი ხნის წინ დაამყარა კონტაქტი მომხმარებელთან. აკადემიკოს პავლოვის აღმოჩენების გამოყენებით, რეკლამამ ზარი შემოჰკრა და ფულმაც დაიწყო წვეთა, საფულეში გაჩენილი ჭუჭრუტანადან.

შედეგად თითქმის იდეალური საზოგადოება მივიღეთ:
ერთის მხრივ - დახვეწილი პროფესიონალური რეკლამა, რომელიც უამრავი ფსიქოლოგის, დიზაინერის, "ქოფირაიტერის" მიერ არის შედგენილი, ხოლო მეორეს მხრივ - ყოვლისშემსყიდველი მომხმარებელი.

შევეშვათ ოკიანისმიღმა სამყაროს და დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. რას ვხედავთ? როგორი გემოვნება განივითარა ერმა? რა მოსწონს მას და რაში არის მზად ფული გადაიხადოს?

"ხალხის მასა" იდეაშივე (by default) უგემოვნობის, უცოდინრობის, ბანალურობის და კიტჩის მატარებელია. ზემოთხსენებლი მოცემულობის შესაცვლელად კი "აღზრდის" არაერთი წელია საჭირო. გემოვნების ფორმირება შეუძლებელია თავზე მოხვევითა და იძულებით, არამედ ეს უნდა მოხდეს თამიმდევრულად და ზედმიწევნით.



რჩევა დიასახლისებს:
იოდი ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება, მის გარეშე შესაძლოა განვითარდეს "ჩიყვი". როგორ უნდა აიძულო ხალხი მიიღოს იოდი? ყველას აფთიაქში ნამდვილად ვერ გადენი - მაინც არ წავლენ. პრობლემა კი მარტივად გადაწყდა - სხვადასხვა სახელმწიფოებმა დიდი ხნის წინ აიღეს ვალდებულება, გაამდიდრონ მარილი იოდით (ზოგიერთ ქვეყანაში კარაქიც). ვინაიდან მარილს ადამიანთა უმეტესობა მიირთმევს, დაავადების რისკიც საგრძნობლად მცირდება. ეს კარგი მაგალითია, როგორ შეუძლია სახელმწიფოს, არაპირდიპირი იძულების გზით, გარანტირებულად მიიღოს სასურველი შედეგი. (სხვათა შორის, არაიოდიზირებული მარილის შოვნა ნამდვილი პრობლემაა _ არა და, კიტრის დასამჟავებლად, ურბალო მარილია საჭირო).




ხალხის ცნობიერებაში, რომლებმაც განათლება საბჭოთა კავშირში მიიღეს, ჯერ კიდევ ცოცხალია იდეა, რომ ერისთვის აუცილებელია ესთეთიკის განვითარება. მაგალითისთვის მოსკოვის მეტრო, საუკეთესო არქიტექტორების მიერ იქნა დაპროექტებული და თითქმის ყველა, პირველდროინდელი მეტროსადგური, იღებდა გრან-პრის საერთაშორის გამოფენებზე.

მეტროს დაპროექტებისას ხდებოდა თითეული დეტალის საგულდაგულოდ დამუშავება - მეტროთი ხომ უამრავ ადამიანს მოუწევდა მგზავრობა. ამგვარად იგეგმებოდა "საზოგადოებრივი გემოვნების" ჩამოყალიბება შემდეგი პრინციპით: თუ ეცოდინებათ როგორ გამოიყურება კარგი, აღარ მოუნდებათ ცუდი.

ვნახოთ როგორ არის აღწერილი მეტროპოლიტენის სამგზავრო მატარებელი:
დეტალები უნდა დამზადდეს პოლირებული ხისაგან. მეტალის დეტალები კი უნდა იყოს ნიკელირებული. მინა უნდა იყოს აუცილებლად სარკისებრი. სავარძლები უმჯობესია დავამზადოთ მუხისაგან, რათა ჰქონდეთ ნაკლები ამორტიზაცია და ამასთან თავი ავარიდოთ მათ შეღებვას (რაც ყოველთვის აუფასოებს აღქმას).

თაობაში გემოვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია არსებობდეს, მინიმუმ სახელმწიფო პროგრამა.

მაგრამ სახელწიფოსთვის მოცემული "პროგრამა" არარენტაბელურია - ამასთან შედეგის მისაღწევად ათწლეულებია საჭირო.



ლირიული გადახვევა:
არავინ იცის, რომელი ფერებია გამოყენებული რუსულ დროშაზე.
ჩვენს ქვეყანაში ფული - გრაფიკული დიზაინის ყველაზე გავრცელებული ფორმა, თითქოს "კანფეტის" (для завертывания монпансье) გასახვევი ქაღალდისთვის არის დახატული. მეტი დამაჯერებლობისთვის საკმარისია აიღოთ 50 რუბლის კუპიურა და ქალის ფეხზე თითები დათვალოთ.


იმისათვის რომ იყიდონ, აუცილებელია დიზაინი დამზადდეს ხალხის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად.
ავტორი, გამოუსწორებელი იდეალისტია და მიიჩნევს, რომ გემოვნებიანი დიზაინის მისაღებად, აუცილებელია ჯერ შეიცვალოს ხალხის გემოვნება.

1 comment:

  1. ეკატერინეNovember 20, 2011 at 11:24 AM

    უგემოვნების ოკუპაციის მუზეუმი..მშვენიერია.
    ისე, წითელზე უფრო პრობლებული ყვითელი ზონა იქნებოდა მისაღები ჩემთვის.

    ReplyDelete