Monday, November 28, 2011

S O U L M A M A

საიტი, რომელიც დროებით გამორთულია
ადგილმდებარეობა: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სოლისტი: ელენა სილინცოვა
ფრაგმენტი სიმღერის ტექსტიდან: "მე უნდა დავბრუნდე სახლში, მშობლიურ სახლში... ჩვენ მივქრივართ სახლში სოხუმის ნაპირთან"
ფრაგმენტი ინტერვიუდან: "я все лето провела в родине в сухуми"
პროექტის სახელწოდება: "грузинское SOULMAMA"
ინსპირაცია: ქართული ფოლკლორი

რაზე მღერიან? როგორც თვითონ წერენ "ლობიოზე და დედაშვილობაზე, სამშობლო და ფრიდა კალოზე - SOULMAMA-ს მისამღერებში ერთმანეთს, სრულიად განსხვავებული თემები ერწყმის".

მაშ ასე, გაიცანით სოულმამა:









ინტერვიუ გადაცემიდან "Выше крыши"



Sunday, November 27, 2011

სექსი, ფეისბუქი და კრეატიული წეროები

ბევრი ვიფიქრე, მაგრამ დილის (თუ ღამის) 5 საათზე გაღვიძებულს, სათაურად მეტი საინტერესო არაფერი მომაფიქრდა. შემოქმედებითი კრიზისი, კრეატივის ნაკლებობა _ რაც გინდათ დაარქვით. მაგრამ, როგორც არ უნდა თქვათ, მის ნაკლებობას სარეკლამო კომპანიები სულაც არ უჩივიან _ პირიქით.

განსაკუთრებით დაუნდობლობით ის ფირმები გამოირჩევიან, რომლებიც კონტრაცეფციებს, კერძოდ კი პრეზერვატივებს (ბიძაჩემმაც რომ გაიგოს "განდონებს") ამზადებენ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ასეთი გენიალური რეკლამირების ფონზე საერთოდ როგორ მრავლდება კაცობრიობა:








მაგრამ, ერთჯერადი გამოყენების ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრია, უბრალო სარეკლამო რგოლებით ნამდვილად არ შემოისაზღვრება _ ისინი სხვადასხვა კრეატიულ აქციებსა თუ კამპანიებსაც აწარმოებენ.

პირველი კამპანია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დურექსმა შემოგვთავაზა:
საკმარისი იყო iPhone-ში ჩაგეწერა პროგრამა, შემდეგ ცოტათი გახახუნებოდი მეორე აიფონს და ვაირლესის მეშვეობით არც მეტი და არც ნაკლები, ტელეფონში ვირტუალური ბავშვი ჩნდებოდა. შემდეგ იწყება ნამდვილი კოშმარი _ ტელეფონი (ანუ ვირტუალური ბავშვი) იწეყბს ტირილს შუღამით, თქვენ კი იძულებული ხართ რომ გაიღვიძოთ, თითით მოუღიტინოთ ან დაარწიოთ (მოძრაობის სენსორებიც რა ჭირად მოიგონა ეფლმა!).

გარდა ამისა, უნდა აბანაოთ, აჭამოთ, გაასეირნოთ. მოკლედ, ამ აპლიკაციის წყალობით თავს სრულფასოვან მამიკოდ იგრძნობთ.



მაგრამ, კიდევ უფრო შორს წავიდა კომპანია "Olla". ისინი ფეისბუქზე ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცებს, არჩევენ პატარას ფოტოს, რომელიც მათი ფეისბუქპროფილის ფოტოს მსგავსია, სახელს და გვარს ბოლოს უმატებენ სიტყვას "უმცროსი" და წავიდააააა: მეგობრებში დამატებას, თქვენი ვირტუალური პატარა გთხოვთ.

წარმოიდგინეთ მოცემული შეტყობინება რამდენად შოკის მომგვრელია "პოტენციური მამიკოებისთვის". სხვა მხრივ კი ნამდვილად სახუმარო თემაა - რამდენი მეგობარი იხუმრებს მსგავს ამბავზე, რამდენი დააშეარებს, გადააშეარებს თუ დაიფრენდებს თავისი მეგობრის "ვირტუალურ პატარას". მოცემულ პროფილში კი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ამგვარად ძალიან კრეატიული, მაღალტერქოლოგიური და ვირუსული სარეკლამო კამპანია მზად არის.



ცხოვრება მშვენიერია, სარეკლამო ბიზნესი დაუნდობელი. მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა რჩება _ დავიჯერო, ჩინელებს "პატენტი დურექსები" ჯერ არ გაუკეთებიათ?

თოვლჭყაპი

როცა ვერ ისვენებს შენი სული
როცა გარეთ სითეთრე მართობს
როცა ქალაქია შენისლული
და შენი არყოფნა მათბობს

როცა აღარ ვიცი რა მოგიყვე
(ხვდები ზღაპრების ბოლოს)
სახლიდან ღამით გამოგიყვან
და ახლად მოტეხილ ლოლოს

ჩამოგიცურებ მხურვალე კანზე
მოგადებ გამთბარ ხელს
ჰაერში გაჭრილი ორთქლის კვალზე
თვალებს რომ გაახელ

ნახავ რომ ვერ ისვენებს შენი სული
და თოვლის სითეთრე გართობს
როცა გალაქია შენისლული
და ჩემი არყოფნა გათბობს

რატი ამაღლობელი

- მოგწონს რატი?
- არა
- მაშინ რატომ იყიდე მისი წიგნი "თუ" სტუდენტობისას, მთელი შენი 2 კვირის სამყოფი ფულით?
- იმიტომ რომ არ მომწონებოდა.არა, მანამდეც არ მომწონდა - პირში მწვანე ფანქრით თავისი წიგნის პრეზენტაციებზე
- და მაშინ რატომ იყიდე წიგნი?
- ალბათ რატი არ მომწონდა და მისი ლექსები კი
- და ახლა?
- რა ახლა?
- ახლა მოგწონს რატი?
- ახლა რატი მომწონს მაგრამ ლექსები აღარ
- ჰო, რას გაიგებ
- ჰო, ალბათ მოვა დრო და ორივე მომეწონება
- ან არცერთი
- ჰო, რას გაიგებ







და ძოძუაშვილის მუსიკა მართლა საოცრებაა. ყოველთვის მინდოდა ჩემი რომელიმე ლექსი მუსიკასთან ერთდ მომესმინა :)



Thursday, November 24, 2011

რიგითი ფეისბუქელი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო

და თითქოს ფეხით ვკრიფავ ასოებს
ვხვდები ნაცნობებს, ვთავაზიანობ
"ბოზებმა ვიღაც როგორ დაცოფეს"
ვიდეოდ მინდა გავაზიარო

აი, იმ გოგოს, ქამრის ბოლოდან
უჩანს კენწერო ჭრელი ტატუსი
"კი ჩაკბიჩავდა ამ დუნდულს კაცი"
დღეს ეს იქნება ჩემი სტატუსი

გზად უცებ ვხვდები მას - როგორც პროფილს
მიკრთება ნერვი, ძარღვი და კუნთი
და ფეისბუქზე მეტად მინდება
მასში ლოგინი და ლოგაუთი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო

Sunday, November 20, 2011

ყვითელი ზონა - ნაწილი პირველი

რამდენიმე დღის წინ ძალიან მომინდა მქონოდა სტუდია, ისეთი _ უბრალო, სადაც ჩემს ყვითლად შეღებილ ტელევიზორს დავდგამდი, რამდენიმე სავარძელი და ბევრი (ზედმეტად ბევრი) საეთერო დრო.

გადაცემის ქუდს, ბავშვობაში ჩატარებული პოეზიის საღამოთაგან, ფილოლოგ-მასწავლებლების შერჩეულ რომელიმელიმე მელოდიას დავადებდი და შიგადაშიგ ჩვენი სასიქადულო ტელესახეების ხმებით შევკმაზავდი.



შემდეგ საინტერესო სტუმრები, საუბრები საჭირბოროტო თემებზე. ალაგალაგ გადაცემას ვიდეო-არქივიდან ამოკრეფილი ფრაგმენტებით გავაფორმებდი, სადღაც გადაცემის შუაში კი აუცილებლად ვიტყოდი: "... და მაინც, ჩვენ დღეს უგემოვნობის ოკუპაციის მუზეუმში ვიმყოფებით და ალბათ ურიგო არ იქნება..." და ა.შ.

ვფიქრობ ცუდი არ გამოვიდოდა, მაგრამ ვინაიდან ზემოხსენებული სურვილებიდან მხოლოდ მელოდია და ყვითლად შეღებილი ტელევიზორი გამაჩნია, შევეცდები გადაცემის ჩემეული მონახაზი (იხ. "დრაფტი") ბლოგზე წარმოგიდგინოთ. მაშ ასე:

"სანამ ერი გაუნათლებელია, ხელოვნებათაგან უმთავრესი, კინო და ცირკია". ფრაზას საბჭოთა კავშირის დიდ ბელადს _ ვლადიმერ ილიას ძე ლენინს მიაწერენ. და მართლაც:როგორ ფორმირდება გემოვნება, სად გადის ზღვარი გემოვნებასა და უგემოვნობას შორის, შესაძლებელია თუ არა ერს "ასწავლო გემოვნება"? დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით პასუხი გავცე ამ და სხვა შეკითხვებს. (პოსტის დასასრულ, სამწუხაროდ, ფილმს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ) ეს გადაცემა "ყვითელი ზონაა" მე კი მისი წამყვანი: ლაშა კვანტალიანი გახლავართ.

***
დიდი ხანია თავში (ოდესღაც წაიკითხული) არწიომ ლებედევის ერთერთი პოსტი მიტრიალებს, სადაც ის საუბრობდა თუ რამდენად შესაძლებელია და როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ერის გემოვნება. შესაბამისად სანამ მიწისქვეშა გადასასვლელებში გამოფენილი აბრების ტიპოგრაფიიდან, უხარისხო ტელეგადაცემებს გადავწვდებოდე, მინდა უბრალოდ და მარტივად _ ვთარგმნო პოსტი, რომელიც უფრო ნათელს და გასაგებს გახდის ჩემს შემდგომ სათქმელს. ამასთან პოსტის ეპილოგში მოყვანილი დასკვნა, ორიოდ წინადადებაში პასუხობს, კვერცხისა და ქათმის ინტერპრეტირებულ მრავალნატანჯ შეკითხვას: საქართველოში მოთხოვნაა უგემოვნობაზე და ბაზარიც მომხმარებელს აწვდის შესაბამის პროდუქციას, თუ უგემოვნობის მასიური ტირაჟირებით ერში გაჩნდა შესაბამისი მოთხოვნა?



როგორც დიდმა გვიანდერძა


პოსტის ავტორი: არწიომ ლებედევი

ნებისმიერი ხელოვნება საჭიროებს მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, შემფასებელს. კომერციული ხელოვნება (მაგლაითად დიზაინი) კი განსაკუთერბით.

დასავლეთის ინდუსტრიამ დიდი ხნის წინ დაამყარა კონტაქტი მომხმარებელთან. აკადემიკოს პავლოვის აღმოჩენების გამოყენებით, რეკლამამ ზარი შემოჰკრა და ფულმაც დაიწყო წვეთა, საფულეში გაჩენილი ჭუჭრუტანადან.

შედეგად თითქმის იდეალური საზოგადოება მივიღეთ:
ერთის მხრივ - დახვეწილი პროფესიონალური რეკლამა, რომელიც უამრავი ფსიქოლოგის, დიზაინერის, "ქოფირაიტერის" მიერ არის შედგენილი, ხოლო მეორეს მხრივ - ყოვლისშემსყიდველი მომხმარებელი.

შევეშვათ ოკიანისმიღმა სამყაროს და დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. რას ვხედავთ? როგორი გემოვნება განივითარა ერმა? რა მოსწონს მას და რაში არის მზად ფული გადაიხადოს?

"ხალხის მასა" იდეაშივე (by default) უგემოვნობის, უცოდინრობის, ბანალურობის და კიტჩის მატარებელია. ზემოთხსენებლი მოცემულობის შესაცვლელად კი "აღზრდის" არაერთი წელია საჭირო. გემოვნების ფორმირება შეუძლებელია თავზე მოხვევითა და იძულებით, არამედ ეს უნდა მოხდეს თამიმდევრულად და ზედმიწევნით.



რჩევა დიასახლისებს:
იოდი ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება, მის გარეშე შესაძლოა განვითარდეს "ჩიყვი". როგორ უნდა აიძულო ხალხი მიიღოს იოდი? ყველას აფთიაქში ნამდვილად ვერ გადენი - მაინც არ წავლენ. პრობლემა კი მარტივად გადაწყდა - სხვადასხვა სახელმწიფოებმა დიდი ხნის წინ აიღეს ვალდებულება, გაამდიდრონ მარილი იოდით (ზოგიერთ ქვეყანაში კარაქიც). ვინაიდან მარილს ადამიანთა უმეტესობა მიირთმევს, დაავადების რისკიც საგრძნობლად მცირდება. ეს კარგი მაგალითია, როგორ შეუძლია სახელმწიფოს, არაპირდიპირი იძულების გზით, გარანტირებულად მიიღოს სასურველი შედეგი. (სხვათა შორის, არაიოდიზირებული მარილის შოვნა ნამდვილი პრობლემაა _ არა და, კიტრის დასამჟავებლად, ურბალო მარილია საჭირო).




ხალხის ცნობიერებაში, რომლებმაც განათლება საბჭოთა კავშირში მიიღეს, ჯერ კიდევ ცოცხალია იდეა, რომ ერისთვის აუცილებელია ესთეთიკის განვითარება. მაგალითისთვის მოსკოვის მეტრო, საუკეთესო არქიტექტორების მიერ იქნა დაპროექტებული და თითქმის ყველა, პირველდროინდელი მეტროსადგური, იღებდა გრან-პრის საერთაშორის გამოფენებზე.

მეტროს დაპროექტებისას ხდებოდა თითეული დეტალის საგულდაგულოდ დამუშავება - მეტროთი ხომ უამრავ ადამიანს მოუწევდა მგზავრობა. ამგვარად იგეგმებოდა "საზოგადოებრივი გემოვნების" ჩამოყალიბება შემდეგი პრინციპით: თუ ეცოდინებათ როგორ გამოიყურება კარგი, აღარ მოუნდებათ ცუდი.

ვნახოთ როგორ არის აღწერილი მეტროპოლიტენის სამგზავრო მატარებელი:
დეტალები უნდა დამზადდეს პოლირებული ხისაგან. მეტალის დეტალები კი უნდა იყოს ნიკელირებული. მინა უნდა იყოს აუცილებლად სარკისებრი. სავარძლები უმჯობესია დავამზადოთ მუხისაგან, რათა ჰქონდეთ ნაკლები ამორტიზაცია და ამასთან თავი ავარიდოთ მათ შეღებვას (რაც ყოველთვის აუფასოებს აღქმას).

თაობაში გემოვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია არსებობდეს, მინიმუმ სახელმწიფო პროგრამა.

მაგრამ სახელწიფოსთვის მოცემული "პროგრამა" არარენტაბელურია - ამასთან შედეგის მისაღწევად ათწლეულებია საჭირო.



ლირიული გადახვევა:
არავინ იცის, რომელი ფერებია გამოყენებული რუსულ დროშაზე.
ჩვენს ქვეყანაში ფული - გრაფიკული დიზაინის ყველაზე გავრცელებული ფორმა, თითქოს "კანფეტის" (для завертывания монпансье) გასახვევი ქაღალდისთვის არის დახატული. მეტი დამაჯერებლობისთვის საკმარისია აიღოთ 50 რუბლის კუპიურა და ქალის ფეხზე თითები დათვალოთ.


იმისათვის რომ იყიდონ, აუცილებელია დიზაინი დამზადდეს ხალხის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად.
ავტორი, გამოუსწორებელი იდეალისტია და მიიჩნევს, რომ გემოვნებიანი დიზაინის მისაღებად, აუცილებელია ჯერ შეიცვალოს ხალხის გემოვნება.

Thursday, November 17, 2011

მიმართვა ქვეყნის მთავარ გიგანტს

გიგანტური კვერცხები და
გიგანტური ველო
ამდენ გიგანტს ვერ დაიტევს
ციცქნა საქართველო

Monday, November 14, 2011

ბეტმენის ცოლი

როცა აღარ იცი რაზე უნდა წერო ლექსები
როცა ცხოვრება ჩაგირბენს კადრებად
თქვენ, საკუთარ თავს, როგორც მაკდონალდის გამყიდველი
ისე ექცევით
ეს კი ასე უბრალოს და სადას
არ გეკადრებათ

იყო დრო როცა თქვენ იყავით ცოლი ბეტმენის
და ყოველ დილით, უმზადებდით ესპანურ ომლეტს
მაგრამ თქვენს დიად საწუთროსაც კი ჰქონია
ზღვარი მოთმენის
საღამოობით უყურებდით
ძველი ფილმის საყვარელ მომენტს

ყოვლთვის როცა მოდიოდა სახლში ნასვამი
თქვენ ფრთხილად ხსნიდით ტყავის ფრთებს და უჟანგავ ნიღაბს
უბრალო ცოლი, უბრალო ქმარს საწოლში აწვენს
ბეტმენისას კი თავის ქმარი
ბუნაგში მიჰყავს

როცა აღარ იცი რაზე უნდა წერო ლექსები
როცა ცხოვრება ჩაგირბენს კადრებად
თქვენ, მე როგორც მოკვდავს ისე მექცევით
ბეტმენის ცოლს კი
(თუნდაც ყოფილს)
არ გეკადრებათ

Thursday, November 10, 2011

ფინალი

თურმე რა ძვირფასი ყოფილა წამები
თურმე რა მარტივი წამება
ორი მოხუცი და სკამები
და ერთი პატარა ამება

არ ვღელავ, არ ვფიქრობ _ რას ვტოვებ
კარგ სახელს, სახლს თუ ქონებას
შენზე მოგონებებს ვაგროვებ
და მიაქვს ამ დაღლილ გონებას

თურმე რა ძვირფასი წამები
მემგონი ნამდვილი იყავი
აბა, რატომ მახსოვს ან როგორ
ნაყინი რომ გამიყავი


ორი მოხუცი და სკამები
და ერთი პატარა ამება
შენი ცრემლიანი ლოყები
და თვალის დახამხამება

Monday, November 7, 2011

Deadline

ადრე თუ გვიან, იწყებ მუშაობას და შენს ცხოვებაში ჩნდება ისეთი "საშინელი" სიტყვათა შეთანხმება როგორიც არის "Deadline".

და მთელი ცხოვრება ერთ დიდ დედლაინად გექცევა ხოლმე. უამრავი წვრილმანი (თუ არც ისე) სამუშაო, მოსული მეილებივით გროვდება მაგიდაზე და ყველაფერი ზღაპარს ემსგავსება, სადაც საკმარისია ერთი თავი მოაჭრა ურჩხულს, რომ მის ნაცვლად სამი ახალი აღმოცენდება. საკმარისია ერთი მეილი წაიკითხო, რომ სამი ახალი დაგხვდეს. საკმარისია... საკმარისიააა - ყვირი ბოლოს ძილში და გეღვიძება.

შემდეგ, გააჩნია ვის როგორ გაუმართლებს - ზოგს ასწავლიან როგორ "მოითვინიეროს დრო" (ამას "თაიმ მენეჯმენტს" ეძახიან), ზოგიც უიმედოდ ნატრობს დღეღამეში 48 საათს და ღამეებს ათენებს, ზოგიც კიდე აკვირდება და პრობლემის მისეულ გადაწყვეტას პოულობს. გადაწყვეტები კი მრავლად არის - მთავარია გარკვეული სისტემა შეიმუშავო და შემდეგ დახვეწო.

მაგრამ არის გარკვეული სამუშაოები რომელთა შესრულებასაც "ბუნებრივი დრო" ესაჭიროება. არასოდეს გამივლია "თაიმ მენეჯმენტი" და თუ რაიმე ვისწავლე მხოლოდ პირადი გამოცდილებით, ასე რომ ეს ტერმინიც არ ვიცი რამდენად დამკვიდრებული თუ გავრცელებულია "ბიზნესსქულელებს" შორის, მაგრამ ფაქტია - გარკვეული შემთხვევებში ბუნებრივ დროს ვერაფრით შეკვეცავ და შეამცირებ.

ვმუშაობდი რომელიმე კომპანიაში თუ საკუთარ ბიზნესში, ქართულ რეალობაში ხშირად შემხვედრია სიტუაცია, როდესაც დავალების შესრულება "გუშინ" უნდათ. ასეთ დროს ყოველთვის ცხონებული ბებიაჩემი მახსენდებოდა, რომელსაც მშიერი ბოლო ხმაზე გავძახებდი "ბეეეეეე მშიაააააა", ის კი მშვიდად მიპასუხებდა _ "რა ვქნა ბებია, ხო ვერ შევენთებიო".

ეს სიტყვები უცნაურად გამომყვა ბავშვობიდან და ახლა ხშირად ვიშველიებ ხოლმე დამკვეთებთან, როდესაც წუხანდელი რიცხვით მთხოვენ პროექტის ჩაბარებას. ვეჭვობ რომ ბებიის იმერულ "ხომ ვერ შევენთების" რთულად თუ გაიგებენ და ვუხსნი: "იცით, კვერცხის შესაწვავად გარკვეული დროა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია ცეცხლს მოვუმატოთ (ანუ დამატებითი რესურსი ავიყვანოთ პროექტში) მაგრამ ამით კვერცხი მალე კი არ შეიწვება, უბრალოდ დაიწვებათქო".

ჩემს პარტნიორს ნაკლებგასტრონომიული მეტაფორა მოჰყავს ხოლმე - "ძალიანაც რომ გვინდოდეს ქალი ერთ თვეში ბავშვს ვერ გააჩენს, ცხრა თვე ჭირდებაო". მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მეტაფორა, "ბუნებრივი დროის" ფაქტორი ყოველთვის იკვეთება.

თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ გარკვეულ ფარგლებში ტემპერატურის რეგულირებით მართლაც შესაძლებელია კერძის მომზადების მეტნაკლებად ასწრაფება, მაგრამ ისევე როგორც მაღალ სიჩქარეზე, მაღალ ტემპერატურაზეც რისკიც მატულობს, რომ მთელი პროექტი ტაფაზე მიგეწვას და მშიერი დარჩე.

დღეს ერთი ვიდეო აღმოვაჩინე, რომელიც "ბუნებრივი დროის" იდეას, მართალია მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობის მხრივ, მაგრამ მაინც კარგად წარმოაჩენს.

ბავშვებს მარტივ დავალებას აძლევენ: 10 წამში უნდა დაასრულონ ნახატი რომელზეც მხოლოდ ორი ისარია გამოსახული. შემდეგ იმავე დავალებისთვის მათ ათი წუთი ეძლევათ.



ასე რომ გახსოვდეთ, თუ გინდათ რომ ხარისხიანად ჩაიბაროთ სამუშაო, ნურასოდეს მოითხოვთ მის შესრულებას "გუშინ".


P.S. ამასწინთ ერთერთ დამკვეთთან (რომელთანაც ღია და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს) ტრადიციული "შემწვარი კვერცხი" ვახსენე. მან ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მითხრა: "გააჩნია ჩემო ლაშა ვისი კვერცხების შეწვა მოგვიწევსო" :)

Thursday, November 3, 2011

გაიცანით ეკო

არა, თქვენ მას იცნობთ. როგორ? მარტივად _ ყველაზე პრიმიტიული ეპატაჟით მან მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო.
დღეს კი... დღეს კი ვიდეოთეკას კიდევ ერთი კარგი პოეტი მინდა შევმატო:

გაიცანით "სხვანაირი" ეკო დეისაძე:

ივერია გაბრწყინდება!

შესდექ!

ეს პოსტი არ არის პოლიტიკაზე. არც ლელა კაკულიას უწევს კონკურენციას წინასწარმეტყველებაში. პოსტი ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ფაქტებს, რომლებიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს.

ნახევრად უჩუმრად ვაკვირდებოდი ქართულ საზოგადოების გატეხილ გულს, ატეხილ აჟიოტაჟს და გაჩენილ შეკითხვებს. შეკითხვები რომ მრავლად არის, პოლიტიკოსის რეზიდენციაში რეგბის ელემენტებით გამდიმდრებულმა პრესკონფერენციამაც ნათლად გვაჩვენა. თუმცა არსებობს რამდენიმე კონკრეტულ შეკითხვა, რომელსაც მინდა გავცე პასუხი, ვინაიდან მე ძალმიძს და ვფლობ მეტაფიზიკურ, ასტრალურ, კოსმიურ და ეზოთერულ ცოდნებს (დიახ, აი ასე _ მრავლობითში).

დავიწყებ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვით:

1. რას იზამს ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტმა მოქალაქეობა რომ არ დაუბრუნოს და ისე ჩაატაროს არჩევნები
ფართო საზოგადოებისთვის ალბათ არ არის ცნობილი, მაგრამ წყნარ ოკეანეში ბიძინა ივანიშვილს შესყიდული აქვს არქიპელაგი სენკაკუ (იაპონიის სანაპირო). იმ შემთხვევაში, ბატონ ივანიშვილს თუ არ დაუბრუნებენ ზემოხსენებულ მოქალაქეობას, ბიზნესმენი გამოაცხადებს სენკაკუს დამოუკიდებელ რესპუბლიკად, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესთავაზებს გახდეს სენკაკუელი, ჩატარდება სრულიად დემოკრატიული არჩევნები სენკაკუს ახლადგამოცხადებული რესპუბლიკის პერზიდენტის გამოსავლენად.

ამგვარად ბატონი მიხელ სააკაშვილი დარჩება სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელშიც არცერთი მოსახლე არ ცხოვრობს, არ იხდიან გადასახადებს, არ უყურებენ იმედს და რუსთავი2-ს და არ ემადლიერებიან პრეზიდენტს შუქისთვის და დაგებული ასფალტისთვის. მართალია ამ გეგმას ერთი სუსტი მხარე აქვს _ მას შემდეგ რაც ჩვენ სენკაკუს მოქალაქეები გავხდებით, ჩაითვლება რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვიმყოფებით ტურისტის სტატუსით, შესაბამისად მთავრობა დაამყარებს ყველა დროის რეკორდს და მას ეყოლება სამნახევარი მილიონი ტურისტი. ეს ფაქტი რასაკვივლველია ჩითვლება ვერა ქობალიას უშუალო და დიდ გამარჯვებად, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე დანაკლისი იქნება სენკუკუელთა საბოლოო მიზნის მისაღწევად წამოწყებულ ბრძოლაში.

მოსახლეობის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტი რა თქმა უნდა შეეცდება ფორსირებულად გამოასწოროს ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობა და დაავალებს საქართველოში დარჩენილ ჟურნალისტებსა და მინისტრთა კაბინეტს დაამყარონ ერთმანეთთან ინტენსიური სექსუალური კავშირი, მაგრამ ამასობაში სენკუკუს მოქალაქეები სათითაოდ მოვითხოვთ პრეზიდენტისაგან ორმაგ მოქალაქეობას, გავხდებით საქართველოს მოქალაქეებიც, ხოლო შემდეგ რეფერენდუმის გზით მოვითხოვთ საქართველოს მიწების სენკუკუს რესპუბლიკისთვის გადაცემას.

ამგვარად შევინარჩუნებთ სამშობლოს, მართალია სეისმოაქტიურ ზონაში მაგრამ შევიძენთ ახალ არქიპელაგს, სადაც ზაფხულობით შევძლებთ წავიდეთ დასასვნებლად "ოკეანეზე" და გვეყოლება ახალი, ნამდვილი, ჭეშმარიტი პრეზიდენი.

2. რას იზამს ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში, პრეზიდენტი თუ აღმოაჩენს რომ ჩიხშია მოქცეული და გადაწყვეტს მის ლიკვიდაციას?
ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება, მაგრამ ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მზადება მოცემული შემთხვევისთვის, როდესაც ნარიყალაზე მდებარე ბიზნეს ცენტს საფუძველი ჩაუყარა.

საქმე იმაში გახლავთ რომ ცილინდრული ფორმის სვეტები, რომელიც რეზიდენციაც ამშვენებს, სინამდვილეში წარმოადგენს ორ უზარმაზარ ტრანსფორმატორს, ხოლო თავად ბიზნესცენტრი სხვა არაფერია თუ არა უზარმაზარი ტელეპორტაციის აპარატი. თავად განსაჯეთ _ გინახავთ ოდესმე როგორ ეშვება რეზიდენციასთან თვითმფრინავი ან ვერტმფრენი? და დასავლეთის გზაზე, ჭორვილასკენ მიმავალი ივანიშვილის ესკორტი გინახავთ ოდესმე? მაშინ მიპასუხეთ, როგორ ახერხებდა ეს ადამიანი ყოფილიყო ჭორვილაშიც და თბილისშიც, ამასთან ემართა რუსეთში მრავალმილიონი ბიზნესი დაუსწრებლად?

ამგვარად ხელისუფლების მიერ რადიკალური ნაბიჯების მიმართვის შემთხვევაში, ივანიშვილი უბრალოდ აამუშავებს ტელეპორტირების ფუნქციას და იქ მისულ სამართალდამცავებს ცარიელი რეზიდენცია და სამადლოდ დატოვებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ასლი დახვდებათ. სწორედ ამიტომ ჩააბარა ივანიშვილის დაცვამ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იარაღი.

3. რას იზამს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?
ყველას გემახსოვრებათ ივანიშვილის პირველი თუ მეორე (ამერია მანდ სათვალავი) მიმართვა, სადაც ის საუბრობდა რომ შექმნილი აქვს თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანა. გახსოვთ ალბათ საუბარი იყო ქართულ გარემოზე ადაპტირებული მესამე თაობის (ანუ 3G) კარტოფილის გამოყვანაზე.

საქმე იმაში გახლავთ რომ მოცემული ლაბორატორიისთვის 3G კარტოფილი არის მხოლოდ შირმა. სინამდვილეში ლაბორატორია მუშაობს ახალი, გაუმჯობესებული "ქართველი კაცის ჯიშის" გამოყვანაზე სელექციის გზით. აღსანიშნავია, რომ კვლევების დროს მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური პრეპარატიც _ "გრუზინოლი".

ზემოაღნიშნული პრეპარატი აქვეითბს ქართველებში გენეტიკურად არსებული მხსნელის მოლოდინის დაუოკებელ სურვილს. ამძაფრებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და რაციონალური მსჯელობის უნარს. როგორც ამბობენ პრეპარატს ერთადერთი უკუჩვენება ქონია _ ორ ჭიქაში მთვრალი ხარ თურმე!

მაშ ასე, ვფიქრობ პასუხი გავეცი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს სამ შეკითხვას, რომლის ჩამოყალიბებას რამდენიმე დღის წინ, ორასამდე ჟურნალისტი ამაოდ ცდილობდა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ტელევიზორებთან მოვკალათდეთ, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და გულის ფანცქალით დაველოდოთ _ რას იზამს ბიძინა!

P.S. ღმერთმანი, ძალიან შევეცადე, მაგრამ რეალტივის დონე მაინც ვერ გავქაჩე, ფაქტია :)