Monday, May 27, 2013

პარაბოლა

ხან მალამო
ხან იარა
ხან ენძელა ხან ია
მეძინება შენი კანის სუნით
დიდი ხანია

ხან ბალახი
ხან ბილიკი
ხან წვიმაში ხანძარი
პირველად რომ დაგინახე
ენა ვეღარ დავძარი

ხან კვერცხს მიწვავ
ხან პატეფონს
მასმენინებ ვინილის
მყარ დისკზე მაქვს ჩაწერილი
ხმები შენი ღიმილის

ხან მალამო
ხან იარა
ხან თმებს მირევ თითებით
ხან მაღვიძებ უთენია გამომცხვარი ბლითებით

Thursday, May 23, 2013

რიგითი ქართველის ბალადა

ჩემი სამშობლო დავითის და თამრისია
რაც კარგია, კაცურია და რაც დიდია...
დიდგორის ბრძოლა, მეფეები ლომთა სადარი
ვაჟკაცობაში?! ჩვენ ქართველებს არ გვყავს ბადალი

ჩვენი სუფრა - ინსტიტუტი, დიდი განძია
ქუჩა სკოლაა, ციხე სახლი, ოჯახი ხრამი
ჩვენი კულტურა წმინდა არის, სხვები ბანძია
ჩვენ ვაჟკაცობას არ აკლდება არც ერთი გრამი

არ დავინდობთ, გავამათრახებთ, ანდაც გავტყიპავთ
(ფერადი თმები, ტრუსები  და ჭრელი "ლასტები")
როდესაც ვხედავთ ჩვენც გვინდება მათი გა@იმვა
თავს რა უფლებით გვანდომებენ, "პიდარასტები"


Saturday, May 11, 2013

მეზობლები

მინიატურული პიესა

- უჰ, უცებ ჩამოცხა
- არ თქვა, დუღს ყველაფერი
- ყავა?
- რომელი გაქვს?
- ლიას მაღაზიიდან, მოსადუღებელი
- ვაიმე, არ შემიძლია გაწვიმდეს ერთი...

- შენი წელს აბარებს?
- კი და დამაწყდა ნერვები
- თან რაღაცეებიც შეუცვლიათ მისაღებზე...

- ვაიმე, ამ ტურისტებმაც ხო დამაგლიჯეს ნერვები. ისე დგაფუნებენ ვითომ ჩვენ აქ არ ვიყოთ
- არ თქვა, არა... ერთხელაც იქნება რო აუვარდები
- ა, შეხედე ახლა ამას. შემოდგაფუნდა ამხელა კაცი
- ოჰ, ქალბატონიც ახლავს თურმე
- არა, ნახე ქალო - მთლად დაკარგეს მორიდება. არა, დგაფუნებ და ღლაბუცობ წყალში კარგი, მაგრამ რაღას მოგვშტერებია?!
- ვაიმე, არ ვიცი ნარგიზა, არ მაქვს ერთი მაგის თავი
- არა და ნაცნობი სახე კი აქვს ისე
...

- ხვალ ბაზარში ხო არ აპირებ?
- არ ვაპირებ, არა და გავცუროთ აქედან თორე გამისკდა თავი

ორი ზვიგენი ნარნარით ტოვებს რიფს და  ზღვის სიღმეში უჩინარდება

Saturday, April 6, 2013

საგაზაფხულო წერილი სანტას

ძვირფასო სანტა,
ალბათ გაგიკვირდა შუა ზაფხულში წერილი, მაგრამ ჩავთვალე, რომ კისერზე ყვავილებჩამოკიდებული, სადმე ტროპიკულ სანაპიროზე სასიამოვნოდ ატარებ დროს და მცხუნვარე მზით, ზღვიდან მონაბერი გრილი ბრიზითა და გემრიელადგარუჯული გოგონას მომზადებული მოჰიტოთი ტკბები, ამიტომაც კარგ განწყობაზე მყოფს მეტი დრო გექნება ჩემისთანა ვირის წერილის წასაკითხად.

საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრი ნატვრა დამიგროვდა. ისეთი ნამდვილად არაფერია, ოქროს თევზს რო ვათქმევინო "შემწვით მაგის დედაც ვატირეო" მაგრამ, მაინც - დღეები რბიან და ნატვრებიც ნატვრებად მრჩება.

ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამს ბრძენ ქართველ კაცს და მეც შევეცდები, მოგწერო ჩემი ნატვრები:

  • ვნატრულობ რომ საქართველო ფეიფალის ოფიციალური წევრი იყოს და რეგისტრაციისას არ მიწევდეს, რომელიღაც უკრაინული რესტორნის მისამართის მითება (სომხეთი, აზერბაიჯანი, ზიმბამბვე ხომ უკვე არიან მისი წევრები?)
  • ამაზონის, იბეის და სხვა დიდ საიტებზე, ნივთის მისატან ადგილთა სიაში გამოჩნდეს ქვეყანა "საქართველო" (თუმცა ნაწილობრივ ასეც არის) და შუამავალი ფირმები რომელთა მისაღებშიც შპაკლწასმული უჟმური გოგონები სხედან აღარ დამჭირდეს
  • Apple Store-მა ოფიციალურად დაამატოს საქართველო და იმისათვის რომ რაიმე თამაში ვიყიდო, არ მჭირდებოდეს pcgamesupply -ზე "Apple store" სასაჩუქრე ბარათის ყიდვა და მოტყუება, თითქოს ამერიკელი ვარ.
  • iPhone -ში და სხვა მობილურებში საჭირო არ იყოს კლავიატურის ნახევრად ჰაკერული პროგრამებით აქტივაცია (ისე, მადლობ რომ ვისტადან მოყოლებული ქართული QWERTY კლავიატურები არსებობს)
  • ვარუმის და აგუტინის კონცერტზე არ იდგეს დარბაზი ფეხზე და ტაშს ისე არ უკრავდნენ თითქოს მაპზე უკეთესი მიგვეღოს
  • Google Play-ი იძლეოდეს საშუალებას, ქართულმა IT კომპანიებმა იშოვონ ფული თავიანთი აპლიკაციებიდან
  • ქინდლს ქონდეს კონტრაქტი დადებული ქართულ GSM ოპერატორებთან და მუშაობდეს ქინდლისათვის განკუთვნილი ინტერნეტ-ქსელი.
  • ვნატრულობ, რომ ქართულ აითი კომპანიებს დღგ-ს გადასახადი მაინც მოუხსნან, სხვა შეღავათებს თუ არ დაუწესებენ (როგორც ეს მსოფლიოს არც თუ ისე წამყვან ქვეყნებშია) რადგან მოგეხსენება თავად ამ ბიზნესში ვარ და ვინაიდან სამშენებლო მასალებს ჩვენ არ ვყიდულობთ (ანუ დღგ-ს ვერაფრში "ვქვითავთ") ძალიან დიდ ტვირთათ გვაწევს, ისედაც 200 ლარიან საიტებზე მოთხოვნას ვერგამცდარ ქვეყანაში აღნიშნული გადასახადი (დამიჯერე სანტა - აქ ნიჭიერი ხალხია და ამ სფეროს განვითარება Ggoogle Glasses ხანაში ძალიან მნიშვნელოვანია)
  • მინდა რომ ქართველმა იუზერებმა დაარეპორტონ იუთუბზე უცენზურო სათაურისა და შიგთავსის მქონე ვიდეოები (სხვათაშორის "აუცილებლად ნახეთ ყველამ"-სგან განსხვავებით სათაურების დარქმევაც რომ ისწავლონ არ გვაწყენდა)
  • კიდევ მინდა რომ როდესაც ნახავენ რომ მაიკროსოფთის ან Google Talk-ის რეგისტრაციისას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის რეგიონებადაა სიაში ნაჩვენები, აღშფოთებულებმა FB-ზე კი არ დააშეარონ "Screen"-ი, არამედ მიწერონ აღნიშნულ კომპანიას წერილი, რომელზეც ისინი აუცილებლად უპასხებენ და რომელსაც ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ. 

მოკლედ, ალბათ თავი მოგაბეზრე მაგრამ რა ვქნა - ამ სურვილების ასრულების ერთადერთი რეალურ გარანტად მხოლოდ შენ მეგულები.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით
ლაშა
29 წლის

Monday, March 11, 2013

სიცოცხლე - 1 ლარად

სრულიად იდიოტური მარკეტინგული კაპმანიებიდან - რა შეგვიძლია ვიყიდოთ 50 თეთრად? და 1 ლარად?

ცხოვრება - მთელი თავისი სილამაზით - ანუ ტკივილით. მე მაინც ვფიქრობ რომ არაფერი არ ალამაზებს სიცოცხლეს ისე, როგორც სიკვდილი. რომ არა ის, სრულიად უმნიშვნელო და უფასური იქნებოდა ყველაფერი. მისი აღმატებულება სიკვდილი კი ყველაფერს ცვლის - სიცოცხლე ფასდაუდებელი ხდება.

გიორგი ყორღანაშვილი ჩემი ძველი ნაცნობია. ის ჩემზე გაცილებით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანი - ისეთი, პირველივე ნახვით რომ სინათლით აგავსებს.
რა შეიცვლება სამყაროში მის გარეშე - გულის სიღმეში ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ასობრივად არაფერი.


რა არის სიცოცხლე? ამ დროს ყოველთვის ჩოხელი მახსენდება: “სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”...

არ ვიცი თქვენი და მე ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე. შესაძლოა იმიტომ, რომ ბოლო წლები, რამდენჯერმე თვალებში ჩავხედე მას. მაშინ როცა მომაკვდავ მამას ვერ ჩავუსწარი სამტრედიაში, მაშინ როცა ბიძაჩემი დავაწვინე საოპერაციო მაგიდაზე - "უჰ, რა ცივი ყოფილაო" რო ჩაილაპარაკა, ნახევრად გათიშულმა, მე ხელი მოვკიდე და ჩავჩურჩულე - ძალა დაზოგე, ყველაფერი კარგად ინქებათქოო.... მე სიკვდილი გავიცანი - მე მას შევეხე.

შესაბამისად მინდოდა თუ არა, უნებლიედ გავიცანი სიკვდილი. ყოველთვის როდესაც სოციალურ ქსელებში მორიგ გავრცელებულ მოწოდებას ვხედავ - ვინმეს დასახმარებლად, ძალიან მძაფრად ვგრძნობ სიცოცხლეს. წარმომიდგენია რომ მე ძალმიხდილი ვწევარ რომელიღაც პალატაში და გაყინული მზერით, უბრალოდ ბედს ვარ მინდობილი.

ბედს და რწმენას - რომ ამ რთულ მომენტში სხვები იზრუნებენ ჩემზე. რომ ყველაფერი სხვებზეა დამოკიდებული. რომ მე არაფერი შემიძლია და თუ ეს გარდაუვალია, მე სიკვდილს ამაყი შევხვდები.

ყორღანა ახლა ძალიან ცუდად არის. მე არ ვიცი სად არის ის, რაზე ფიქრობს მაგრამ მე, სწორედ ისე როგორც წარმომიდგენია - ვწევარ წარმოსახვით პალატაში, თვალები ცრემლით მევსება და არაფერი შემიძლია გავაკეთო მის დასახმარებლად, თუ არა თუნდაც ეს სულელური პოსტი.


ნიჰილიზმი, ანუ რწმენის არქონა ადამიანის, საკუთარი თავის მიმართ. არა და ჩვენ მარტივად - სულ ოდნავი ძალისხმევით შეგვიძლია გადავარჩინოთ გიორგი ყორღანაშვილი.

და ამით რა შეიცვლება? - არც არაფერი - უბრალოდ ყველა ჩვენგანს, ოდესმე გაგვახსენდება, რომ "სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა..." და რომ " სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ ყოფნის სევდა".

ნუ შეგეშინდებათ სიკვდილზე ფიქრის. ნუ შეგეშინდებათ იმის წარმოდგენა, რომ ისეთი სიცოცხლით სავსე ადამიანის ადგილას, როგორიც გიორგია, თქვენ აღმოჩნდეთ.

ნუ დაგეზარებათ - შესაძლოა ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია, თუ არა საკუთარი თავის - ეს კი მცდელობად ნამდვილად ღირს.

Friday, February 8, 2013

ნირვანა, ნერვები და ნანო ტექნოლოგიები

წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ატყდა სოციალურ ქსელებში სინქრონული ფუსფუსი. წუხელ ჩემ ქვეყანაში ადამიანებმა ძალადობა გამოავლინეს. ერთერთ ადამიანს, რომლის მიმართ სიმპატიები ნამდვილად არ მამოძრავებს ხელი მოხვდა და სისხლი წასკდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში მე წავიკითხე უამრავი ნეგატიური გამოხმაურება - ხალხი ერთმანეთს ასწრებდა პირველი ქვის სროლას.


***

საკმაოდ პატარა ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ ყველაფერი შედარებითია. ცოტა უფრო დიდი როდესაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ გავიგე. როდესაც ინდუქციისა და დედუქციის და სამყაროსა და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების თანაკვეთებზე დავიწყე ფიქრი დასაწყისს დავუბრუნდი და  მივხვდი: ანდაზა "მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" - სრული ჭეშმარიტებაა.

როგორც ბოლო დროს დამჩემდა თქმა "გაწიე-გამოწიე" სამყარო ინფორმაციაა - სხვადასხვა წესების, პარამეტრებისა და კანონზომიერებების რთულად თანადამოკიდებული სისტემა. რეალურად ყველაფერი  აღწერადი და შესაბამისად გაზომვადია,  ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ და მივუსადაგოთ სიტყვა "მეტ-ნაკლებად".

საკმარისია ნებისმიერ მოვლენას ახლოდან ან შორიდან (zoom in, zoom out)  შეხედო, რომ არსი აბსოლუტურად განსხვავებული ხდება.

წარმოიდგინეთ, თქვენი ძირითადი მიზანია ჩახვიდეთ თბილისიდან მცხეთაში. ჯდებით სამარშუტო ტაქსში რომელიც გზაში ფუჭდება - ეს კატასტროფაა. თქვენ ბრაზდებით და გეშლებათ ნერვები - "რაღა მაინც და მაინც ეს და  რაღა მაინც და მაინც ახლა".

კარგი, ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ. თბილისამდე მოსულები ჯდებით ერთერთ სამარშუტო ტაქსში რომელმაც მომდევნო ქალაქამდე უნდა მიგიყვანოთ და ის გაფუჭდა. დიდი არაფერი - ასე ბევრჯერ მომხდარა და გაცილებით უარესიც შეიძლება მოხდეს _ მთლიან მოგზაურობასთან მიმართებაში მცირე ინციდენტია.

ჩემი კორპუსის წინ, "მარშუტკის" მძღოლები იკრიბებიან და ყოველ ცისმარე დღეს იმით იწყებენ რომ ერთმანეთს ეკინკლავებიან. დაუსრულებლად ჩხუბობენ. მე ვუყურებ მათ და ვფიქრობ - რა გაჩხუბებთ, რა სულელები ხართ.

შემდეგ წარმოვიდგენ რომ გალაქტიკაში არსებობს ჩვენზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა აზროვნებისა და შემეცნების მაშტაბი კარგახანია გასცდა ჩვენ - ადამიანთა კალიბრს და ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად ისე გვიყურებენ როგორც მე აივნიდან მძღოლებს, უბრალოდ მათივე განვითარებულობიდან გამომდინარე სულაც არ უკვირთ ჩვენი ასეთი ქმედება, რადგან მათ კარგად იციან მიზეზები, რითი არის ეს გამოწვეული და ცინიკურად სულაც არ გვიყურებენ - ეს მათთვის სამყაროს კანონზომიერი ნაწილია.

ამდენს იმიტომ ვბოდიალობ, რომ მარტივი რაიმე მინდა ვთქვა - გამომდინარე იქედან თუ რა არის თქვენი აზროვნების თვალსაწიერი,  გარკვეული მოვლენები უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს.

ალეგორიურად რომ ვთქვათ, გამომდინარე იქედან თუ რამდენადაც განვითარებული ხარ და საფეხურით მაღლა ხარ ასული, უფრო ვრცელია (დაზუმაუტებული) შენი ხედვის არეალი და შესაბამისად უმნიშვნელო გარკვეული დეტალები რომლებიც აღარც კი ჩანს.

პირიქითაც შეიძლება - დააკვირდი რა არის შენთვის მნიშნელოვანი, რას ხედავ შენს წინ და მიხვდები როგორია შენი აზროვნებისა და განვითარების მასშტაბი.

***
წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა.

Tuesday, February 5, 2013

დუბლი პირველი, სამოსელი პირველი - მატორ


ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!


მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა.

და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

პატარა უფლისწული
დე სენტ-ეკზიუპერი



და იქმნა მესამესა წელსა... ეს ისე - უბრალოდ ყოველთვის მინდოდა თხრობა "და" კავშირით დამეწყო.

ისე კი ერთი ჩვენი პრეზიდენტი თუ მომიყვანდა წერის ხასიათზე თორე ახალ მთავრობას პირველი ასი დღე წესისამებრ ვადროვე, პარლამენტში დეტალურად განხილული ტყავის მათრახი და ბუსუსებიანი პრეზერვატივიც უხმოდ ჩავყლაპე და აი - ასმეერთე დღემაც არ დააყოვნა - დასაწყისი ნამდვილად ეფექტური გამოდგა.

აღმოჩნდა რომ ახალი კანონპროექტის თანახმა "პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს".

დააკვირდით, საქმიანი "ან" ეროვნული. ისე კაცმა რომ თქვას, ჩოხას რომ ჩაიცვამს ქართველი კაცი და ხანჯალს შეისწორებს წელზე, რა ეკანონპროექტება მერე - ან ყანწი უნა მოიმარჯვოს და ხმლები ააჟღარუნოს ჰაერში, ან ულვაშაპრეხილმა მინიმუმ მრავალჟამიერი მაინც უნდა შემოსძახოს.

ალალად ვაღიაროთ და აკუსტიკური თვალსაზრისით ქუთაისის პარლამენტი ამ ხრივ გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა კანონპროექტის თანახმა ქართულ ოცნებას თეთრი ჩოხებით უნდა იყოს დამშვენებული ხოლო ნაციონალები შავ ჩოხებში უნდა შეიმოსონ. პარლამენტის თეთრი ინტერიერი კი, თვალსაჩინოდ ვერ წარმოაჩენდა თეთრჩოხოსანთა მრავალრიცხოვნებას. შესაბამისად გადაწყდა, რომ ახალი ტანისამოსით დეპუტატები თბილისის პარლამენტში წარდგებიან.

სიახლეები იქნება ინტერიერშიც. "საქმიანი" ტანისამოსის დღეს, პარლამენტში განთავსდება ტრიბუნა, მიკროფონები, დეპუტატის პულტები ხოლო "ეროვნული" შესამოსელისას სხდომათა დარბაზის შესასვლელი მოირთვება ურემზე დადებული დეკორატიული ჭურით. პარლამენტის თავმჯდომარის წინ აეწყობა საწნახელი (გიგი ყოფილა დაპირებული - თბილისობებიდან შემომრჩაო). დეპუტატების მაგიდაზე ჩამონტაჟებული მექანიზმები, ავტომატურად ამობრუნდება და რამდენიმე წამში პულტი შეიცვლება სტანდარტული კომპლექტაციით - მჟავის ასორტი, კეცის მჭადი, ჭყინტი ყველი და ქოთნის ლობიო.

რაღა თქმა უნდა რეგლამენტი იქნება მკაცრად გაწერილი _ თითეულ დეპუტატს მიკროფონშივე ექნება ინტეგრირებული ყანწი, რომლითაც შეძლებს შეავსოს და შესვას სასურველი სადღეგრძელო.

ერთი შეხედვით ზოგადი კონცეფცია დიდი არაფერი - მაგრამ საკმარისია თვალი დახუჭოთ და მიხვდებით - საქართველოს გაბრწყინება ოდესმე თუ უწერია, პირველმა სხივებმა სწორედ ასე უნდა გააპონ, საუკუნოობით ნაგროვები უბედურების შავი ჯავშანი.

წარმოიდგინეთ: სისხამ დილით პარლამენტთან მიემართება შავ ჩოხაში შემოსილი და შავ ცხენზე ამხედრებული გოგა ხაჩიძე. ის ანაზდად გადმოდის ცხენიდან, "ჩექინდება" პარლამენტის საჯინიბოსთან და წელშიგამართული მიემართება სხდომათა დარბაზისაკენ.

იქვე, პარლამენტის ეზოში თავის ახლადდნაყიდ რვაცხენიან ეტლს უყურებს ძალითსვანურკილოსმოჭიდებული დეპუტატი - სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ჩოხის კალთას იორთქლავს და ეტლს აზიზად აპრიალებს.

სხდომათა დარბაზში კი უკვე ფუსფუსია და ჰაერი მოსალოდნელი ნადიმის ეიფორიით არის გაჟღენთილი.

ახლადწამოდუღებულ ჩაქაფულის ქვაბს დასტრიალებს, სპეცშეკვეთით შეკერილ ჩოხაში გამოწკეპილი კობა დავითაშვილი და ნერვიულად იკვნეტს ტუჩებს.

- ვანო, მწვანილით? - ძმური სიყვარულით ეკითხება ძიძიგური
- ა... მე?.. ბეზ, ბეზ... - ერკვევა ფიქრებში წასული  მერაბიშვილი

პარლამენტის სარიტუალო კარიდან შემოდის აბრეშუმის ძაფებით მორთული, თეთრ ჩოხა მორგებული, მარგალიტის მძივებდაშვებული, ოქროს გვირგვინით თავდამშვენებული დავით უსუფაშვილი. კარის უკან დამონტაჟებული ულტრათეთრი ნათებიდან ნელნელა იკვეთება ქალთა ფიგურები - ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი. ისინი, თითქოს მიწას არ ეხებიანო, ისე მოარწევენ ლამაზად დაშვებულ თეთრ ახალუხებს.



- ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობა - დინჯად აცხადებს მიკროფონში უსუფაშვილი.

სხდომა გახსნილად ცხადდება.

Saturday, January 12, 2013

***

ნუ შეგეშინდებათ ყველაზე აბსურდული ვარაუდების - ეს ჩაკეტილი წრეების გარღვევის და პასუხების პოვნის საუკეთესო საშუალებაა

***

კრიტიკა თუ სამართლიანია - სასარგებლოა, თუ  უსამართლო - უვნებელი

Friday, January 11, 2013

ქალაქი VS სოფელი

მეტალოპლასტმასი, ასფალტი, ტროტუარები
ბეტონის კედლები...
ფიქრები, მორეული ყავაში.
სახლთან მდინარე, ბუხარი,
ეზოში მოფანტული დედლები
ჭყინტი ყველი და ლავაში

Monday, January 7, 2013

მე < 3 იმერეთი

მე ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტი და რა გასაკვირია მშობლიური - იმერული დიალექტიც მიყვარდეს.

რატომღაც ბოლო დროს თავშ მიტრიალებს სხვადასხვა სიტყვები, ფრაზები თუ იდიომები, რომლებიც ბავშვობიდან გესმის და შეუმჩნევლად ილექება გონებაში.

ასე რომ გადავწყვიტე ერთად მოვუყარო თავი:



დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
"ცუდი ფეხბურთელია თორე რასამბობ - დანარჩენები ხომ გრიმავენ ყველაფერს"

გაქიქინებული - თხლად ჩაცმული.
"გაცივდებოდი ბებია, აბა რა იქნება ასე გაქიქინებული რო გავარდი სახლიდან".

გუქა და მამუსტალა - მისტიური პერსონაჟები (რომელთა წარმომავლობაც პირადად მე ვერ დავადგინე) რომელთაგანაც პირველი ყოველთვის გააკეთებს რაიმეს შენს ნაცვლად, ხოლო მეორე კი შეაკეთებს, გაამთლებს ნებისმიერ ნივთს რომელიც გააფუჭე.
"- პური გინდა? მოგიტანს გუქა"
"ველოსიპედი გატეხე? - გაგიკეთებს მამუსტალა"

ზმუკი - უბრუნებენ პასუხად, გაურკვეველ "ზმუკუნზე" (სლუკუნზე) ბავშვს ან შესაძლოა ცხოველსაც.
ბებია: ჭამე საჭმელი
ბავშვი: მმმ (პროტესტის ნიშნად - გულისხმობს რომ არ შეჭამს)
ბებია: მმმ და ზმუკი შენ

ტრაშანი - "გულავი", დროის ტარება, დროის ფუჭად ფლანგვა
"რას დატრაშანობ ბებია მთელი დღეა?"
"რაც მაგი ახალგაზრდობაშია ნატრაშანები"

ხანხალი, გახანხალებული - იდეალურად სუფთა, ელვარე, დაბანილი, დასუფთავებული.
"მიდი ახლა, გახანხალდი ბებია და ჭამე მერე"

პელენწუკა - ბინძური, ფეთხუმი
"მაგისთანა პელენწუკა ქალი მეორე არ დადის"


ბრიშტი - "ბუს კვერცხები", "ჩემი ფეხები"
"რა მიცა და ბრიშტი"

შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"

ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"

ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"

მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"

ჯერჯერობით სულ ეს არის რაც გამახსენდა, თუმცა გუმანი მკარნახობს რომ კიდევ უამრავი სიტყვა-თქმა ინახება ჩემი ტვინის ნეირონებში, ასე რომ ნელნელა შევავსებ არქივს, ახლა კი ისევ  ვიტყვი, რომ მე უფრო "მცხავს" ვიდრე "მცხელა".

Thursday, January 3, 2013

დედებზე, შვილებზე, ჩამოსულებზე და სხვა

ვისაც არ უნდა ეძებს მიზეზს
ვისაც უნდა - გამოსავალს
სოკრატე


რა საჭიროა გზა რომელიც ტაძართან არ მიგიყვანს? რა საჭიროა პოსტი, რომელიც რაიმეს არ მოგცემს?

არც სამასის წლის ვარ და არც ბრძენი კინალოკო, მაგრამ მინდა ჩემი მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც ჯერ დამოუკიდებლად ცხოვრება არ დაუწყია.

დარწმუნებული ვარ, ჩემ თითეულ გამოთქმულ მოსაზრებაზე თქვენ გაგიჩნდებათ უამრავი არგუმენტი თუ კონტრ-არგუმენტი, გაგახსენდებათ უამრავი "აუ, ეგრე არ არის" და "აუ, შენ არ იცი" სტილში მოსაზრება, მაგრამ ყოველ ჯერზე პოსტის დასაწყისში მოყვანილ (ვიღაც ლაშარელას კი არა - სოკრატეს!) სიტყვებით გიპასუხებთ.

დღეს მე პასუხისმგებლობაზე მინდა გესაუბროთ. პასუხისმგებლობაზე, რომელსაც დამოუკიდებლობა გვაკისრებს.

ის, რომ მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ როგორ გაიზარდა მისი შვილი - არახალია.



ის, რომ ეს ძალაინ დამღუპველია შვილისთვის, არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. მაგრამ მე არ მსურს მშობლებზე ვისაუბრო. მე მტკიცეთ მწამს რომ "რაც მოგივა დავითაო" ანდაზის შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა და პრობლემის მიზეზის სხვაზე გადაბრალება, უბრალოდ სისუსტეა და საბაბი - კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პოსტის ეპიგრაფად წამძღვარებული ათენელი ფილოსოფისის ბრძნული სიტყვები.

მოემზადე დამოუკიდებლობისთვის
როგორც უახლოესი მეგობარი, თოკა ჩემზე ამბობს "შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, აღდგომას დედაქალაქში ადგილს რომ ანთავისუფლებენო". თოკასეული მიმართვა - "ჩამოთრეული" ცოტათი რომ დავარბილო, სტუდენტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

ჩამოსულებად - რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სტუდენტურ ცხოვრებას და
ადგილობრივებად - რომლებიც სტუდენტობას მშობლებთან ერთად აგრძელებენ.

სტუდენტობის ეს პერიოდი, ერთგვარი პრელუდიაა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინ.

დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობაა - უფროსწორად ბევრი მცირე პასუხისმგებლობები. დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობებიც მატულობს და მძიმდება. დამოუკიდებლობას კი სწავლა სჭირდება - სწავლა კი ხშირად მარტივიდან ჯობია დაიწყო.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ "ჩამოსულები" გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და დამოუკიდებლობას ნელნელა ეჩვევიან: სწავლობენ როგორ გაანაწილონ და ეკონომიურად ხარჯონ მშობლების "გამოგზავნილი" ფული, დროულად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე (არ დარჩნენ გვიან ღამით სხვაგან, მოერიდონ არასასურველ გარემოს და ა.შ.)

მე ბედნიერი ვარ რომ "ჩამოსულთა" რიგებს მივეკუთვნები. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც პირველივე კურსიდან მომიწია ზრუნვა შეთავსებით მემუშავა, რათა მშობლებისთვის ჩემი წილი ხარჯი ჩამომეშორებინა.

ადგილობრივებს, კი შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ თოკას მსგავსად საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად - მართალია ინგლისურად "ჩამოთრეულს" ვერავინ დაგიძახებთ და ვერც სააღდგომოდ გაათავისუფლებთ უცხო მხარეს,  მაგრამ დამოუკიდებლობის შესავალ კურს ნამდვილად მიიღებთ, კარგ განათლებასთან ერთად.


იმუშავე
დამოუკიდებლობა თუ ვინმეს ღამის 3 საათამდე კლუბში ყოფნა და მეგობართან დარჩენის უფლება გონია, ძალიან ცდება.

დამოუკიდებელი ადამიანი თვითმყოფადი სისტემაა. მას გარე წყაროსგან დამატებითი რესურსების (იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საჭმელი თუ პირდაპირ ფინანსები) მიღების გარეშე შეუძლია ფუნქციონირება.

ხო, ვიცი, ვიცი - "თუ გამოცდილება არ გაქვს", "იცი რა რთულია მუშაობის დაწყება პატრონის გარეშე" და სხვა "ბლა ბლა ბლა".

არც ჩემთვის იყო მარტი, თვეში 30 ლარად, სარდაფში მდებარე ინტერნეტ კლუბში ღამისთევით პროგრამების დაყენება.

არც ბანკში იყო მარტივი 150 ლარად, პიჯაკით და ჰალსტუხით სტამბიდან ბუკლეტებით სავსე მტვერდადებული ყუთების თრევა და საწყობში დაბინავება.

არც მაღლივის კიბეებზე, ლექციებს შორის თოკას ახსნილი ვებდიზაინის პრინციპების გაგება და შემდეგ სახლში (ხშირად ღამის გათევის ხარჯზე) მეცადინეობა იყო ბამბის ნაყინი.

ასე რომ ვერც აქ მოვისმენ წუწუნს და სხვა სისულეებს. ხომ გახსოვთ - ვისაც უნდა... დიახ დიახ...

ისწავლე
როგორც დავადგინეთ, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თქვენ უნდა იმუშავოთ. იმისათვის რომ თქვენ იმუშავოთ, რაიმე უნდა შეგეძლოთ ისეთი, რასაც თქვენგან იყიდიან. ხოლო იმისათვის რომ ძვირად იყიდონ, ეს "რაღაც", ძალიან კარგად უნდა შეგეძლოთ.

შესაბამისად უნდა ისწავლოთ რაიმე კონკრეტული,  რომ დედამიწაზე დაუზარებლად მღოღავ 6 მილიარდ ადამიანს შორის, რაიმეთი გამორჩეული გახდე, პროფესიონალი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხით, ყოველლთვის გამორჩეული იქნება. რომელშიც ყოველთვის კარგად გადაიხდიან.

სწავლისგან გამოწვეული ტანჯვა დროებითია, უცოდინრობით -სამუდამო
(c) ჰარვარდის სტუდენტების ერთერთი მოტივატორი
მოკლედ, იმუშავეთ, მოიპოვეთ სრული დამოუკიდებლობა და ყოველ ჯერზე როდესაც მშობლების გამო დაიწუწუნებთ ერთ შეკითხვას გაეცით პასუხი - თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ დამოუკიდებელი იყოთ?