Thursday, January 3, 2013

დედებზე, შვილებზე, ჩამოსულებზე და სხვა

ვისაც არ უნდა ეძებს მიზეზს
ვისაც უნდა - გამოსავალს
სოკრატე


რა საჭიროა გზა რომელიც ტაძართან არ მიგიყვანს? რა საჭიროა პოსტი, რომელიც რაიმეს არ მოგცემს?

არც სამასის წლის ვარ და არც ბრძენი კინალოკო, მაგრამ მინდა ჩემი მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც ჯერ დამოუკიდებლად ცხოვრება არ დაუწყია.

დარწმუნებული ვარ, ჩემ თითეულ გამოთქმულ მოსაზრებაზე თქვენ გაგიჩნდებათ უამრავი არგუმენტი თუ კონტრ-არგუმენტი, გაგახსენდებათ უამრავი "აუ, ეგრე არ არის" და "აუ, შენ არ იცი" სტილში მოსაზრება, მაგრამ ყოველ ჯერზე პოსტის დასაწყისში მოყვანილ (ვიღაც ლაშარელას კი არა - სოკრატეს!) სიტყვებით გიპასუხებთ.

დღეს მე პასუხისმგებლობაზე მინდა გესაუბროთ. პასუხისმგებლობაზე, რომელსაც დამოუკიდებლობა გვაკისრებს.

ის, რომ მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ როგორ გაიზარდა მისი შვილი - არახალია.



ის, რომ ეს ძალაინ დამღუპველია შვილისთვის, არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. მაგრამ მე არ მსურს მშობლებზე ვისაუბრო. მე მტკიცეთ მწამს რომ "რაც მოგივა დავითაო" ანდაზის შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა და პრობლემის მიზეზის სხვაზე გადაბრალება, უბრალოდ სისუსტეა და საბაბი - კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პოსტის ეპიგრაფად წამძღვარებული ათენელი ფილოსოფისის ბრძნული სიტყვები.

მოემზადე დამოუკიდებლობისთვის
როგორც უახლოესი მეგობარი, თოკა ჩემზე ამბობს "შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, აღდგომას დედაქალაქში ადგილს რომ ანთავისუფლებენო". თოკასეული მიმართვა - "ჩამოთრეული" ცოტათი რომ დავარბილო, სტუდენტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

ჩამოსულებად - რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სტუდენტურ ცხოვრებას და
ადგილობრივებად - რომლებიც სტუდენტობას მშობლებთან ერთად აგრძელებენ.

სტუდენტობის ეს პერიოდი, ერთგვარი პრელუდიაა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინ.

დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობაა - უფროსწორად ბევრი მცირე პასუხისმგებლობები. დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობებიც მატულობს და მძიმდება. დამოუკიდებლობას კი სწავლა სჭირდება - სწავლა კი ხშირად მარტივიდან ჯობია დაიწყო.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ "ჩამოსულები" გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და დამოუკიდებლობას ნელნელა ეჩვევიან: სწავლობენ როგორ გაანაწილონ და ეკონომიურად ხარჯონ მშობლების "გამოგზავნილი" ფული, დროულად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე (არ დარჩნენ გვიან ღამით სხვაგან, მოერიდონ არასასურველ გარემოს და ა.შ.)

მე ბედნიერი ვარ რომ "ჩამოსულთა" რიგებს მივეკუთვნები. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც პირველივე კურსიდან მომიწია ზრუნვა შეთავსებით მემუშავა, რათა მშობლებისთვის ჩემი წილი ხარჯი ჩამომეშორებინა.

ადგილობრივებს, კი შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ თოკას მსგავსად საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად - მართალია ინგლისურად "ჩამოთრეულს" ვერავინ დაგიძახებთ და ვერც სააღდგომოდ გაათავისუფლებთ უცხო მხარეს,  მაგრამ დამოუკიდებლობის შესავალ კურს ნამდვილად მიიღებთ, კარგ განათლებასთან ერთად.


იმუშავე
დამოუკიდებლობა თუ ვინმეს ღამის 3 საათამდე კლუბში ყოფნა და მეგობართან დარჩენის უფლება გონია, ძალიან ცდება.

დამოუკიდებელი ადამიანი თვითმყოფადი სისტემაა. მას გარე წყაროსგან დამატებითი რესურსების (იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საჭმელი თუ პირდაპირ ფინანსები) მიღების გარეშე შეუძლია ფუნქციონირება.

ხო, ვიცი, ვიცი - "თუ გამოცდილება არ გაქვს", "იცი რა რთულია მუშაობის დაწყება პატრონის გარეშე" და სხვა "ბლა ბლა ბლა".

არც ჩემთვის იყო მარტი, თვეში 30 ლარად, სარდაფში მდებარე ინტერნეტ კლუბში ღამისთევით პროგრამების დაყენება.

არც ბანკში იყო მარტივი 150 ლარად, პიჯაკით და ჰალსტუხით სტამბიდან ბუკლეტებით სავსე მტვერდადებული ყუთების თრევა და საწყობში დაბინავება.

არც მაღლივის კიბეებზე, ლექციებს შორის თოკას ახსნილი ვებდიზაინის პრინციპების გაგება და შემდეგ სახლში (ხშირად ღამის გათევის ხარჯზე) მეცადინეობა იყო ბამბის ნაყინი.

ასე რომ ვერც აქ მოვისმენ წუწუნს და სხვა სისულეებს. ხომ გახსოვთ - ვისაც უნდა... დიახ დიახ...

ისწავლე
როგორც დავადგინეთ, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თქვენ უნდა იმუშავოთ. იმისათვის რომ თქვენ იმუშავოთ, რაიმე უნდა შეგეძლოთ ისეთი, რასაც თქვენგან იყიდიან. ხოლო იმისათვის რომ ძვირად იყიდონ, ეს "რაღაც", ძალიან კარგად უნდა შეგეძლოთ.

შესაბამისად უნდა ისწავლოთ რაიმე კონკრეტული,  რომ დედამიწაზე დაუზარებლად მღოღავ 6 მილიარდ ადამიანს შორის, რაიმეთი გამორჩეული გახდე, პროფესიონალი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხით, ყოველლთვის გამორჩეული იქნება. რომელშიც ყოველთვის კარგად გადაიხდიან.

სწავლისგან გამოწვეული ტანჯვა დროებითია, უცოდინრობით -სამუდამო
(c) ჰარვარდის სტუდენტების ერთერთი მოტივატორი
მოკლედ, იმუშავეთ, მოიპოვეთ სრული დამოუკიდებლობა და ყოველ ჯერზე როდესაც მშობლების გამო დაიწუწუნებთ ერთ შეკითხვას გაეცით პასუხი - თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ დამოუკიდებელი იყოთ?

5 comments:

  1. მე ვარ დამოუკიდებელი კვადრატში :)

    ReplyDelete
  2. მართალია, დამოუკიდებლობას ყველაზე კარგად სწავლობ იქ და მაშინ, როცა არავინ გყავს გვერდით და სრულიად მარტოს გიწევს გადაწყვეტილებების მიღება.

    საზღვარგარეთ სწავლა ყველაზე კარგი იყო, რაც შემემთხვა - დამოუკიდებლობის გარდა, სხვა რამეც მომცა. თვალსაწიერს აფართოებს :)

    ReplyDelete
  3. :) კარგი იყო..
    პ.ს. ვიდეო ნანახი მქონდა და ბევრი ვიცინე.. :)))))

    ReplyDelete
  4. უნარების ტესტივითაა: ყველა ჩამოსული, რომელიც ადგილობრივი არ არის დამოუკიდებელია?!
    ან პირიქით: ყველა ადგილობრივი, რომეილიც ჩამოსული არ არის, შესაძლოა მშობლებზე დამოკიდებული იყოს?!
    ანდა: ყველა - ჩამოსულიც და ადგილობრივიც დამოუკიდებელია?! (ოღონდ სურვილისდა შესაბამისად) :)
    თუმცა თუ ამავე ლოგიკით გავყვებით და ჩემი "შიდა სტატისტიკით" ვიმსჯელებთ. ადგილობრივი გოგოები ნაკლებად თხოვდებიან სტუდენტობისას, ვიდრე ჩამოსულები. თან დაერევიან კაცო ამ თბილისელ ბიჭებს, ერთს კი არ დაგიტოვებენ, რომ შეხედო მაინც :D
    ჩემი სტუდენტობის დროს რეალურად ასე იყო, ყველა რაიონიდან ჩამოსული მე-4 კურსის დამტავრებამდე გათხოვდა, ბიჭებმაც ცოლი მოიყვანეს. არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ესეც ქართული სტატისტიკის ნაწილი და სამწუხარო რეალობაა.
    რაც შეეხება დამოუკიდებლობას, 12 წლის ასაკში დედაჩემს და მამაჩემს ბავშვთა უფლებების ბუკლეტი რომ ავუფრიალე, ჯერ სასაცილოდ არ ეყოთ, მერე შეშფოთდნენ და მერე მიიღეს, რომ შვილიც იზრდება, თუმცა დამოუკიდებლობის პრობლემა არც არასდროს მქონია. მაგრამ მხოლოდ მშობლებში რომ იყოს პრობლემა კიდე რა გვიშავს. რამდენი ზრდასრული ადამიანი მინახავს მშობელზე დამოკიდებული საკუთარი სურვილით.
    მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ დამოუკიდებლობის სურვილი და უნარი ტავად უნდა გაგაჩნდეს. ზუსტად ისე, როგორც შენ აღნინე ლაშა, დამოუკიდებლობა შუაღამემდე კლუბში გართობა არაა :)
    კომენტარი კი არა პოსტი გამომივიდა :)

    ReplyDelete
  5. სიტყვა ყველა სადმე ამოიკითხე? :)
    გამონაკლისი კი წესს ამტკიცებს :)

    ReplyDelete