Friday, February 8, 2013

ნირვანა, ნერვები და ნანო ტექნოლოგიები

წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ატყდა სოციალურ ქსელებში სინქრონული ფუსფუსი. წუხელ ჩემ ქვეყანაში ადამიანებმა ძალადობა გამოავლინეს. ერთერთ ადამიანს, რომლის მიმართ სიმპატიები ნამდვილად არ მამოძრავებს ხელი მოხვდა და სისხლი წასკდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში მე წავიკითხე უამრავი ნეგატიური გამოხმაურება - ხალხი ერთმანეთს ასწრებდა პირველი ქვის სროლას.


***

საკმაოდ პატარა ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ ყველაფერი შედარებითია. ცოტა უფრო დიდი როდესაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ გავიგე. როდესაც ინდუქციისა და დედუქციის და სამყაროსა და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების თანაკვეთებზე დავიწყე ფიქრი დასაწყისს დავუბრუნდი და  მივხვდი: ანდაზა "მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" - სრული ჭეშმარიტებაა.

როგორც ბოლო დროს დამჩემდა თქმა "გაწიე-გამოწიე" სამყარო ინფორმაციაა - სხვადასხვა წესების, პარამეტრებისა და კანონზომიერებების რთულად თანადამოკიდებული სისტემა. რეალურად ყველაფერი  აღწერადი და შესაბამისად გაზომვადია,  ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ და მივუსადაგოთ სიტყვა "მეტ-ნაკლებად".

საკმარისია ნებისმიერ მოვლენას ახლოდან ან შორიდან (zoom in, zoom out)  შეხედო, რომ არსი აბსოლუტურად განსხვავებული ხდება.

წარმოიდგინეთ, თქვენი ძირითადი მიზანია ჩახვიდეთ თბილისიდან მცხეთაში. ჯდებით სამარშუტო ტაქსში რომელიც გზაში ფუჭდება - ეს კატასტროფაა. თქვენ ბრაზდებით და გეშლებათ ნერვები - "რაღა მაინც და მაინც ეს და  რაღა მაინც და მაინც ახლა".

კარგი, ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ. თბილისამდე მოსულები ჯდებით ერთერთ სამარშუტო ტაქსში რომელმაც მომდევნო ქალაქამდე უნდა მიგიყვანოთ და ის გაფუჭდა. დიდი არაფერი - ასე ბევრჯერ მომხდარა და გაცილებით უარესიც შეიძლება მოხდეს _ მთლიან მოგზაურობასთან მიმართებაში მცირე ინციდენტია.

ჩემი კორპუსის წინ, "მარშუტკის" მძღოლები იკრიბებიან და ყოველ ცისმარე დღეს იმით იწყებენ რომ ერთმანეთს ეკინკლავებიან. დაუსრულებლად ჩხუბობენ. მე ვუყურებ მათ და ვფიქრობ - რა გაჩხუბებთ, რა სულელები ხართ.

შემდეგ წარმოვიდგენ რომ გალაქტიკაში არსებობს ჩვენზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა აზროვნებისა და შემეცნების მაშტაბი კარგახანია გასცდა ჩვენ - ადამიანთა კალიბრს და ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად ისე გვიყურებენ როგორც მე აივნიდან მძღოლებს, უბრალოდ მათივე განვითარებულობიდან გამომდინარე სულაც არ უკვირთ ჩვენი ასეთი ქმედება, რადგან მათ კარგად იციან მიზეზები, რითი არის ეს გამოწვეული და ცინიკურად სულაც არ გვიყურებენ - ეს მათთვის სამყაროს კანონზომიერი ნაწილია.

ამდენს იმიტომ ვბოდიალობ, რომ მარტივი რაიმე მინდა ვთქვა - გამომდინარე იქედან თუ რა არის თქვენი აზროვნების თვალსაწიერი,  გარკვეული მოვლენები უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს.

ალეგორიურად რომ ვთქვათ, გამომდინარე იქედან თუ რამდენადაც განვითარებული ხარ და საფეხურით მაღლა ხარ ასული, უფრო ვრცელია (დაზუმაუტებული) შენი ხედვის არეალი და შესაბამისად უმნიშვნელო გარკვეული დეტალები რომლებიც აღარც კი ჩანს.

პირიქითაც შეიძლება - დააკვირდი რა არის შენთვის მნიშნელოვანი, რას ხედავ შენს წინ და მიხვდები როგორია შენი აზროვნებისა და განვითარების მასშტაბი.

***
წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა.

4 comments:

  1. კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო ფაქტი.. :(

    ReplyDelete
  2. ლაშაა!.. უკვე 10 მარტია!.. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ანუ მარტის თვე გავმაზე? :)

      Delete
    2. არა, უკვე ერთი თვე გავიდა, რაც აქ შემოვდივარ და უშედეგოდ.. :) ახალი მინდა რამე.. :) ლექსებს მაინც დებდე.. :) სადმე.. :D

      Delete