Saturday, December 31, 2011

ერთი უბრალო ამბავი

ახლა რომ ჩვეულებრივ პოსტს ვწერდი შევეცდებოდი საინტერესოდ დამესათაურებინა. მაგალითად "სამტრედია, სამტრედია..." - ჟღერს? მგონი კი :)



მაგრამ არა. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად, მინდა მოგიყვეთ ერთი უბრალო ამბავი.

მიუხედავად უამრავი საქმისა, რატომღაც მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ახალ წელს დედაჩემთან ერთად შევხვედროდი. დედაჩემმა თავის მხრივ გადაწყვიტა ახალი წელი დედამისთან, ანუ ჩემს ბებიასთან ერთად გაეტარებინა და სამტრედიაში წამოვიდა.

ჰო და მეც, წინა ღამით ფეისბუქს ძლივს მოწყვეტილი, დილის რვაზე მანქანაში აღმოვჩნდი სამტრედიისკენ მომავალი. გამიკვირდა, მაგრამ ტრასა ტრანსპორტით გადატვირთული არ იყო. გავიარეთ გორთან ახლადგახსნილი გვირაბი და (თვითნ არ ვიცი რატომ) მანქანის ყველა პასაჟირმა ინსტიქტურად დავიწყეთ გახსენება, როდის გახსნა ეს გვირაბი მიშამ _ რატომღაც ვერაფრით გავიხსენეთ :)

გზაში ფილოსფიურ მოძღვრებად დავიღვარე. მთელი გზა ვამტკიცებდი, თუ ადამიანისთვის კარგი გინდა დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო, ხელოვნურად არ უნდა შეუქმნა სასათბურე პირობები და შესაბამისად მისცე საშუალება თვითგადარჩენის ინსტიქტის წყალობით, კონცენტრიერბული და მოტივირებული განვითარდეს-მეთქი. დიდი ამბავი ახლა - ბიძინას თუ ეპატიება ორსაათიან ეთერში ფილოსოფოსად-ღვრად მე რით ვერ უნდა ავეტანე ოთხ ახლობელს ორას ოცდაათი კილომეტრის მანძილზე?

***
პოსტს ალაგალაგ ვწერ. პირველი გაჩერება დეიდაჩემის სახლი არის. ჩემი უსაყვარლესი გურული ბებიაც აქ არის. პირველი მაინც მისკენ გამიწია გულმა. თეთრი, ქათქათა თმებით. ოთახში შევედი თუ არა, "ჩემი ქათქათათმიანი ბებიამეთქი". მანაც არ დააყოვნა და ეგრევე რომელიღაც სიმღერა შემოსცხო ახალგაზრდობიდან, ჭაღარა თმებზე. სხვათა შორის ბებიაჩემმა უამრავი შაირი იცის. ზოგჯერ ისეთი რომ მეც კი ვიშმუშნები _ ადრე ვწითლდებოდი კიდეც :)

***
სანამ სახლში მოვიდოდით მეორე დიედასთან გავიარეთ. იქ ჩემი ძაღლია _ კოკი. კოკიზე აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. "მამიკუნა, ძალიან მინდა პუდელიი"... ასე იწყებოდა წერილი, რომცლიც ჩემმა დამ ოდესღაც მამას მიწერა. ახლა ჩემი და გათხოვილია, ყავს შვილი, დროებით სწავლობს ლონდონში. მამაჩემი გარდაცვლილია. დედაჩემი თბილისში. კოკი კიდევ მეორე დეიდასთან _ სამტრედიაში.

ჩვენს დანახვაზე გაგიჟდა.... ლამის აიწყვიტა. სახლში, ჩვენთან არასოდეს ყოფილა დაბმული. დეიდაჩემთან დაბმულია _ პატარა ეზოა, ეტყობა ეშინიათ სადმე არ წავიდეს.

არ დამცინოთ, მაგრამ ზუსტად ისე მიხარია მისი ნახვა, როგორც ნებისმიერი ოჯახის წევრის. თავის დროზე, თბილისიდან მოულოდნელად სახლში ჩამოსულს კოკი, დედაჩემი, მამაჩემი, ბაბუა და ბებია ერთნაირად მეგებებოდნენ. შემდეგ ბაბუა გამოაკლდა. მოგვიანებით ბებია... მამა...

კოკი ჩემი ოჯახის წევრია. გაჭაღარავებულა. დახტის, ალბათ რამდენი რამე უნდა რომ მომიყვეს ერთბაშად და სიხარულისგან არც კი იცის რომლით დაიწყოს. არაუშავს, მოგივნაებით სახლში წამოვიყვან და გემრიელად დაველაპარაკები.

***
გზად ვიღაცის კერძო სახლში შევიაერთ. სახლში მაღაზია არის მოწყობილი _ "ზარნაძეების ოპტავოი, ყველაზე პოპულარულია სამტრედიაშო", გამანდო დეიდაშვილმა.

მომცრო ზომის მაღაზიაში, რამდენიმე მაუს-შეუჩვეველი გამყიდველი დაფუსფუსებდა და ცდილობდა იქ მიმწყდარი ნახევარი სამტრედიის შემოტევას გამკლავებოდა. ბუნებრივია, გამყიდველებს ერთი სული ჰქონდათ აბეზარა კლიენტები მოეშორებინათ და სახლბში დაბრუნებულიყვნენ. გარეთ ლოდინით დაღლილი შიგნით შევედი და რიგში მდგომ დედაჩემს მივუცუცქდი. ავიჩემე (საკმაოდ ხმამაღლა) რომ 1 ცალი, შებოლილი რომელიღაც წვრილი თევზი მინდა, ოღონდ მოღუნულიმეთქი. გაგიკვირდებათ და ჩემმა ამ სულელურმა გამოხტომამ, ერთფეროვან, მოღუშულკლიენტებს შეგუებულ გამყიდველებზე ნამდვილად იმოქმედა _ გამხიარულდნენ და ჩვეული, იმერულად "გადაკრული" იუმორით გამომეპასუხნენ :)

***
სახლში მოვედი... ეზოში ფოთლებია. მარტოობა ეტყობა. მიუხედავად იმისა რომ ლედი მამიდა, თურმე ყოველ დღე სახლს "ანიავებს" ნესტის სუნი მაინც გამჯდარა კედლებში. დედამ სახელდახელოდ ღვინო ჩამომისხა, თბილისიდან ჩემი დის გამოტანებული სალათი თეფშზე გადმომიღო. ცოტა ხანში "სასაფლაოზე გადავალთ".

ეზოში ვზივარ. მზე ისე აფიცხებს, გაზაფხულის დამდეგი გეგონება. ეზოში ჯერ კიდევ იგრძნობა ნედლი ბუნების სურნელი. ვგრძნობ რომ ვიჟღინთები, ნელნელა ვივსები. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს რას ვიწოვ ასე ხარბად აქ _ მზის სხივებს, მოგონებებს, ნედლი მიწინს სუნს თუ...

ბედნიერი ვარ. სავსე ვარ. აი, ლედი მამიდაც გამოჩნდა.

- "რაია ლაშა მზეზე თბები?", "დედაშენი სადაა?", "გამეიხედე!" "გასუქებულხარ?!" "არა, საშუალოდ ხარ?!" "გაანებე ახლა მაგას თვი, დეისვენე ბიჭო, დაასვენე თვალები..."

ვატყობ რომ პოსტს ვეღარ გავაგრძელებ :))

წავედი, ლედი მამიდას უნდა მივხედო...

Tuesday, December 27, 2011

როგორ გვქონდეს PAYPAL-ი

დიახ, არანაირი "დავარეგისტრიროთ", რადგან ფეიფალის ანგარიში უბრალოდ უნდა გქონდეს... და თუ ქართველი ხარ არალეგალურად.

მჭევრმეტყველებას მოვრჩები (ისედაც ბლომად ვწერე პოსტები) და საქმეზე გადავალ.

ფფ საქართველოში ოფიციალურად არ არის (და მგონი არც აპირებს არასოდეს), არა და საჭირო რამეა. ოდითგანვე ხვრელი პროკრედიტბანკის მასტერქარდ ბარათებმა გააჩინეს, რომლებსაც პროცესინგი გერმანიაში უკეთდებოდათ. შესაბამისად ფეიფალსაც გერმანული ბარათი ეგონა და უპრობლემოდ არეგისტრირებდა.

შემდეგ ეს ნახვრეტი ფეიფალმა საგულდაგულოდ ამოავსო და ამოგმინა, მაგრამ გაჩნდა ახალი - ამერიქან-ექსპრესის ბარათი, საქაღთველოს ბანკისაგან. გავიგე თუ არა ეს ამბავი, ბარათით ხელში ფეიფალის საიტისკენ გავეშურე. რეგისტრაციისას დავუშვი პირველი შეცდომა - ქვეყანა რომელიც by default გამოდის, (ანუ აშშ) არ შევცვალე და შემდეგ ნაბიჯზეც შესაბამისად USA2GEORGIA-ს მისამართი მივუთითე.

ამგვარად ფეიფალმა ჩათვალ რომ ამერიკელი ვარ (მაგათ კი გაყიდვის უფლებაც აქვთ - დისკრიმინაციაზე და ზანგებზე კიდე მე დამიწყებენ საუბარს!) და სისხლის ანალიზი არ მოუთხოვია თორე სხვა დანარჩენი (სოც. ნომერი, საბანკო ანგარიში და ა.შ.) ნამდვილად არ დაუკლია.

რეგისტრაციისას მითითებულ ბარათს ხომ არ გადავაგდებდი? არა და წაშლითაც აღარ მაშლევინებდა - არააქტივირებულია შენი ანგარიშიო. მოკლედ, არც წინ მიშვებდა და არც უკან. გავიჭედე!

დავრეკე სკაიპით - არ ვარ ამერიკელი, ინსტიქტურად შემეშალა, ისე სომეხი ვარ მეთქი და საქართველოში ავიღე ამექსი-მეთქი. კარგი, რა პრობლემაა - სომხური პირადობის მოწმობა გადმოგვიგზავნეთ დასკანირებული და წაგიშლით ექაუნთსო. მოკლედ გავბანძდი!

მაგრამ ამექსს 1 წლიანი ვადა მალე გაუვიდა და ძველი ბარათისთვის ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, ბარათი განვაახლე (ფასი ერთია - 80 ლარი, American express green).

შემდეგ კი ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

1. დავგუგლე რესტორნები უკრაინაში და ერთერთი რესტორანის მისამართი, თავისი ზიპკოდით ამოვინიშნე (ალბათ ხვდებით რომ იმავე წარმატებით შეგიძლიათ დაგუგლოთ სტრიპტიზკლუბები - ოღონდ ქვეყნებში ნუ გააკეთებთ მაინც და მაინც იმპროვიზაციას)
2. შემდეგ დავიწყე რეგისტრაციის პროცესი http://www.paypal.com/ . ქვეყანა - უკრაინა, ენა - ინგლისური, ანგარიშის ტიპი - პირადი.


3. რეგისტრაციის შემდეგ საფეხურზე დააფიქსირებთ პირად ინფორმაციას, უკრაინულ (ფსევდო) მისამართს და ბარათის ნომერს (სხვათა შორის, შეგიძლიათ ველი - Link my credit card so I can start shopping right away (recommended) მოხსნათ და ანგარიშის გახსნის შემდეგ დაამატოთ ბარათი)
4. ფეიფალი ჩამოგაჭრით აგნარიშიდან 2-დოლარამდე თანხას.
5. საბანკო ანგარიშის ამონაწერში, რამდენიმე დღეში გამოჩნდება შესაბამისი ტრანზაქცია (თუ პარასკევს ან შაბათ-კვირას გააკეთებთ ამ ყველაფრს, სამშაბათ-ოთხშაბათამდე ამონაწერს ტყუილად არ ელოდოთ).
6. P** და CODE ჩანაწერებს შორის აღმოაჩენთ 4 ნიშნა რიცხვს. საკმარისია დალოგინდეთ ფეიფალის ექაუნთში, დასამოწმებელი ბარათიც იქვე გამოჩნდება. დააჭერთ ღილაკს Confirm, შეიყვანთ 4 ნიშნა კოდს და ვუალა - დატკბით!



აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საიტებზე ნივთების გამოწერისას ყურადღებით უნდა იყოთ, საიტმამ უნდა გკითხოთ "შიპინგის" მისამართი, სადაც საშუალება მოგეცემათ ფფ-ს ანგარიშიდან განსხვავებული მისამართი დააფიქსიროთ - თორე შემთხვევით რომელიმე რესტორანი ძალიან გაკვირვებული დარჩება, როდესაც ლამაზად შეფუთულ გასაბერ ქალს მიიღებენ სწრაფი ფოსტით.

P.S. აქვე შეგახსენებთ რომ fb-ზე შექმნილი გვაქვს ჯგუფი "ფეიფლი საქართველოში" - თოვლის ბაბუის და ლაიკებით საქართველოში შემოსული ფფ-სი ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციას მაინც ვუზიარებთ ერთმანეთს.

Wednesday, December 21, 2011

ქინდლი რეალის წინააღმდეგ

სონი ფლეისთეიშენი, ფორდი და კიდევ ვიღაცეები წარმოგიდგენენ ჩემპიონთა მატჩის შეხვედრას (აქ მუსიკა და ყველასათვის კარგად ნაცნობი სარეკლამო ტიხრები).



თურმე ნუ იტყვით და Kindle, ყველაზე სასურველი საჩუქარი ყოფილა შობა-ახალი წლებისთვის. ჩემს ორივე ქინდლზე ნინოს იმდენი ვესაუბრე, რამდენსაც მაია ასათიანის ვერცერთი სტუმარი ვერ შეძლებდა თავის ორ ცოლზე თუ საყვარელზე.

მოკლედ ხო - მე, ადამიანს რომელსაც მთელი ბავშვობა მთებად წამომართული წიგნის თაროები მთრგუნავდა, მე რომლის პირველი წიგნიც "ლურსმანას თავგადასავალი" იყო და ისიც მხოლოდ მერვე კლასში, მე რომელსაც "ტომ სოიერი" მხოლოდ სულელურ მულტფილმს მაგონებს, რომლის დამთავრებასაც მოწყენილი ველოდი სანამ ჩიპი და დეილის თავგადასავალი დაიწყებოდა და მე რომელსაც მამა უყვებოდა როგორ კითხულობდა ჩუმად საბნის ქვეშ ფანრით - კითხვა შემიყვარდა. ხო, აი ასე - სიბერეში.

და არ ვიცი მართლა სხვა არის "სიყვარული უკანასკნელი" თუ არა, მაგრამ ფაქტია _ ბოლო რამდენიმე თვე გაცილებით მეტს ვკითხულობ ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთად აღებული.

ზემოთ, "პრეზიდენტისეულ ბულეტ-პოინტებად" ჩამოთვლილ, "მე ადამიანს" კონსტრუქციით დაწყებულ, მგზნებარე წინადადებებში, ერთი მაინც გამომრჩა: "მე ადამიანს რომელსაც დედა ბიბლიოთეკარი მყავს და განსაკუთრებულად უყვარს წიგნი"...

არა, წიგნი მაინც სხვაა - მითხრა დედაჩემმა, როდესაც "ლაშა, ერთი ის სტატია წამაკითხე" ტექსტის პასუხად, ტრადიციულად ამობეჭდილი ფურცლები კი არა, შავი პლასტმასის მოწყობილობა შევაჩეჩე.

და რთულია დედაჩემს არ დაეთანხმო - დიახ, წიგნი მართლაც სხვაა. ალბათ, თავის დროზე, მავანი ცხვრის ტყავსაც სინანულით გადაუსვამდა თითებს, როდესაც ჯიშიანად-გამომხმარი, არაერთგზის თავზე გადაწერილი უსტარის ნაცვლად, ხელში ფარატინა ფურცელს მიაჩეჩებდნენ (ისე ქინდლშიც გადააწერე თავზე და იყავი - ცხვრის ტყავი, ქინდლი, ერთი... მოკლედ როგორც არის).

ქალაქი და სოფელი - რადიო 105 by lasharela


მოკლედ, ლაშა კილაძისგან ამწამს განათლებული, მეც ნეგატიური შთაგონების მეთოდს მივმართავ და ვიტყვი, რატომ ჯობია პლასტმასის ქინდლს, შრაშუნაფურცლიანი წიგნი:

1. ქინდლის გამო საჭირო აღარ არის ფურცელი, რის გამოც აღარ განადგურდება უამრავი ხე, რომელიც მხოლოდ კრეატიული რეკლამების ხილვისას გვახსენდება.
2. ვერაფრით შეავსებთ ინტერიერს და თაროებს რადგან ქინდლში 3 000-მდე წიგნი ეტევა
3. თუ წიგნის ცალ ხელში დაჭერა გიყვართ, არასოდეს არ განგივითარდებათ მკლავები, ისეთი "დიდი წიგნების" წაკითხვისას როგორებიც "დათა თუთაშხია" და "კაცი რომელიც იცინის" არის.
4. აღარაფერში დაგჭირდებათ "ბლოკნოტები" ციტატების ამოსანიშნად (დედაჩემმა ისე მიმაჩვია, სავარჯიშოებიან წიგნშიც კი, დღემდე მიჭირს ფანქრით რაიმე მოვნიშნო)
5. რომელიმე წიგნში, უცებ სასურველი ციტატის პოვნა თუ მოგინდებათ, არ მოკვდებით საჩვენებელი თითის ლოკვით და ფურცვლით.
6. ვეღარსაც დამალავთ ფულს, შეყვარებულის ფოტოს, წერილებს და გაახმობთ მცენარეებს (ძირითადად ყვავილები ვიგულისხმე - აბა, შენ რა იფიქრე?)
7. რაიმეს რომ დააწებებ, ზემოდან ვეღარ დაადებ მძიმე წიგნებს.


ახლა ვიცი დაიწყებენ, სუნი არააქვსო, გემო არ უვარგაო, ფურცლების შრაშუნიო.... მაგრამ იცით რა? ახლა ვუსმენ ჩემი ქინდლი როგორ მიკითხავს ერთ-ერთ სტატიას სანამ მე პოსტს ვწერ და ალბათ, გავა დრო და მომავალ თაობას გულდაწყვეტილი მეც ვეტყვი - არა, არა, ქინდლის ხმა სულ სხვაა-მეთქი!

Sunday, December 18, 2011

ძუძუები დაიდოს!

ტაფის ქონა, არანაირად ნიშნავს რომ პოვარი ხარ


ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება დავწერო ის რასაც ვაპირებ - მე, სამტრედიიდან ჩამოსული სოფლელი, მაღლივდამთავრებული, ატას ბანკზე გადამხტარი ბლოგერი.

ხო, მე კორპორატიული ვარ. ვიყავი უფრო სწორად. მეკეთა ჰალსტუხი და თქმას იმისას რომ "პოეტი ვარ", ყოველთვის ვამჯობინებ, თავდაცვის ინსტიქტიდან გამომდინარე, მოგახსენოთ რომ "მე ერთერთი კომპანიის დამფუძნებელი" გახლავართ. მაგრამ მაინც.

ტაფა მაქვს თუ არა, მე მსურს ასე თუ არა, გარკვეული რეგალია - ბლოგერი, გარკვეულ წილად ჩემი კუთვნულებაა.

ბოლო პერიოდში, რატომღაც ხშირად მიწევს საუბარი ბლოგინგზე... ათას სისულელეებზე, ალტერნატიულ მედია საშუალებაზე... და ... და... ქართველ ბლოგერებზე...

რას აღარ მოისმენ. ზოგი პოლიტ-ანგარიჟერებულია და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილავს - ეგენი, ЖЖ-ზე პრო-სამთავრობო პოსტებს წერენ (ოღონდ მანახა და თუნდაც პრო-პრო-პრო ვისიც გინდა იყოს :)) ), გოგიც "აა, ბლოგერები - თინეიჯერები რომლებიც მარტო ძუძუებზე (და გოგოები არამარტო) რომ წერენ? ან კიდევ "უი, მოცლილი ტიპები, ონლაინში რომ ათას სისულელეს წერენ"...

და ყოველ ხუმრობაში არსებული სიმართლის მარცვლის არ იყოს, ვხვდები რომ მარცვალ-მარცვალ სტერეოტიპულ, კარგად გამომცხვარ პურთან მაქვს საქმე.

ერთადერტი მიზეზი რის გამოც არ პოსტს არ დავწერდი, არის ის, რომ მინდა არ მინდა ბლოგერებს სულზე მოველამუნები - მაგრამ მკიდია! ვისაც რა უნდა ის დამწამოს.

მე, სამტრედიიდან ჩამოსულმა სოფლელმა, მაღლივდამთავრებულმა, ათას ბანკზე გადამხტარმა ბლოგერმა მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა - ხალხს, რომელთა ნააზრევსაც თქვენ სხვადასხვა ბლოგებზე ეცნობით, იქნება ეს პირადი (ყავა დავლიე დილით) თუ პოლიტიკურ-ანალიტიკური, კრიტიკულ-სარკასტული თუ ლიტერატურული მიმოხილვა, გარკვეული ნიჭი და ცოდნა გააჩნიათ. ყოველ მათგანს გარკვეული პეწი აქვს - ზოგს ცოდნა, ზოგს უნარი თავისი პირადი ისე საინტერესოდ დაგილაგოთ რომ, არც ისე გამოსხივების მქონე მონიტორებზე გაკითხოთ, ზოგს იუმორი, ზოგსაც უბრლაოდ საინტერესო ინფორმაცია... და ზოგს არა - ზოგჯერ.

ყველა მათგანს აქვს გარკვეული ნიჭი, უნარი. ბლოგის მიღმა ისინი, ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. და ის რომ ზოგიერთი მათგანი თავის პირადს ასე თამამად ამზეურებს, ნუ გაფიქრებინებთ რომ მხოლოდ კომპლექსებით სუბლიმირებენ ციფრულ სამყაროში.

მოკლედ, ძალიან პათეთიკაში რომ არ გადავიდე - ნუ აყვებით სტერეოტიპებს და ნუ შეხედავთ ყველაფერს ეგზომ პრიმიტიულად. ერთ ქვაბში მოხარშვის პრინციპსაც ნუ აქცევთ ლიტონ სიტყვებად.

მე პირადად საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, სივრცეში რომელსაც "ბლოგო-სფერო" უფრო სწორად კი "ქართული ბლოგო სფერო ეწოდება"...

ზოგი მათგანი ვიტგენშტეინის ხოჭოებს გვაცნობს, ზოგიც ლუის ბერიოზაბალის თარგმანებს გვიზიარებს, ზოგი... ზოგი გვიყვება როგორ დაშორდა "თავის ბიჭს"...

და ეს მრავალფეროვნება მე პირადად იმდენად მხიბლავს რომ თამამად ვიტყვი - მეყოფა სერიოზულობა, ძუძუებს გაუმარჯოს!

Thursday, December 8, 2011

საკმარისი ჰოლივუდი

დღისით და ღამით, დღისით და ღამით
გაუჩერებლად, რეკურსიულად
ვერსად ნაშოვნი საჭირო წამლით
ბოლოს სუყველა ვკვდებით შტერულად

დღისით თუ ღამით, ადრე თუ გვიან
ხარ მოკვდავი თუ ვიღაც მთიელი
უწყვეტი დუბლით იღლები იყო
კარგიც და ცუდი პოლიციელი

Monday, December 5, 2011

ციფრული პოეზია

ბოლო პერიოდი სულ უფრო მეტს ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე. ბევრი მეგობარი მყავს რომელიც მეტყოდა, ნუ მკრეხელობო.

ასეთ დროს აინშტაინის სიტყვები მახსენდება, რომელიც დაახლოებით გულისხმობდა, რომ ღმერთს თავისუფლად შეეძლო რაიმე ცოდნა ადამიანის აზროვნების საზღვრებს მიღმა მოეთავსებია.

თემას გადავუხვიე (ბოლო დროს ხშირად მემართება).

მოკლედ, ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ მომავალის ტექნოლოგიები ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. თავში უამრავი ამოკითხული, მოსმენილი, ნაფიქრი აზრი ქაოსურად ეჯახება ერთმანეთს და სრულყოფილ ფიგურად იკვრება: "საკუთარი დრო როდესაც არ მყოფნიდა, მივხვდი რომ სხვისი დრო უნდა გამეყიდა", "მაშინ როდესაც web 1.0-ში, მომხმარებლები ძირითადად იღებდნენ ინფორმაციას, web 2.0-ში ისინი თავად ქმნიან ვების შიგთავს", "ყველაფერი უბრალო აღმოჩენით დაიწყო... ", "და რა მოხდება ადამიანებმა რობოტების დრო რომ გამოიყენონ კონტენტის შესაქნელადაც და დასამუშავებლად", "უმართავი სტიქია - ინფორმაცია" და მრავალი სხვა. ამ ფრაზებს ( და არამხოლოდ) არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ ჩემი გონება ერთ ფიგურაში აერთიანებს და მას მომავალი - ხელოვნური ინტელექტი ქვია.

ხშირად ვფიქრობ - რა არის ხელოვნური ინტელექტი. რას გულისხმობს ის? ბევრი ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთადერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს _ ის თვითგანვითარებადი (თვითმყოფადი) უნდა იყოს.

და აქ კვლავ უამრავი შეკითხვა ჩნდება: რა უნდა განივითაროს, უნდა გააჩნდეს თუ არა მიზანი, საკუთარი სურვილები, ეგო? ამ ეტაპზე მინიმუმ რაც შემიძლია ვთქვა, მას უნდა შეეძლოს მასში თავმოყრილი ალრგორითმების დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე არსებულის საფუძველზე ახალი ალგორითმების მოფიქრება და შექმნაც. სხვაგვარად ხელოვნური ინტელექტი ვერ წარმომიდგენია.

სხვა შემთხვევაში უბრალოდ დახვეწილ ალგორითმს, ან ალგორითმების ერთობლიობას მივიღებთ. წესების გარკვეულ თანმიმდევრობას, რომელიც ადამიანის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. ეს ალგორითმები ყოველთვის სწორხაზოვანი იქნება და არასოდეს არ ექნებათ თვითმყოფადობა.

ამასწინათ ერთი გონებრივი ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა დავსვი (რომელიც ვფიქრობ პირდაპირ უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს): რა მოხდება, თეორიულად მთელი სამყარო რომ დავაკოპიროთ? განვითარდება ორივე სამყარო ზუსტად ერთნაირად თუ განსხვავებულად?

თუ ერთნაირად განვითარდება, გამოდის რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ ყოფილა განსაზღვრული და ჩვენ არაფერს არ ვწყვიტავთ _ უბრალოდ ჩვენს თავში ნეორინების, პროტონების თუ ელექტრონების (მნიშვნელობა არააქვს რა პროცესების თუ მექანიზმების - ჩემთვის მათემატიკური შავი ყუთია) ურთიერთ ქმედება განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს, სურვილებს და სამყაროში ყველაფერი იმაზე უფრო მეტად კანონზომიერი და გამოთვლადია ვიდრე ადამიანის ცნობიერებისთვის ჩანს.

თუ ორი სამყარო განსხვავებულად განვითარდება, მაშინ რა არის ან როგორ მუშაობს მექანიზმი, რომელიც აბსოლუტურად იდენტურ სამყაროებში განსხვავებას გამოიწვევს? და ვფიქრობ სწორედ ეს განსხვავების გამომწვევი მექანიზმი არის საფუძველი ხელოვნური ინტელექტის. სწორედ ეს მექანიზმი სძენს აზროვნებას თვითმყოფადობას და ჩვენს გადაწყვეტილებებს უნიკალურს ხდის.

დღეისათვის უამრავი კვლევაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და აუცილებლად უნდა გავეცნო უახლოეს მომავალში მოცემულ მიმართულებებს. მაგრამ როგორც ვხვდები, ძირითადი ძალისხმევა მაინც კონკრეტული ალგორითმების დახვეწა-შემუშავებაში იხარჯება. საჭირო კი სხვა რამეა - საჭირო არის მექანიზმი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.

აქვე ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო და მიუხედავად იმისა, რომ თემასთან კავშირშია (თუმცა უადგილო) ჩემს ერთერთ იდეაზე მინდა მოგიყვეთ. საქმე იმაშია, რომ ზურიკელასი არ იყოს ლექსების წერა ახალი დაყწებული იმქონდა (მაშინ კომპიუტერი არ მქონდა, ვინდოუსი კი ყურმოკვირთ ვიცოდი რა იყო) რითმებში გარკვეული კანონზომიერება როდესაც აღმოვაჩინე.

ვიზუალიზაციის გარეშე ვერაფერს ხეირიანად ვერ ვიაზრებ და მეც მარტივი რამ გავაკეთე:

ვინაიდან ლექსის რითმაში მთავარი ხმოვნებია, თითეულ ხმოვანს სიმბოლური ფერი შევუსაბამე და სხვადასხვა ლექსების ბწკარედების გრაფიკულ გამოსახულებებს დავაკვირდი:



მაშინ დრო ბლომად მქონდა და მალევე აღმოვაჩინე რომ მხოლოდ ხმოვნები არ იყვნენ _ მთავარი გმირების გარდა სპექტაკლში მეორეხარისხოვანი როლებიც, თანხმოვნებიც მონაწილეობდნენ. ისინი აძლიერებენ გარკვეული ხმოვნების რითმს და ჟღერადობას. "აეი"-ს მსგავსად, თანხმოვნებიც ჯგუფებად იყოფიან და თანხმოვნებისა და ხმოვნების თანხვედრა სრულყოფილ რითმას ქმნის.

ამგვარად არც ისე რთული მისაგნებია ალგორითმი, რომელიც წინადადებათა და სიტყვათა დიდი ბაზის პირობებში (დავუშვათ რომელიც გააჩნია გუგლს) და მცირე გრამატიკული წესების მოშველიებით, შეძლებს საკმაოდ რთული და იდეალურად ჟღერადი რითმების შედგენას.

თუმცა მცირედი კვლევების შემდეგ მივხვდი, რატომ სიამოვნებს ადამიანის ყურს რითმები, რომელსაც მე პირადად "მოულოდნელ რითმებს" ვეძახი. ეს რითმები ხშირად მხვდებოდა და განსაკუთრებით მსიამოვნებდა ხოლმე რუსულ პოეზიაში, თუმცა ქართულშიც არანაკლებ არის (ბარემ აქაც გალაკტიონს მოვიშველიებ - პაპსაა მაინც ) _ როდესაც თითქოს წინასწარ გამზადებული საძირკველია, წინასწარ გამოჭრილი ფორმა და უცებ, როგორც ფურცლის გაჭრისას, სამართებელი გვერდით გაგირბის:
მივეჩქარები იქ ხელაღებით,
სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური,
სადაც ბაღებით და ვენახებით
ციხიდან შუქი გამოიჟურა.

"გიჟური, იჟურა" - ეს გამონანკლისია, გადახვევაა სწორხაზოვანი ალგორითმიდან. ასეთი რამ მხოლოდ ადამიანის გონებას შეუძლია (ასე მოულოდნელად და ლამაზად) - სწორედ ეს ადგილი მგონია, იმ მექეანიზმის ნაწილი რაც ადამიანთა აზროვნებას უნიკალურს ხდის, რაც ორ დუბლირებულ სამყაროს სრულიად სხვადასხვა განვითარებას მისცემდა. ისევე როგორც ლექსის წერის პროცესში უეცრად დარღვეული რითმა.

***
მე რომ ამ პოსტს ვიკხულობდე "ეკონომისტ-კიბერნეტიკოსის" და ვებ-ტექნოლოგიის სპეციალისტის ნააზრევის ნაცვლად (რომელიც მკაცრ ლოგიკას ეფუძნება), პოეტური სულის, მეოცნებე ადამიანის ფანტასმაგორიულ ბოდვას ამოვიკითხავდი.

იტალიელების გამოთქმის არ იყოს "მთავარია იმიჯი მოიპოვო და შემდეგ რომც ჩაიფსა, დილით შეგიძლია თქვა რომ გაოფლიანდი _ მაინც ყველა დაგიჯერებსო".

თუმცა მე, როგორც გამოუსწორებელ იდეალისტს მიმაჩნია რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სნობები არ არიან და მათვის სულერთია ვინ წერს ამ პოსტს - მეოცნებე პოეტი თუ ევრისტიკული მოდელირებით გაჯერებული ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი. მე სწორედ ამ ადამიანებს მინდა მივმართო:

სხვადასხვა ცოდნის შეჯერებით და გაერთიანებით წარმოუდგენელი შედეგების მიღწევა შეიძლება. თუ თქვენც გაქვთ გამოცდილება, სურვილი, ცოდნა, ნააზრევი ამ ყველაფერზე ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და გამიზიარეთ _ იქნებ ყველაფერი გაცილებით მარტივად არის, ყველლაფერი გენიალური ხომ ძალიან მარტივია.

Sunday, December 4, 2011

ოცდახუთმა ქართულმა...

ოცდახუთმა რაკეტამ
შენი ფიცი ჩაკეტა 

ამასწინათ, მეგობართან მცირე შეკამათება მომივიდა: მე მწუხარებას გამოვთქვამდი, რომ ახალბედა თუ არც ისე (მოკლედ ფართო მასებისთვის უცნობ) როკ-ჯგუფები ინგლისურენოვან ტექსტებს იყენებენ თავიანთ მუსიკაში, რის გამოც ხშირად ჭირს ემოციების მსმენელამდე მიტანა. ჩემი მეგობარი კი მარწმუნებდა რომ ქართული ენა მოუხერხებელია მსგავსი მუსიკისთვის.

პოლემიკაში სხვებიც (მათშორის რამდენიმე ჯგუფის წევრიც) ჩაერთვნენ _ ნაწილმა აღნიშნა რომ ქართული ტექსტებითაც შეიძლება კარგი მუსიკის შექმნა, ნაწილმა კი კვლავ ქართული ენის მოუხეშაობა და მუსიკასთან შეუსაბამობა დაადასტურა.

მოდით აღარ წავალ სიღმეებში და არ დავიწყებ მოყოლას, რომ "დამარხულ არს ენაი ქართული", უბრალოდ ვიტყვი: ჩემთვის არ არსებობს მოუხერხებელი ენა. ნებისმიერი ენა მოსახერხებელია, რეპისთვისაც, ჯაზისთვისაც, კომპიუტერული ტერმინოლოგიისთვისაც და კოდურ-სოდური აბრევიატურებისთვისაც _ მთავარია, იგრძნო ენა, დაამსხვრო დამკვიდრებული კალკები, ჟღერადობა და დაამკვიდრო რაიმე საკუთარი.




ჩანართი ბავშვობისდროინდელი ექსკურსიიდან:

მწერალი დიდხანს ეძებდა რუსული "პოლოტნოს" შესატყვისს ქართულ ენაში. ამ ძიების დროს ერთხელ მას თვალი მოუკრავს, როგორ კერავდა დედამისი საბანს და ზედ მთელ სიგრძეზე ფერადი ძაფებით პარალელური ხაზები გაჰყავდა. ამ ხაზების დანახვაზე ნიკო ნიკოლაძეს რკინიგზა გაახსენდა და წინასწარ იგრძნო, რომ "პოლოტნოს" შესატყვისი იპოვა. ნიკო ნიკოლაძე ჰკითხა დედას: "რას აკეთებო?", პასუხი ასეთი იყო: "საბანს ვალიანდაგებ, შვილო". მწერალი წუთით ჩაფიქრებულა და მერე უყვირია: "დიახ, ლიანდაგი, რკინიგზის ლიანდაგი!" (ციტატა არ დავარღვიე თორე გაუგებარია რატომ არის ნიკო მწერალი და თავის დროზე ექსკურსიამძღოლმა ამბავი ნიკოს ბებიაზე მოგვიყვა და არა დედაზე).

თუმცა, ექსკურსიამძღოლმა იქვე მოგვახსენა რომ ნიკოლაძეს ელექტრონის, ნეიტრონის და ა.შ. სახელებიც ჰქონდა მოფიქრებული, რომელიც ენაში ვერ დამკვიდრდა (ალბათ ისევე როგორც ყელფანდური, ვიოლინოს ნაცვლად)


მოკლედ, ქართული როკ-ჯგუფების ლირიკაზე კამათი ახალგადატანილი მქონდა, რომ გოგი გვახარიას მორიგი "წითელი ზონა" ვიხილე. მთავარი თემა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება იყო.
საუბარი ქართულ მუსიკაში ინგლისურენოვან ტექსტებსაც შეეხო. რაც არ გინდოდეს ნუ დაინახავ და რაც გინდოდეს ცხრამთასიქეთ ხედავდეო (ავტორისეული ანდაზა) სიბრძნის არ იყოს, გადაცემიდან ერთი პასაჟი და განსაკუთრებულად, სტუდიის სტუმარის _ გიორგი ასანიშვილის სიტყვები დამამახსოვრდა: "ნიჭით თუ გააკეთებ, ყელაფერი ყველაფერს უხდება... ინგლისური უფრო ნიღბავს შენს უნიჭობასო".



ეს მოსაზრება სრულიადაც არ გულისხმობს, რომ ქართული კოლექტივის ნებისმიერი ინგლისურენოვანი ტექსტი უნიჭოდ არის შესრულებული ("ყველაფერი ყველაფერს უხდება..."), თუმცა ვთვლი, რომ ხშირად ინგლისურენოვანი ტექსტების გამოყენება იმიტომ ხდება, რომ ბევრი ჯგუფი ქართულ ლირიკას (კარგ, გემოვნებიან ლირიკას ვგულისხმობ) ურბალოდ ვერ ქმნის.


(სიმღრა ჩემი ფლეილისტიდან)


დღეს კი ერთერთ ვოლზე ტაბულა არტის ბმულს გადავაწყდი, სადაც "2011 წლის TOP 25 ქართული სიმღერა" იყო წარმოდგენილი, რომელსაც ტაბულა არტი გვთავაზობს.

ვერ ვიტყვი რომ "ჩემდა გასაკვირად", მაგრამ მშრალი დასაწყისი რომ არ გამოგვივიდეს მოგახსენებთ, რომ ჩემდა სამწუხაროდ "25 ქართულიდან", მხოლოდ 5 სიმღერა არის ქართულენოვანი. აქედან:

  • 1 სიმღრა ჯგუფი - შარქათაქი

  • 2 სიმღერა - ირაკლი ჩარკვიანი

  • 2 სიმღერა - ჯერონიმო



შეკითხვები აღარ მაქვს ბატონო მოსამართლევ... ისე, მოიცა _ ნეტა, ჯერონიმომ ინგლისური თუ იცის?



P.S. ძლიერ ვწუხვარ, რომ ჯერონიმოს დიადი შემოქმედების გვერდით თუნდაც "პორნოპოეზიის" ან "ვიტამინის" ადგილი ტოპებში აღარ დარჩა :)

Gasaberi katsi by pornopoetry


Saturday, December 3, 2011

მუსი

საქართველო ალბთ ერთადერთი ქვეყანაა,
რომელშიც ჯორჯ ბუშ უმცროსის სახელობის ქუჩა არსებობს


ვისთვის უბრალო რკინა
ვისთვის წარწერა ქუჩის
ჩემთვის კი ერთი ბინა
ნომერი 5, ბუშის
არ არის მხოლოდ სახლი
რკინა-ბეტონის ფილა
როგორც ნამცხვრების დახლი
ერთერთი ფანჯრის მინა
მაშორებს ჩემს ტკბილ ნაჭერს
თავზე კუმპალი მარწყვის
მისი თმა ფილტვზე მაჭერს
როცა მის სახლთან არ წვიმს...

და იქნებ მარწყვი არა
იქნებ ტორტია ნუშის
წვიმა, გოგონა, ბინა
ნომერი 5, ბუშის