Friday, July 8, 2011

+2


მე, რვასართულიანი ბინის,
მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ

უცებ ისე მომინდა ყავა...
დღე დაიწყება, დღე გავა

უცებ ისე მომინდა შენთან
როგორც ბასრი დანა ყელთან

და წამით, ისე მომენატრა შენი თმები
რომ ლექსებსაც სიტყვების ნაცვლად ვერითმები

ორი სართულით მაღლა
მესმის ნაცნობი ხმები
არ მინდა შენით დაღლა
და უშენობით ვხმები

ორი სართლით მაღლა
ცამ ჩამოუშვა წყალი
და ყინულივით გალღვა
შენი წითელი ხალი

მაინც დაეტყო დაღლა
სიცხით მოხარშულ ჰავას...
ორი სართულით მაღლა
ვიღაც მიდუღებს ყავას


P.S. სავარაუდოდ, ცხელ ზაფხულს თბილისში გავატარებ, ვფიქრობ წერაც არაერთხელ მომინდება, მაგრამ უნდა დავისვენო.
ყველაფერს ჩავინიშნავ, შევინახავ და 1 სექტემბრიდან ერთიანად გამოვამზეურებ :)
დროებით

Thursday, July 7, 2011

მეშინია

მოგეხსენებათ დღეს რამენიმე ფოტოგრაფი დააკავეს _ რომელიღაც მუხლის შესაბამისად, ჯაშუშობის ბრალდებით.

საქმის წარმოება მიმდინარეობს "გრიფით საიდუმლო" რაც იმას ნიშნავს რომ არავითარი ნივთმკიცება არააქვთ და შესაბამისად არ სურთ ამის შესახებ ადვოკატებმა ხმამაღლა განაცხადონ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოცემულმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს 26 მაისის ამსახველი ფოტო მასალა (მხოლოდ და მხოლოდ).

Monday, July 4, 2011

გაიღვიძე

მე მიყვარს შენი აღგზნებული სუნთქვა
და ტოკვა მუცლის
მაღელვებს, როდესაც იმშრალებ ტანს
მუსიკა დილის ოთახს განწყობას უცვლის
შენ კი იტენიანებ კანს

მე მიყვარს, შენი ჩახლართული ღამით თმები
და ჩვეულებრივზე გაბზარული ხმა
როდესაც ორნახადი არყით ვთვრები
შენ ხარ ყველაზე ღრმა

როგორც სისხამ დილით ხსნადი ყავა
ტერფზე მორგებული სარტყელი ვერცხლის
მთელი დღე უშენოდ და შენით გავა
და საათიც წამებს ვერ ცლის

მე მიყვარს შენი აღგზნებული სუნთქვა
და ტოკვა მუცლის
მაღელვებს, როდესაც იმშრალებ ტანს
მუსიკა დილის ოთახს განწყობას უცვლის
შენ კი იტენიანებ კანს

ჩემი უცნობი მკითხველი

ახლა მომეჩვენა, რომ ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ რაიმე დავწერო, მაგრამ არა _ ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მინდა დაგელაპარაკოთ. ყველა ერთად შეგკრიბოთ და გელაპარაკოთ (მთვრალი არ ვარ და სმაილებსაც ვააქტიურებ) :).

უცნაურია, ზიხარ ბანკის ოფისში, საქმეები სულს გიხუთავს, უფროსიც თავისი არაფრისმომცემი რეპორტების მოთხოვნით დამატებით გიშლის ნერვებს, სხვა პრობლემებიც წაუკითხავი მეილებივით თავზე საყრელად გაქვს. ამ დროს გადაეყრები ბმულს, რომელსაც ბლოგი აწერია და ხვდები რომ აქ რაღაც შეგიძლია დაწერო.

წერ უბრალოდ, შენთვის. შემდეგ გადის დრო (საკმაოდ დიდი) და ვიღაცის კომენტარს ხვდები. უცებ აცნობიერებ, რომ ეს სულაც არ არის ფურცლებიანი წიგნაკი რომელშიც დადებითი, უარყოფითი თუ სულაც ნეიტრალური ემოციებისაგან იცლები.

შენი წიგნაკი ინტერნეტში დევს, ანუ ხელმისაწვდომია ყველასათვის ვისაც მსოფლიო აბლაბუდასთან მოდემი აკავშირებს.

ხო, პირველ კომენტარზე ცოტა შევიშმუშნე. ცოტაც გამიხარდა, რომ ვიღაცას მოეწონა, ცოტაც დავიძაბე _ ო, ო... მე ხო არასოდეს ლექსები არ გამომიმზეურებია.

შემდეგ გადის დრო და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ ბლოგს დღეში სამასამდე უნიკალური ვიზიტორი ყავს. სამასი ადამიანი, რომელიც კითხულობს შენს ბლოგს... შინაგანად განცდა მეუფლება რომ სამასივე ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარია. სხვანაირად როგორ _ უცხო ადამიანი ხომ არ დაჯდება და დაიწყებს შენი სისულეების კითხვას?

ასეც რომ არიყოს, მეტნაკლებად ვცნობ ხალხს რომლებიც ბლოგზე კომენტარებს ტოვებენ (გარდა იშვიათი ანონიმუსებისა): მეგობრები, ნაცნობები, პურის გამყიდველი ჩემი უბნის მაღაზიიდან, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ინტერნეტ კლუბის ოპერატორი _ ელენე და დედა.

მაგრამ შემდეგ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩენ რომ მთლად ასეც არ არის. რეკავ ბანკში, ოპერატორი გეუბნება რომ ბექოფისში გადაგისამართებს. იქ გოგონას უხსნი პრობლემის არსს, რატომ გესაჭიროება რომელიღაც საბუთის სასწრაფოდ დამოწმება. სახელს და გვარს გეკითხება და უცებ _ მე თქვენ გიცნობ, თქვენს ბლოგს ვკითხულობ... :O

სასიამოვნო შეგრძნებაა _ ვერაფერს იტყვი. უცებ ხვდები, რომ უამრავი უხილავი მეგობარი გყავს. იმასაც აცნობიერებ, რომ ბლოგს კითხულობენ და შესაბამისად გარკვეულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობასაც გრძნობ, რომ ადამიანს რაიმე სისულელე არ გადააკითხო (არა და ზოგჯერ, როგორ მინდა :)).

შემდეგ ერთ-ერთი მკითხველი (ვიცი, რომ ანონიმუსობა უყვარს და სახელს არ დავწერ) ულამაზეს წიგნს ("დიდნი საქმენი") გჩუქნის. შენი დის თანამშრომელი და ამავე დროს ბლოგის მკითხველი, კაფიების კრებულს გიგზავნის_ შაირების სანაცვლოდ და ხვდები, რომ რიცხვი, რომელსაც საიტზე დაყენებული მთვლელი გიჩვენებს, სულაც არ არის ვირტუალური _ ისინი შენი ბლოგის სტუმრები, შენი უხილავი მეგობრები არიან.

მართლა ძალიან მინდა ყველას გიცნობდეთ პირადად - იქნებ ოდესმე, დავნიშნო დრო და ადგილი, მოვზიდო ბევრი დასალევი, მუსიკა და ყველა მოგიპატიჟოთ _ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდე, ვის როგორი სიმთვრალე გაქვთ?

Sunday, July 3, 2011

SSN ანუ Sucks Social Networks

ყველა თავისი იმიჯით, პროფილით
ნახმარით, უხმარით, ახლით და ყოფილით
ყველა თავისი ხედვით
ინსტრუქციის მიხედვით
იღიმის, უყვარს, მოსწონს,
და ტანსაცმელთან ერთად
(სუყველას დასანახად)
იცვლის პროფილის ფოტოს...
კომპეტენტური აზრით
ცდების დროს ავსებს კოლბებს
თვითშეფასების გაზრდით
ახალ ლინკს იმეგობრებს

ყველა თავისი იმიჯით, პროფილით
ნახმარით, უხმარით, ახლით და ყოფილით

ყველაფერი კარგად იქნება

ცხოვრება სანამ ატუზავს  ბანქოს
კარგად აჩეხავს, აჭრის
ო, როგორ გიჩნდება ზოგჯერ სურვილი
გაქცევის, ველად გაჭრის

აი შენც, ასეთ მოხდენილს, ლამაზს,
გამშვენებ კაბა, უბრალო ნაჭრის
ცხოვრბა კიდევ იკიდებს ამას
და ყოველთვიურ სესხის ფულს გაჭრის

კარგი, დავუშვათ ვიცხოვრებ ასე:
თავისუფლებაც ჯანდაბას და ჭირს...
მაგრამ ცხოვრება აიღებს დანას
და როგორც ნამცხვარს რომბებად დამჭრის

სანამ ცხოვრება ატუზავს ბანქოს
კარგად აჩეხავს, აჭრის
ო, როგორ გიჩნდება ზოგჯერ სურვილი
გაქცევის, ველად გაჭრის

Saturday, July 2, 2011

***

ბოლო ხურდები გაბედულად ტოვებდნენ ჯიბეს

მე პატარა ქართველი ვარ

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო
ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქა...

ქმ... მოხვედით?

***
"მე პატარა ქართველი ვარ", "პატარა ქვეყნის დიდი შვილი"?  რაღა დაგიმალოთ და ეროვნულ-პატრიოტურ პროპორციებში ცოტათი ავიჭერი.

ამბავი, რომლის შემდეგაც მანიაკივით ვაკვირდებოდი ქვეყნების სიას სარეგისტრაციო ფორმებში, ჩემი ბანკში მუშაობის დროს დაიწყო. როდესაც სხვადასხვა რუსული ფულადი გზავნილების წარმომადგენლები პირადად გავიცანი, მათ ღიად და დაუფარავად მითხრეს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც ცალკე სახელმწიფოს, ვერ ამოიღებდნენ საიტიდან, რადგან ასეთი მითითება ქონდათ, "ზემოდან".

წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ ის რომ "მე პატარა ქართველი ვარ", ყოველდღიურად ვაწყდები ციფრულ სამყაროში: იქნება ეს რომელიმე ინტერნეტ მაღაზია, რომელთა ჩამონათვალში არ არის საქართველო, თუ პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც G ასოზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოს ვერ იპოვი და მეც დიდის ამბით რატომღაც United State-ს ვირჩევ.

რამდენიმე დღის წინ, მთელი გულით და სულით რომ მინდოდა კომპანია Dell-ის საიტზე ნოუთბუქის შესყიდვა, განმიცხადეს რომ საქართველოდან მოცემულ ოპერაციას ვერ განახორციელებო.

ფეიფალიც, ხომ ჩვენი ტკივილია?!

რას ვიზამთ, რა გაეწყობა _ სამაგიეროდ ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ (ინტონაცია ანეგდოტიდან: "სამაგიეროდ მე კიბო არ მაქვს").

აი ასე, შენი თვალებით დამწვარი, დავდივარ, დავიარები... ორ ზღვას შუა ძველისძველ და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ხშირად არის იგნორირებული ციფრულ სამყაროში.

მაგრამ დღეს, თავად არ ვიცი რატომ (სინამდვილეში არაჩეულებრივი შეარ სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა იმუშაოს ერთსა და იმავე დოკუმენტზე) კომპანია მაიკროსოფთის ანგარიში დამჭირდა.

ქართული ამბავი ხომ იცით? ერთხელ თუ თქვა კაიაო, მერე სხვისკენ არ გაიხედავს და გუგლზე შემჯდარს მეც კარგახანი არ გამეხედა მაიკროსოფთისკენ, ამიტომაც ანგარიშის რეგისტრაციას შევუდექი.

ჩემს გაოცებას საზღვარი როგორ არ ქონდა, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტად გავოცდი, როდესაც ქვეყნების სიაში "Georgia" ავირჩიე, ხოლო რეგიონების სიაში, პრაქტიკულად ყველას რო ძალით გვაქვს ნასწავლი ლექსის ამონარიდი დამხვდა:



თან რაოდენ სასიამოვნო არის რომ პირველივე სიაში აფხაზეთია. აქაც საკუთარ თავს რომ არ დავცინო, ისე არ გამომივა _ აფხაზეთის მაიკროსოფთის საიტზე დაბრუნებით ისეთი სითბო ჩამეღვარა სულში, რომ სულ დამავიწყდა, ქვეყნის 20% ოკუპირებული რომ არის.

ხომ არაფერი მაგრამ მაინც სასიამოვნოა _ იოლია ქართველი კაცის გულის მოგება (აწი ჯიმეილს არ გამოვიყენებ).

რა მოხდება, სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც მიბაძონ მაიკროსოფთს და აღშფოთება-წუხილის გარდა, მცირედი მხარდაჭერა სხვამხრივაც გაგვიწიონ?

***
ქართული Qwerty კლავიატურა, რომელიც Windows 7-ს მოყვება, რეგიონის პარამეტრებში ჩამატებული ჩვენი ქვეყანა, ახლა უკვე სარეგისტრაციო ფორმაში ჩამატებული  არც მეტი და არც ნაკნლები "გურია და სამეგროლო"... ცოტა არ იყოს და დავეჭვდი და კვლევა დავიწყე.

ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ჩემი ვარაუდი გამართლდა _ ბილ გეიტსის ბებია, ქართველი _ ზამბახიძის ქალი ყოფილა, ზემო იმერეთიდან.

დავიჯერო სტივ ჯობსს, არავინ არ ყავს ქართველი გვარში?