Thursday, December 20, 2012

ღია წერილი Geocell-ს

ასეც ხდება და ისეც ხდება - ვინ იცის და ვინმე მადლიანმა ეს პოსტი, რომელიმე ადამიანს მიუთაგოს, ვისთანაც ერთ დროს ნამყოფიც კი ვარ, როგორც ჩემი კომპანიის წარმომადგენელი ან კიდევ უფრო ადრე - როგორც მათი კოლეგა - პროდუქტების განვითარების მენეჯერი, ერთერთი ბანკიდან.

ანუ, შესავალი "მე ლონდონში ვსწავლობდის" სტილში, რადგან "ვინმე მესხი მელექსე" კი არა, დისტანციური საბანკო პროდუქტების სპეციალისტი, დეველოპერული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და User friendly ინტერფეისების (ქართული რეალობისთვის) არც თუ ისე ცუდი მცოდნე გეხმიანებათ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს დავპორტირდი მაგთიდან (ბანიდან), ქსელში რომელიც სტუდენტობისას მქონდა. რატომ? - მრავალი მიზეზის გამო: ნეგატიური განწყობა იყო მაგთის მიმართ, რომელიც სტუდენტობიდანვე აღქმული იყო ჩემთვის როგორც "ძვირი" ოპერატორი, რომელსაც ქონდა ხარისხი და ამ ხარისხის სანაცვლოდ უდიერად  და უხეშად (ხისტად) ეპყრობოდა თავის მომხმარებლებს. ამასთან 1000 სმს პაკეტის შეძენამ მომხიბლა, რადგან სმს კომუნიკაციას ხშირად მივმართავ.

მოდით, სხვა გულისწყენებზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებ, მანამდე შევეცდები ჩემი პროფესიონალური მოსაზრება გაგიზიაროთ, უცხო თვალით დანახულ ჯეოსელს:

1. ყველაზე დიდი კატასტროფა - ათას ნომრად დაშლილი USSD მენიუ. ინტერნეტ პაკეტის შეძენა აქტივაცია ცალკე ნომერზეა. სმს პაკეტები ცალკე, დავალიანების გაგება სულ სხვაგან და ა.შ. თუ თქვენი მომხმარებლები იდეალური მეხსიერებისანი არიან, ღმერთმა გიმრავლოთ - მაგრამ მე ერთი გონებაგადაღლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც რამდენიმე რემაინდერს იშველიებს რომ დილით ჭამა, შუადღისას შეხვედრა და საღამოს დედის დაბადების დღე არ დაავიწყდეს.

მართალია ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე *180# გამიზიარა და ის იყო თვალები ამენთო, აღმოჩნდა რომ აქ უბრალოდ "შევახსენებ" ჩემ თავს, ამა თუ იმ კოდს.

კარგი იქნება ერთიანი, ცენტრალიზებული მენიუ იყოს, საიდანაც პირდაპირ აქტიურ ოპერაციებს შევასრულებ, ამასთან ვგონებ საჭირო არ არის, ამდენი დამოწმება (ანუ დამატებით კითხვა უნდა თუ არა შეძენა) გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად. მომხმარებელმა თუ 4 დონე გაიარა, რომელიღაც სერვისამდე ჩასასვლელად, მას ნამდვილად უნდა ე.ი. პაკეტის შეძენა.

2. sms.ge - მომიტევეთ მაგრამ აქ კონკურენტი ნამდვილად გჯაბნით.

  • sms ნებისმიერი მიმართულებით
  • არანაირი ქაფჩა გაგზავნის წინ (იდენტიფიკაცია გავლილ მომხმარებელს ჯობია რომ შეზღუდული ლიმიტი ქონდეს სმს-ების და ქაფჩა მოხსნათ)
ამასთან, პაროლის შესაცვლელად ზედა პანელში ინსტიქტურად "პარამეტრებს" დავაჭირე. ოოპს 404 გვერდი. იქნებ შეამოწმოთ აღნიშნული გვერდი.

3. http://www.issa.ge  - ვებ პანელი მხოლოდ 77 აბონენტებისთვის. რატომ? ლაილაი ახალგაზრდებზე გათვლილი სერვისია და მათ არააქვთ წვდომა ინტერნეტზე თუ რაიმე უფრო აფსურდული არგუმენტი არსებობს ნეტა? 

4. თქვენთვის ცნობილია ისეთი ცნება როგორიც არის კონკურენტული უპირატესობა. გიფიქრიათ იმაზე რომ iPhone-ს და ანდროიდის მომხმარებლებს ცალკე ჯეოსელის აპლიკაცია შესთავაზოთ, რომლიდანაც იოლად მოახერხებს კლიენტი იდენტიფიკაციას ცენტრალიზებული (ანუ SSO) ავტორიზაციის სქემაზე დაყრდნობით და საიდანაც მარტივად შეძლებს თავისი ანგარიშების მართვას? (სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ჩვენი კომპანია მსგავს სერვის გაგიწევთ სურვილისამებრ)


რაც შეეხება სხვა - მცირე გულისწყრომებს:

[მოცემული აბზაცი დაექვემდებარა ცენზურას - არ მინდა ჩემი პოსტის გამო, კონკრეტულმა თანამშრომლებმა აგოს პასუხი]


აი, ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია რა საჭიროა ამდენი პაკეტი, ასეთი ჩახლართული.  ყოველი შემთხვევისთვის ერთ ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, სადაც საუბარია იმაზე, როგორ იღლება ადამიანი არჩევანის გაკეთებისას.

დასასრულს, იმედია თქვენ (როგორც არაერთხელ მომხდარა) მაინც არ გეგონებით, კონკურენტის "დაფინანსებული ბლოგერი", რომელიც მიზნად თქვენს დისკრედიტაციას ისახავს (კრიტიკული შენიშვნები გამოსავალითურთ და ახალი იდეები, კონკურენტის ხელწერას არ უნდა გავდეს - არა?) . ავღნიშნავ, რომ  ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თქვენი სერვისით სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია!

მე კი მომდევნო ერთი თვე, პორტირების პირობებიდანვე გამომდინარე დავაკვირდები "ჩემს ქსელს" - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ პოზიტივს აღმოვაჩენ. მანამდე კი ყოველი შემთხვევისთვის, ერთ სახარებისეულ იგავს - "უძღები შვილის დაბრუნება"-ს გადავიკითხავ.

Saturday, December 15, 2012

ასტროლოგიურად დადასტურებული

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
როგორც ცაზე ღრუბელი
როგორც ჩრდილი ხის
და გადაუღებელი
თქეში - როცა წვიმს

ნაკვერჩხლებზე ჩაკმევა
ამოზილვა ღომის
მონა-ტრებებ-თან ბრძოლა
და წაგება ომის

როგორც დილის ჰაერი
შენი სოფლის ბოლოს
და წვეთი - სხვანაირი
ჯერ არ დამდნარ ლოლოს...

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის

მე არაფერს ველი და
არც არაფერს გპირდები
არაფერი...უბრალოდ
ჰაერივით მჭირდები




Sunday, December 9, 2012

ჩვენ ასე გვგონია

ბოლო დროს მივხვდი რომ ქართველები ცუდები სულაც არ ვართ, უბრალოდ რაღაცეები განსხვავებულად მიგვაჩნია, წარმოგვიდგენია და გვგონია ვიდრე დანარჩენ სამყაროს.

დიახ, აი ასე მარტივად არის საქმე - არანაირი დეგრადირებული ქართული გენი და კულტურა.

ასე მაგალითად:

  • ქართველებს გვგონია რომ ნოკიას ზარი ძალიან უხდება საკვირაო წირვას ან ბეთჰოვნის კლასიკურ კონცერტს - წინააღმდეგ შემთხვევაში მობილურს ხმას აუცილებლად გავუთიშავდით
  • საავარიო სიტუაციების რისკი,  მანქანაზე დაკრული ჯვრებისა და უფალო შეგვიწყალენის პირდაპირპროპორციულად იკლებს.
  • გზებზე დატანილი თეთრი ხაზები თამაშის ნაწილია, რომლის თანახმად უნდა შეეცადო, რაც შეიძლება დიდხანს მოიქციო ზოლი ბორბლების შუაში.
  • მიწისქვეშა გადასასვლელები ოდესღაც ააგეს, მარიოს თამაშის მსგავსად, ზემოდან გადასვლისას კი მძღოლს შანსი აქვს დაგეჯახოს და აიღოს ბონუსქულა (აღებული ბონუსქულები საქარე მინის ზედა მარჯევნა კუთხეში იწერება).
  • მძღოლებს გონიათ რომ ტროტუარები, ეს უბრალოდ ვიწრო გზებია, რომლებიც შვიდმა ჯუჯამ ააგო ოდესღაც პატარა მანქანებისთვის (მაშინ ჯიპები არ იყო, ასე რომ ახლა შეიძლება)
  • რომ შუქნიშანზე ანთებული ფერებიდან, შენთვის სასურველი უნდა აირჩიო გზის გადასაკვეთად
  • რომ კიბორჩხალა მცენარეა! (როგორმე ფეისბუქზე განმიმარტეს - თურმე სისხლი არ ქონია და "შეიძლება")


  • რომ ფეისბუქი ერთადერთი სოციალური ქსელია (რა თქმა უნდა "ოდნოკლასნიკის" შემდეგ)
  • რომ "იმპორტული" ყველაფერი ჯობია _ მათ შორის ფონტი!
  • რომ მისი სტუდენტი შვილი საოცრად ნიჭიერი  და წარმატებულია ცხოვრებაში, მაგრამ "ბავშვს მაინც მარტო ვერ გაუშვებს უცხო ქალაქში" _ დრაკულას არ სძინავს!
  • რომ მილიონ ხინკალს თუ შეჭამ ცხოვრება თავიდან იწყება
  • რომ დიდი ღიპი ერთადერთი საშუალებაა ვერ დაინახო პატარა პენისი
  • რომ სისულელეს დაწერ, ფეისბუქზე დააშეარებ და აუცილებლად დაგილაიკებენ