Monday, November 26, 2012

ნარკომანის ბალადა

მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი ხალათი და მხარი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
მეც ვეღარ გიშველი

სხივებმა ფანჯრები ოქროსფრად შეღება
კედლებზე ირწევიან ფოთლების ლანდები
მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააარ
ისეთ ხმაზე ვიყვირებ ამ სიტყვას
რომ ამოვიგლიჯო ყელიდან გლანდები

შენ თმებს შევისუნთქავ და ვიფრენ ღრუბლებში
თითქოს და შენი თმები, ქათქათა ფხვნილია
უსაფრთხო კაიფი? სხვების არ ვიცი და
ჩემთვის კარგა ხნის წინ გამოგონილია


მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი სამი ხალი და მკერდი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
იმდენს გაკოცებ რომ , მეც ვეღარ გიშველი


Sunday, November 25, 2012

ნავი

ჩემი სისავსე,
ნადები ფენებად...
ოცნება _
ღრუბლიან ცაზე.
შენ ხარ ფოთოლი
გაყოლილი ჰაერს
ფრენებად.
გადაუვლი დიუნებს და
გაყინულ სტეპებს.
შენ ხარ სამყარო _
ჩამომჯდარი მზის არილი
ნიჩბიან ნავზე
მე კი შენში ვარ
უშენობით ... და მაინც სავსე

Wednesday, November 21, 2012

მე შენთან ვიქნები

მე და შენ მოვივლით თოვლიან მთებს
მოხდება ასე მალე
მე დაგილაგებ გადაღლილ ფრთებს
ხვალე

ამოვა მზე და ბრჭყვიალა სხივები
დაეფინება შენს ტანს
დაგეწაფები
როგორც ქაჯეთის ციხიდან
გამოხსნილს
ტარიელი ნესტანს

შენ თმებში, როგორც სილიან ნაპირზე
შემწვარი სიმინდის ტარო
მინდა რომ ცხოვრება
ხის თმისსამაგრივით
შენს თმებში გავატარო

Sunday, November 18, 2012

სერი ალი

დრო შეიცვალა... სერიალები ადრე იყო თუ იყო: рабиния изаура, просто мария, богатые тоже плачут, дикая роза ... აღარაფერს ვამბობ "ეშმაკ ხუანზე", რომელიც პირველი სერიალი იყო ქართული გახმოვანებით.






Saturday, November 17, 2012

უახლოესი მომავლის ქრონიკა

მოვაწყოთ სახლი, ვიცხოვროთ ერთად
შორს ქალაქიდან და ახლოს ღმერთთან.
ვისუნთქოთ ნისლი, სურნელი თმებში...
წამოდი, ერთად ვიცხოვროთ მთებში

დედას

თავიდან გულით დიდი სიყვარული, ბოლომდე
ერთი დღით თეთრი კაბა
ოქროს ბეჭედი - პერიოდულად
ცხრა თვით მე - მუცლით
და ცოტა ნაკლებით  და
უამრავი წვრილმანი სევდა
რამდენიმე დიდი დარდი
ერთი ტკივილი - უზომო
ცალფად დარჩენილმა შავი კაბა
შვილიშვილი ბაღში
და ისევ თავიდან
გულით დიდი სიყვარული, ბოლომდე...

Friday, November 16, 2012

ექსკურსია

დავიძარით მოტორით და მუხრუჭით და ძარით
ხუმრობით და ღიმილით და სტვენით დავიძარით

დავიძარით და ჩვენს შორის გაიზრდება მანძილი
შენს თავს უფრო მომანატრებს, დაშორება გაზრდილი

დავიძარით ხმაურით და სიგნალით და ზარით
ღიმილით და ას ორმოცდა ხუთი ცხენის ძალით

Saturday, November 10, 2012

DREAMING KILLS!


კეთილი იყოს ჩემი ფეხი ლაშარელას ბლოგზე :)

ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი "უკან დაბრუნების" თემის მიმართ და იგივე პათოსით აგრძელებს:


 არ ვიცი, შენ "უკან დაბრუნება" როგორ წარმოგედგინა, ალბათ ერთ დღეს უნდა გამორთულიყო შუქი, გაზი, აეყარათ ასფალტი, დაენგრიათ შენობები, გამოეშვათ ციხიდან ყველა, ქუჩაში ავტომატიანებს ერბინათ, სახლში პარკეტი აგვეყარა და დაგვეწვა გასათბობად, რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად და ოფიციალურად გავმხდარიყავით რუსეთის გუბერნია და ა.შ.

მაგრამ:

  • ციხიდან "პოლიტპატიმრების", მმკ-ს ბოსის, ღარიბაშვილის და სუბარის ნათესავების გამოშვება (მაშინ, როცა ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრის მოადგილის ძმა ციხეში იჯდა და ზის და არავის პოლიტპატიმრად არ ჩაუთვლია)
  • გაჩეჩილაძის ვაჟის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვება, როცა ადამიანი დაჭრა (შეგიძლია გადახედო სისხლის სამართლის კოდექსს, რა მუხლს ითვალისწინებს ეს ქმედება), მაშინ როცა გენ.შტაბის უფროსს და მეოთხე ბრიგადის უფროსს (ახალაიას შეგნებულად არ ვახსენებ) 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება), ვაშლის გათლის დროს თანამშრომლის გინებისთვის, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე, ასამართლებ,
  •  ზემოთ ნახსენები მიზეზის ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება (გაუკვეველი ვადით),
  • მოროშკინას (მის გარეგნულ იმიჯზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ ჩანგლის და არტილერიის ნაწილზე ვსვამ აქცენტს) სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად ნიშნავენ,
  • სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დეპ.უფროსების, სამმართველოს უფროსების, რიგითი კადრების უარგუმენტი გაყრა, მაშინ როცა ბატონი პრემიერი გასცემდა დაპირებებს, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარდა სამსახურიდან არავის გაუშვებდნენ (შეგახსენებ "პოლიტიკურ თანამდებობად" განიხილება მინისტრი და მისი მოადგილეები და არა პოლიტიკური სიმპატიის მქონეები )
  • "ქართული ოცნების" აქტივისტების (კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვან, თუ დაინტერესდები), შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების, კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო სამსახურიდან გაშვებულების მასიური დაბრუნება სახელმწიფო ორგანიზაციებში,
  • რელიგიური კონფლიქტის დროს იუსტიციის მინისტრის მიერ "დედა ეკლესიის" გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ინსტიტუციად გამოცხადება და ბესელიას მიერ (ამის თანამდებობა არ მახსოვს) "არამართლმადიდებლებმა სახლებში ილოცეთ" პათოსით ორივე მხარის პარლამენტში საქმის გასარჩევად დაპატიჟება (აქვე ზეობიექტური მეცხრე არხის მიერ აშკარა ტყუილის გავრცელება იმ თემაზე, თითქოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოცვები აღარ გაიმართება)
  • ფინანსთა მინისტრის მიერ 200 მილიონიანად გამოცხადებული ბიუჯეტიდან პრემიერ მინისტრის მიერ 80 მილიონის ჯიბეში ჩადება,
  • ქვეყნის პირველი პირისთვის დაფინანსების შემცირება, ჯერ გადადგომის მოწოდება, მერე რეზიდენციიდან გამოსახლების, პარლამენტში არაკოლეგიალური დამოკიდებულება (უმცირესობის კანდიდატურის ჩაგდება, მაგალითად), საქართველოს მიღწევების უგულვებელყოფა, თითქოს ეს მხოლოდ მიშას მიღწევა იყოს, ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე არ დაშვება "როცა საჭიროდ ჩავთვლით დაგიძახებთ" მოტივით, მაშინ, როცვა 60 000 ცოსიალურად დაუცველი ადამიანის საკითხია გადაწყვეტი და შესათანხმებელი (მერიისთვის დაფინანსების შემცირებაზე არაფერს ვამბობ ზუსტად ვერ გავერკვიე რა და როგორ მოხდა), კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მასიური არცოდნა ("პირველი პირი მე ვარ და სასახლე ჩემია", "სუბორდინაცია დაიცავით" და ა.შ.)
  • კანცელარიისთვის დაფინანსების გაზრდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 50-დან 10 მილიონამდე შემცირების ფონზე,
  • საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდა ბოდიშის მოხდით, რომ ამ ეტაპზე მეტი ვერ შევძელით,
  • იუსტიციის სახლების, საბაჟოების და თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება, "ხიდს დავანგრევთ, პარლამენტში საკონცერტო დარბაზს გავაკეთებთ, რიყეზე "დედა ზოიას" დავაბრუნებთ" პათოსით,
  • მინისტრად კახა კალაძის (ნიჭიერი ბიჭია) და ლევან ყიფიანის (ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კაი მამის შვილია) დანიშვნა - სხვა საკამათო სუბიექტებს შეგნებულად არ ვასახელებ.
  •  სახალხო დამცველად ნინა ხატისკაცის, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ქართული ოცნების ერთ-ერთი შტაბის უფროსის ცოლია, ერთპიროვნულად, "სამოქალაქო საზოგადოების" ჩართულობის გარეშე, დასახელება,
  • კრიმინალის, ნეპოტიზმის და კორუფციის დონის მკვეთრი მატება - ამის კონკრეტული ფაქტებიც მაქვს, მაგრამ დაიდება იმ კვლევების შედეგები, რომელსაც "მოტყუებული ევროპა" ატარებს ხოლმე და გამოჩნდება უფრო ზუსტად.
  • რუსეთთან ბაზრის გახსნაზე, ჟენევის ფორმატის ალტერნატიული მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე, რკინიგზის გაყვანაზე აფხაზეთთან და სხვა საკამათო თემებზე არ დავწვრილმანდები, დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება.
  • არც ბიუჯეტის პროექტს ჩავუღრმავდები, სადაც არ არის გათვალისწინებული არცერთი დაპირების შესასრულებელი თანხა - როგორც მინისტრმა თქვა, საიდანღაც კიდევ გამოიწურავენ ამ ფულს, ვნახოთ. 


 თუ:

  • 3 კვირაში ეს ყველაფერი უკან გადადგმულ ნაბიჯებად არ გეჩვენება, 
  • რამე არგუმენტაციას ხედავ, ან ლოგიკას, ამ ქმედებებში, 
  • არგუმენტად იმის მოყვანას აპირებ, რომ მიშაც ეგრე შვებოდა (ეგრე რომ შვებოდა და უკეთესი რომ გვინდა, იმიტომ შევცვალეთ, ხო?) 
  • ან იმის, რომ მე სუბიექტური ვარ და ამიტომ მეჩვენება რაღაცეები, და სინამდვილეში სულ სხვანაირად არის, ანუ ისე, როგორც შენ გგონია სწორი, 
  • გგონია, რომ ნატოს კომიტეტის გადადება არაფერს ნიშნავს და იმ ადამიანების დაკავება, ალასანიას პირადი ამბიციის გარდა, ამ მიზანს არ ემსახურებოდა, 
  • აპირებ მითხრა, რომ ამდენს არ წაიკითხავ, იმიტომ რომ მაინც ყლეობა იქნება, 


 მაშინ:
ჩვენს კამათს აზრი არ აქვს ამ თემაზე არც ეხლა და არც უახლოეს მომავალში, და ჯობია, ერთმანეთის დროს მოვუფრთხილდეთ :)

Friday, November 9, 2012

***

ცხოვრება სიურპრიზებს ერთადერთი მიზეზით გვიწყობს _ უნდა რომ გვასიამოვნოს.

უბრალოდ წარმოდგენა არააქვს, რა გვწყინს და რა გვიხარია

***

თვკთმკვლელი თუ ცოდვილია, "რუსული რულეტკა" ვისაც უთამაშია, ისიც ცოდვილია, ალბათობით ერთი მერვედი

Sunday, November 4, 2012

დილის ჰაიკუ

როგორც ეს მთის ტბა ვერ გაივსება
მდინარით და მოსული წვიმით.
მჭირდები რომ არ დავცარიელდე

***
შენი ტუჩები.
დილის ბაღში დანამული
ჟოლოს ნაყოფი

***
მე ყოველ ღამით ვაკვირდები
შენს თეთრ კანზე როგორ კრავენ
შავი ხალები
თანავარსკვლავედს

***
შენი თითები
ჩემს თითებს შუა
ავსებენ სივრცეს

***
ჩვენ ყოველ დილით
ვაღვიძებდით
ერთმანეთის მძინარ უჯრედებს

დილის საუზმე

კისრის სუნი და თხელი კრეპები
შენი მუცელი, მურაბა ჟოლოს
ტუჩებს ტუჩებით მივეწებები
ოღონდაც ტუჩებს, გავსინჯავ ბოლოს

Friday, November 2, 2012

სსსსს...

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის

ბინა
სახლი სხვისი
დილა
სუსხი სისხამს
გადახრილი ის ხე
კარალიოკს ისხამს

მინა
თხელი ჭიქა
შენ - სუსხიან სისხამს
ელვამ დაიჭექა
თითქოს ჭედავს ხის სკამს

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის


მაცივარზე მიწერილი

შენ მკოცნი და შენ მაღვიძებ
მეფერები უთენია
"მიყვარხარო" მაცივარზე
ღრუბელს არ დაუწერია?

შენ გესმის და შენ განიცდი
ჩემ მოყოლილ ისტორიებს
ზღვაა, ასე რომ ვუყვარვარ
და შვილს ჩემგან იყოლიებს?

შენ მჩუქნი და შენ მეხები
ხმები ღია კარებიდან
სურნელება მოტანილი
დასავლეთის ქარებიდან

შენ მკოცნი და შენ მაღვიძებ
მეფერები უთენია
"მიყვარხარო" მაცივარზე
ღრუბელს არ დაუწერია?