Thursday, August 30, 2012

მოკლე ლექსი

ვკითხულობ შენს წიგნს და
ვუსმენ შენს მუსიკას
თავი კი მსუბუქად მიდევს შენს ლავიწზე...
მეტი თუ მომინდეს, ავიხდენ ხუთ სიტყვას:
მეხი დამეცეს და ადგილზე დავიწვე

Sunday, August 26, 2012

01.10

მე ერთი კვირით მივდივარ ზღვაზე
მე ერთი კვირით, შენგან შორს წავალ
იქნებ ამ დროში გამცვალო სხვაზე
თორემ ანბანის კოშკზე არ ავალ

მე ერთი კვირით არ ჩავრთავ ეკრანს
შენს ახალ პოსტს ვერ დავალაიკებ
მე გამოვიცვლი, გამომხმარ მერქანს
გავირუჯები _ შენ ვერ გაიგებ

მე ერთი კვირით შენგან შორს წავალ
მოვივლი ბათუმს, ვნახავ პიაცას
ძალიან ადრე, ნაპირზე ჩავალ
მივეფიცხები ზღვასთან ღია ცას

მე და ჩემ გარდა ალი და ნინო
არ მოგეჩვენოს ახლა, რომ გთხოვ ბევრს
ოღონდ უჩემოდ არ მოიწყინო
მე დავბრუნდები, პირველ ოქტომბერს!

FACEBOOK-ი ქართულად - ანუ ამბავი ერთი გაზიარებისა

ნიჭი ძამიკო, ნიჭიო - იძახდა გალაკტიონი. მაგრამ რა არის ნიჭი და რომელ ერთეულში იზომება ის, ჯერ არავის განუსაზღვრავს. ჯერ არც ნიჭო-მეტრი მოუფიქრებიათ სამწუხაროდ.

მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ფაქტი არის რომ "ნიჭი", გარკვეულწილად იზომება და "უნიჭობასაც" საკმაოდ მძაგე სუნი ასდის - სხვა საქმეა, რომ ამ სურნელს ზოგი უფრო მკვეთრად გრძნობს და ზოგიც ნაკლებად.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა - ცუდს და უვარგის კი გაცილებით სწრაფად ითვისებს და ითავისებს.

დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, იმ ტელეკომპანიის გვერდზე, (ყველა სხვა ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდისგან განსხვავებით დალაიკებული მაქვს - სხვათა შორის), რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებ (ერთადერთი მიზეზის გამო - საინფორმაციოში მინიმუმ სიახლეს არ "მიმალავენ") ვიდეო ვნახე, რომელსაც დარწმუნებული ვარ აიტაცებს ქართული სოციალური (და ალბათ არამხოლოდ) სივრცე.




ვუყურე ვიდეოს ბოლომდე და ძალიან მომინდა დამეჯერებია რომ ეს ვიდეო მაესტროს გვერდზე არ მინახავს.

ასეთ დროს ვიბნევი ხოლმე - არ ვიცი რომელ კონტექსტში, რომელი რაკურსიდან დავიწყო კრიტიკა. საერთოდ რა დავარქვა და როგორ შევაფასო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტს უნიჭობაზე გავაკეთებ.

მე კარგად მესმის რომ ეს "რიმეიქია". ისიც კაგად მესმის, რომ გათვლილია ვირუსულ კამპანიაზე, რომელსაც (ორიგინალის მსგავსად) აიტაცებს ხალხი.



ხო და მოდით მსჯელობა სწორედ აქედან დავიწყოთ. აიტაცებს და რა? რაც არ უნდა იყოს, როგორი კუთხითაც არ უნდა იყოს დანახული ეს ხომ უნიჭობის ტირაჟირება და პროპაგანდაა?

განა არ გვეყოფა ნასარიძის ვიდეოშედევრები, რეალტივის უმაღლესი დონის ჟურნალისტური პილოტაჟი, დონაძის თავში ჩასახული და პრეზიდენტის მეანობით ჩვენსთვალწინ დაბადებული ალისტრახოები და ძმანნი მისნი? საკმარის არ არის რადიო არდაიდარდოები, ნინო ჩხეიძეები, კაკლის მურაბები, მაია ასათიანები, ნანუკა ჟორჟოლიანები და ნოდარ მელაძეები? რითი არის ეს კლიპი ნაკლები (თუ მეტი?) თუნდაც გაპრიალებულ და გასოფონიჟარაძებულ ნაციონალურ კლიპთა ანთოლოგიაზე?



ეს არის PR კამპანია, რომლითაც მომავლის საქართველოს შენებას ვიწყებთ?

ცალკე წუხილის საკითხია ტელეკომპანია, რომელიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ევროკავშირისა თუ ეუთოს (მოკლედ ერთერთი იმათთაგანის, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე) დასკვნის თანახმა, არის ყველაზე დაბალანსებული ტელეკომპანია ქართულ რეალობაში.

არა, დაუბალანსებელი შესაძლოა ფესბუქ პროფილზე მოცემული ვიდეოლინკის გაზიარებით, არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს ხომ რომელიმე ტელეწამყვანისა თუ ჟურნალისტის პირადი პროფილი არ არის? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ BBC-ს ან CNN-ის ფეისბუქ გვერდზე...

კარგი, კარგი - გავჩუმდები :)

***
Youtube-ს ლინკიდან ჩანს, რომ ვიდეო შალვა რამიშვილის პროფილით არის ატვირთული. ალბათ იდეის ავტორადაც ის უნდა გვევლინებოდეს და თუ ეს ასეა, აუცილებლად ვეტყვი მას, რომ შეეშვას "ბანანის რესპუბლიკისა" და მსგავსი შედევრალური კლიპების კეთებას, რადგან ეს უნიჭობაა - რაც ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს:

პირველი - შალვა რამიშვილს, აღარ გამოსდის აკეთოს ის, რაც (დღეს უკვე მის ოპონენტებად ქცეულ) ბიჭებთან ერთად, არაჩვეულებრივად და გენიალურად გამოსდიოდა გინდ რადიო 105-ში და გინდაც დარდუბალას სერიალში
ან მეორე - შალვა, (ისევე როგროც მისივე გაკრიტიკებული ასათიანი) აკეთებს იმას, რაც პოპულარულია, რაც საღდება, რასაც ხალხი იღებს - ეს უკანასკნელი არგუმენტი კი სხვა არაფერია თუ არა უნიჭობის უსუსური გამართლება.

ასე, რომ იქნებ აკეთოს შალვამ აკრედიტაციის გარეშე და წაიყვანოს სუბიექტური აზრი - გადაცემები, რომლებში გასულმა სიუჟეტებმა და გაჟღერებულმა ფაქტებმა, უკვე გამოიღეს კონკრეტული, პოზიტიური შედეგი. გადაცემები, რომლებსაც ყოველთვის ვუყურებ.


აგვისტოს ომის ქრონიკა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, აგვისტოს ომის ქრონოლოგიურად ამსახველი,  ვიდეო მასალა.


Monday, August 20, 2012

მიმართეთ პრესას

ერთი ზღაპარი იყო ჩემს ბავშვობაში...თუმცა რაღა ჩემს ბავშვობაში - წყალში ჩავარდნილი მეგობრის საშველად რწყილი ახტებოდა დახტებოდა და ხან ვის მიადგებოდა, ხან ვის. ბიუროკრატიულ მანქანასთან თუ ვინმეს შეხება გქონიათ, თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება გადამისამართებების ულევი სერია.

ეს ისე, სიტყვამ მოიტანა თორე, დღეს სულ სხვა ტიპის "გადამისამართებაზე" მინდა გესაუბროთ. არ ვიცი დააკვირდით თუ არა, ბოლო დროს როგორ ამისამართებენ პოლიციელები ჟურნალისტებს და უშვებენ...

დიახ, პრაქტიკულად იქ უშვებენ სადაც ახლა თქვენ გაიფიქრეთ, მაგრამ ამას უფრო ლამაზი სახელი - "პრეს სამასხური" მოუფიქრეს. ამასთან, ცოტა არ იყოს და უხერხულია რუსულსიმღერებაკრძალულქვეყანაში დამპყრობლურ ენაზე გაეგზავნათ ჟურნალისტები სადაც ჯერ არს.

ხო და ხშირ შემთხვევაში დაბალი IQ-სა და უფრო დაბალი კომპეტენციის (ოღონდ ეგ სიტყვა მათთან არ წამოგცდეთ - დაიბნევიან) მქონე პოლიციელებიც, რეზინის ხელკეტებისა და გაზიზინებული მანქანების გარდა, დამატებითი დამცავი ფარითაც აღჭურვეს. ფარით რომელიც რუსულიდან ასე ითარგმნება - "მიმართეთ პრესას".

აეწყო ცხოვრება:

- ვინმეს იჭერ ყოველგვარი ოქმისა და ორდერის გარეშე? - მიმართეთ პრესას
- ეკლესიისკენ მოსალოცად მიმავალ ხალხს არ უშვებ, სადაც პრეზიდენტი იმყოფება - მიმართეთ პრესას
- რაიმე დააყადაღეს, დალუქეს, ჩარაზეს - რა პრობლემაა - მიმართეთ პრესას

მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვგონებ, რომ ამ ნოუჰაუს დანერგვა მერაბიშვილს უნდა მოესწრო ჩამოპრემიერმინისტრებამდე.

ჭკვიანი კაცია ვანო. ჭკვიანი, მაგრამ გლობალური ხედვა აკლია მაინც. სხვაგვარად როგორ ავხსნა ფაქტი, რომ ეს გენიალური მიგნება მხოლოდ შსს-ს ფარგლებში გამოიყენა და ქვეყნის მასშტაბით განვრცობა არ შესთავაზა პრეზიდენტს?

რატომ არის დასუფთავება მიბმული დენს? - პრესას მიმართეთ
რატომ არ არის მედია თავისუფალი? - მიმართეთ პრესას
რატომ არის ქვეყანაში ამდენი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი - მიმართეთ პრესას...

გენიალურია, ასე ხომ ნებისმიერ შეკითხვას გაეცემოდა პასუხი. ნებისმიერ გაგზავნიდი იქ, სადაც საჭიროა.


დამიჯერე ჩემო პრეზიდენტო. ერთი კაცის არ იყოს, არც მე მომიცია შენთვის არასოდეს ცუდი რჩევა და არც ახლა გაძლევ - დანერგე ეს მეთოდი საკანონმდებლო დონეზე. დანერგე და რეფორმისა და მეთოდის წარმატებაში დასარწმუნებლად პირველ სატესტო შეკითხვაზე "გვეშველება რამე?", სიამაყით და თუნდაც ქვეყნის მასშტაბით გვიპასუხე - "მიმართეთ პრესას".



***
ისე, ჩემი ბავშვობიდან კიდევ ერთი ზღაპარი მახსოვს, რომელიც თავის დროზე ზეპირად მცოდნია:


დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

Sunday, August 19, 2012

მილოშ ფორმანი

შენი თეთრი ფეხი
შენი წითელი ხალი
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
და მექანიკური ფორთოხალი

შენი საკმარისად თხელი მუცელი
და წაბლისფერი თმა
მელნით შევსებული ფურცელი
და შენი მკრთალი ხმა

შენი თეთრი, მონატრებული ფეხი
მუცელზე წითელი ხალი
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
და მექანიკური ფორთოხალი

Saturday, August 18, 2012

***

ფული საშუალებაა - გადაცვალო შესაძლებლობები სურვილებში.

Friday, August 3, 2012

ჯერკიდევ

Великую цивилизацию нельзя завоевать извне, покуда она не разрушится изнутри
Вильям Дурант

ჩვენი ცივილიზაცია აუცილებლად განადგურდება. რა მაძლევს ამის საფუძველს _ პრეცენდენტები.
წარმოიდგინეთ რამდენი ათასი წელი ცდილობს კაცობრიობა განვითარებას, მაგრამ ერთადერთი რაც გვრჩება დაღუპული ცივილიზაციების კვალია.

ცოდნა რომელსაც წინა ცივილიზაციები ფლობდნენ "ნადგურდება", ტვინისთვის როგორც "ჰარდვეარისთვის" რამდენიმე მილიონწლიანი ევოლუცია განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, შესაბამისად, ამჯერადაც ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ საფუძველს, რის გამოც ჩვენი ცივილიზაცია გადარჩება.

ერთის მხრივ არის უამრავი მიღწევა - კომპიუტერები, მიკროჩიპები, ნანორობოტები, ჰაბლის ტელესკოპი, კოლაიდერი და მრავალი სხვა, მაგრამ საკმარისია მთელი ამ ქაოსიდან მცირედი "ზუმაუთი" გააკეთო, ნათლად დაინახავთ რომ არც ისეთი განვითარებულები და "მაგრები" ვართ. ჩემი სუბიექტური აზრით კი აბსოლუტურად არასწორად ვითარდებით.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე უამრავი არგუმენტი მაქვს, რის გამოც კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელი ან/და არასწორად განვითარებული ცივილიზაციაა.

წარმოიდგინეთ, ადამიანთა გადაადგილების მთავარი საშუალება წარმოადგენს მოწყობილობა, რომელიც შიდა წვის ძრავაზეა და რომელშიც "გატაოტებული დეტალები" ხახუნის ძალით ცვდება.

მიუხედავად კლონირებისა, ტრანსპლანტაციისა და მეგაგარღვევებისა მედიცინაში, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი განუკურნავი დაავადება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.

ჯერ კიდევ ადამიანთა მთავარი საომარი საშუალებები დაფუძნებულია დენთზე და აფეთქებაზე.

ჯერ კიდევ პლანეტის მთავარი ენერგომატარებელი არის შავი სითხე, რომელსაც დედამიწის ქერქიდან ვწოვთ, ვამუშავებთ და წვის შედეგად იმ ატმოსფეროს ვაზიანებთ, რომელიც სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისთვის, მაშინ როდესაც უამრავი ალტერნატივა არსებობს.

ჯერ კიდევ არ არსებობს ცივი სინთეზი.

ჯერ კიდევ არ არსებობს ტელეპორტი.

ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე ატომური ომისა.

ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ცნებები როგორებიცაა "სპამი", "ტრეეფიკინგი" და "ტოტალიზატორი"




ჯერ კიდევ არ შეგვიძლია მზის სისტემის (თუნდაც) შიგნით მოგზაურობა (ეგ კი არა, მარიანის ღრმულში ჩასვლაც კი არ შეგვიძლია, რომლის სირღმე მხოლოდ 11022 მეტრია თუ სწორად მახსოვს)

ჯერ კიდევ არსებობს ნაღდი ფული.

ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია კვების პრობლემა, რის გამოც უამრავი ადამიანი პლანეტაზე იღუპება.

ჯერ კიდევ არსებობს დიქტატურული ქვეყნები და საერთოდ - ქვეყნები, დროშები და ჰიმნებიც ცოტათი სასაცილო მგონია :მასონი:

მოკლედ, უამრავი "ჯერ კიდევ" არსებობს და ვფიქრობ, რომ მგონი მართლაც მარტო ვართ (ყოველ შემთხვევაში) მოცემულ გალაქტიკაში თუ განზომილებაში, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია დახმარების ხელს არ გამოგვიწვდიდა და არავინ მითხრას, რომ ეს ექსპერიმენტია და რომ გვაკვირდებიან. და თუ მაინც ასეა, მაშინ ნება მიბოძეთ ხმამაღლა ვიყვირო: "ეიიიიიიი, თქვეეეეენ, მანდ, ზემოთ _ შეწყვიტეთ დაკვირვება, ისედაც ნათელია რომ ფარჩაკები ვართ"!