Sunday, April 8, 2012

ხმაური ქალაქის მიღმა

ჭორად გავიგე, რომ ჯერ არ ამომშრალ ჭაობში
იუსტიციის სახლი შენდება


ახლად ნაწვიმარ ასფალტზე, მეგაპოლისის ფერადი შუქები ირეკლებოდა. ის უხმოდ იჯდა, მილზე რომელითაც ქალაქის კანალიზაცია მდინარეს ერთვოდა და ტანით რკინაბეტონისთვის მანქანების გადაცემულ ვიბრაციას შეიგრძნობდა.

რაღაც ამდაგვარი იგრძნო პირველადაც, როდესაც მყუდროება უზარმაზარმა ბულდოზერებმა დაარღვიეს. იმ დღეს ორი შვილი ერთად დაკარგა. დიდი სევდა მაშინაც არ უგრძვნია. ახლაც უბრალოდ მოსაგონარ ამბად ქონდა გონებას შემონახული.

უცნაურია ქალაქის ხმა. ათასი საბურავი, სიგნალი, ფეხის კაკუნი ასფალტზე, ფეხის კაკუნი ქვაფენილზე, ფეხის კაკუნი საკანალიზაციო ხუფზე...კაკუნი კარგზე, ჯიბეში გაგუდული მობილურის ვიბროზარი, ბანკომატის ამობეჭდილი ფურცელის ჯიბეში ჩადების შრიალი და სეილზე ნაყიდი შარვლის შრაშუნი, მკაცრი დიეტით რამდენიმე კილოთი დაკლებულ მოხდენილ ტანზე. თითქოს ათასი ხმაა მაგრამ გაცილებით სიწყნარეა ვიდრე უწინ _ გაიფიქრა ხმებისგან წამით გამორკვეულმა და ტლანქად ამოისუნთქა.

ადრინდელ სიჩუმეში ნებისმიერი ფაჩუნი უნდა მოესმინა, ნებისმიერი ვიბრაცია უნდა შეეგრძნო. არაფერი არ უნდა გამოპარვოდა _ სწორედ ასე გადაწყდებოდა, შეძლებდა თუ არა გადარჩენას. ახლა კი ყველაფერი უმნიშვნელო გამხდარიყო _ აგუგუნებული ქალაქში ჩაკარგულს ვერავინ ამჩნევდა.

და სუნი. ვერაფრით გაეგო რა უფრო ერჩივნა, ლორწომოდებული ბეტონის არომატი თუ მზისგან გამომხმარი დუების ჩალისსუნნარევი მოსაწყენი ერთფეროვნება.

ქალაქი დიდი იყო. დიდი და ლამაზი. თითქოს დღისით მცხურვარე მზით გახურებულ ასფალტს, ხალხისგან გადასდებოდა, ექიმის დანიშნული წამალივით ყოველ საღამოს შხაპუნა წვიმის გასაგრილებლად მიღება.

ის დიდხანს უყურებდა სივრცეს. კარგახნის წინ შეემჩნია, რომ თუ კი დიდხანს უყურებ ცათამბრჯენებს, თვალი გიშტერდება. შემდეგ ცათამბრჯენის განათებული ფანჯრები იცრიცება, ბუნდოვდება და ცხელი ასფალტიდან ავარდნილი ორთქლის ფონზე, ჯადოსნურად იწყებს ციმციმს. ასეთ დროს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა არაფერზე.

წამით დაახამა თვალი, მზერა წყალში არეკლილ სარეკლამო მონიტორზე გადაიტანა. შეცბა. შეეშინდა, სადღაც ნაგროვები დაგუბებულ ფიქრებს, ბზარი არ ეპოვათ და ჯებირები არ გამოეხეთქათ. მზერა ისევ ცათამბრჯენების ამღვრეულ ციმციმში გაიფანტა _ ბაყაყებს ხშირად უშტერდებათ თვალი.

"ლაზიკა" - ახლად ნაწვიმარ ასფალტზე, ქალაქის შესასვლელში წამომართული უზარმაზარი ბილბორდის ფერადი შუქი ირეკლებოდა.

1 comment:

  1. mogvenatre da shemogvakldi.. :) tu rogorcaa.. :))

    ReplyDelete