Tuesday, June 29, 2010

მომენატრე

შორს მიმავალი მატარებლის დგარუნის ხმაში
შენი ცელქი სიცილი მესმის

Monday, June 28, 2010

დღე

მოგეფერები საღამოს
შუადღეს პლაჟზე ვივლით
ღამით მოვიფიქრებთ რამეს
და გაგიღიმებ დილით

Tuesday, June 22, 2010

კუბო

მკითხველი უცებ რომ არ დავაფრთხოთ ასე დავიწყებ:

ჩემმა დამ, რომელიც ალდაგი–ბისიაიში მუშაობს, კომპანიის შიდა გვერდზე გამოკითხვის შედეგად არჩეულ, ინგლისის ნაკრების თამაშის სანახავად დამპატიჟა ივენთჰოლში... უკაცრავად – "თბილისი ივენთ ჰოლში".

ბოლო პერიოდის ბლოგსფეროს ეიფორიას რაღაი შევუერთდი, შესავალში გაკვრით ნახსენები თემატიკით, (სიტყვა "ფეხბურთი" არც მიხსენებია) შევეცდები მსუბუქად და უმტკივნეულოთ ნელნელა თემის პროლოგის მზადება დავიწყო.


უღიმღამო, ერთით–ერთი იყო. ფეხფურთელების კვალდაკვალ მეც თითო–თითო კათხა ლუდი ასევე მდორედ და უხალისოდ ჩავცალე.

მატჩი დამთავრდა. ხალხი ფილარმონიის წინა მოედანზე გაიშალა. სანამ ყველა–ყველას გამოემშვიდობებოდა და გაარკვევდა ვინ საით მიდიოდა, რას აპირებდა, ხვალ როგორი ამინდი იყო მოსალოდნელი და მართლა შესუსტდა თუ არა ბოლო დროს დედამიწის მაგნიტური ველი, რამოდენიმე მაწანწალა ბავშვი გმირულად მოვიგერიე რომელიც მემუდარებოდა რომ დაცლილი საყვირის "ბალონი" მისთვის მიმეცა. (რატო არ ვაჩუქე ნეტა? ალბათ იმედები რომ არ გამეცრუებინა მათთვის? – ადამიანი თავის მართლებისკენ არის მიდრეკილი)

მოკლედ, გავერკვიეთ ვინ საით და ის ის იყო სახლში ვაპირებდი წასვლას ჩემი სიძისგან არაჩვეულებრივი შემოთავაზება მივიღე:
"მოდი ჩემთან, წავიდეთ. კაი კიტრი–პომიდვრის სალათი, კვერცხში შემწვარი "კალბასი", კაიიი ჩაციებული არაყი....და ლუდი..". როგორ არ დავთანხმებულიყავი?

კაი ჩაციებული არაყი, 70 (ან მეტი) გრადუსიანი ჭაჭა აღმოჩნდა. არა, ცივი მართლა იყო... ლუდმაც და კვერცხში შემწვარმა ძეხვმაც არ გაგვიცრუა იმედები.


მაწანწალა ბავშვები მომსდევენ...ხელში საყვირები უჭირავთ...აუტანელი ყიჟინით მომსდევენ....მივრბივარ.... რატომ ვერ მივრბივარ? მეწევიან..... მეწევიან...

ჰუუუ....დამესიზმრა.... თვალების გახელიდან ზუსტად 10 წუთი ვიხსენებდი სად ვიყავი და რატომ. თავში ის საყვირიანი ბავშვები ჩამრჩენოდა (ვგიჟები თხრობით ფორმებზე). თავი მისკდება. პირი გამშრალი. სახე მორღვეული. ჰა გავიპრანჭო და ისე ვთქვა ეხლა "ნაბახუსევი" თუ მამაპაპური "პახმელია" ვახსენო? ცუდად ვარ...ამ ყვლაფერს, დილიდან აუტანელი სიცხეც ემატება. ნაბეღლავი – ამოვიღნავლე მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანდა.

უცებ ლევანის ხმა შემომესმა: ადექი, ჩაიცვი, ირაკლი გამოგვივლის. ავდექი და შეძლებისდაგვარად ჩავიცვი.
ლოკაციის პირველ ადგილზე სამწუხაროდ "ვაკის" სოსისი არ აღმოაჩნდათ. ირაკლიმ ლევანს გადახედა:

– წავიდეთ?
– წავიდეთ!

წავედით....

კიკვიძის ბაღი ვიცანი. ერთერთ ვიწრო ქუჩაზე შევაჩერეთ. ჭადრებს ამოფარებულ, უღიმღამო კედელის ერთ მონაკვეთს, არც თუ ისე ახლო წარსულში შეღებილი მწვანე ფერი გამოარჩევდა.

კედლის ზედა მხარეს, გაურკვევლად ჩაშავებული შუშების მწკვირვს, თავის ჩამოხრჩობის წარუმატებელი მცდელობისგან ფანჯრიდან გადმოკონწიალებული და გალურჯებული, დაობებული "ვენტილატორი" არღვევდა.

რკინის პატარა კარიდან, კედელზე მიდგმულ ფეხზე დასადგომ მაგიდაზე იდაყვით ჩამოყრდნობილი ქალბატონი შევნიშნე, რომელიც სვავივით აკვირდებოდა კედლის მიღმა სივრცეს.

მხნეობა მოვიკრიბე და ლევანის და ირაკლის კვალდაკვალ მისტიურ სამყაროში შევაბიჯე.

პატარა ოთახი, ზომით 2 მეტრი 4 მეტრზე. კედლის ერთ მხარეს ხუთამდე მაღალი მაგიდა. მეორე მხარეს კი მთელს სიგრძეზე ჩაყოლებული არც თუ ისე დიდი სიგანის "სტოიკა" ამშვენებდა. მაგიდებზე გადაჭრილი "ლოვენბრაუს" ალუმინის ქილები ეწყო თუმცა მაგიდების ირგვლივ მდგარი არცერთი ზომბი სიგარეტს არ ეწეოდა. (ალბათ ჟანგბადის უკმარისობის გამო. ან იქნებ ზომბები სიგარეტს არ ეწევიან?). მაგიდებისკენ მიბრუნებულები ერთმანეთს შუშის თვალებით უყურებდნენ და რაღაცას დაუღალავად ღეჭავდნენ.

– ოცდაათი სოსისი და სამი ლუდი. მიცა შეკვეთა ირაკლიმ.
– ეხლა ოც სოსის მოგართმევთ და ცოტახანში დანარჩენს მოგიტანთ – ისეთი ხმით გვიპასუხა ღიპიანმა "მესოსისემ", რომ დარწმუნებული ვარ ჯეკი კრიუგერის გამხმოვანებელს მთელი გულით შეშურდებოდა.

შეკვეთა მიცემული არ გვქონდა, ერთერთი მაგიდა კმაყოფილი თვალებით გაბრუებულმა ზომბებმა დატოვეს. შემოსასვლელში ფეხზე დასადგომ მაგიდასზე იდაყვით დაყრდნობილმა ქალბატონმა, რომელიც კედლის მიღმა სივრცეს სვავივით უყურებდა, არც აცია, არც აცხელა, არც ნელთბილი მოუსინჯავს – მაგიდას მივარდა და ცხიმისგან ფორმა მიღებული ჩვარით მაგიდა "გადაწმინდა".

– ეს რა "ზავეძენიაა"? (ვიკითხე მორიდებულად)
– მაგარი... მიპასუხა ირაკლიმ და ახლად მოკბეჩილი სოსისის ღეჭვა განაგრძო
– ძაან მაგარი ადგილია. ძალიან ძველი. – შეავსო სათქმელი ლევანიმ.

ლუდის კათხა ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე და გამგელებული ვეცი სოსისს.

– მოგწონს? თვალის ჩაკვრით მკითხა ირაკლიმ
– მომწონს... სოსისი მართლაც ძალიან გემრიელი იყო.
– შენ რო იყიდო ვაკის სოსისი, ასეთ გემოზე კი ვერ მოხარშავ. შემახარბა ირაკლიმ.
– ასეთ გემოზე ვერ მოვხარშავ ნამდვილად. დავეთანხმე ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებში დაეჭვებულმა.
– და რათქვი სად ვართო?
– კუბოში...
– სად?
– კუბოში, კუბოში...დამიდასტურა ნაბახუსევს ეჭვქვეშ დაყენებული იდეალური სმენის ხარისხი ლევანმა.

მორიგი სოსისი ავიღე, იქვე თეფშზე ბორშივით დასხმულ მდოგვშვი მოკრძალებულად ჩავუწაწუნე, ჭვავის პური წავაშველე და ჭამა გავაგრძელე.

ორი კათხა ლუდისა და ათი უგემრიელესი სოსის შემდეგ, კმაყოფილი სახით დავტოვე მაგიდა. გამოსასვლელთან დასადგომ მაგიდაზე იდაყვით ჩამოყრდნობილ ქალბატონს რომელიც სვავივით უყურებდა კედლის მიღმა სივრცეს მადლობის ნიშნად გავხედე და გარეთ გამოვედი.

მზე თბილად ეფინებოდა, გამტვერილ ხეებს. მეც, თითქოს ხელახლა დავიბადეო თბილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გემრიელად გავიზმორე.

მაგარია კუბო!

Sunday, June 20, 2010

ზოგჯერ მაგრამ

ხომ იცი ზოგჯერ გიჟი ვარ
ზოგჯერ ია ვარ მორცხვი
ზოგჯერ კი ჩიჟი-ბიჟი ვარ
ან დაგლეჯილი ცოცხი...

ზოგჯერ ღიმილსაც ვახერხებ
სევდა ისეც მაქვს ბლომად
ზოგჯერ პატარა თაგვი ვარ
და ზოგჯერ თავს ვგრძნობ ლომად

ზოგჯერ არ ვიცი რა მინდა
ზოგჯერ ვიცი და არ მაქვს
ზოგჯერ ღვინოს ვსვამ მარნიდან
ზოგჯერ დღე არყით გამაქვს

ზოგჯერ ვფიქრობ რომ გიპოვე
როგორც ნირვანა ბუდამ
ზოგჯერ რაა და...ზოგჯერ რა...
მაგრამ მიყვარხარ მუდამ...

უძილო ღამე და მარწყვის ტორტი

გატეხილი ძილი
ატეხილი სიცილი
მჟავე კიტრის მწნილი
და გამთბარი სიცივე

გატეხილი ძილი
მოტეხილი ტოტი
სივრცე გაცრეცილი
ძველი კამელოტი

გატეხილი, გატე..
ამოსული ყლორტი
სიტყვა გატეხილი
ცივი მარწყვის ტორტი

გატე...გატეხილი
ცოტა მარტოხელა
ჩუმი ქარტეხილი
ხილი ცივი - ცხელა

გატეხილი ძილი
გატეხილი, გატე...

თემურ ელიავა

აღმოვაჩინე ამ კაცის სახელი და გვარი :)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=Ld28h6PpJM0&hl=en_US&fs=1&]


ეხლა არ დაიწყოთ რბილი "ლ"-ო...ლექსსებს მოუსმინეთ...

Friday, June 18, 2010

***

როგორმე მონატრებას მოვერევი
როგორმე დაგივიწყებ ალბათ
როგორ, მე არასოდეს არ მიყვარდი?
როგორ არ მიყვარდი...არა...

როგორმე მოვერევი ამ ზაფხულს და
ალბათ არ შევიცვლი ბინას
სიზმრებს ოცნებით შენს დანახულს და
კუთხეში გაბზარულ მინას

როგორმე მონატრებას მოვერევი
როგორმე დაგივიწყებ ვიცი...

Thursday, June 17, 2010

კაი ტიპების ტუსოვკა

იქ კაი ტიპების ტუსოვკაა
აქ გოიმები ვბაზრობთ
ჩემი ქალი ეხლა რუსალკაა
მარა იშვიათად ვაძრობ

წუხელ გაიჩითა ღამის კლუბში
დიჯეი მაქსენჯინის პონტი
ნაშობა იყო "ნაი ლუჩში"
მარა დაცვა იყო "ყლორტი"

იქ კაი ტიპების ტუსოვკაა
აქ გოიმები ვბაზრობთ
თავში ტვინი მამენტ როგორ არ მაქ
მარა იშვიათად ვაძრობ

Wednesday, June 16, 2010

ნაწვიმარზე

ახალ ნაწვიმარზე, თვალს გადავავლებ სახნავს
ახალ ნაწვიმარზე ღრუბლებს ცისარტყელა ახლავს

ნედლი მიწის სუნი ისე გივსებს ფილტვებს
თითქოს მიწის სუნი შენთვის ეძებს სიტყვებს

ისე გიყურებენ სველი ბეღურები
გინდა გაამშრალო და ვერ ეგუები

ახალ ნაწვიმარზე რა არ გაგონდება
ყვავილიც თავს დახრის და
დაღონდება...

Sunday, June 13, 2010

მინდა

არ მინდა წყნარი, მშვიდი ამინდი
არ მინდა ახალი უკრილო კომოდი
არ მინდა სიზმარი უძილო ღამიდან
არ მინდა მოსაწყენი ბომონდი
არ მინდა მოფიქრებული რითმა
არ მინდა გამოსვლა შენი კარმიდან
არ მინდა მახსოვდეს რა სად და ვინ თქვა
და მარტოობაც როგორ არ მინდააააააააააა....

არ მინდა შენი შემწყვარი კვერცხი
(კვერცხის შეწვაზე დროს ნუ დავკარგავთ)
არ მინდა შენი ოქრო და ვერცხლი
და ფოტოებზეც ნუღა "დამთაგავ"

არ მინდა ლურჯი
არ მინდა სევდა
არ მინდა ჯამი
არ მინდა ღომი
არ მინდა სამჯერ შევიკრა თასმა
და აღარ მინდა მე თქვენთან ომი
არ მინდა ლექსიც დამთავრდეს ასე:
"ღამით ქუჩაში ცრემლები წვიმდა"
არ მინდა, ოღონდ მართლა არ მინდა
ის რაც ყოველთვის... ყოველთვის... მინდა

Saturday, June 12, 2010

გიორგი არაბული

მომეწონა...

მეც ხომ არ მოვაწყო ბლოგის პოეზიის საღამო? რასიტყვით?

[youtube http://www.youtube.com/watch?v=dIoe_kNupJg&hl=en_US&fs=1&]

ამ ლექსს არ უნდა მოუსმინო...მას უბრალოდ კარი უნდა გაუღო ...

Thursday, June 10, 2010

სპექტაკლის ბოლოს გადაკითხული როლი და გასაუბრება რეჟისორთან...

თავიდან იწყებ ტირილს
პრინციპში მერე უფრო.
შემდეგ ამოგდის კბილი
და ამ სცენაშიც ტირი...

შემდეგ წამი და ბაღი
და ოდნავ მეტ ხანს სკოლა
ცხოვრება მშვიდი, ლაღი...
სახლში თევზების ყოლა.

შემდეგ შენ იწყებ გაზრდას
(აქ უნდა შევკრათ კვანძი)
შენ გიყვარდება გოგო
მაგრამ გოგოა ბანძი

იწყებ ლექსების წერას
და გჯერა მაგრად რომ წერ
ვერ ეგუები "ვერას"
და მალე "პლანსაც" მოწევ...

მერე იპოვი იმას
შეგიყვარდება მართლა
ლექსებს მიუძღვნი წვიმას
ოღონდაც მასთან არ თქვა

ასე გაივლის წლები
ბოლო ერთი წლის გარდა
შორს ისმის ოფენბახი
ფარდა!

...

- ეს არის შენი ცხოვრება,
   ზეცაში რაც დაიწერა
- ნეტავი როგორ ვიცხოვრე,
   გამომივიდა?
- ისე რა!..

Tuesday, June 8, 2010

რუჯი?

ზღვა ენით ისველებს გამომშრალ ნაპირებს
ზღვა შენი ტანის დაკოცნას აპირებს
მზემ გიყურა და გაგიჟდა...გაცოფდა...
მზე შენს თეძოზე სხივებით ანცობდა
ნიავი მოგელამუნა მკერდზე
ნიავი უკვე ნიავად ვერძლებს
და სანამ შრებოდი ვერ იგრძნეს შვება
შენი მუცლის ქვეშ გაშლილმა ქვებმა

სხეულს მზისგან ზღვაზე რომ არ მალავდი
შენთვის გარუჯვაა... და ჩემთვის ღალატი...

Friday, June 4, 2010

Нико Гомелаури

რუსულად დავასათაურე განგებ და მოგვიანებით მიხვდებით რატომ.

მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე, კომპიუტერის ჩართვასთან ერთად "ფეისი" გავხსენი და დამხვდა ბევრი ლექსი, ძალიან ბევრი ლექსი, ოღონდ ყველა ნიკო გომელაურის. რატომღაც არავის არ ეწერა რომ ნიკო გარდაიცვალა, მაგრამ მივხვდი რომ ასე იყო.

ნიკოს ლექსი იმ დღეს ფეისბუქზე მგონი ყველამ "დაპოსტა" თუ "დადო"...იმან ვისაც უყვარდა ნიკო, იმან ვისაც ყურმოკრული მაინც ქონდა, იმან ვინც არ იცოდა ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი, და იმანაც ვინც არ იცოდა, რომ იუთუბის ეს ვიდეო თუ ტექსტი ვიღაცის სტატუსში საერთოდ ლექსია თუ მოთხრობა.

ჩემო ბლოგის მკითხველებო, იმედიმაქვს მეც არ გამიბრაზდებით. როდესაც ვისმენ რაიმე კარგს, გემოვნებიას ან უბრალოდ "ჩემეულს", ძალიან მინდება სხვებს გავუზიაროთ. ამიტომაც გიზიარებდით ნიკოს ლექსებს მის გარდაცვალებამდე და ეხლაც ვერ შევიკავებ თავს, თუმცა გარკვეულ კომპლექსს, ნიკოს გარდაცვალების დღეს მომხდარი მასიური ისტერიის შემდეგ ვგრძნობ.

იმედია გამიგებთ. მაშ ასე, ნიკო გომელაური (მგონი) ნაწილი IV:


[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZJmkMQF78Sg&hl=en_US&fs=1&]

Wednesday, June 2, 2010

გამიბანძდა - ვიდეოთეკა

პირველად ბლოგის ისტორიაში საკუთარი ლექსი ვიდეო ფორმატში :)
დიდი მადლობა ბაჩო ჩაჩიბაიას... მადლობა მეგობრობისთვის... :)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=FNbrt3XOYcU&hl=en_US&fs=1&]

დიდი მადლობა ნატალის რომ იგივე ვიდეო დააფიქსირა :) მისი ვერსია უფრო მომწონს თუმცა ბლოგზე ვერ დავაკოპირე :)