Thursday, July 5, 2007

კამელია

შენ ხარ ჩემი კამელია
ხან მტრედი და ხან მელია
და მიყვარხარ როგორც მინდორს
პეპლები და ქამელიონს
ფერები და შემოდგომას
ფოთოლცვენა...
და ჩემს ტუჩებს
შენი ენა
შენ ხარ ჩემი კამელია
რითმებიც არ დამელია
და ვაგრძელებ როგორ ძლიერ
მიყვარხარ და როგორ მძლიე
როგორ მინდა შენი სითბო
როგორ მინდა ვიყოთ მთაში
შენ ქსოვო და მე რომ ვთიბო
და რომ შენ ხარ კამელია
სწორედაც ეგ სადღეგრძელოდ
მინდოდა რომ დამელია
ჭიქით ხელში, ხელის გულზე
გული რომ გადამერია
აღარც ვიცი რით ვუშველო
სიტყვებიც კი ამერია
შენ კი ჩუმად ჩამჩურჩულებ:
“კამელია...კამელია...”

დრო

დრო რომ გაიყინოს, ირგვლივ რომ ყველაფერი გაჩერდეს და მხოლოდ მე დავრჩე მოძრავი (ოღონდ არა დროში, არამედ სივრცეში) და ეს ყველაფერი რომ იყოს სამუდამო-მარადიული, მაშინ, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოს საოცრებები ვათვალიერო, მოგძებნი შენ, შენს წინ დავდგები და დავაკვირდები შენს ლამაზ სახეს რადგან ეს ყველაზე დიდი საოცრებაა მთელს დედამიწაზე და მაშინ ამ საოცრების წყალობით დრო ჩემთვისაც გაიყინება და გაიყინება სამუდამოდ, რადგან მშვენიერების აღსაქმელად მარადისობაა საჭირო.

შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
სამარადისოდ დავაკვირდები...
დავაკვირდები და გავკვირდები
ამ საოცრებით
ამ სილამაზით...
შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
დავაკვირდები
ისევ და ისევ
სამარადისოდ
სანამ გადის დრო
ამ საოცრებას
არსად ოცნება
ქვეყანაზე
არ შეედრება
გთხოვ შეისმინე შენ
სიყვარულო
ეს განწირული
და საოცრად უსუსური
ჩემი ვედრება

მალე დავბრუნდები

მას ქონდა სახლი
მისი სახლი იყო სამყარო
ერთხელაც სახლიდან გავიდა და არ
დაბრუნებულა

მე წავედი
და ცაზე დავტოვე წარწერა
"მალე დავბრუნდები"
ნუთუ მას შემდეგ
ერთხელაც არ
გინახავს ცა?!

შენ და შენი თოკის კიბე

მან მოხატა ის ცის კიდე
მე რომ მომწონს ძალიან
და რომ მომწონს იცის კიდეც
როგორც ამორძალი ან
როგორც ფრენა უსასრულო
როგორც ჩუმი ხეობა
როგორც მთაში მწყემსობა და
თან მევენახეობა.
მან მოხატა ის ცის კიდე
მე რომ მომწონს ძალიან
და რომ მომწონს იცის კიდეც
როგორც ამორძალი ან...

ბილიკი

გთხოვ
თუკი უკეთ
გახდები
ნუკვეთ
ამ ვიწრო ბილიკს.
შენს მოქნილ თმებში დავიკარგე
როგორც ნაკრძალში,
დავეძებ ბილიკს რომ წამიყვანს
თემიდან მთებში,
რა საჭიროა
რომ იარო
შენ ჩემთან ერთად,
მაშინ როდესაც შეგიძლია
იარო ჩემში...

ჟანგიანი რელსები

სადაც არ უნდა ვიყო
რა გზაც არ უნდა მქონდეს
როცა ზუსტად არ ვიცი
ისე ვიცოცხლებ რომ დღეს
არ მოვკვდები და ხვალ ხომ
ისევ დღეს ვხედავ-წარსულს
მაგრამ ერთადერთ წერტილს
გეჭიდები და არ მსურს
იყო რაღაცა დიდი
იყო საოცრად წმინდა
მე შენი თვალის სითბო
და მოფერება მინდა
და ყველგან სადაც ვებრძვი
კლდეს ციცაბოს თუ მართობს
შენი სათუთი ხელის
მოგონება თუ მართობს
სადაც არ უნდა ვიყო
და გზაც რომ აღარ მქონდეს...