Thursday, February 19, 2009

პეიზაჟი

ახლიდან ამოვა მზე
ოღონდ ძველი
ქაფქაფა რძე და
თხა მონაწველი
მიწის სურნელი
ნედლი ბალახი
ხეზე ხავსი და
ზოგან ტალახი
ჭრიჭინა, სიო
გიტარა, ბარე...
და ძველთაძველი
ახალი მთვარე

***

"...საპნით ორჯერ"

Saturday, February 14, 2009

დიდი ხნის მერე

შვილიშვილი: ბაბუ, შენ სად მუშაობდი?

ბაბუა: მთავრობაში ბაბუ...

შვილიშვილი: აბა პარლამენტშიო?

ბაბუა: ხო ბაბუ, პარლამენტშიც ვმუიშაობდი...

შვილიშვილი: შენ რომელი იყავი, პოზიცია თუ ოპოზიცია....

ბაბუა: მე ორივე ვიყავი ბაბუ...

შვილიშვილი: ეგ როგორ?

ბაბუა: მაშინ ისე იყო, რომ პარლამენტში მარტო პოზიცია დარჩა... ასე კიდე არ შეიძლებოდა

შვილიშვილი: რატო არ შეიძლებოდა...

ბაბუა: უბრალოდ არ შეიძლებოდა. ამიტომაც მთავრობა დაფიქრდა და თვითონ გააკეთა საკუთარი ოპოზიცია.

შვილიშვილი: ესეიგი შენ მთავრობის ოპოზიცია იყავი? და ნამდვილი ოპოზიცია სად იყო?

ბაბუა: ნამდვილი ოპოზიცია არც არასოდეს არ ყოფილა ბაბუა... უბრალოდ ზოგმა იცოდა რომ მთავრობის ოპოზიცია იყო და ზოგმა არა...

შვილიშვილი: ესეიგი ყველა ოპოზიცია მთავრობის იყო?

ბაბუა: ჰო, ასე გამოდის...

შვილიშვილი: ესეიგი შენ იცოდი რომ მთავრობის ოპოზიცია იყავი?

ბაბუა: რათქმაუნდა მე ვიცოდი...(იღიმის)

შვილიშვილი: მერე რას აკეთებდი?

ბაბუა: რას ვაკეთებდი და ვცდილობდი თავი ისე მომეჩვენებინა თითქოს არ ვიცოდი რომ მთავრობის ოპოზიცია ვიყავი...

შვილიშვილი: მერე გიჯერებდნენ?

ბაბუა: ზოგს ჯეორდა, ზოგსაც არა... მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო...

შვილიშვილი: და ისეთი ოპოზიცია არ იყო, რომ არ ცოდნოდა რომ მთავრობის ოპოზიცია იყო სინამდვილეში?

ბაბუა: იყვნენ ბაბუ იყვნენ მარა მაგათ ჭკუა არ ყოფნიდათ...

შვილიშვილი: რისთვის?

ბაბუა: არაფრისთვის ბაბუ...არაფრისთვის არ ყოფნიდათ ჭკუა...

შვილიშვილი: უჭკუოები იყვნენ?

ბაბუა: ჰო ბაბუ...ძალიან უჭკოები...

შვილიშვილი: შენ რას შვებიდო რო იცოდი ყველაფერი?

ბაბუა: მე რას ვშვებოდი და ვითომ ვბრაზდებოდი... ვითომ არ მომწონდა რასაც პრეზიდენტი აკეთებდა...

შვილიშვილი: რატომ ვითომ?

ბაბუა: იმიტომ რომ სინამდვილეში სულერთი იყო.

შვილიშვილი: მერე ეჩხუბებოდი პრეზიდნეტს?

ბაბუა: რათმაუნდა ვეჩხუბებოდი...

შვილიშვილი: მერე პრეზიდენტი არ ბრაზდებოდა?

ბაბუა: ბრაზდებოდა...აბა არ ბრაზდებოდა?

შვილიშვილი: მერე რას გეუბნებოდა?

ბაბუა: მეუბნებოდა უფრო გამლანძღე ნუ გეშინიაო...

შვილიშვილი: რატო?

ბაბუა: ასე ყველა მიხვდება რომ რომ ჩვენიანი ხარო.

შვილიშვილი: მერე შენ რატო არ ლანძღავდი უფრო მეტად? გეშინოდა?

ბაბუა: არა ბაბუ....რატო უნდა შემშინებოდა...

შვილიშვილი: აბა არიცოდი რაზე გაგელანძღა?

ბაბუა: არა ბაბუ....სალანძღავის მეტი რა ქონდა... მე იმის მოფიქრება მიჭირდა რაზე უნდა გამელანძღა ისე, რომ ხალხი ძალიან არ გაბრაზებულიყო...

შვილიშვილი: ესეიგი პრეზიდენტი იმიტომ გიბრაზდებოდა რომ კარგად ვერ აბრაზებდი?

ბაბუა: ასე გამოდის....

შვილიშვილი: ბაბუ და რომელი ჯობია პრეზიდენტი იყო თუ ოპოზიცია?

ბაბუა: არვიცი ბაბუ...მე მარტო ოპოზიცია ვიყავი...პრეზიდენტი არასდროს ვყოფილვარ...

შვილიშვილი: ესეიგი შენ მთავრობაც იყავი, პარლამენტიც, პოზიციაც და ოპოზიციაც?

ბაბუა: რა ვიცი ბაბუ...ეგ ყველაფერი მაშინ მქონდა ასე დალაგებული თორე ეხლა მეც მერევა...

შვილიშვილი: და მე რო გავიზრდები რა გამოვიდე?

ბაბუა: ...შენ რა გინდა რომ გამოხვიდე?

შვილიშვილი: მე მასწავლებელი უნდა გავხდე

ბაბუა: რატო ბაბუ...

შვილიშვილი: იმიტო რო ჩემს მოსწავლეებს ვეყვარები...

ბაბუ: ოჰ, შე მაიმუნო.... მიდი ეხლ დაიძინე....

შვილიშვილი: ზღაპარი?..

ბაბუა: მეტი რაღა მოგიყვე ბაბუ...

შვილიშვილი: რატო დაგავიწყდა?..

ბაბუა: არა ბაბუ...ზღაპრებს რა დამავიწყებს...უბრალოდ გვიანია, შენი ძილის დროა..

(ბაბუა, შვილიშვილს შუბლზე კტბილად კოცნის.შუქი ქრება. ფარდა ეშვება.)

Thursday, February 5, 2009

ჩიჟი–ბიჟი

აიღეთ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა და კარგი ქართული რესტორანი (ზემოთაღნიშნული ინგრედიენტების არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ რომემლიმე კაფე–ბარი და უბრალოდ "კაი პონტი")

შემდეგ აუცილებელია წარმოსთქვათ და შესვათ სადღეგრძელოები შემდეგი თანმიმდევრობით:

"ჩემო კარგებო, ჩვენ ქართველი ხალხივართ და ქართულ სუფრაზე პირველი ყოველთვის "მშვიდობას" ამბობენ. მოდით ამ ჭიქით მშვიდობას გაუმარჯოს."

(შემდეგი სადღეგრძელოსთვის მოზრდილი ზომის ჭურჭელი დაგჭირდებათ.)
"მოდით ამ სასმისით დღევანდელი შეკრების მიზეზს გაუმარჯოს..."

"მოდით მეგობრობას გაუმარჯოს...იმ ხალხს გაუმარჯოს რომელსაც აქ უნდა იყოს გულით და ....მე რომ შენ მიყვარხარ და შენ რო მე გიყვარვარ.... ამ ჩახუტებას და სითბოს გაუმარჯოს..."

"ქართველი ხალხი ვართ და ეს სადღეგრძელო რომ არ ითქვას.... მოდით იმ ხალხის ხსოვნა იყოს რომელიც.... ნათელში ამყოფოს მათი სული..."

"მოდით ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს....ჩვენს პატარებს, ჩვენს მომავალს... გამრავლებულიყოს ქართველი ერი... გაუმარჯოს..."
(არომატის მისაცემად შეგიძლიათ დაამატოთ ლექსი გემოვნებით)

"ჩემო კარგებო მე მანდილოსნების სადღეგრძელო მინდა შევსვა... გმადლობთ რომ გვილამაზებთ დღევანდელ დღეს....ყოველთვის ასეთი ლამაზები და ბედნიერები ყოფილიყავით..."

"....მოდით ჩვენს ლამაზ და საყვარელ სამშობლოს... ათასი გაჭირვება უნახავს მაგრამ... ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს...."

"სიყვარულს გაუმარჯოს...არამხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს...არამედ მშობლის და შვილის, მეგობრის და ზოგადად ყველანაირს....ეს გრძნობა რომ არ იყოს... და არ არსებობს ქვეყანაზე არც უკვდავება..."

თუ ინგრედიენტები არ გყოფნით შეგიძლიათ "ყველა კარგ ადამიანს...", "მოდით ჭეშმარიტ ხელოვნებას", "ტბილ მოგონებებს..." და მრავალი სხვა მოიშველიოთ....

....

ამის შემდეგ, დგებით და მეზობელ მაგიდიდან მოსულ "მოყვასს", რომელსაც თქვენთან ერთად ჭიქის "აწევა" და "ჩახუტება" და "სიყვარული" უნდა, რაიმეზე არ ეთანხმებით და ეკამათებით ან უსწორებთ (სავსებით შესაძლებელია პირიქითაც).

... გადიხართ გარეთ და ხმამაღალი შელაპარაკების შემდეგ ჯერ ყვირილზე გადადიხართ, შემდეგ დედას აგინებთ, ხოლო შემდეგ დარჩენილი ძალების შესაძლებლობის ფარგლებში თავდაუზოგავად ცემთ ... (დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ უბრალოდ ცემოთ...)


კერძი მზადაა. გაამოთ.

Wednesday, February 4, 2009

h2o

წვიმამ დამაპატარავა
დამანაწილა.
მზე მომეფერა
და გამაცინა.
შენ ჩამისუნთქე,
შემისისხლხორცე.
მომეწონა
და...

შენში ვიცოცხლე...

Monday, February 2, 2009

***

ხელო|ვნება არ უნდა იყოს ხელო|ვნური

Sunday, February 1, 2009

ვანილის პუ"ძ"ინგი, ანანასის შეიკით

Louis Vuitton-ის ჩანთიდან, ფრთხილად იღებთ შვებულებისას იტალიის ყველაზე ცნობილ Fashion House-ში, ნაყიდ პერანგს, ნაზად ანთავსებთ კარადაში, Guy Laroche–სა და Gucci–ს ჰალსტუხებთან ახლოს და აჩერებთ ორშაბათამდე.

ხელებზე ისვამთ, Jean-Paul Gaultier დამცავ კრემს, ხოლო ტუჩებზე Givenchy–ს დამცავ პომადას ForMen. ჰაეროვან კოცნას უძღვნით გვერდით მწოლ მეუღლეს, რათა მაკიაჟი არ გაუფუჭოთ და კმაყოფილი წვებით დასაძილებნლად.

დილით ერთი ფინჯანი Carte Noire–ის შემდეგ, იპკურებთ Roberto Cavalli–ს ან Calvin Klein–ს და მიდიხართ "ბუწიკების" დასათვალიერებლად რათა დარწმუნდეთ რომ თქვენს გარდა არავის ეცმევა თურქეთში შეკერილი ტანისამოსი Dolce & Gabbana–სა და Nina Ricci–ს ახალი კოლექციიდან.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე "ბუწიკში" აღმოაჩენთ Armani–ს პულოვერს, ორჯე"ლ" ან გაცილებით ბევრჯე"ლ" იაფად ვიდრე თქვენ იყიდეთ, ხასიათის გამოსასწორებლად მიდიხართ თქვენს საყვარელ სალონში, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად.


ორშაბათამდე Casual ტანსაცმელის წარმოსაჩენად მიდიხართ შარდენის ქუჩაზე ნებისმიერ ბარში. სტრესის მოსახსნელად უკვეთავთ ჭიქა Martini–ს, რაღათქმაუნდა Bianco–ს. (Rosso არ გიყვართ რადგან მეორე დღეს თავი ძალიან გტკივათ და ასპირინს სვამთ).
ბარში ყოფნისას მაგიდაზე თითით ატრიალებთ Eley Kishimoto-ს საფულეს, რომელშიც გაცილებით ცოტა ფული დევს ვიდრე საფულეშია გადახდილი, იმ იმედით რომ ვინმე შეამჩნევს და აღნიშნავს თუ რა საყვარელი საფულეა.

საღამოს ჭიქა მარტინის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ბრუნდებით სახლში და მხოლოდ Odnoklassniki-ზე დებთ შვებულების ფოტოებს, რადგან FaceBook–ი "დებილობაა" და რთულად გასაგები ხოლო MySpace–ი "ძააან პაპსა".

ხელებზე ისვამთ დამცავ კრემს, ტუჩებზე დამცავ პომადას. ჰაეროვან კოცნას უძღვნით გვერდით მწოლ მეუღლეს, რათა მაკიაჟი არ გაუფუჭოთ და კმაყოფილი წვებით დასაძილებნლად.

ვანილის პუ'ძ'ინგი, ანანასის შეიკით მზადაა.